განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2019
საქმის ნომერი
330100118002745215
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N------------------

საქმე N---------

(-------------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი, სოფიო ჩოხელი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-–----------–--ე

სტაჟიორ-პროკურორი - ა-------------ე,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ა---------–---ის ძე დ--–---–---–ი - დაბადებული 1----–-–----- მ------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: მისამართის გარეშე და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: თბილისი, ვ---------–-------------------------------------------------------).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის).

 

ადვოკატი - ი--------------ე

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2----–-–---------------ს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ა---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

2018 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 07:40 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–----------------------------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა---------–---–---–მა ჩაამტვრია ლ-------------–---–ის კუთვნილი „ტ----------------ი“-ის მარკის ავტომობილის, სახელმწიფო სანომრე ნიშნით - L--------, წინა მარცხენა კარის საქარე მინა, შეაღწია ავტომობილში და იქიდან შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა თანხას 17 ლარის ოდენობით.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

2.1. საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის - ზ--------------ს ჩვენების თანახმად, 2018 წლის 19 ოქტომბერს, იგი, თანამშრომლებთან - ლ-–- ჩ-------ესთან და კ------------ესთან ერთად იმყოფებოდა სამსახურებრივ შემოვლაზე ქ. თბილისში, ვ---------–------------------------ კვარტლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მათ გაიგონეს შუშის მსხვრევის ხმა და გზის საპირისპირო მხარეს დაინახეს გაჩერებული ავტომანქანა „ტ----------------ი“, რომელშიც იმყოფებოდა კაპიუშონიანი პიროვნება. ზ--------------მ ახლოს მისვლისას შეამჩნია, რომ ავტომანქანის მარცხენა საქარე შუშა იყო ჩამსხვრეული. პოლიციის თანამშრომლები მიუახლოვდნენ ავტომანქანაში მყოფ პიროვნებას, რომელმაც გაქცევა დააპირა, რა დროსაც დააკავეს იგი. მოწმის განმარტებით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მისგან ამოღებულ იქნა ფულადი თანხა - 17 ლარის ოდენობით და პირადი ნივთები. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონმდებლობის შესაბამისად, თუმცა ბრალდებულმა საგამოძიებო მოქმედების ოქმებზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. ზ--------------მ სხდომის დარბაზში მყოფ ბრალდებულზე მიუთითა, რომ სწორედ ის არის პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული პიროვნება.

 

2.2. საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის - კ------------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 19 ოქტომბერს, დილის საათებში, თანამშრომლებთან - ლ-–- ჩ-------ესთან და ზ--------------სთან ერთად ქვეითად პატრულირებდა ქ. თბილისში, ვ---------–-----------------–------- კვარტალში, მ--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც მათ გაიგონა მინის ჩამსხვრევის ხმა. ადგილზე მისულებმა დაინახეს „ტ----------------ის“ მარკის ავტომობილის წინა მარცხენა ფანჯარაში ნახევარი ტანით გადასული პიროვნება, რომელმაც გაქცევა სცადა, თუმცა დააკავეს. როგორც აღმოჩნდა აღნიშნული პიროვნება იყო 1--- წელს დაბადებული ა---------–---–---–ი. დაკავების შემდეგ ბრალდებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებულ იქნა მობილური ტელეფონი, მაჯის საათი და ფულადი თანხა დაახლოებით 17 ლარის ოდენობით. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, პოლიციელებთან მივიდა ავტომანქანის მეპატრონე, რომელსაც განუმარტეს მომხდარის შესახებ. ამოღებული ნივთები დაილუქა კანონის შესაბამისად, შედგა სათანადო ოქმი და ბრალდებული გადაყვანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში.

 

2.3. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ -გამომძიებელმა ლ-–- ჩ-------ემ.

 

2.4. საქართველოს შსს-ს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელმა - ი----- ქ-------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 19 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება ა---------–---–---–ის მიერ ავტომანქანის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ი----- ქ-------–-–---–მა გამოკითხა მოწმეები, ჩაატარა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა ა---------–---–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმებზე ხელის მოწერაზე. ბრალდებული მოთავსებულ იქნა საგამოძიებო იზოლატორში, სადაც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ექსპერტების მონაწილეობით ა---------–---–---–ისგან აღებულ იქნა ნერწყვის, სუნისა და ხელის კვალის ნიმუშები. ბრალდებულს, ი----- ქ-------–-–---–ისთვის არ განუცხადებია, რომ დაკავების პროცესში პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტების ფაქტს. მოწმის განმარტებით, მსგავსი განცხადების არსებობის შემთხვევაში შეადგენდა შესაბამის ოქმს შემდგომი რეაგირების მიზნით.

 

2.5. დაზარალებულ ლ-------------–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 18 ოქტომბერს, სამუშაოდან დაბრუნების შემდეგ, კუთვნილი ავტომანქანა „ტ----------------ი“ სახ. №L-------- დააყენა ეზოში, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკეტილ მდგომარეობაში. მოწმის განმარტებით, მან ავტომანქანის სათავსოში დატოვა ხურდა ფული - დაახლოებით 17 ლარის ოდენობით. დაზარალებულს გამთენიისას მოესმა შუშის მსხვრევის ხმა, რაზედაც იგი ჩავიდა კორპუსის ეზოში, სადაც დახვდა პოლიციის თანამშრომლები. ლ-------------–---–მა მათგან შეიტყო, რომ მისი ავტომანქანა გატეხილი იყო, ხოლო დამნაშავე დაკავებული ჰყავდათ. პოლიციელები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ და თავად დაზარალებული ავტომანქანასთან ახლოს არ მისულა. რამდენიმე საათის შემდეგ ლ-------------–---–ს დაუკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც გამოკითხა იგი. დაზარალებულის განმარტებით, ავტომანქანის მძღოლის მხარეს განთავსებული დიდი შუშა ჩატეხილი იყო.

 

2.6. 2018 წლის 19 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დათვალიერდა ქ. თბილისში, ვ---------–------------------------------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს----------–-------------------ით მდგომი, ლ-------------–---–ის სახელზე რეგისტრირებული, ვ---–--–-------ი „ტ----------------ის“ მარკის ავტომანქანა, სახ. №L--------. ავტომანქანას გარეგნული დათვალიერებით აღენიშნებოდა დაზიანება - ჩამტვრეული იყო წინა მარცხენა კარის შუშა, რომლის ნამსხვრევები ეყარა როგორც ავტომობილში, ასევე მის გარეთ. ავტომობილის შიდა ინტერიერში შეიმჩნეოდა არეულობის კვალი, ღია მდგომარეობაში იყო სათავსოები. დაზარალებულ ლ-------------–---–ის განმარტებით, ერთი სათავსოდან მოპარული იყო ფულადი თანხა. კინოლოგიის სამსახურის ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუშები, ექსპერტ - კრიმინალისტების მიერ კი ორი ცალი ხელის კვალის ნიმუში, ორ ცალ დაქტილოფირზე და გაკეთდა ანაწმენდები. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს საქართველოს შსს ი-------------ის სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების გამომძიებელმა - ა-----------–---–მა, ექსპერტ-კრიმინალისტმა - ზ---------–----ემ, ექსპერტ-კინოლოგებმა - ლ------------–---–მა და რ--------------–-–---–მა.

 

2.7. საქართველოს შ------------------------------------------–---------------------------ის 2----–-–---------------ის №4-------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, ვ---------–------------------------ კვარტალი, მ--- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქე ლ-------------–---–ის კუთვნილი ა/მანქანა „ტ-----------------ის“ სახ. №L---------ის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ზემოაღნიშნული ავტომანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებული ა---------–---–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა - ბ----------------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას.

 

2.8. ლ----------------–ის ს----–-----------------–----------------------------–--------ოს 2----–-–------------ის ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „...ანაწმენდები ორ ცალ ნიმუშად..“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებულ ბიოლოგიური მასალის (ობ. №2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება ა---------–---–---–ის (ობ.№3. პაკეტი წარწერით: „.. ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე, აღებული მოქალაქე ა---------–---ის ძე დ--–---–---–ისგან...“) გენეტიკური პროფილისგან.

 

2.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა - ვ-------------ამ. ექსპერტის განმარტებით, საგანზე პირის გენეტიკური კვალის დარჩენა დამოკიდებულია კონტაქტის ხანგრძლივობაზე, საგნის ზედაპირზე, ასევე იმ გარემოებებზე, თუ რა მოქმედებები განხორციელდა საგნის მიმართ შეხების შემდეგ; ასევე მნიშვნელოვანია, მოხდა თუ არა გამოსაკვლევი საგნის ულტრაიისფერი დასხივება, დამუშავდა თუ არა იგი ქიმიური და ფიზიკური წესით. ექსპერტმა ასევე აღნიშნა, რომ საგანზე შეიძლება დარჩეს ორი ადამიანის გენეტიკური მასალა, თუმცა ავთენტურობის დადგენა უტყუარად მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ერთი მათგანი 50-ჯერ აჭარბებს მეორეს.

 

2.10. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ ექსპერტ-კრიმინალისტი - გ------- გ----------ი და ოდოროლოგი - ლ--------–-–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში; შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს. მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების კანონშესაბამისობა შემოწმებულია სასამართლოს მიერ შესაბამის საპროცესო ეტაპზე და არ გამოვლენილა რაიმე არსებითი კანონდარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

 

ქურდობის მცდელობა, არაერთგზის.

 

2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით, ა---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19-177-ე უხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით, ორი წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4 წელი.

 

დაცვის მხარის პოზიცია:

 

2.12. ბრალდებულ ა---------–---–---–ის განმარტებით, 2018 წლის 17 ოქტომბერს, მან მეგობრებთან ერთად მოწია „მარიხუანა“. სახლში დაბრუნებისას, ვ---------–ში, გზის პირზე, იგი გააჩერა „ტ-------ას“ მარკის პოლიციის ავტომანქანამ. ვინაობის დადგენის შემდეგ, პოლიციელები დაინტერესდნენ, თუ რას აკეთებდა გვიან ღამით ქუჩაში. ბრალდებულმა პოლიციელებს აუხსნა, რომ სახლში მიდიოდა. ბრალდებულის განმარტებით, პოლიციის თანამშრომელმა - ლ-–- ჩ-------ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, კაპიშონზე ჩაავლო ხელი და კედელს მიახეთქა, რის შემდეგაც ა---------–---–---–ი ჩასვეს ავტომანქანაში, სადაც პოლიციის თანამშრომლებმა ასევე მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ბრალდებულმა პოლიციელებისგან მალულად მოახერხა სახლში დარეკვა და ოჯახის წევრებს შეატყობინა, რომ იგი დააკავეს. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, პოლიციელები მისგან იმ დანაშაულის აღიარებას მოითხოვდნენ, რომელიც მას არ ჩაუდენია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცემით დაემუქრნენ. აღნიშნულის შემდეგ ა---------–---–---–ი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც შეადგინეს დოკუმენტები, თუმცა მას გაცნობის საშუალება არ მისცეს. ბრალდებულმა მოითხოვა ადვოკატის დანიშვნა, თუმცა პოლიციელებმა აღიარების გარეშე ადვოკატზე უარი უთხრეს. ბრალდებულმა განაცხადა, რომ შაბათ დღეს, წინასწარი დაკავების იზოლატორში მას შეხვდა პროკურორი, რომელმაც საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა. ბრალდებულმა პროკურორის თანდასწრებით კვლავ მოითხოვა ადვოკატის დანიშვნა, თუმცა ამჯერადაც უარი მიიღო. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა, რომ პირადი ჩხრეკისას ამოღებული 17 ლარი მის საკუთრებას წარმოადგენს. ა---------–---–---–ის განმარტებით, მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგი დღემდე არ უცნობებიათ მისთვის. ბრალდებულმა აღნიშნა, რომ დაკავებამდე მეგობრებთან ერთად პარკში ალკოჰოლურ სასმელი მიირთვა, თუმცა მათი ვინაობა ვერ დაასახელა. ბრალდებულის ჩვენებით, პირადი ჩხრეკისას დაზარალებული მას არ დაუნახავს.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ

 

3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.7. სასამართლომ, ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული ა---------–---–---–ის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობის ჩადენა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის; კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ა---------–---–---–მა, 2018 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 07:40 საათზე, ქ. თბილისში, ვ---------–----------------------------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ შეაღწია ლ-------------–---–ის კუთვნილი „ტ----------------ი“-ის მარკის ავტომობილში და შეეცადა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა თანხას 17 ლარის ოდენობით. ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი განზრახვა ვერ იქნა სისრულეში მოყვანილი, ვინაიდან მას დანაშაულზე წაასწრეს სამართალდამცავებმა, რის გამოც ა---------–---–---–მა სცადა მიმალულიყო შემთხვევის ადგილიდან, თუმცა იგი დაკავებული იქნა პოლიციელთა მიერ.

 

3.8. ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია ა---------–---–---–ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობის თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დაცვის მხარის ვერსია, ა---------–---–---–ის უდანაშაულობის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს და მიზნად ისახავს ბრალდებულისათვის პასუხისმგებლობის შემსუბუქებას, რაც დასტურდება სისხლის სამართლის საქმეზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: თვითმხილველმა მოწმე სამართალდამცავებმა პროცესზე ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს, რომ 2018 წლის 19 ოქტომბერს, შემთხვევის ადგილზე მათ შენიშნეს „ტ-------ას მარკის“ ავტომანქანაში, ჩამტვრეული გვერდითა საქარე მინიდან ნახევარი ტანით შესული პიროვნება, რომელიც ცდილობდა თანხის დაუფლებას. ა---------–---–---–მა სამართალდამცავთა დანახვისას სცადა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა, თუმცა იგი ადგილზევე იქნა დაკავებული. პირადი ჩხრეკისას ბრალდებულისგან ამოღებულ იქნა 17 ცალი ერთლარიანი მონეტა, ხურდა ფულთან ერთად. დაზარალებულმა ლ-------------–---–მა სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკეტილ მდგომარეობაში დატოვა კუთვნილი „ტ-----------------ის“ მარკის ავტომანქანა. სათავსოში ედო ფულადი თანხა დაახლოებით 17 ლარის ოდენობით (რკინის ერთლარიანები). 19 ოქტომბერს, დილის საათებში, კორპუსის ეზოში ჩასულმა დაზარალებულმა შეამჩნია, რომ სამართალდამცავები იმყოფებოდნენ მის ავტომანქანასთან, მათ დაკავებული ჰყავდათ პიროვნება და ახორციელებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს. ამასთან არ არსებობს რაიმე გონივრული საფუძველი იმისა, რომ დაზარალებულისა და თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებების სანდოობაში სასამართლომ ეჭვი შეიტანოს ვინაიდან, ისინი სასამართლო სხდომაზე დაკითხული იქნენ მხარეთა უშუალო მონაწილეობით, ამასთან, მოწმეთა ჩვენებები იყო სრულყოფილი და კონკრეტული, მათ არ აურიდებიათ თავი შეკითხვებზე პასუხისაგან. ასევე არ არსებობს რაიმე დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ კონკრეტულ პირებს აქვთ დაინტერესება ა---------–---–---–ის ცრუ ბრალდებით მსჯავრდების მიმართ.

 

პოლიციის თანამშრომლის ჩვენების, როგორც მტკიცებულების შეფასებასთან დაკავშირებით, სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს სამართალდამცავის კეთილსინდისიერების პრეზუმფციაზე, რაც მისი საქმიანობის ლეგიტიმურად და კანონიერად მიჩნევას გულისხმობს საპირისპიროს დამტკიცებამდე, მისი ქმედების უკანონობის შესახებ გონივრული ეჭვის წარმოშობამდე. ამავე დროს, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა ჩვენებების მიმართ არც უპირობო ნდობის გამოცხადებას მიიჩნევს მართებულად და მათი გაზიარების საკითხს, სხვა მტკიცებულებათა მსგავსად, მხოლოდ კრიტიკული შეფასების საფუძველზე წყვეტს. შესაბამისად, მხოლოდ ბრალდებულის განცხადება იმის თაობაზე, რომ ვ---------–ის განყოფილების პოლიციის თანამშრომლები დაინტერესებული იყვნენ მისი დაპატიმრებით, არ არის საკმარისი პირის მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან უკანონო დაინტერესების ფაქტის დასადასტურებლად. აღნიშნულთან დაკავშირებით, რაიმე წონადი არგუმენტი ან მნიშვნელოვანი ფაქტი ა---------–---–---–ს არ დაუსახელებია. სასამართლოს ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნია ის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაც, რომ ა---------–---–---–ისგან პირადი ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ზუსტად იმ რაოდენობის თანხა, რაც დაზარალებულის ჩვენებით, მას დატოვებული ჰქონდა ავტომანქანის სათავსოში (17 ლარი, ერთლარიანი მონეტებით). ამასთან, დაზარალებულისა და თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებს ამყარებს ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის თანახმადაც, ლ-------------–---–ის კუთვნილი ავტომანქანიდან ამოღებული სუნის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ ა---------–---–---–ის სუნის ნიმუშის.

 

3.9. დაცვის მხარის მტკიცებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ არის მაღალი სანდოობის მქონე მტკიცებულება. ამასთან, ექსპერტმა ვერ გაიხსენა ძაღლების სახელები და ასაკი, რადგანაც სწორედ აღნიშნული გარემოებები განსაზღვრავს ექსპერტიზის დასკვნის სანდოობის საკითხს. დაცვის მხარე ექსპერტიზის ჩატარებას არ დასწრებია, შესაბამისად ვერ დარწმუნდა, რომ ის ჩატარდა კანონის შესაბამისად. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ ვერსიას და აღნიშნავს, რომ ყოველგვარი გონივრული ეჭვისა და საფუძვლიანი არგუმენტაციის გარეშე, ექსპერტიზის დასკვნის დისკრედიტაცია ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია, კერძოდ:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 21-ე ნაწილის თანახმად, ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში. ამავე კოდექსის 51-ე მუხლის თანახმად, ექსპერტი მიუკერძოებელი უნდა იყოს, იმის მიუხედავად, თუ ვინ მიიწვია იგი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექსპერტის დასკვნაში უნდა აღინიშნოს „... ის, რომ ექსპერტი გააფრთხილეს განზრახ არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ...“. მოცემულ შემთხვევაში, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ოდოროლოგიური ექსპერტი გაფრთხილებულ იქნა არასწორი დასკვნის მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ექსპერტმა, ჩვენების მიცემისას ფიცის დადების შემდეგ, უპასუხა მხარეთა მიერ დასმულ კითხვებს. რაიმე პირადი დაინტერესება ექსპერტის მიერ ბრალდებულ ა---------–---–---–ის მიმართ, მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში არ გამოვლენილა. შესაბამისად, დაცვის მხარის მხოლოდ ზოგადი განცხადება ოდოროლოგიური ექსპერტიზის არასანდოობის თაობაზე სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია და აღნიშნავს, რომ ბ----------------ის მიერ გაცემული დასკვნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან (მოწმე და დაზარალებულის ჩვენება, ამოღებული ფულადი თანხა) ერთად ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რაც აუცილებელია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

 

3.10. რაც შეეხება ლ-------------–---–ის ავტომანქანაში ბრალდებულის დნმ-ის არარსებობას და ამასთან დაკავშირებით დაცვის მხარის პოზიციას, რომ არ დგინდება ა---------–---–---–ის შემხებლობა ავტომანქანასთან და შესაბამისად, არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობა, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთხელ განმარტა, რომ როდესაც მოწმეთა ჩვენებები ურთიერთთავსებადია, საგამოძიებო თუ სხვა პროცესუალური დოკუმენტები (მაგალითად, როგორიცაა ჩხრეკის ოქმი) შედგენილია კანონის დარღვევის გარეშე, ასევე, რელევანტურია სხვა მტკიცებულებები, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც არ შეიძლება კატეგორიულად დადგინდეს შეხების შემთხვევაში გენეტიკური პროფილის დარჩენა, არ არის პირის გამართლების საფუძველი, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის #------- გადაწყვეტილებაში მითითებულია: ,,... იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო, იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს‘‘. ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 ოქტომბრის #-------- გადაწყვეტილებით, მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბრალდებულის გენეტიკური პროფილის აღმოუჩენლობა ნივთზე ადასტურებს მის უდანაშაულობას, დაუსაბუთებელია. მეტიც, თუკი სასამართლოები მსგავს პოზიციას განამტკიცებენ, ამით შესაძლოა, წახალისდეს კრიმინალი იმ თვალსაზრისით, რომ ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, როგორიცაა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა და ა.შ., ისეთი საშუალებით (მაგ. ხელთათმანებით), რომლის გამოყენების შემთხვევაშიც ნივთზე არ დარჩება პირის გენეტიკური პროფილი, უპირობოდ იქნება გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რაც მიუღებელია“.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ დაზარალებულის ავტომანქანაზე არ გამოვლინდა ბრალდებულის გენეტიკური პროფილი, არ წარმოადგენს ამ კუთხით ა---------–---–---–ის უდანაშაულობის მტკიცების საფუძველს.

 

3.11. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულის განმარტებაზე პოლიციელთა მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარემ დაადასტურა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოიკითხა ბრალდებული. სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, იკითხებიან მოწმეები და ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები.

 

3.12. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“

 

3.13. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულმა შეაღწია რა სხვის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაში, მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, კერძოდ, სამართალდამცავთა ჩარევის შედეგად, ვერ შეძლო დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა; შესაბამისად, ა---------–---–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს დაუმთავრებელი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

3.14. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 19,177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედების (ნივთის ფარული დაუფლების) მცდელობა; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება აშკარად უნდა უქმნიდეს საფრთხეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.

 

3.15. რაც შეეხება ა---------–---–---–ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, მათ სასამართლო მიმოიხილავს დეტალურად:

 

ქურდობის მცდელობის ჩადენა არაერთგზის: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით ა---------–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; აღნიშნული დანაშაულისათვის იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებული არ ყოფილა და არც ნასამართლობა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული; შესაბამისად, სახეზეა ა---------–---–---–ის მიერ ქურდობის ჩადენა არაერთგზის.

3.16. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას; ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების, მათ შორის მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას, ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს, კონკრეტული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია თუ არა, რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

3.17. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

3.18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა---------–---–---–მა ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ა---------–---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. ამავე კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დაუმთავრებელი დანაშაულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში მიიღება გარემოებანი, რომელთა გამოც დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი“. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ა---------–---–---–მა ბოლომდე ვერ მიიყვანა მის მიერ წინასწარ განზრახული ქმედება მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, კერძოდ, შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცავები და ბრალდებული დააკავეს; სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ თანხა, რომლის დაუფლებასაც ცდილობდა ბრალდებული, სამართალდამცავების მიერ ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად და სასამართლოს მიერ საბოლოო, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაუბრუნდება დაზარალებულს; ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებულს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიმართ მინიმალური სასჯელის გამოყენების შემთხვევაში, მიღწეული იქნება სასჯელის კანონისმიერი მიზნები.

 

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------–---–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

5.6. ვინაიდან სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მცდელობისთვის ნასამართლევმა ა---------–---–---–მა, პირობითი მსჯავრის მოხდიდას კვლავ ჩაიდინა ქურდობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უნდა გაუქმდეს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---------–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები, ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუში 1 (ერთი) ქილად, ხელის კვლები 2 (ორი) ცალ დაქტილოფირზე, ანაწმენდი 2 (ორი) ნიმუშად, ა---------–---–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, სუნის კვალის ნიმუში და ხელის კვალის ნიმუში - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- ა---------–---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და მაჯის საათი, 17 (ჩვიდმეტი) ცალი ერთლარიანი მონეტა, 4 (ოთი) ცალი ოცთეთრიანი მონეტა, 1 (ერთი) ცალი ორმოცდაათეთრიანი მონეტა და 1 (ერთი) ცალი ხუთთეთრიანი მონეტა, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მ--- განყოფილებაში - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ა---------–---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით;

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წლის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა---------–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 4 (ოთხი) წლის ვადით;

3. ა---------–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 ოქტომბრის 07:43 საათიდან.

4. მსჯავრდებულ ა---------–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

5. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები, ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალის ნიმუში 1 (ერთი) ქილად, ხელის კვლები 2 (ორი) ცალ დაქტილოფირზე, ანაწმენდი 2 (ორი) ნიმუშად, ა---------–---–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, სუნის კვალის ნიმუში და ხელის კვალის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- ა---------–---–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი და მაჯის საათი, 17 (ჩვიდმეტი) ცალი ერთლარიანი მონეტა, 4 (ოთი) ცალი ოცთეთრიანი მონეტა, 1 (ერთი) ცალი ორმოცდაათეთრიანი მონეტა და 1 (ერთი) ცალი ხუთთეთრიანი მონეტა, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი-------------ის სამმართველოს მ--- განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე