განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №030100119002870896
№1/57-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 აპრილი, 2019 წელი ქ. ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ალ----------------უა
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ზ--------------–ია
ბრალდებული: ვ------------და
მამის სახელი: ვ-–---------
დაბადებული: 2-.--.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი
პირადი ნომერი: 4----------
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: საქართველო, ქ. ფოთი, ს--------------
თარჯიმანი ჯ---–------–-----–ია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
დაცვის მხარე:
ადვოკატი: ზ--------------–ია
ბრალდებული: ტ--------------და
მამის სახელი: ვ----–-
დაბადებული: 1-.0-.1--- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
პირადი ნომერი: 4----------
ნასამართლეობა: არ მქონე
მცხოვრები: საქართველო, ქ. ფოთი, ს--------------
თარჯიმანი ჯ---–------–-----–ია
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ვ------------დას მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 13:20 საათზე, ქ. ფოთში, ს---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად, ტ--------------დამ და ვ------------დამ ლ------------ხს რამდენჯერმე მოქაჩეს თმებზე ხელი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ტ--------------დამ გაკაწრა სახის არეში და რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ტ--------------დას მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 13:20 საათზე, ქ. ფოთში, ს---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ჯგუფურად, ტ--------------დამ და ვ------------დამ ლ------------ხს რამდენჯერმე მოქაჩეს თმებზე ხელი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ტ--------------დამ გაკაწრა სახის არეში და რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
3. სასამართლომ დაადგინა:
3.1.სასამართლომ გააანალიზა რა წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებული ვ------------და ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
3.2.სასამართლომ გააანალიზა რა წარმოდგენილი და საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ ბრალდებულ ტ--------------დას ქმედება 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა, მტკიცებულებები, რომლითაც სასამართლო მივიდა ასეთ დასკვნამდე:
2019 წლის 06 მარტს წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარის შუამდგომლობა მტკიცებულებათა ჩამონათვალის დამტკიცებისა და მათი საქმის არსებით განხილვაზე დაშვების თაობაზე დაკმაყოფილდა, დამტკიცდა ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ჩამონათვალი და ისინი დაშვებულ იქნა საქმის არსებით განხილვაზე, სასამართლო სხდომაზე მხარეების მიერ განცხადებული მოცულობით, აღნიშნული მტკიცებულებები დაშვებულ იქნა, მაგრამ სადავოდ.
4.1. მოწმის წესით დაკითხულმა (დაზარალებულმა) ლ------------ხმა, განმარტა, რომ 2019 წლის 03 იანვარს, სადილის შემდგომ, ის გარეთ გავიდა ღობის გასაკეთებლად, სადაც ერგო ყვავილები. 15 წელია, რაც მეზობლებთან ტ--------------დასა და ვ------------დასთან ცუდი ურთიერთობა აქვს და ამის მიზეზი მისთვის უცნობია. ის შემოღობილი ხელს არავის არ უშლიდა. შეეძლოთ ფეხი გადაებიჯათ და ისე მისულიყვნენ თავის მრიცხველთან. მან იქ ღობე გააკეთა პლასტმასის მილებიდან, რადგან საქონელს არ გაეფუჭებინა ყვავილები. პირველად რომ გააკეთა ღობე, ის დაშლილი იყო, მას პირადად არ უნახავს თუ ვინ დაშალა. მეორედ, იქ მილები რომ აღარ დახვდა, გამოიძახა უბნის ინსპექტორი, რომელმაც ყველაფერი ჩაიწერა. ის ხელს ადებდა თავის მეზობლებს: ტ--------------დასა და ვ------------დას. როდესაც უბნის ინსპექტორი მივიდა მათ სახლთან ის სახლში არ შეუშვეს და დაიწყეს მისთვის შეურაცხყოფის მიყენება. პოლიციელი მათ აწყნარებდა, მაგრამ ისინი არ წყნარდებოდნენ. ის გამოიძახეს ნაბადის პოლიციაში და უთხრეს თავიდან გაეკეთებინა ღობე. მ. წ. 03 იანვარს ის იმყოფებოდა თავის ეზოში, აიღო მავთული, სურდა გაეკეთებინა თავიდან ღობე, რომ საქონელი არ შესულიყო. ის მივიდა და დაიწყო ამ მილების ამოღება. მისი მისამართით ტ--------------დამ დაიწყო უწმაწური სიტყვებით მიმართვა. ის ეუბნებოდა წასულიყო თავის საცხოვრისიდან, გაცლოდა იმ ადგილს, თორემ დაემუქრა სიკვდილით. მას ღობეზე ჰქონდა მიდებული ხელი. მას არ ახსოვს თუ რომელი ხელით ურტყამდა მას ტ--------------და. მას ესმოდა როგორ ეუბნებოდა ის დედას ვ------------დას დაარტყიო. მას არ დაუთვლია თუ რამდენჯერ ჩაარტყა მას ტ--------------დამ. მას დაკაწრული ჰქონდა სახე. ის ხელებს ურტყამდა თავში, ხოლო დედა ვ------------და რას შვრებოდა ვერ ხედავდა, რადგანაც თავი ქონდა დაწეული. ეს ყველაფერი მეზობელმა მ----------იამ დაინახა, რომელმაც გააშველა ისინი. ამ შეხლა-შემოხლაზე მეზობლები გამოვიდნენ. ის შევიდა სახლში და ტელეფონით დაურეკა შვილს ი--------უას, რომელმაც უთხრა მას, რომ ის მოვიდოდა და დაურეკავდა საპატრულო პოლიციას. მას არ დაუნახავს, რომ ვ------------დამ დაარტყა ჯოხი. ის ცემის შედეგად განიცდიდა ტკივილს. მეზობელმა მ----------იამ დაინახა, რომ მას ვ------------და ცემდა ჯოხით. მოვიდა 4 პოლიციის მანქანა. დედა-შვილი არ ემორჩილებოდნენ არცერთ პოლიციელს, იქით უყვიროდნენ. როდესაც პოლიციელებმა შესთავაზეს ტ--------------დასა და ვ------------დას ექსპერტიზაზე გადაყვანა ისინი არ დაეთანხმნენ და არ მიდიოდნენ. ის გაჰყვა მათ ექსპერტიზაზე და ამის შემდეგ, რომ გაიგეს, რომ ის იყო ექსპერტიზაზე დათვალიერებული ექსპერტის მიერ, მათაც მოუნდათ ექსპერტიზაზე წასვლა. ისინი უბრალოდ მიზეზს ეძებდნენ, რომ ჩხუბი აეტეხათ.
4.2.მოწმე მ----------იას ჩვენებით, 2019 წლის 03 იანვარს ის შვილს აცილებდა ბ------–- და შემთხვევით გზად დაინახა, რომ ვ------------დას ლ------------ხი დაჭერილი ყავდა ხელებით, ეს მომენტი კარგად ვერ გაიხსენა, ხოლო ტ--------------და სცემდა. ჯოხს რომელი ურტყამდა არ ახსოვს. ლ------------ხს თმები ჰქონდა გაჩეჩილი, სახეზე ნაკაწრები ჰქონდა და სისხლი მოსდიოდა. ის, ძალიან აღელვებული იყო, თან ავად არის და ჩხუბის დეტალები არ ახსოვს. მას არ შეეძლო დიდი ხნით გაჩერებულიყო იქ, რადგან სახლში ავადმყოფი შვილი ელოდებოდა. მას იქ პოლიცია არ უნახავს, რადგან პოლიციის მოსვლის დროს იქ არ იმყოფებოდა. მისი წასვლის შემდეგ მან იქ სხვა მეზობლები დატოვა.
4.3.მოწმის წესით დაკითხულმა (ბრალდებულმა) ტ--------------დამ განმარტა, რომ დაიწყო იქედან, რომ 10 დღით ადრე ლ------------ხმა გააკეთა ღობე. ეს ღობე ლ------------ხის კარიდან 20 მეტრით არის დაშორებული, ხოლო ტ--------------დას სახლიდან პირდაპირ არის ჭიშკარი და კარები. ყველა ცხოველი: ძროხები, ძაღლები, ღორები ყველა იქ იყრიდა თავს. იქ გასასვლელი არ არის. იქ იყო ტროტუარი. შემდეგ ის გავიდა ჭიშკრიდან, დაშალა და გადაყარა მილები ნაგავში. შემდეგ მოვიდა უბნის ინსპექტორი, რომელსაც უნდოდა ჩაეტარებინა ჩხრეკა, მაგრამ მან არ შეუშვა, რადგან ეზოში ავი ძაღლი ჰყავდა და თან ნემსებს იკეთებდა ამ ძაღლის გამო და არ შეეძლო. 10 დღე იყო გასული, რაც ნემსები გაკეთებული ჰქონდა და თუ შემოუშვებდა პოლიციელს ეზოში მას უნდა ეგო პასუხი, რომ ეკბინა პოლიციელისათვის ძაღლს. შემდეგ უბნის ინსპექტორმა მის მიმართ დაიწყო აქტის შედგენა. მისი განმარტებით ლ------------ხს არ ჰქონდა უფლება, იქ გაეკეთებინა ღობე და ასევე განმარტა, რომ მათ ეთქვათ ლ------------ხისთვის, შეეწყვიტა ამგვარი ქმედება რა ქმედების განხორციელება სურდა მას იქ. პოლიციელმა მას დაუწყო ყვირილი და არავინ არანაირი ზომები არ მიიღო. შემდეგ 3 რიცხვში ლ------------ხმა დაიწყო ღობის გაკეთება. მეზობლები ხედავდნენ, რომ ლ------------ხი აკეთებდა ღობეს, მაგრამ არავინ არ გამოსულა, რადგან არავის არ სურდა მასთან საქმის დაჭერა. ის შემოვიდა, შემოავლო ღობე. შემდეგ ის გამოვიდა, რა დროსაც ლ------------ხი ესაუბრებოდა მეზობელს მეორე მხრიდან შევიდა ჭიშკარში და დაიწყო ღობის დაშლა. სხვა მეზობელმა კარგად დაინახა ყველაფერი. მეზობელი არის იმის მოწმე თუ რა მოხდა. მან დაინახა როგორ მორბოდა ლ------------ხი მის მიმართ მილით ხელში. ლ------------ხს შეეძლო დაერეკა პოლიციაში თუ პროვოკაცია იყო. თვითონ იდგა თავის ეზოში და ხედავდა ყველაფერს. ლ------------ხი გამოიქცა პლასტმასის მილით ხელში და ურტყამდა მას (ტ--------------დას), როდესაც ის გაკეთებულ ღობეს შლიდა. დაარტყა ხელებზე და თავში. წვდა თმებში ხელებით და ჩაუწია თავი ძირს, უნდოდა მიწაზე დაგდება. ის (ტ--------------და) ერთი ხელით ვერაფერს ვერ გახდებოდა. ჩხუბი გაგრძელდა 2 წუთი. დედა ვ------------და ჩხუბს არ შესწრებია. ის ბოლოს გამოვიდა, როდესაც ლ------------ხი მას (ტ--------------დას) თმებში ექაჩებოდა. შემდეგ გამოვიდა ვ------------და, რომელიც იდგა მის გვერდით და აშველებდა მათ, რომელიც ქაჩავდა მას (ტ--------------დას) თავისკენ და მეორე მხრიდან ლ------------ხი ქაჩავდა, რა დროსაც, ის განიცდიდა ძლიერ ტკივილს. მან (ტ--------------დამ) ორჯერ ხელი უწიანა იმ მიზნით, რომ თავი გაეშველებინა. ის ლ------------ხს თვალებს ვერ დათხრიდა, რადგან ერთი ხელით ამას ვერ იზამდა. ის ტკივილისაგან ვერ აზროვნებდა. მას ორი კაცი ექაჩებოდა. მოწმე მ------ მოსვლის შემდეგ, ლ------------ხმა უცებ გაუშვა ხელი მას და თავის ეზოში შევიდა და უცებ ყველაფერი შეწყდა. ამის შემდეგ ლ------------ხმა ამოიღო ტელეფონი და დაიწყო დარეკვა. მეზობელმა ყველაფერი დაინახა და სასამართლოში რომ მოსულიყო ყველაფერს იტყოდა