გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/410-17
N200210017001971864
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მაისი, 2019 წელი ქ. თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩ--------–---–ი
მოსარჩელე: - სს ,,ლ-------ი ბანკი“
წარმომადგენელი - ლ--–---------ა
მოპასუხე - თ---------- ი–----–ი
წარმომადგენელი - ნ---- ჩ--------–---–ი
დავის საგანი: ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თ---------- ი–----–ს სს ,,ლ-------ი ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს #4292785 ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის და ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე ჯარიმის (,,დავალიანების შესახებ” ცნობის გაცემის თარიღისათვის, ანუ 2017 წლის 08 ივნისის მდგომარეობით) 6863.73 ლარის გადახდა.
1.2.მოპასუხე მხარეს დაეკისროს ბანკის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის 205.92 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 11 თებერვალს სს ,,ლ-------ი ბანკსა” (შემდგომში ,,ბანკი”) და თ---------- ი–----–ს (შემდგომში ,,მსესხებელი”) შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #4292785, კრედიტის თანხა განისაზღვრა 20 000 ლარით, საპროცენტო სარგებელი 39%, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოქმედების ვადა განისაზღვრა 11.02.2020 წლამდე. ბანკმა ბოლოს 2016 წლის 17 აგვისტოს წერილით აცნობა მხარეს, რომ 14 სამუშაო დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა. აღნიშნულ წერილს მხარისგან არანაირი რეაგიერება არ მოჰყოლია. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ იქნა დაბრუნებული საკრედიტო თანხები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებითა და ვადებში და ამასთან, ბანკის მიერ მხარე არაერთხელ იქნა გაფრთხილებული არსებული დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვასთან დაკავშირებით, რამაც არსებითი შედეგი არ გამოიღო, ბანკი იძულებულია მიმართლოს სასამართლოს და მოითხოვოს თავისი კანონიერი მოთხოვნის დაკმაყოფილება სასამართლო წესით. მოპასუხის დავალიანება ბანკის წინაშე #4292785 ხელშეკრულების თანახმად შეადგენს 6863.73 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ ხელშეკრულების დარღვევისთანავე მოსარჩელემ მოახდინა ჩემს საკუთრებაში არსებული დაგირავებული ავტომანქანის რეალიზაცია. შესაბამისად, ავტომანქანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი უნდა ყოფილიყო დავალიანების სრულად დასაფარად, რადგან სესხის თანხაზე ორჯერ მეტი ღირებულების იყო დაგირავებული ავტომანქანა. უსაფუძვლოა მოთხოვნა, რადგან მოსარჩელემ მოახდინა დაგირავებული ავტომანქანის რეალიზაცია, ჩვენს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება შეწყდა და დღეისათვის არანაირი დავალიანება არ გამაჩნია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 11 თებერვალს სს ,,ლ-------ი ბანკსა” (შემდგომში ,,ბანკი”) და თ---------- ი–----–ს (შემდგომში ,,მსესხებელი”) შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #4292785, კრედიტის თანხა განისაზღვრა 20 000 ლარით, საპროცენტო სარგებელი 39%, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოქმედების ვადა განისაზღვრა 11.02.2020 წლამდე. მსესხებელს კრედიტით გათვალისწინებული თნხის გადახდა უნდა მოეხდინა ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილს. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის პირობები 2016 წლის 11 აგვისტოდან. შესაბამისად, ჯარიმა ერიცხება აღნიშნული პერიოდიდან 2017 წლის 08 ივნისამდე, ანუ დავალიანების ცნობის გაცემის თარიღამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება; საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 17-24).
3.2.2. 2016 წლის 11 თებერვალს სს ,,ლ-------ი ბანკსა” და თ---------- ი–----–ს შორის გაფორმდა ძირითადი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების #4292785, უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება და გირავნობის საგანი იყო ავტომობილი ,,ნ--------------–----------------ი “ გამოშვებული 2008 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გირავნობის ხელშეკრულება; ავტომობილის დათვალიერებისა და შეფასების აქტი; ცნობა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 17-24).
3.2.2. ბანკმა ბოლოს 2016 წლის 17 აგვისტოს წერილით აცნობა მხარეს, რომ 14 სამუშაო დღის განმავლობაში ნებაყოფლობით უზრუნველყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხების და დარიცხული ჯარიმის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 17 აგვისტოს გაფრთხილების წერილი (ს.ფ. 27-28);
3.2.3. მოსარჩელემ რაელიზაცია მოახდინა საგირავნო საგნის 13626.00 ლარად და მოპასუხის დავალიანება ბანკის წინაშე #4292785 ხელშეკრულების თანახმად დარჩა 6863.73 ლარს, რის შესახებაც ეცნობა მოპასუხეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 08 ივნისი ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 16);
-გაფრთხილების წერილი(იხ.ს.ფ)
3.2.4. მოპასუხე მხარის მიერ არ შესრულდა ხელშეკრულების პირობები, კერძოდ არ მოახდინა საკრედიტო თანხის დაბრუნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მოპასუხის სასესხო ანგარიშიდან (ს.ფ. 25-26);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას რომ რეალიზებული ავტომანქანა გაცილებით მეტი ღირებულების იყო ვიდრე მოსარჩელე მხარემ გაყიდა, ვინაიდან რაიმე მტკიცებულება აღნიშნული მოსაზრების დასადასტურებლად მხარეს არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------ი ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 278-ე,254-ე,276-ე
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, სასამართლოს მეშვეობით დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად უნდა გამოიყენოს აღნიშნული უფლება და უნდა იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე ეკისრება სესხად გაცემული თანხის სრულად უკან დაბრუნების მოვალეობა. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხემ მოსარჩელისაგან აიღო სესხი და შეთანხმებულ ვადაში არ დაფარა, მაშინ მისი ასეთი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხად გაცემული თანხის იმ პირობების შესაბამისად დაბრუნება, რაზეც მხარეები არიან შეთანხმებულნი.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება შესაბამისი საფუძვლის გარეშე არარსებობს. თანხის გადახდის მოთხოვნას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში არიან. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს სესხის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. მხარეთა მიერ შეთანხმებული გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში სესხზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს.
წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძვლებიდან. დასახელებული ნორმით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
დადგენილია, რომ 2016 წლის 11 თებერვალს სს ,,ლ-------ი ბანკსა” და თ---------- ი–----–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N4292785, კრედიტის თანხა განისაზღვრა 20 000 ლარით, საპროცენტო სარგებელი 39%, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოქმედების ვადა განისაზღვრა 11.02.2020 წლამდე.
გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით.
მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. თ---------- ი–----–მა დაარღვია ვალდებულება და სესხი გრაფიკის მიხედვით არ დაფარა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე მოსარჩელის კანონიერი ინტერესი. აღნიშნულის შესახებ მსესხებელმა 2016 წლის 17 აგვისტოს გაუგზავნა შეტყობინება თ---------- ი–----–ს და ამავე შეტყობინებით მოსთხოვა მხარეს ვალდებულების შესრულება და ასევე აცნობა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულებული იქნებოდა შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა/ რეალიზაცია
მოსარჩელემ რაელიზაცია მოახდინა საგირავნო საგნის 13626.00 ლარად და მოპასუხის დავალიანება ბანკის წინაშე #4292785 ხელშეკრულების თანახმად დარჩა 6863.73 ლარს, რის შესახებაც ეცნობა მოპასუხეს.
საქ. სკ-ის 254-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფილია გირავნობით. მოპასუხეს მოსარჩელესთან დაგირავებული ჰქონდა ავტომანქანა ,,ნ--------------–----------------ი “ გამოშვებული 2008 წელს.
დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხეს ეცნობა დარჩენილი ვადლებულების შესრულების თაობაზე, მაგრამ ვალდებულება არ შეასრულა და მას მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვს 6863.73 ლარი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე,243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლ-------ი ბანკის“ სარჩელი მოპასუხე თ---------- ი–----–ის მიმართ დაკმაყოფილდეს:
1.1 მოპასუხე თ---------- ი–----–ს სს ,,ლ-------ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს – 6863.73 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე თ---------- ი–----–ს სს ,,ლ-------ი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 205.92 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე