განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2019
საქმის ნომერი
160100118002512004
დავის ტიპი
260 4
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N160100118002512004

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

 

საქმე №1/174-18 19 მარტი 2019 წელი ქ. ბოლნისი

(გამოძიების N031120618003)

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე

სხდომის მდივანი: დიანა ქოჩორაშვილი, თამთა როყვა,ცაცა ებრალიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ზაზა ცქვიტარია

 

დაცვის მხარე:

ადვოკატი: ომარ მურადასილოვი

 

ბრალდებული: ს----- კ----------–ი

მამის სახელი: ვ-------

დაბადებული: 1----–-–---------------

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: ნასამართლობის არ მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მ--------–--------------–---–------------

 

თარჯიმანი: ნაილი იბრაგიმოვა, სუსანა მარტიაშვილი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი და 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ორი ეპიზოდი).

 

აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:

 

1.სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. .ს----- კ----------–იმ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ს----- კ----------–იმ გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0.0356 გრამი, რომელიც 2018 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. მარნეულში, თაყაიშვილის ქუჩაზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე რ-–--- მ------ზე.

 

1.2. ს----- კ----------–იმ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. ასევე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

ს----- კ----------–იმ გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0.0181 გრამი, რომელიც 2018 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ. მარნეულში, თაყაიშვილის ქუჩაზე 100 ლარად გაასაღა მოქალაქე რ-–--- მ------ზე.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, გასაღება (2018 წლის 17 ივნისის ეპიზოდი).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი დიტო გიგანი. მან დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, იმის თაობაზე რომ ს----- კ----------–ი იყო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორი და რომ რ-–--- მ------ი აღნიშნულთან დაკავშირებით ფლობდა გარკვეულ ინფორმაციას. დიტო გიგანმა განმარტა, რომ მიღებული ინფორმაციის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. ასევე დაადასტურა, რომ პატაკის მიწოდების შემდეგ დაკითხული იქნა ორჯერ.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას რ-–--- მ------მა განმარტა, რომ ცხოვრობს მარნეულში, ს----- კ----------–ის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ გააჩნია, მას იცნობს დაახლოებით წელიწადნახევარია. იგი გაიცნო ქუჩაში. მასთან ჰქონდა ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა.

 

მოწმე რ-–--- მ------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მან ს----- კ----------–ისგან ნარკოტიკი შეიძინა ორჯერ და გადაიხადა 200 ლარი. ეს იყო დაახლოებით 17-18 ივნისს. პირველად შეიძინა მარნეულის ე.წ. ,,პრეფექტურის" უკან, იყო სირეცი. მეორედაც იმავე ადგილას შეიძინა. ამის თაობაზე გამომძიებელი იყო საქმის კურსში. გამომძიებელი იყო დათო. მან ორივეჯერ შეძენილი ნარკოტიკი მისცა პოლიციას. თანხა 200 ლარი, რომელიც გადაიხადა ნარკოტიკული საშუალების შესაძენად მას მისცა პოლიციამ. მოწმემ განმარტა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ელმარ კალაევი. მან განმარტა, რომ მუქარას ელმარ კალაევის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ასევე დაადასტურა, რომ ეგი ნარკოტიკული საშუალების შეძენისას ორივე შემთხვევაში აღჭურვილი იყო ვიდეოკამერით, ასევე ნარკოტიკის გადაცემის შემდეგ იგი არსად არ ჩერდებოდა და ნარკოტიკს პირდაპირ გადასცემდა პოლიციას, შემდეგ კი გარკვეულ დოკუმენტებზე აწერდა ხელს. ასევე განმარტა, რომ ნარკოტიკულ საშუალებას ათავსებდნენ პარკში. მოწმემ განმარტა, რომ ს----- კ----------–ისთან აღნიშნული არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც იძენდა ნარკოტიკულ საშუალებას და შესაბამისად მისთვის ცნობილი იყო ყველაფერი. დაადასტურა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი.

 

ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური ოქმის N307-ის თანახმად ჩაწერა მიმდინარეობდა 2018 წლის 17 ივნისს 16:20:38 საათიდან 2018 წლის 17 ივნისის 16:21:51 საათამდე. ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილია კერძო ტიპის დასახლება, სადაც შედის მამაკაცი ვიწრო შესახვევში. აღნიშნულ ადგილას მას ხვდება მეორე მამაკაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი მიაქვს ჯიბისაკენ და თითქოს იღებს რაღაცას, მიმსვლელი მამაკაცი ეკითხება კარგია თუ არა, ის კი პასუხობს, რომ ,,სუპერია“, ასევე განუმარტავს, რომ თუ საქმე გამოვიდა მას 70-ად მისცემს, სთხოვს, ილოცოს რომ საქმე გამოვიდეს. ამის შემდეგ შემხვედრი პირები ცილდებიან ერთმანეთს.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი, ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი გამოსახულება და საუბარი, რაც შეძლებისდაგვარად გადათარგმნილ იქნა თარჯიმნის მიერ ემთხვეოდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ბეთქილ გერლიანი, რომლის ჩვენებითაც დგინდება რომ მუშაობს მარნეულის რაიონულ სამმართველოში. მისი თანამშრომლის დიტო გიგანის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია რომ ს----- კ----------–ი არის რეალიზატორი, რის თაობაზეც მან 2018 წლის 12 ივნისს გამოკითხა დიტო გიგანი ორჯერ, ვინაიდან იყო ორი ინფორმაციული პატაკი, ერთი იმის თაობაზე რომ ს----- კ----------–ი არის რეალიზატორი და მეორე, რომ რ-–--- მ------ი ფლობს ინფორმაციას. გამოიძახეს რ-–--- მ------ი, იგი იქნა გამოკითხული. შემდეგ მან თანხმობა გამოთქვა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღებაზე, რის შემდეგაც მოხდა მისი აღჭურვა. მოწმის მიერ რ-–--- მ------ის გამოკითხვა მოხდა სამჯერ 12 ივნისს, 17 ივნისს და 18 ივნისს. რ-–--- მ------ი აღჭურვილი იქნა და იგი წავიდა ნარკოტიკის შესაძენად. თავად მოწმე მას ელოდებოდა თაყაიშვილის ქუჩაზე, 200 მეტრის მოშორებით. რ-–--- მ------ის და ს----- კ----------–ის შეხვედრა შედგა 17 ივნისს. ნარკოტიკის შეძენის შემდეგ რ-–--- მ------ი ისევ მივიდა მათთან და მოხდა მოწმის დაკითხვა და გადაუდებელი აუცილებლობით ამოღების ჩატარება. ამოღების დროს ასევე იყო თარჯიმანიც. მოწმის განმარტებით 17 ივნისს ს----- კ----------–ის დაკავება არ მოხდა ვინაიდან არ იყო ცნობილი, რომ ამოღებული იყო ნარკოტიკი და შემდეგ 17 და 18 ივნისის რ-–--- მ------ისაგან ამოღებულ მტკიცებულებებზე დაინიშნა ექსპერტიზა. საქმეზე ექსპერტიზის დასკვნების მიღება მოხდა 20-21 რიცხვში. ბეთქილ გერლიანმა განმარტა, რომ ს----- კ----------–ის დაკავება მოხდა მის სახლში, საიდანაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა.

 

სხდომაზე ასევე მოწმის სახით დაიკითხა მარნეულის რაიონული სამმართველოს გამომძიებელი დავით ბოჭოიძე. მისი ჩვენებით დგინდება რომ მან გამოიტანა დადგენილება ნარკოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნაზე. შემდეგ ს----- კ----------–ი გადაიყვანა შესამოწმებლად. როგორც მისთვის ცნობილია ექსპერტიზის შედეგად დადგინდა ოპიუმის ჯგუფი. შემდეგ მან დასკვნა გადასცა გამომძიებელ ბეთქილ გერლიანს.

 

2018 წლის 17 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად ამოღება ჩატარდა ქ. მარნეულში, თაყაიშვილის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 17:15 საათიდან 17:30 საათამდე რ-–--- მ------თან. ამოღების ოქმი შედგენილ იქნა მარნეულის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ ბეთქილ გერლიანის მიერ. რ-–--- მ------ისაგან ამოღებულ იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი მოყავისფრო ფერის ნივთიერება, რომელიც დაფასოებული იყო მომწვანო ფერის პოლიეთელინის პარკის მონახევში ერთ წონაკად.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ნივთიერ მტკიცებულება დალუქული ექსპერტების მიერ, ასევე ექსპერტების მიერ ნივთერ მტკიცებულებასთან ერთად იყო მტკიცებულების პირველადი დალუქვის ამსახველი მასალა, ბეჭედი მასზე არსებული ხელმოწერებით.

 

2018 წლის 19 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N1474/სქ-1746/ქრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი: მომწვანო ფერის პოლიეთილენის 2(ორი) ცალ ნაჭერში მოთავსებული, სპეციფიკური სუნი მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონებით 0.0265 გრამი და 0.0522 გრამი, საერთო წონით -0.0787 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის საერთო წონა შეადგენს -0.0537 გრამს.

 

2018 წლის 20 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N1477/სქ-1750/ქრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი - სპეციფიკური სუნი მქონე, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 0.0490 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკული საშუალება - ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს - 0.0335 გრამს. საწყის წონაზე 0.0522 გრამზე (იხ. ექსპერტიზის დასკვნა N1474/სქ-1746/ქრ) გადაანგარიშებით შეადგენს- 0.0356 გრამს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა სოფიო ცქვიტაიამ დაადასტურა აღნიშნული დასკვნების სისწორე. განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა ექსპერტ თამარ ოსიყმაშვილთან ერთად და განმარტა, რომ ნივთიერების რაოდენობის განსაზღვრა მოხდა ინსტრუმენტალური მეთოდის გამოყენებით.

 

2018 წლის 22 ივნისის ნარკოლოგიური ექსპერტიზის N7021013 დასკვნის თანახმად ს----- კ----------–ის დაუდგინდა ნარკოტიკული საშულება - ოპიუმის ჯგუფის(მორფინი) და მეტადონის მოხმარების ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი თამუნა კიკალია. მან დაადასტურა, რომ ჩაატარა ნარკოლოგიური ექსპერტიზა და ს----- კ----------–ის დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის და მეტადონის მოხმარების ფაქტი.

 

2018 წლის 21 სექტემბრის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N146/ფ დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ ვიდეოგრამებში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ჩანაწერები არ არის საკმარისის საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის პიროვნების ხმისა და მეტყველების მიხედვით, ვინაიდან ვერ აკმაყოფილებს ჩვენს ხელთ არსებულ მეთოდიკაში მითითებულ საჭირო მოთხოვნას- რეპრეზენტატულობას. ჩანაწერი არ არის რეპრეზენტატული, ანუ არ გააჩნია დამაკმაყოფილებელი ხანგრძლივობა პიროვნების თავისუფალი მეტყველების ჩანაწერისა.

 

დაკითხვისას ექსპერტებმა დავით გრატიაშვილმა და ელვირა ასლანოვმა დაადასტურეს გაცემული დასკვნის სისწორე. დავით გრატიაშვილმა დაადასტურა, რომ ჩანაწერს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნებოდა.

2018 წლის 14 ნოემბრის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N558/ჰ დასკვნის თანახმად: გამოკვლევაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამებს სახელწოდებით ,,Rec1_0001.avi” და ,,Rec1_0001.avi” არ აღენიშნებათ რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები

.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ვახტანგ ბურჯანაძემ.

 

2019 წლის 21 თებერვლის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N44/ჰ დასკვნის თანახმად: სს N031120618003 საქმეზე, გამოკვლევაზე წარმოდგენილი ვიდეოგრამებიდან სახელწოდებით ,,Rec1_0001.avi” და ,,Rec1_0001.avi” ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულებები, პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია.

 

სს N031120618003 საქმეზე, ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხული 08.08.1982 წელს დაბადებული ს----- ვ-------ს ძე კ----------–ის (პ/ნ2----------), სახელზე შევსებული ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პირის იერსახის გამოსახულება იდენტიფიკაციისათვის ვარგისია.

 

სს N031120618003 საქმეზე, მონაცემთა ბაზაში რიცხული 08.08.1982 წელს დაბადებული ს----- ვ-------ს ძე კ----------–ის (პ/ნ2----------), ფოტოსურათზე და ვიდეოგრამებზე სახელწოდებით: ,,Rec1_0001.avi” დაწყებიდან 00:00:31 სთ-ზე და ,,Rec1_0001.avi” დაწყებიდან 00:01:05 სთ-ზე, დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება.

 

ექსპერტიზის დასკვნაში ექსპერტი ვახტანგ ბურჯანაძე მიუთითებს, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა გასცა 2019 წლის 20 თებერვლის ელდარ ბოლქვაძის ელექტრონული მომართვის საფუძველზე, ასევე მითითებული იყო, რომ აღნიშნულ მომართვას ახლდა დადგენილება. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 19 ივლისის გამომძიებელ ელდარ ბოლქვაძის დადგენილება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა დაადასტურა დასკვნის სისწორე, ასევე დაეთანხმა ზემოაღნიშნულ გარემოებებს.

 

სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას გამომძიებელმა ელდარ ბოლქვაძემ განმარტა, რომ მის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ იქნა დადგენილება ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

 

სასამართლო არ იზიარებს 2019 წლის 21 თებერვლის ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N44/ჰ დასკვნას შემდეგ გარემოებათ გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად წინასასამართლო სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. აღნიშნული გულისხმობს, რომ როგორც ბრალდების ისე დაცვის მხარე ვალდებულია ყველა მტკიცებულება, რაც იმ დროისათვის არსებობს მოიპოვოს წინასასამართლო სხდომის გამართვამდე 5 დღით ადრე. საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი საქმის არსებითი განხილვისას არსებითად ახალი მტკიცებულების საქმეზე დაშვება შესაძლებელია თუ ამ მტკიცებულების მოპოვება ან მისი მოპოვების შესახებ შუამდგომლობის დაყენება მანამდე ობიექტურად შეუძლებელი იყო. კონკრეტულ შემთხვევაში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილება მიღებულ იქნა 2018 წლის 19 ივლისს, შესაბამისად არსებობდა ის მტკიცებულებებიც, რასთან დაკავშირებითაც უნდა ჩატარებულიყო ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ექსპერტმა ვახტანგ ბურჯანაძემ განმარტა, რომ მან აღნიშნული დადგენილება გამომძიებლის მიერ მიიღო 2019 წლის 20 თებერვალს და შესაბამისად ამის შემდეგ გასცა დასკვნა. ერთადერთი გარემოება, რის გამოც აღნიშნული მტკიცებულების წინასასამართლო სხდომამდე მოპოვება გახდა შეუძლებელი იყო ის, რომ გამომძიებელმა ვერ უზრუნველყო ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დადგენილების ექსპერტისათვის გადაგზავნა. სასამართლო აღნიშნულ გარემოებას ვერ შეაფასებს, როგორც ობიექტურად შეუძლებელ გარემოებას მტკიცებულების მოპოვებისათვის და მიიჩნევს, რომ აღნიშნულით დაირღვა მტკიცებულების მოპოვების კანონით დადგენილი წესი და ვერ გაიზიარებს წარმოდგენილ 2019 წლის 21 თებერვლის ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის N44/ჰ დასკვნას.

 

2018 წლის 22 ივნისის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად 04:50 საათიდან 05:10 საათამდე ჩატარდა ს----- კ----------–ის პირადი ჩხრეკა, ქ. მარნეულში მაზნიაშვილის ქუჩა N44ში. პირადი ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა. ს----- კ----------–ი დაკავებულ იქნა 2018 წლის 22 ივნისს 05:13 საათზე.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა ბრალდებული ს----- კ----------–ი. მან განმარტა, რომ რ-–--- მ------ს არ იცნობს, არც არასოდეს შეხვედრია და არც რაიმე ნივთი გადაუცია მისთვის. ბრალდებულმა ასევე უარყო, რომ ვიდეო ჩანაწერზე დაფიქსირებული პიროვნება იყო თავად.

 

სასამართლომ გაიზიარა მოწმე რ-–--- მ------ის ჩვენება, ასევე გამომძიებელ ბეთქილ გერლიანის, დიტო გიგანის, დავით ბოჭოიძის ჩვენებები, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნები, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და დადასტურებულად მიიჩნია ს----- კ----------–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)

 

ამდენად, სასამართლომ დეტალურად მიმოიხილა ბრალდებულ ს----- კ----------–ის ჩვენება და მიაჩნია, რომ იგი არის ურთიერთსაწინააღმდეგო, არსებითად განსხვავდება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ სხვა უტყუარი მტკიცებულებებისაგან და თავის მხრივ არ დასტურდება არც ერთი სხვა მტკიცებულებით. სასამართლო ბრალდებულის ჩვენებას აფასებს როგორც არასანდო მტკიცებულებას და საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას, ვერ დაეყრდნობა მას, შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდებული ს----- კ----------–ი უარყოფს, რომ იცნობს რ-–--- მ------ს, ასევე უარყოფს, რომ შეხვდა მას და გადასცა ნარკოტიკული საშუალება. სხდომაზე დაკითხვისას რ-–--- მ------მა განმარტა, რომ ს----- კ----------–ის იცნობს დაახლოებით წელიწადნახევარია, მასთან აკავშირებდა მეგობრული ურთიერთობა და მის მიმართ რაიმე პირადი ინტერესი არ ამოძრავებს. ასევე განმარტა, რომ ს----- კ----------–ისგან ნარკოტიკის შეძენის შემთხვევა არ იყო პირველი. აღნიშნული ინფორმაცია ასევე დასტურდება დიტო გიგანის მიერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც ს----- კ----------–ი არის ნარკოტიკული საშუალების რეალიზატორი და ამის თაობაზე ინფორმაციას ფლობდა რ-–--- მ------ი. სხდომაზე ასევე გამოკვლეულ იქნა ვიდეო ჩანაწერი, სადაც აღბეჭდილია ს----- კ----------–ი. ჩანაწერში ასევე დაფიქსირებულია, როგორ პირდება იგი რ-–--- მ------ს, რომ სხვა დროს შეღავათიან ფასში გადასცემს, თუ საქმე გამოვიდა. ვიდეო ჩანაწერი სრულ შესაბამისობაშია რ-–--- მ------ის ჩვენებასთან. ასევე ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადგენილია, რომ ჩანაწერს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება. ყოველივე აღნიშნული კი ერთობლიობაში ადასტურებს ს----- კ----------–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას. გარდა ამისა სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაცვის მხარეს აძლევს შესაძლებლობას თავად მოიპოვოს მტკიცებულებანი. შესაბამისად დაცვის მხარეს სურვილის შემთხვევაში სრული შესაძლებლობა ჰქონდა ვიდეო მასალასთან დაკავშირებით ჩაეტარებინდა ჰაბიტოსკობიური ექსპერტიზა, წარმოედგინა სასამართლოში, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა ბრალდებულის ჩვენების უტყუარობაზე. რაც შეეხება რ-–--- მ------ის ჩვენებაში დაფიქსირებულ წინააღმდეგობებს, ს----- კ----------–ის მიერ გადაცემულ ნარკოტიკის პოლიციისათვის გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული არის არაარსებითი ხასიათის, სასამართლოში წარმოდგენილია ამოღების ოქმები, რომლებიც შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, მასზე დაფიქსირებულია რ-–--- მ------ის ხელმოწერები, რასაც სასამართლო იზიარებს. ასევე აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით დაკითხულია გამომძიებელი ბეთქილ გერლიანი, რომელმაც დაადასტურა მათი სისწორე. გასათვალისწინებელია, რომ რ-–--- მ------მა აღნიშნა, რომ გარდა ს----- კ----------–ის საქმისა ის სხვა საქმეშიც იღებდა მონაწილეობას მოწმის სახით, და რადგანაც გასულია საკმაო დრო შესაძლებელია მას საქმის დეტალები ზუსტად არ ხსომებოდა. დაცვის მხარე ასევე ყურადღებას ამახვილებდა რ-–--- მ------ის მიერ ნარკოტიკის შეძენასა და მის მიმართ ჩატარებულ ამოღებას შორის დროის შუალედზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ რ-–--- მ------ის მიერ ს----- კ----------–ისაგან ნარკოტიკული საშუალების შეძენის შემდეგ ხდებოდა მისი დაკითხვა გამომძიებლის მიერ და სწორედ ამის შემდეგ ხდებოდა რ-–--- მ------ისაგან ნარკოტიკული საშუალების ამოღება. შესაბამისად საგამოძიებო მოქმედებების ოქმების შესადგენად საჭირო იყო გარკვეული დრო, რაც ამ შემთხვევაშიც არის სრულიად შესაბამისი და არ აჩენს ეჭვებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების მიმართ.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,წ‘‘ პუნქტის თანახმად, გასაღება ნიშნავს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემას ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.

 

შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----- კ----------–იმ 2018 წლის 17 ივნისს განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების გასაღება.

 

2.2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, გასაღება (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი).

 

მოწმის სახით დაკითხვისას რ-–--- მ------მა განმარტა, რომ 2018 წლის 18 ივნისს ს----- კ----------–ისგან შეიძინა ნარკოტიკული საშაულება. ასევე განმარტა, რომ ამ ფაქტის დროს იგი აღჭურვილი იყო ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის აპარატურით. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ს----- კ----------–ისთან შეხვედრის შემდეგ პირდაპირ წამოვიდა გამომძიებელთან და შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მან გადასცა გამომძიებელს.

 

2018 წლის 18 ივნისის ამოღების ოქმის თანახმად ამოღება ჩატარებულია რ-–--- მ------თან, ქ. მარნეულში, თაყაიშვილის ქუჩა N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 14:00 საათიდან 14:15 საათამდე პერიოდში. რ-–--- მ------ისგან ამოღებული იქნა მომწვანო ფერის პოლიეთელინის პარკის მონახევში ერთ წონაკად დაფასოებული მოყავისფრო ფერის ნივთიერება.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ნივთიერ მტკიცებულება დათვალიერდა, იყო მოყავისფრო ფერის მოთავსებული პოლიეთელინის ნაჭერში.

 

ფარული აუდიოჩაწერის/ვიდეოჩაწერის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუალედური ოქმის N309-ის თანახმად ჩაწერა მიმდინარეობდა 2018 წლის 17 ივნისს 12:33:17 საათიდან 2018 წლის 17 ივნისის 12:34:55 საათამდე. ვიდეოჩანაწერში აღბეჭდილია კერძო ტიპის დასახლების ვიწრო შესახვევი. მამაკაცი მოძრაობს ამ შესახვევის მიმართულებით, სადაც მას ხვდება ვარდისფერ მაისურში გამოწყობილი მეორე მამაკაცი. ვარდისფერი მაისურით მამაკაცი განუმარტავს, რომ ერთი მას ეკუთვნის და ის დიდი სომეხს. ასევე ეუბნება, რომ შუაზე გაყო. ასევე პირდება, რომ დაურეკავს და ამის შემდეგ პიროვნებები შორდებიან ერთმანეთს.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა აღნიშნული ვიდეოჩანაწერი, ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი გამოსახულება და საუბარი, რაც შეძლებისდაგვარად გადათარგმნილ იქნა თარჯიმნის მიერ ემთხვეოდა ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველ ოქმს.

 

2018 წლის 20 ივნისის ქიმიური ექსპერტიზის N1477/სქ-1750/ქრ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი: სპეციფიკური სუნი მქონე, მოყავისფრო ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 0.0221 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებულ ნარკოტიკულ საშუალება - ჰეროინის შემცველ ფხვნილს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის წონა შეადგენს -0.0151 გრამს. საწყის წონაზე 0.0265 გრამზე (იხ. ექსპერტიზის დასკვნა N1474/სქ-1746/ქრ) გადაანგარიშებით შეადგენს- 0.0181 გრამს.

 

მარნეულის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა ბეთქილ გერლიანმა განმარტა, რომ 2018 წლის 18 ივნისს რ-–--- მ------სა და ს----- კ----------–ის შორის შეხვედრა შედგა თაყაიშვილის ქუჩაზე, შეხვედრის შემდეგ მის მიერ გამოიკითხა რ-–--- მ------ი და მოხდა მისგან ნარკოტიკული საშუალების ამოღება. გამომძიებელმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

ამ შემთხვევაშიც სასამართლომ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებანი, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნია ს----- კ----------–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. რაიმე მტკიცებულება გარდა თავად ბრალდებულის ჩვენებისა, რითაც სასამართლოს შეექმნებოდა რწმენა ბრალდებულის უდანაშაულობაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა. ასევე სასამართლომ გამოიკვლია, რომ რ-–--- მ------ს რაიმე პირადი ინტერესი ს----- კ----------–ის მიმართ არ ჰქონია. ასევე არ დადასტურდა რ-–--- მ------ის მიმართ სამართალდამცავი ორგანოების მიერ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, ს----- კ----------–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომელიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ს----- კარახმაზლიმა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა, გასაღება (ორი ეპიზოდი).

 

3.2. სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი ნორმა, არამედ - ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელია ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების დამდგენი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობა. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი, არ უნდა ტოვებდეს ეჭვს კონკრეტული გარემოების თაობაზე, უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი. მათმა ერთობლიობამ უნდა გადალახოს ობიექტური პირის გონივრული ეჭვის ბარიერი, რომ შესაძლოა ბრალად წარდგენილი ქმედება ბრალდებულის მიერ არ იყოს ჩადენილი და უნდა იძლეოდეს კატეგორიული მტკიცების საშუალებას, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება ეჭვს გარეშე ბრალდებულის მიერ არის ჩადენილი.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ევროპულმა კომისიამ საქმეში Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v Greece (The Greek case), ”გონივრულ ეჭვს მიღმა” სტანდარტი განმარტა, როგორც ”არა ისეთი ეჭვი, რომელიც მხოლოდ დაფუძნებულია თეორიულ შესაძლებლობაზე ან წარმოშობილია რათა თავიდან იქნეს აცილებული არასასურველი დასკვნები, არამედ ეჭვი, რომლის მიზეზები გამომდინარეობს წარდგენილი ფაქტებიდან”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----- კ----------–ის საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, ს----- კ----------–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილებით(ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მათ წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

5.2. საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან თერთმეტ წლამდე. სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი კი თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვს წლამდე. სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----- კ----------–ის სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებულ მინიმალურ სასჯელთან მიახლოებული სასჯელი, რადგანაც ნარკოტიკის გავრცელება ამ შემთხვევაში ხდებოდა ერთ პიროვნებაზე, რაც ამცირებს დანაშულებრივი ქმედებით გამოწვეულ შედეგს. ასევე მას დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.

 

საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ს----- კ----------–ის 5 (ხუთი) წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, მასვე ამავე კანონის შესაბამისად 15(თხუთმეტი) წლით უნდა ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 20 (ოცი) წლით უნდა ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა.

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 274-ე მუხლის თანახმად სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ასევე ვალდებულია გადაწყვიტოს ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი. ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არ აქვს იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაციაა.

 

საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო 2 ცალი DVD დისკი უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ს----- კ----------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილებით (2018 წლის 17 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ს----- კ----------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილებით (2018 წლის 18 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ს----- კ----------–ის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ს----- კ----------–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 ივნისიდან.

 

საქართველოს კანონით ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ მე-3 მუხლის თანახმად, ს----- კ----------–ის 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლება, ხოლო საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები ჩამოერთვას 15(თხუთმეტი) წლის ვადით; მასვე ამავე კანონის შესაბამისად 20 (ოცი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

აღნიშნულის თაობაზე ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

ს----- კ----------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ნარკოტიკული საშუალება განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- 2 ცალი DVD - დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თეა ლეონიძე