სიმართლეს. გამომძიებელი და თარჯიმანიც ხედავდნენ თუ როგორი კოპი ჰქონდა ტ--------------დას თავზე, მაგრამ მათ არ უნდოდათ დაენახათ ეს დაზიანება. უბრალოდ შუქი მიანათეს მას თავზე და მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ. ექსპერტმაც ვერაფერი ვერ დაინახა, თუმცა მას (ტ--------------დას). იმ დღეს პოლიციის განყოფილებაში ის არ გაყვა, იმიტომ რომ ლ------------ხმა პირველად დაიწყო ჩხუბი. ტ--------------დას განუმარტეს, რომ ჩაეცვათ და თხოვეს გაყოლოდნენ ექპერტიზაზე. ის ასეც მოიქცა და 10 საათამდე ელოდებოდნენ, მაგრამ არავინ არ მოვიდა მათთან. შემდეგ, მეორე დღეს, თავად წავიდა ნაბადის სამმართველოში. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.
4.4.მოწმის წესით დაკითხულმა (ბრალდებულმა) ვ-------------დამ განმარტა, რომ როდესაც ის შემთხვევით გავიდა გარეთ, მან დაინახა, როგორ ეკავა თმებით ლ------------ხს ტ--------------და. მას ეს ნანახი ძალიან გაუკვირდა. ის იქ არ იმყოფებოდა იმ მომენტში და არ იცის თუ როგორ დაიწყო მათ შორის ჩხუბი. მას ეს არ უნახავს. ვ------------დას უნდოდა დახმარებოდა თავის შვილს და საშველად მივიდა მათთან. ჯოხი მას არ ჰქონდა ხელში და არც ქონია იმის სურვილი, რომ ღობის გამო ვინმე ეცემა ან თვალები დაეთხარა ვინმესთვის. მას არ ჰქონდა უფლება გაეკეთებინა იქ ღობე. ჩხუბის დროს მ----------ია მოვიდა და გააშველეს ორივე და ყველაფერი დამთავრდა. ის ლ------------ხს საერთოდ არ შეხებია.
4.5.მოწმის წესით დაკითხულმა (ექსპერტმა) შ--------------ემ განმარტა, რომ ლ------------ხს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
4.6.ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 იანვრის N000126219 დასკვნით, რომლის შესაბამისად, ლ------------ხს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
5. მხარეთა პოზიციები:
5.1. ბრალდების მხარემ მოითხოვა ბრალდებულების დამნაშავედ ცნობა შერაცხულ ბრალდებაში.
5.2. დაცვის მხარემ მოითხოვა ბრალდებულების უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.
6. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
6.1. სასამართლო სხდომაზე უზრუნველყოფილ იქნა პროცესის თანასწორუფლებიანობა, მტკიცების სტანდარტის დაცვა.
თითოეული სისხლის სამართლის საქმეს გააჩნია ნიშნები, ანუ ელემენტები, რომლებიც უნდა დამტკიცდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, რათა სასამართლომ დამნაშავედ ცნოს ბრალდებული მისთვის წარდგენილ ბრალდებაში.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რადგან არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება რელევანტურია, თუ იგი შეიცავს (ადასტურებს ან/და უარყოფს) ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით, კერძოდ: ა) მას შეუძლია საქმისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების ან ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა, ბ) მას შეუძლია საქმის (ქმედების, მტკიცების საგნის) ფაქტობრივ გარემოებათა შესახებ მნიშვნელოვანი რაიმე გარემოების ან/და ვარაუდის დამტკიცება ან/და უარყოფა.
რელევანტურია მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმესთან საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან/და უარყოფას ადგენს. ამასთან, ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის არსებობა ან არსებობის უარყოფა ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ხოლო ლოგიკური მსჯელობის ჯაჭვში ეს კავშირი ნათლად უნდა ჩანდეს. თუ მტკიცებულება არ არის რელევანტური, მისი გაზიარება შეუძლებელია.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა განმარტებულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
6.2. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვ------------დას მიერ ლ------------ხის ცემის ფაქტს, მათ შორის ჯგუფურადაც, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად ბრალდებულ ვ------------დას დამნაშავედ ცნობას ბრალდების ამ ნაწილში, რადგან სახეზე არ არის საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ამ ფაქტს პირდაპირ და უტყუარად ადასტურებს.
6.3. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლოზე წარმოდგენილი/გამოკვლეული მტკიცებულების ძალის, სანდოობის, ავთენტურობისა და რელევანტურობის შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამ სახისა და სტანდარტის მტკიცებულება საქმის არსებითი განხილვისას შეკრებილი არ არის.
მტკიცების ტვირთის პრინციპიდან გამომდინარე, ბრალდების მხარემ უნდა დაამტკიცოს დანაშაულის თითოეული ელემენტი გონივრულ ეჭვს მიღმა.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს №1/1/548 გადაწყვეტილება).
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამრიგად, ბრალდებული ვ------------და უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
რაც შეეხება ტ--------------დას მიერ ჩადენილ ქმედებას სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება დასტურდება, როგორც დაზარალებულ ლ------------ხის, მოწმე მ----------იას და ასევე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 იანვრის N000126219 დასკვნით, რომლის შესაბამისად, ლ------------ხს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ შეასრულა მისი მოვალეობა და მის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი და გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებებით (დაზარალებულის ჩვენებით და ექსპერტიზის დასკვნით) უტყუარად დაადასტურა, რომ 2019 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 13:20 საათზე, ქ. ფოთში, ს---------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ტ--------------დამ ლ------------ხს რამდენჯერმე მოქაჩა თმებზე ხელი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი ტ--------------დამ გაკაწრა სახის არეში და რამდენჯერმე ჩაარტყა ხელი თავში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
7. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება. ფსიქოლოგიური ძალადობა ნიშნავს - შეურაცხყოფას, შანტაჟს, დამცირებას, მუქარას ან სხვა ისეთ მოქმედებას, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე დარტყმაში, თუმცა ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე დარტყმაში, რამაც თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები,) მაგრამ შესაძლებელია, მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგალითად: ხელის გარტყმა ყურის მოქაჩვა და სხვა.) ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერადად ან არაერთჯერადად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე სსკ-ის 120-ე მუხლით.
სასამართლო განმარტავს, რომ დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
განსახილველი დანაშაულისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა.
ძალადობა გამოიხატება ქმედებაში (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი ძალადობა), შედეგში (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი ითვალისწინებს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვი
8. სამართლებრივი შეფასება:
8.1. სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ ვ------------დას მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ვერ დგინდება ვ------------დას მიერ დანაშაულის ჩადენა:
კერძოდ, ვერ დგინდება, ვ------------დას მიერ ლ------------ხის მიმართ ცემის ფაქტი. საქმეზე შეკრებილი მასალებით დადგინდა, რომ ლ------------ხი ვერ ადასტურებს ვ------------დას მხრიდან ქონდა თუ არა ადგილი მის ცემას, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, რადგან ტ--------------დას თმებში ქონდა ხელი ჩავლებული, თავი დაწეული ქონდა ქვევით და ვ------------დას მოქმედებას ვერ ხედავდა.
მოწმე მ----------იამ დამაჯერებლად ვერ გაიხსენა ვ------------დას მიერ ლ------------ხის ცემის ფაქტი.
ბრალდებულებმა: ტ--------------დამ და ვ------------დამ უარყვეს ამ უკანასკნელის მიერ ლ------------ხის ცემის ფაქტი.
ასეთ ვითარებაში, ცხადია, რომ ვ------------დას მიმართ არ შეიკრიბა მტკიცებულებები მის მიერ ლ------------ხის ცემის თაობაზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
შესაბამისად, ვ------------დას უნდა მოეხსნას მის მიმართ წარდგენილი ბრალდება და გამარათლდეს.
საქართველოს სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის შესაბამისად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ.
საქართველოს სიხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-24 ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებთან მიმართებაში, რომელიც წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობა, ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის მსჯავრდების შესაძლებლობას გამორიცხავს. სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნას მიჩნეული. ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. რაც შეეხება ირიბ ჩვენებას ის დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენება სხვა მტკიცებულებებით არის გამყარებული. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”. იმავე შინაარსისაა ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმადაც, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა”. სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.” შესაბამისად, ბრალდებული ვ------------და უდანაშაულოდ უნდა იქნას ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში.
7.2. სასამართლო აფასებს და ანალიზს უკეთებს რა ბრალდების მხარის მიერ ბრალდებულ ტ--------------დას მიმართ წარმოდგენილ და განხილულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ ბრალდებულ ტ--------------დას ქმედება 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე
რაც შეეხება ტ--------------დას ქმედებას, ლ------------ხის, მოწმე მ----------იას და ნაწილობრივ თავად ბრალდებულ ტ--------------დას მიერ აღწერილი ვითარება შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და მოწმის წესით დაკითხული ექსპერტების განმარტებებს, ლ------------ხის სხეულზე და სახის არეში განვითარებული დაზიანებების წარმოშობის, განვითარებისა და შედეგობრივად დამდგარ ვითარებას.
იმის გათვალისწინებით, რომ ვ------------დას ქმედება ვერ დადასტურდა, რის გამოც ის გამართლებულ უნდა იქნას წარდგენილ ბრალდებაში, ტ--------------დას მიმართ წარდგენილ ბრალდებას გამოეცალა „ჯგუფურად“ ჩადენილი ქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშანი (ელემენტი) და მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს - ცემისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტ--------------დამ ჩაიდინა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ ტ--------------დას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ტ--------------დასთან მიმართებაში არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ტ--------------და ცნობილ უნდა იქნას დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
ამრიგად, სასამართლომ არსებითად განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია ბრალდებულ ტ--------------დას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რის გამოც მას მსჯავრი უნდა დაედოს ცემაში, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
9. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასჯელის შემსუბუქების კუთხით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულებისთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს, მიზანს, ბრალდებულების მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას, პირად, ოჯახურ და ეკონომიკურ პირობებს.
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციას, კერძოდ: ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას ან უამისოდ.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ--------------დას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და უნდა შეამციროს ტ--------------დას მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დაადგინა :
1. ბრალდებული ვ------------და ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ბრალდებულ ტ--------------დას ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
3. ბრალდებული ტ--------------და ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინკრიმინირებულ და ბრალეულ ქმედებაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 (ას ოცდაათი) საათის ვადით.
4.მსჯავრდებულ ტ--------------დას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს.
5.გამართლებულ ვ------------დას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმდეს.
6.განაჩენი გადაეგზავნოს მხარეებს და ტ--------------დას ქცევაზე კონტროლის მიზნით (საქართველოს სსსკ-ის 65-ე მუხლი) საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
7. გამართლებულ ვ------------დას განემარტოს, რომ აქვს უფლება აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე