გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001943523
№2-1847/17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე - შპს „ჰ------------ი“
წარმომადგენელი - დ------------ე, რ----------ე
მოპასუხე - შპს “ს---–---ი+“
წარმომადგენელი - შ--–--------–---
მოპასუხე - შპს “ს----–----ი“
წარმომადგენელი - შ--–--------–---
დავის საგანი - მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 შპს „ს---–---ი+“-სა და შპს “ს----–----ს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ და მოითხოვენ, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ს---–---ი+“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 245604751), როგორც სამეწარმეო სუბიექტი, ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ რეგისტირებულია 2007 წლის 10 ოქტომბიდან. აღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორია ი-----–-------–-----, რომელიც ამჟამად ასევე არის ამავე დაწესებულების დირექორი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ს---–---ი+“-ის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.1.2. შპს „ს----–----ი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი 445493476), როგორც სამეწარმეო სუბიექტი, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტირებული იქნა 2016 წლის 13 ოქტომბერს. შპს „ს----–----ის“ 100%-იანი წილის მფლობელი და ამავდროულად დირექორია ვ----------------–-----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს „ს----–----ის“ ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.1.3. 2016 წლის 21 ოქტომბერს შპს „ს---–---ი+“-ის დირექტორს ი-----–-------–-----ს და შპს „ს----–----ის“ დირექტორს ვ----------------–-----ს შორის გაფორმებული იქნა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ს---–---ი+“-მა შპს „ს----–----ს“ დაუთმო 2016 წლის 22 სექტემბერს შპს „ს---–---ი+“-ს და შპს „დ--------ს“ შორის დადებული უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი ნასყიდობის ღირებულების განვადებით თანხის მიღების მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება. 21.10.20176წ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. როგორც საქმეში წარმოდგენილი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით დგინდება, 2013 წლის 21 თებერვალს შპს „ჰ------------ს“ და შპს „ს---–---ი+“-ს შორის გაფორმებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „ჰ------------ი“ განახორციელებდა შპს „ს---–---ი+“-ის საოფისე შენობის ფასადის კონსტრუქციული ნაწილის სამშენებლო სამუშაოებს, ფასადის კონსტრუქციული ნაწილის შემინვას და ფასადის სამღებრო სამუშაობს პროექტის მიხედვით. დაკვეთს შესრულების ვადად განესაზღვრა 60 დღე, ანგარიშსწორება კი უნდა განხორციელებულიყო უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ასევე ამავე გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ იმავე მხარეებს შორის 2013 წლის 24 ივნისს გაფორმებული იქნა კვლავ ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „ჰ------------ი“ ჩაატარებდა სარემონტო სამუშაოებს შპს „ს---–---ი+“-ის კუთვნილ ადმინისტრაციულ და საოფისე შენობებში. დაკვეთა უნდა შესრულებულიყო არა უგვიანეს 2013 წლის 30 ნოემბრისა. შპს „ს---–---ი+“-მა კი აიღო ვალდებულება, რომ შესულებული სამუშაოების ღირებულებას გადაიხდიდა არაუგვინეს 2013 წლის 31 დეკემბრისა.
დადგენილია, რომ შპს „ჰ------------ის“ მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო და მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა შპს „ს---–---ი+“-ის მიერ სრულად არ იქნა ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ამასთან დადგენილია, რომ შპს „ს---–---ი+“ სადაოდ ხდიდა შესრულებული სამუშაოს ხარისხს.
ვინაიდან მხარეებს შორის არ შედგა შეთანხმება, შპს „ჰ------------ის“ მიერ აღძრული იქნა სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შპს „ს---–---ი+“-ის მიმართ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით. ამავე სასამართლოში შპს „ს---–---ი+“-ის მიერ შეტანილი იქნა შეგებებული სარჩელი შპს „ჰ------------ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების და ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ჰ------------ის“ სასარჩელო განცხადება და შპს „ს---–---ი+“-ს შპს „ჰ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 312690,43 ლარის გადახდა. ასევე ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ს---–---ი+“-ის შეგებებული სარჩელი და შპს „ჰ------------ს“ დაეკისრა შპს „ს---–---ი+“-ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 103 610,84 ლარის ოდენობით, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა როგორც შპს „ჰ------------ის“ მიერ, ასევე შპს „ს---–---ი+“-ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ს---–---ი+“-ის და შპს „ჰ------------ის“ სააპელაციო საჩივრები, შპს „ს---–---ი+“-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შპს „ს---–---ი+“-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „ჰ------------ს“ დაეკისრა 51463,62 ლარის და 14505,21 ლარის გადახდა შპს „ს---–---ი+“-ის სასარგებლოდ. ამავე გადაწყვეტილებით შპს „ს---–---ი+“-ზე შპს „ჰ------------ის“ სასარგებლოდ 312690,43 ლარის დაკისრების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში და შპს „ს---–---ი+“-ს დამატებით დაეკისრა შპს „ჰ------------ის“ სასარგებლოდ 5150 ლარის, 3564,22 ლარის და 750 ლარის გადახდა. ასევე შპს „ჰ------------ს“ დაეკისრა შპს „ს---–---ი+“-ის სასარგებლოდ 3747,5 ლარის გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა შპს „ს---–---ი+“-ის მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს---–---ი+“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება N2-1291/14.
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება N2/ბ-289-2015.
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინება.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ს---–---ი+“ და შპს „ჰ------------ს“ შორის მიმდინარე დავის დასრულებამდე შპს „ს---–---ი+“-მა შპს „დ--------ზე“ 2016 წლის 22 სექტემბერს შედგენილი გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მის საკუთრებაში რიცხული ქ. ბათუმში, ნინოშვილის ქN3-ში მდებარე უძრავი ქონება ს/კN05.21.03.015.01/570 და ამავე მისამართზე მდებარე სარდაფი (ს/კ N05.21.03.015.01/571) 250 000 აშშ დოლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- 2016 წლის 22 სექტემბრის უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.2.3. 2016 წლის 21 ოქტომბერს შედგენილი მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ს---–---ი+“-მა შპს „დ--------ისაგან“ უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ღირებულების დარჩენილი საფასურის 232500 აშშ დოლარის მოთხოვნა დაუთმო შპს „ს----–----ს“. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის მტკიცებას, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება შედგენილი იქნა მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს “ს---–---ი+“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი და ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება. 21.10.2016წ.
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინება.
3.2.4. საქმეში წარმოდგენილი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ს----–----ი“ დაფუძნებული იქნა 2016 წლის 13 ოქტომბერს. მისი 100 %-იანი წილის მფლობელი და ამავდროულად დირექტორია ვ----------------–-----, რომელიც 2013 წელს, როცა შპს „ს---–---ი+“-ს და შპს „ჰ------------ს“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულებები მუშაობდა შპს „ს---–---ი +“-ის დირეტორად და შპს „ჰ------------ის“ მიერ შესრულებული სამუშაობის შუალედურ მიღება-ჩაბარების აქტებს სწორედ ვ----------------–----- აწერს ხელს, როგორც შპს „ს---–---ი+“-ის დირექტორი. ამასთან სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ს----–----ის“ დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი ვ----------------–----- არის მოპასუხე შპს „ს---–---ი+“-ის 100%-იანი წილის მფლობელის და ამჟამად მისი დირექტორის ი-----–-------–-----ს მეუღლე. ისინი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1987 წლის 18 მარტიდან, შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას, რომ შპს “ს----–----ის“ 100%“-იანი წილის მფლობელის და დირექტორის ვ----------------–-----სათვის კარგად იყო ცნობილი შპს „ს---–---ი+“-სა და შპს „ჰ------------ს“ შორის მიმდინარე სასამართლო დავების თაობაზე და შპს „ს---–---ი+“-სა და შპს „ს----–----ს“-ს შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს მათ შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულება ემსახურებოდა მხოლოდ იმ მიზანს, რომ არ აღსრულებულიყო შპს „ჰ------------ის“ სასარგებლოდ სასამართლოს მიერ მიღებული და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება. 21.10.2016წ.
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინება.
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააღსრულებო ფურცელი.
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 იანვრის გადაწყვეტილება N2-1291/14.
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება N2/ბ-289-2015.
- მიღება-ჩაბარების შუალედური აქტები (საქმე N474 უზრ/16).
- შპს „ს---–---ი+“-ის ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.
- შპს „ს----–----ის“ ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.
-სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 08.05.2018წ წერილი.
-ვ----------------–-----ს და ი-----–-------–-----ს ქორწინების ჩანაწერის აქტის ასლი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ჰ------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს: ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შპს „ს---–---ი+“-სა და შპს „ს----–----ს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50, 56-ე, 199-ე, 319-ე, 327-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამდენად, გარიგება არის ნების თავისუფალი გამოვლენა, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისაკენ. გარიგება ეს არის მისი მონაწილე მხარეების განსჯის შედეგი, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ მისი შედეგები და შესაძლო სამომავლო რისკები. მონაწილის მიერ გაკეთებული ხელმოწერა ასახავს ამ უკანასკნელის ნებას შევიდეს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეთა შორის შეთანხმებული პირობებით და აღიჭურვოს შესაბამისი უფლება-მოვალეობებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს შპს „ს---–---ი+“-სა და შპს „ს----–----ს“ შორის დადებული იქნა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს „ს---–---ი+“-მა შპს „დ--------ისაგან“ უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ღირებულების დარჩენილი საფასურის 232500 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს „ს----–----ს“, რომელიც დაფუძნებული იქნა 2016 წლის 13 ოქტომბერს და რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც არის შპს „ს---–---ი+“-ის ყოფილი დირექტორი და შპს „ს---–---ი+“-ის 100%-იანი წილის მფლობელის, ამჟამინდელი დირეტორის ი-----–-------–-----ს მეუღლე ვ----------------–-----.
სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლი ითვალისწინებს მხარეთა შეთანხმებას მოთხოვნის დათმობის თაობაზე, რომლის თანახმადაც მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რათა გარიგება ჩაითვალოს ბათილად უნდა არსებობდეს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები. მოსარჩელე მოპასუხეებს შპს „ს---–---ი+“-ს და შპს „ს----–----ს“ შორის დადებული მოთხონის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლს და განმარტავს, რომ მოპასუხეებს შორის დადებული გარიგება არის მოჩვენებითი და მათ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება გააფორმეს მხოლოდ იმ მიზნით, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მოპასუხე შპს „ს---–---ი+“-ს მის სასარგებლოდ დაეკისრა თანხების გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 56 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ „ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება)“.
სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი როგორც წესი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარავად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მხოლოდ მესამე პირის შეცდომაში შეყვანა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს---–---ი+“-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი და შესაბამისად კანონიერ ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შპს „ს---–---ი+“-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შპს „ჰ------------ს“ დაეკისრა 51463,62 ლარის და 14505,21 ლარის გადახდა შპს „ს---–---ი+“-ის სასარგებლოდ, ამავე გადაწყვეტილებით შპს „ს---–---ი+“-ზე შპს „ჰ------------ის“ სასარგებლოდ 312690,43 ლარის დაკისრების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა ძალაში და შპს „ს---–---ი+“-ს დამატებით დაეკისრა შპს „ჰ------------ის“ სასარგებლოდ 5150 ლარის, 3564,22 ლარის და 750 ლარის გადახდა. ასევ დადგენილია, რომ შპს „ს---–---ი+“-ს და შპს „ჰ------------ს“ შორის მიმდინარე დავის დასრულებამდე შპს „ს---–---ი+“-მა შპს „დ--------ზე“ 2016 წლის 22 სექტემბერს შედგენილი გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა მის საკუთრებაში რიცხული ქ. ბათუმში, ნინოშვილის ქN3-ში მდებარე უძრავი ქონება ს/კN05.21.03.015.01/570 და ამავე მისამართზე მდებარე სარდაფი (ს/კ N05.21.03.015.01/571) 250 000 აშშ დოლარად, ხოლო მას შემდეგ, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შპს “ს---–---ი+“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი და ძალაში შევიდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის გადაწყვეტილება, 2016 წლის 21 ოქტომბერს შედგენილი მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ს---–---ი+“-მა შპს „დ--------ისაგან“ უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ღირებულების დარჩენილი საფასურის 232500 აშშ დოლარის მოთხოვნა დაუთმო შპს „ს----–----ს“, რომელიც დაფუძნებული იქნა 2016 წლის 13 ოქტომბერს და რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც და დირექტორიც არის შპს „ს---–---ი+“-ის ყოფილი დირექტორი და შპს „ს---–---ის“ 100%-იანი წილის მფლობელის და ამჟამინდელი დირეტორის ი-----–-------–-----ს მეუღლე ვ----------------–-----.
ზ/აღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე კი სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ შპს „ს----–----ის“ დირექტორ ვ----------------–-----სათვის იმთავითვე ცნობილი იყო შპს “ს---–---ი+“-ს და სპს |“ჰ------------ს“ შორის მიმდინარე დავის შესახებ და მოპასუხეებს, შპს „ს---–---ი+“-ს და შპს „ს----–----ს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება გაფორმდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ არ აღსრულებულიყო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მოპასუხე შპს „ს---–---ი+“-ს შპს „ჰ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა თანხების გადახდა. ანუ მოპასუხეებს შორის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების დადების მიზანს წარმოადგენდა არა მხარეთა ნამდვილი ნება, არამედ მესამე პირის, ამ შემთხვევაში შპს „ჰ------------ის“ შეცდომაში შეყვანა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს---–---ი+“-ს და შპს „ს----–----ს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად მისი ბათილად ცნობის საფუძველია.
6.3. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შპს „ს---–---ი+“-ს და შპს „ს----–----ს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ჰ------------ის“ სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს „ს---–---ი+“-სა და შპს „ს----–----ს“ შორის 2016 წლის 21 ოქტომბერს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება.
1.2. მოპასუხეებს შპს „ს---–---ი+“-სა და შპს „ს----–----ს“ სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ჰ------------ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე