გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4377-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
17 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე - ნი----–------------ე
წარმომადგენელი - მა-–-------------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,სა---------–-----------ა“
წარმომადგენელი – ნი----–-------–--–-–---–ი
დავის საგანი - მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. შპს ,,სა---------–-----------ისათვის“ ნი----–------------ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 1129 ლარისა და საფოსტო გზავნილის საფასურის 66,90 ლარის დაკისრება.
1.2. შპს ,,სა---------–-----------ისათვის“ ნი----–------------ის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 2000 ლარის დაკისრება.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 31 დეკემბერს ნი----–------------ემ ა––-ში მყოფ მეგობარს სა---------–-----------ის მეშვეობით გაუგზავნა საჩუქარი - სპორტული ფეხსაცმელი (ბოტასები), რომლის ღირებულება შეადგენდა 1129 ლარს.
დადგენილ ვადაში გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა და როგორც შემდგომ სა---------–-----------იდან აცნობეს მოსარჩელეს, გზავნილი დაიკარგა.
გზავნილის დაკარგვამ მოსარჩელეს მიაყენა ფსიქოლოგიური ტრამვა, ძვირფას ადამიანს ვერ გაუკეთა შეპირებული საჩუქარი, რაც უარყოფითაც აისახა მათ ურთიერთობაზე. ამით გამოწვეულმა ნეგატიურმა სულიერმა განცდებმა კი უარყოფითი კვალი დატოვა მოსარჩელის ჯანმრთელობაზე და მიაყენა მორალური ზიანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-4, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:49:22-11:56:48).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ამერიკის შეერთებული შტატების საფოსტო ადმინისტრაციის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მოსარჩელის მიერ გაგზავნილი ამანათი დაიკარგა დანიშნულების ქვეყნის ტერიტორიაზე. ვინაიდან საქართველო არის მსოფლიო კონვენციის წევრი ქვეყნა და შპს ,,სა---------–-----------ა“ არის საქართველოს უნივერსალური საფოსტო ოპერატორი, მსოფლიო საფოსტო კონვენციის შესაბამისად, იგი ნებისმიერი კატეგორიის გზავნილის ანაზღაურების პროცესს ახორციელებს საერთაშორისო საფოსტო რეგულაციებისა და კომპანიის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის (,,მომხმარებლის სახელმძღვანელო“) მიხედვით, რომელიც ხელმისაწვდომია შპს ,,სა---------–-----------ის“ ვებ გვერდზე. აღნიშნული რეგულაციების თანახმად, ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, თუ ის არ იქნება დაზღვეული გამგზავნის მიერ იგი ანაზღაურდება ამანათის წონის და არა მისი ღირებულების მიხედვით. გარდა ამისა, კომპენსაციის სახით გამგზავნზე გაიცემა გზავნილის გამგზავნის ტარიფიც. აქედან გამომდინარე, აღნიშნული სამართალურთიერთობა არის არა გადაზიდვა, არამედ საფოსტო-საკურიერო მომსახურების ხელშეკრულება, რომლიდან წარმოშობილი ზიანის მარეგულირებელი ნორმები მოცემული არაა შიდა კანონმდებლობაში, არამედ მსოფლიოს საფოსტო კონვენციის ნორმატიულ აქტებში.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ უარი განაცხადა გზავნილის შიგთავსის დაზღვევაზე, რის გამოც მას აუნაზღაუდა გზავნილის გაგზავნის ღირებულება 66,90 ლარი, მას აუნაზღაურდა ასევე მხოლოდ ამანათის შიგთავსის ღირებულება წონის მიხედვით - 165 ლარი, ჯამში 231,90 ლარი. გარდა ამისა, მოსარჩელეს გზავნილის ღირებულება თავად აქვს აღნიშნული ამანათის გაგზავნისას შედგენილ დეკლარაციაში და ხელი აქვს მასზე მოწერილი, სადაც დაფიქსირებულია, რომ შიგთავსის ღირებულება შეადგენს 50 აშშ დოლარს. შესაბამისად, დაზღვეულიც რომ ჰქონოდა მოსარჩელეს გზავნილის შიგთავსი, შპს ,,სა---------–-----------ის“ მიერ ანაზღაურებულ იქნა 231,90 ლარი, რაც სრულად უზრუნველყოფს გზავნილისა და გაგზავნის ღირებულებას.
მოპასუხე თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. არც მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
(იხ. მოპასუხის შესაგებელი ს.ფ. 26-29, მოპასუხის ახსნა-განმარტება - სასამართლოს 2019 წლის 11 აპრილის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 11:57:01- 12:01:48).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხე შპს ,,სა---------–-----------ამ“ იკისრა ვალდებულება, ტვირთი მიეწოდებინა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ნიუ-იორკში (მისამართზე: 1---------------------------------------- ხოლო გამგზავნი ვალდებული იყო, გადაეხადა მომსახურების საფასური - 66.90 ლარი, რაც ამ უკანასკნელმა ჯეროვნად შეასრულა.
ხელშეკრულების თანახმად, ტვირთის წონა შეადგენდა 0,92 კგ., ხოლო ფასი - 50 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დეკლარაცია (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. ნი----–------------ის მიერ გაგზავნილი ამანათი დაიკარგა დანიშნულების ქვეყნის ტერიტორიაზე.
შპს ,,სა---------–-----------ი“-ს 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე ამანათის ჩაუბარებლობის გამო ნი----–------------ეს 2019 წლის 11 მარტს აუნაზღაურდა გზავნილის გადაგზავნის ღირებულება - 66,90 ლარი და ამანათის შიგთავსის ღირებულება წონის მიხედვით - 49.0 სსუ-ს ეკვივალენტი 165 ლარი, სულ 231,90 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სა---------–-----------ის 05.03.2019 წლის ბრძანება (ს.ფ. 35);
- საგადახდო დავალება (ს.ფ. 36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე არ ეთანხმება ზიანის ოდენობას და განმარტვს, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს ნივთის ღირებულების მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მოსარჩელე ვალდებული იყო მაღალი სტანდარტით დაესაბუთებინა, რომ გზავნილი მითითებული ღირებულების (1129 ლარი) იყო, იმ პირობებში როდესაც საქმეში წარმოდგენილია ნი----–------------ის ხელმოწერილი დეკლარაცია, რომლის თანახმადაც ამანათის შიგთავსის ღირებულება არის 50 აშშ დოლარი. ამავე დეკლარაციაზე ხელმოწერით მოსარჩელემ დაადასტურა, რომ საბაჟო დეკლარაციაში მოცემული ინფორმაცია სწორია და გზავნილი არ შეიცავს კანონმდებლობით, აგრეთვე საფოსტო ან საბაჟო რეგულაციებით აკრძალულ ნივთს.
მოსარჩელე მხარეს ნივთის ღირებულების დადასტურების მიზნით წარმოდგენილი აქვს ასევე სასაქონლო ზედნადები და პროდუქციის ღირებულების გადახდის ქვითრები, რომლის საფუძველზეც ცდილობს დაადასტუროს ნივთის ღირებულება, თუმცა იმ პირობებში როდესაც მის მიერ ხელმოწერილი დეკლარაციით ამანათის შიგთავსის სახეობა განსაზღვრული არ არის, მხოლოდ მოწმის ჩვენებით შეუძლებელია იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ ამანათით მან გააგზავნა 2018 წლის 29 დეკემბრის სასაქონლო ზედნადების საფუძველზე შეძენილი ფეხსაცმელი.
შესაბამისად, როდესაც არ არსებობს ამანათის შიგთავსის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულება, მხოლოდ მოწმის ჩვენება არ იძლევა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების შესაძლებლობას.
საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, თუ ის არ არის დაზღვეული გამგზავნის მიერ, მისი ანაზღაურება წარმოებს შპს ,,სა---------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2----–-–----------------------------------------- დამტკიცებული ,,მომხმარებლის სახელმძღვანელო“-ს 58.2.2. პუნქტით გათვალისწინებული წესით, კერძოდ ამანათის წონის მიხედვით, რის თაობაზეც სასამართლოს დასკვნა მოცემულია გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დეკლარაცია (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 413-ე, 361-ე მუხლები.
მსოფლიო საფოსტო კონვენცია (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 23 ივლისის 2324 დადგენილებით);
შპს ,,სა---------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2----–-–----------------------------------------- დამტკიცებული ,,მომხმარებლის სახელმძღვანელო“;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის წარმოშობილია ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ძალითაც ერთი მხარე შპს ,,სა---------–-----------ა“ ვალდებულია, მიმღებს გადასცეს მისთვის გაგზავნილი ტვირთი - საფოსტო ამანათი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ შპს ,,სა---------–-----------ი“-ს 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე ამანათის ჩაუბარებლობის გამო ნი----–------------ეს 2019 წლის 11 მარტს აუნაზღაურდა გზავნილის გადაგზავნის ღირებულება - 66,90 ლარი და ამანათის შიგთავსის ღირებულება წონის მიხედვით - 49.0 სსუ-ს ეკვივალენტი 165 ლარი, სულ 231,90 ლარი.
მოსარჩელე არ ეთანხმება ზიანის ოდენობას და განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს ნივთის ღირებულების მიხედვით.
მართალია, მოდავე მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების პირობებზე, მაგრამ, მიუხედავად ამისა, შპს ,,სა---------–-----------ას“ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობის საფუძველზე - 2018 წლის 31 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, ტვირთი მიეწოდებინა ა---------–-----------–-–-------–------–--------------–----------------------------------------------------------- ამდენად, ვინაიდან საქმე ეხება საერთაშორისო საფოსტო ურთიერთობებს, მასზე უნდა გავრცელდეს მსოფლიოს საფოსტო კონვენციის დებულებები.
მსოფლიო საფოსტო კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1999 წლის 23 ივლისის 2324 დადგენილებით) მეხუთე თავი აწესებს საფოსტო ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის წესსა და საფუძვლებს. დასახელებული კონვენციის 34-ე მუხლში ჩამოთვალილია ის გარემოებები, როდესაც საფოსტო ადმინისტრაცია პასუხს აგებს მიყენებული ზიანისათვის. ხსენებული ნორმის 1.1. პუნქტით ადმინისტრაცია პასუხს აგებს შეკვეთილი გზავნილებისა და ფასგამოცხადებული გზავნილების დაკარგვაზე, დაზიანებასა და დატაცებაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტი ადრესატს აღჭურავს უფლებით, მოითხოვოს ანაზღაურება დაზიანებული ან დატაცებული შეკვეთილი ან ფასგამოცხადებული გზავნილების მიღების შემდეგ.
შპს ,,სა---------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2----–-–----------------------------------------- დამტკიცებულია ,,მომხმარებლის სახელმძღვანელო“, რომელიც წარმოადგენს იმ პირობების ერთობლიობას, რომელსაც „სა---------–-----------ა“ სთავაზობს მომხმარებელს, საფოსტო-საკურიერო მომსახურების განხორციელებისას.
ამ დოკუმენტით განსაზღვრული დებულებები წარმოადგენს „სა---------–-----------ის“ სტანდარტულ პირობებს. ხელშეკრულება საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ სტანდარტული პირობებით დადებულად ითვლება, „სა---------–-----------ის“ მიერ საფოსტო გზავნილის მიღებისა და მომხმარებლის მიერ საფოსტო მომსახურების საფასურის გადახდის მომენტიდან. (დებულების პირველი მუხლი);
„სა---------–-----------ა“ ამ დოკუმენტით განსაზღვრული დებულებებით მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და შპს „სა---------–-----------ის“ მიერ შემუშავებული შიდა რეგულაციებით. (დებულების პირველი მუხლი);
საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) აქტები, რომელსაც წარმოადგენს წესდება, კონვენცია, შეთანხმება საფოსტო საგადახდო მომსახურებების შესახებ, საფოსტო წერილობთი კორესპოდენციის რეგლამენტი, საფოსტო ამანათების რეგლამენტი.
????????? - მოიცავს საერთაშორისო საფოსტო გზავნილის მიღების, დამუშავების, გადაგზავნის და ჩაბარების ზოგად დებულებებს როგორებიცაა: უნივერსალური საფოსტო მომსახურება, ტრანზიტის თავისუფლება, ტარიფები, საფოსტო მარკები, საფოსტო უსაფრთხოების, აკრძალული საფოსტო გზავნილების საკითხები და ა.შ.
შპს ,,სა---------–-----------ის“ გენერალური დირექტორის 2----–-–----------------------------------------- დამტკიცებული ,,მომხმარებლის სახელმძღვანელო“-ს მე-8 კარით განსაზღვრულია ზიანის ოდენობის ზღვრული ოდენობა, რომელიც შეესაბამება მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებით განსაზღვრულ ოდენობას.
აღნიშნული დებულების 58.2.2. პუნქტის თანახმად, საერთაშორისო რეგისტრირებული (მათ შორის - დაზღვეული) გზავნილის დაკარგვის, შიგთავსის ქურდობის ან დაზიანების შემთხვევაში „სა---------–-----------ა“ ანაზღაურებს ზიანს შემდეგი ოდენობით: რეგისტრირებული ამანათის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანად განადგურების ან ქურდობის შემთხვევაში: ა) 40 SDR + 4.5 SDR ამანათის თითოეული კილოგრამისთვის. ხოლო დაზღვეული გზავნილის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანად განადგურების ან ქურდობის შემთხვევაში ფასგამოცხადებული თანხის ოდენობით. (58.2.3. პუნქტი);
ამდენად, აღნიშნული რეგულაციების მიხედვით, ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, თუ ის არ არის დაზღვეული გამგზავნის მიერ, მისი ანაზღაურება წარმოებს 58.2.2. პუნქტით გათვალისწინებული წესით, კერძოდ ამანათის წონის მიხედვით.
,,მომხმარებლის სახელმძღვანელო“-ს 4.1.16. პუნქტის თანახმად, დაზღვეული (ფასგამოცხადებული) გზავნილი არის - რეგისტრირებული წერილი, მცირე პაკეტი ან ამანათი, რომელიც იგზავნება შიგთავსის დაზღვევით, გამგზავნის მიერ გამოცხადებული ღირებულებით. მომხმარებლის მიერ დასახელებული ფასგამოცხადების (დაზღვევის) თანხა არ უნდა აღემატებოდეს გზავნილის შიგთავსის რეალურ ღირებულებას. ფასგამოცხადების თანხა არ შეიძლება იყოს 10 000 ლარზე მეტი.
მოცემულ შემთხვევაში, გამზავნის ნი----–------------ის მიერ ამანათის დაზღვევა არ განხორციელებულა, მის მიერ გადახდილი იქნა მხოლოდ გაგზავნის ტარიფი. აღნიშნული გარემოებას მხარეები სადავოდ არ ხდიან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო დაემტკიცებინა, რომ გზავნილი მითითებული ღირებულების (1129 ლარი) იყო. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია ნი----–------------ის ხელმოწერილი დეკლარაცია, რომლის თანახმადაც ამანათის შიგთავსის ღირებულება არის 50 აშშ დოლარი. ამავე დეკლარაციაზე ხელმოწერით მოსარჩელემ დაადასტურა, რომ საბაჟო დეკლარაციაში მოცემული ინფორმაცია სწორია და გზავნილი არ შეიცავს კანონმდებლობით, აგრეთვე საფოსტო ან საბაჟო რეგულაციებით აკრძალულ ნივთს.
მოსარჩელე მხარეს ნივთის ღირებულების დადასტურების მიზნით წარმოდგენილი აქვს სასაქონლო ზედნადები და პროდუქციის ღირებულების გადახდის ქვითრები, რომლის საფუძველზეც ცდილობს დაადასტუროს ნივთის ღირებულება, თუმცა იმ პირობებში როდესაც მის მიერ ხელმოწერილი დეკლარაციით ამანათის შიგთავსის სახეობა განსაზღვრული არ არის, მხოლოდ მოწმის ჩვენებით შეუძლებელია იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ ამანათით მან გააგზავნა 2018 წლის 29 დეკემბრის სასაქონლო ზედნადების საფუძველზე შეძენილი ფეხსაცმელი.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები, რომელიც ეხება ნივთის სახეობასა და ღირებულებას.
საწინააღმდეგოს არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, ამანათის დაკარგვის შემთხვევაში, თუ ის არ არის დაზღვეული გამგზავნის მიერ, მისი ანაზღაურება წარმოებს 58.2.2. პუნქტით გათვალისწინებული წესით, კერძოდ ამანათის წონის მიხედვით.
მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ შპს ,,სა---------–-----------ი“-ს 2019 წლის 05 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამანათის ჩაუბარებლობის გამო, ნი----–------------ეს 2019 წლის 11 მარტს აუნაზღაურდა გზავნილის გადაგზავნის ღირებულება - 66,90 ლარი და ამანათის შიგთავსის ღირებულება წონის მიხედვით - 49.0 სსუ-ს ექვივალენტი 165 ლარი, სულ 231,90 ლარი.
შესაბამისად მოსარჩელეს დადგენილი წესით აუნაზღაურდა ამანათის დაკარგვით გამოწვეული ზიანი, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის შესაბამისად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობის შემლახველი ცნობების გავრცელებას.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული სიკეთის დაცვა ხორციელდება, მიუხედავად ხელმყოფის ბრალისა. ხოლო, თუ დარღვევა გამოწვეულია ბრალეული მოქმედებით, პირს შეუძლია მოითხოვოს ზიანის (ზარალის) ანაზღაურებაც. ზიანის ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს იმ მოგების სახით, რომელიც წარმოექმნა ხელმყოფს. ბრალეული ხელყოფის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურებაც. მორალური ზიანის ანაზღაურება შეიძლება ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად.
მოსარჩელის განმარტებით, გზავნილის დაკარგვამ მას მიაყენა ფსიქოლოგიური ტრამვა, ძვირფას ადამიანს ვერ გაუკეთა შეპირებული საჩუქარი, რაც უარყოფითაც აისახა მათ ურთიერთობაზე. ამით გამოწვეულმა ნეგატიურმა სულიერმა განცდებმა კი უარყოფითი კვალი დატოვა მოსარჩელის ჯანმრთელობაზე და მიაყენა მორალური ზიანი.
მორალური ზიანი განსაზღვრულია, როგორც ფიზიკური და სულიერი ტკივილი. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, როგორც დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ისე, ობიექტური გარემოებანი, რითაც შეიძლება მისი ამ კუთხით შეფასება (ხელყოფილი სიკეთის ცხოვრებისეული მნიშვნელობა, სამართალდარღვევის შედეგთა სიმძიმე, ზიანის მიმყენებლის ბრალის ხარისხი და სხვა). ყველა შემთხვევაში, როცა მორალური ზიანის ანაზღაურების საკითხი დგება, ზიანი უნდა იყოს სამართლებრივად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი. კომპენსაციის ოდენობის დასასაბუთებლად უნდა დამტკიცდეს ფიზიკური ტანჯვის ხარისხი.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხისათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები არ არსებობს.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს და განმარტებებს, რომლებითაც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში დასაბუთებულია, რადგან არ დასტურდება მორალური ზიანის მიყენებასთან მიზეზობრივი კავშირი. მორალური ზიანის ანაზღაურება ხდება ,,მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთვევებში“. კონკრეტულ შემთხვევაში კი, არ დგინდება მორალური ზიანის მიყენების ფაქტი.
ამდენად, ვინაიდან შპს ,,სა---------–-----------ის“ მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი დადგენილი არ არის, შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოთხოვნას მორალურ ზიანთან დაკავშირებითაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს არ განუხორციელებია ისეთი ქმედება, რაც გამოიწვევდა მისთვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, ხოლო მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რის გამოც სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილშიც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
7. საპროცესო ხარჯები
ნი----–------------ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 50 ლარი (ს.ფ. 19);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნი----–------------ის სარჩელი შპს ,,სა---------–-----------ის“ მიმართ, ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი