გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7832-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
28 თებერვალი 2019 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - მ----- პ---–--–--–ი
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ოქტომბრის №0-------- ბრძანება მ----- პ---–--–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ----- პ---–--–---–ისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
2. მოპასუხისა პოზიცია:
2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნობს სარჩელს, არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებს და თვლის, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე - მ----- პ---–--–---–მა, მეუღლე - მ------------–---–თან ერთად ერთხელ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა - დევნილის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით, მ----- პ---–--–---–ისა და მ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2015 წლის 9 სექტემბრის №1--- და №1--- ბრძანებები და დაევალა მოპასუხეს საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განჩინებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განჩინება. (ს.ფ. 16-34)
3.1.2 მ----- პ---–--–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ოქტომბრის №0-------- ბრძანების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 27 ივნისის განჩინების და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 9 იანვრის განჩინების, ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტისა და პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის და დევნილთა რეგისტრაციის წესის’’ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, დევნილთა და ეკომიგრანტთა პროგრამების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 2- ოქტომბრის №0------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარი ეთქვა მ----- პ---–--–---–ს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ოქტომბრის №0-------- ბრძანება, მ----- პ---–--–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 38).
3.1.3. დადგენილია, რომ მ----- პ---–--–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით კომისიის დასკვნის თანახმად, მათ მიერ გამოკვლეული იქნა მ----- პ---–--–---–ის დევნილობამდე მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. კომისიამ მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში არ დასტურდებოდა მ----- პ---–--–---–ისა და მისი მეუღლის - მ------------–---–ის 2008 წლამდე სოფელ პ---–----ში მუდმივად ცხოვრების ფაქტი, რის გამოც მიზანშეუწონლად მიიჩნიეს მათთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა.
2013 წლის ნოემბერში, დევნილთა რეგისტრაცია გაიარეს მ----- პ---–--–---–მა და მისმა მეუღლემ - მ------------–---–მა, რომლებიც დევნილად რეგისტრირებულნი არიან 2012 წლიდან და დევნილთა მონაცემთა ბაზაში დევნილობამდე ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართად უფიქსირდებათ ახალგორი, სოფ. პ---–----ი.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ მ----- პ---–--–---–ს, 2008 წლის ოქტომბრამდე საცხოვრებელ მისამართად უფიქსირდება ქ. თბილისი, თ--------------------------------------, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის ოქტომბერში შეცვლილი აქვს საცხოვრებელი მისამართი ახალგორის რაიონის სოფ. პ---–----ზე.
ზემოთხსენებული სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით გამოკვლევის მიზნით სამინისტრომ გააგზავნა წერილები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ რეაგირების ოქმის თანახმად, მოსარჩელე - მ----- პ---–--–---–ი და მისი მეუღლე - მ------------–---–ი 2008 წლისთვის ცხოვრობდნენ მისამართზე - ქ. თბილისი, თ--------------------------------------, რომელიც წარმოადგენდა მათ საკუთრებას. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქარჩოხის თემის ტერიტორიული ორგანოს წერილით კი ირკვევა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მოსარჩელე - მ----- პ---–--–---–სა და მის მეუღლეს ხშირი კავშირი ჰქონდათ სოფელ პ---–----თან და ეწეოდნენ მეფუტკრეობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ მიიჩნია, რომ მ----- პ---–--–---–ი და მ------------–---–ი 2008 წლამდე მუდმივად ცხოვრობდნენ მისამართზე - ქ. თბილისი, თ---------------------------------------, ხოლო ახალგორის რაიონის სოფ. პ---–----ში ოჯახს ჰქონდა საცხოვრებელი სახლი, სადაც იმყოფებოდნენ პერიოდულად. გამომდინარე აქედან, მიზანშეუწონლად მიიჩნიეს მ----- პ---–--–---–ისა და მისი მეუღლის - მ------------–---–ისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, 2018 წლის 2- ოქტომბერს, მინისტრს გაუგზავნა №0------- მოხსენებითი ბარათი და წარუდგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული ზემოაღნიშნული დასკვნა, მ----- პ---–--–---–ისა და მ------------–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენის მიზანშეუწონლობის თაობაზე დასკვნა (ს.ფ. 76-79);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის 2018 წლის 2- ოქტომბრის №0------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 75).
3.1.4. ახალგორის მუნიციპალიტეტის ქარჩოხის თემის ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 17 სექტემბერის №1-- წერილის თანახმად, მოქალაქე - მ----- პ---–--–---–ს და მის მეუღლეს - მ------------–---–ს ახალგორის რაიონის სოფ. პ---–----ში გააჩნიათ საკუთარი სახლი და მიწის ნაკვეთები. 2008 წლის აგვისტოს ომამდე ხშირი კავშირი ჰქონდათ სოფელთან და ეწეოდნენ მეფუტკრეობას.
ამავე წერილის თანახმად 2015 წლის 23 აპრილის №2- ცნობის საფუძველს წარმოადგენს ახალგორის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტის დამდგენი კომისიის 2015 წლის 1 აპრილის №9-- დასკვნა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს ახალგორის მუნიციპალიტეტის ქარჩოხის თემის ტერიტორიული ორგანოს 2018 წლის 17 სექტემბერის №1-- წერილი (ს.ფ. 83 )
3.1.5. ახალგორის მუნიციპალიტეტის ხაროჩის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის - ლერი ბალიაშვილის მიერ გაცემული 2015 წლის 23 აპრილის №2- ცნობაში აღნიშნულია, რომ მ----- პ---–--–---–ი და მ------------–---–ი მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონის სოფელ პ---–----ში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე. ცნობის გაცემის საფუძვლად მითითებულია ახალგორის მუნიციპალიტეტის 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივი საცხოვრებლის დამდგენი კომისიის დასკვნა №9--.
ახალგორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის 1 აპრილის დასკვნით კი, 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივი საცხოვრებლის დამდგენმა კომისიამ დაადგინა, რომ როგორც მ----- პ---–--–---–ი, ასევე მისი მეუღლე - მ------------–---–ი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მუდმივად ცხოვრობდნენ ახალგორის რაიონის სოფელ პ---–----ში.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ახალგორის მუნიციპალიტეტის ხაროჩის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2015 წლის 23 აპრილის №2- ცნობა.
- ახალგორის მუნიციპალიტეტის 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივი საცხოვრებლის დამდგენი კომისიის 2015 წლის 1 აპრილის დასკვნა.
3.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ რეაგირების ოქმის თანახმად, 2018 წლის 16 ივლისს, გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ გამომძიებელი გამოცხადდა მისამართზე - ქ. თბილისი, თ----------------------------------------ში, სადაც ბინა დახვდა დაკეტილი, ხოლო მეზობლის განმარტებით აღნიშნული ბინა ეკუთვნის მ----- პ---–--–---–სა და მ------------–---–ს და ასევე 2008 წლისთვისაც იყო მათი საკუთრება და ცხოვრობდნენ აღნიშნულ მისამართზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 ივლისის საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ რეაგირების ოქმი (ს.ფ. 80)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანება „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადაოდ გამხდარი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ოქტომბრის №0-------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამდენად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.
სასამართლო მიუთითებს ასევე „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საკითხებს წყვეტს სამინისტრო.
ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პირი, რომელიც ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო დატოვებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართავს სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს. ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „გ“ პუნქტის მიხედვით, დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
სასამართლო განმარტავს, რომ დევნილის სტატუსის მინიჭებისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი. დევნილთან მიმართებაში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მტკიცებულებებით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.
ამდენად, კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად. კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად - დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ანუ ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს დადგინდეს მოსარჩელის მიერ კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი.
საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება (საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი). საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი.
ამდენად, კანონმდებლობის შესაბამისად, პირს მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად, შეუზღუდავად არჩევის უფლება. ამასთან, პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ზოგადად საცხოვრებელი ადგილი, პირის იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. საცხოვრებელ ადგილზე მრავალი უფლება ან ინსტიტუტია დამოკიდებული. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები. ამასთან, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად პირი, რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს აგვისტოს ომამდე წარმოადგენდა ახალგორის რაიონის სოფელი პ---–----ი. მოპასუხე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნდა ბინა ქალაქ თბილისში, რასაც ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ რეაგირების ოქმით და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელ. მონაცემთა ბაზაში 2008 წლის აგვისტოს ომამდე, მ----- პ---–--–---–ის საცხოვრებელი სახლის მისამართით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან საქმის მასალებით და მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მოსარჩელე - მ----- პ---–--–---–ი, 2008 წლის ომამდე მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა სოფელ პ---–----ში და ეწეოდა მეურნეობას, კერძოდ მეფუტკრეობას, რაც თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე საჭიროებს სისტემატიურ მოვლას.
6.33 მხარე ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლობით პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად და რომელთანაც იგი დაკავშირებულია ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთობით. ქ. თბილისში საკუთრებაში არსებული ბინის არსებობას მხარე სადავოდ არ ხდის და განმარტავს, რომ მის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა სოფელი პ---–----ი და არა ქალაქი თბილისი, ვინაიდან იგი თავისი ყოველდღიური ცხოვრებით და საქმიანობით მჭიდროდ იყო დაკავშირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ პ---–----თან, ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას, ასევე მეფუტკრეობით იყო დაკავაბული, რაც მოსარჩელის ოჯახის ერთადერთ, ძირითად შემოსავალს წარმოადგენდა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ახალგორის მუნიციპალიტეტის ხარჩოხის თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის 2015 წლის 23 აპრილის №2- ცნობასა და ახალგორის მუნიციპალიტეტის 2008 წლის აგვისტოს ომამდე პირის მუდმივი საცხოვრებლის დამდგენი კომისიის 2015 წლის 1 აპრილის დასკვნაზე, რომელთა თანახმად დგინდება, რომ მ----- პ---–--–---–ისა და მისი მეუღლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, 2008 წლის აგვისტოს მოვლენემადე წარმოადგნედა სწორედ ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი პ---–----ი და არა რომელიმე სხვა მისამართი, რომელიც მათ საკუთრებაში იყო.
რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-7 განყოფილების 2018 წლის 16 ივლისის რეაგირების ოქმს, სასამართლო მიუთითებს, რომ იქ საუბარი არ არის მოსარჩელის და მისი მეუღლის მუდმივად ცხოვრების ფაქტზე, ხოლო მითითებული ბინა, რომ მათ საკუთრებას წარმოადგენდა და წარმოადგენს აღნიშნული საკითხი სადაოდ არ გაუხდია არავის.
შესაბამისად, მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პოზიცია იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს არ წარმოადგენდა სოფელი პ---–----ი არ არის დასაბუთებული და მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ოქტომბრის №0-------- ბრძანება მ----- პ---–--–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.5. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე, რომ მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაზე - „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“. მითითებული ბრძანების მე-3 მუხლის მეორე პუნქტით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დევნილის სტატუსის ჩამორთმევის და აღდგენის საკითხის მომზადებისას აგრეთვე გამოიყენება ამ წესის მე-2 მუხლის მე-17, მე-18 და მე-19 პუნქტებით გათვალისწინებული გასაუბრების პროცედურა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე გამოიცემა პირისათვის დევნილის სტატუსის შეწყვეტის, ჩამორთმევის, აღდგენის ან აღდგენაზე უარის შესახებ სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა, რომ 2008 წლამდე მ----- პ---–--–---–ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელი პ---–----ი, ამდენად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უნდა დაევალოს მოსარჩელისათვის დევნილის სტატუსის აღდგენა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----- პ---–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 30 ოქტომბრის №0-------- ბრძანება მ----- პ---–--–---–ისთვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ.
3. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, მ----- პ---–--–---–ისთვის დევნილის სტატუსის აღდგენის თაობაზე.
4. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი