გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/21746-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ა----’’
წარმომადგენელი - დ----- კ-------–ი
მოპასუხე - ლ--–- ფ------–--ა
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.დაეკისროს მოპასუხე ლ--–- ფ------–--ას მოსარჩელე შპს ,,ა----’’-ს სასარგებლოდ შრომითი ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე პირგასამტეხლო - 2 250 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 01 ივნისს შპს ,,ა----’’-ს (საფირმო სახელწოდება რესტორანი ,,ს-------ა’’), როგორც დამსაქმებელს და ლ--–- ფ------–--ას, როგორც დასაქმებულს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება N6---------. ხელშეკრულების საფუძველზე, ლ--–- ფ------–--ა დაინიშნა კ----სა და ს-----–--ის დეპარტამენტში დამხმარე მ---------–ის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 900 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების მოქმედების ბადა განისაზღვრა 2017 წლის 01 ივნისამდე. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით თუ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე რომელიმე მხარე არ განაცხადებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, შრომითი ხელშეკრულება გაგრძელებულად ჩაითვლება იმავე ვადებითა და პირობებით.
მხარეებს არ უსარგებლიათ ხელშეკრულების 5.2 პუნქტით დადგენილი წესით, ამდენად მხარეთა შორის ურთიერთობა გაგრძელდა იმავე ვადით. მოპასუხემ 2017 წლის 28 ივნისიდან 2017 წლის 11 ივლისამდე ისარგებლა ანაზღაურებადი შვებულებით. 2017 წლის 12 ივლისს, შვებულებიდან დაბრუნებისთანავე, მოპასუხემ მოსარჩელისთვის წინასწარი გაფრთხილებისა და შეტყობინების გარეშე უარი განაცხადა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა სამუშაო ადგილი და არც შემდგომში არ გამოცხადებულა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების მიზნით, რის გამოც მოსარჩელე იძულებული გახდა დასაქმებულის გადაწყვეტილების საფუძველზე შეეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება.
ვინაიდან მოპასუხე ასრულებდა მ---------–ის ფუნქციებს, ორგანიზაციის გამართული და სწრაფი ფუნქციონირებისათვის არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა სწორედ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, მიუხედავად ამ გარემოებისა, მოპასუხემ ბოროტად ისარგებლა დამსაქმებლის კეთილგანწყობით და ნდობით, ისარგებლა ანაზღაურებადი შვებულებით და შვებულებიდან დაბრუნებისთანავე დამსაქმებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე დატოვა სამუშაო ადგილი და მუშაობა განაგრძო სხვა კონკურენტ ორგანიზაციაში. დამსაქმებლის ამგვარმა მოქმედებამ არსებითი ზიანი მიაყენა დამსაქმებელს, ვინაიდან მოსარჩელე დასაქმებულის მიერ ხელშეკრულებისა და კანონმდებლობით დადგენილი ვადის არსებითი დარღვევის გამო მოკლებული აღმოჩნდა შესაძლებლობას სწრაფ რეჟიმში მოეძიებინა ახალი კადრი მ---------–ის პოზიციაზე, ამდენად, დასაქმებულის არამართლზომიერმა ქმედებამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოიწვია დამსაქმებლის საქმიანობის პარალიზება და შესაბამისად ფინანსური ზიანის დადგომა.
შრომითი ხელშეკრულების 4.2.8 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მინიმუმ ორი თვით ადრე წერილობით აცნობოს დამსაქმებელს ამის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებულს დაეკისრება პირგასამტეხლო 2 თვის ხელფასის ოდენობით. მოპასუხემ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დატოვა დაკავებული თანამდებობა და წინასწარი განზრახვით და სიტუაციის გაანალიზებით ზიანი მიაყენა დამსაქმებელს, ამასთანავე დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და დასაქმებულის არაერთი ზეპირსიტყვიერი და წერილობითი მიმართვის მიუხედავად დღემდე არ ასრულებს ვალდებულებას.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ სარჩელი უსაფუძვლოა. წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე დაეთანხმა მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების ფაქტს. ამასთანავე მიუთითა, რომ შემოთავაზება ახალი სამუშაო ადგილიდან მიიღო იმ პერიოდში, როდესაც იმყოფებოდა ანაზღაურებად შვებულებაში. აღნიშნული ინფორმაცია დასაქმებულს მიაწოდა მაშინვე, როგორც კი გამოცხადდა სამუშაო ადგილზე. მის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის, ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ ეცნობათ როგორც უშუალო ხელმძღვანელებს, ასევე მენეჯერს. მოპასუხის განმარტებით, იმისათვის, რომ კომპანიას არ შექმნოდა პრობლემა მ---------–ების დასვენების გრაფიკში ცვლილებების შეტანის კუთხით, ხელმძღვანელობას შესთავაზა სამუშაოს შესრულების გაგრძელება ათი კალენდარული დღის მანძილზე, თუმცა აღნიშნულზე ვერ შედგა მათ შორის შეთანხმება.
მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ანაზღაურებად შვებულებაში გასვლა გაცილებით უფრო ადრე ჰქონდა დაგეგმილი, ვიდრე მიიღებდა ახალი სამუშაო ადგილიდან შემოთავაზებას, შესაბამისად, მცდარია მოსარჩელის მითითება მის მიერ დამსაქმებლის კეთილგანწყობის და ნდომის ბოროტად გამოყენების შესახებ. ამასთან, ერთი მ---------–ის გამოუცხადებლობა ზიანს ვერ მიაყენებდა მოსარჩელეს. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ ყოველი სამუშაო დღე სრულდებოდა ერთი მ---------–ის გამოკლებით, რომელსაც ჰქონდა დასვენების დღე. შესაბამისად, კომპანიას დანაკლისის შევსება შეუძლია დასვენების გრაფიკში ცვლილებების შეტანის გზით და ფილიალებს შორის თანამშრომლების გადანაწილებით. მოპასუხემ ასევე მიუთია, რომ არის იძულებით გადაადგილებული პირი, მისი შემოსავლის ერთადერთ წყარო არის შრომითი ანაზღაურება, არ ფლობს უძრავ/მოძრავ ქონებას, ამასთან გააჩნია ბანკის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება, რის გამოც მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება უფრო მეტად დაამძიმებს მის ფინანსურ მდგომარეობას.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 01 ივნისს შპს ,,ა----’’-ს, როგორც დამსაქმებელს და ლ--–- ფ------–--ას, როგორც დასაქმებულს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება N6---------, რომლის საფუძველზეც ლ--–- ფ------–--ა დაინიშნა კ----სა და ს-----–--ის დეპარტამენტში დამხმარე მ---------–ის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 900 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 01 ივნისამდე. ხელშეკრულების 5.2 პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით თუ შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ორი კვირით ადრე რომელიმე მხარე არ განაცხადებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, შრომითი ხელშეკრულება გაგრძელებულად ჩაითვლება იმავე ვადებითა და პირობებით.
შრომითი ხელშეკრულების 4.2.8 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მინიმუმ ორი თვით ადრე წერილობით აცნობოს დამსაქმებელს ამის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებულს დაეკისრება პირგასამტეხლო 2 თვის ხელფასის ოდენობით.
აღნიშნული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე თარიღში შპს ,,ა----’’-ს დირექტორის მიერ გამოიცა ბრძანება მოპასუხის თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ.23-26);
- თანამდებობრივი ინსტრუქცია (ს.ფ.27);
- ბრძანება (ს.ფ.22);
- ახსნა-განმარტება.
3.1.2. მოპასუხე ლ--–- ფ------–--ამ 2017 წლის 28 ივნისიდან 2017 წლის 11 ივლისის ჩათვლით ისარგებლა კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება (ს.ფ.28);
- ახსნა-განმარტება.
3.1.3. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოპასუხე ლ--–- ფ------–--ამ 2017 წლის 12 ივლისიდან უარი განაცხადა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ.29);
- ახსნა-განმარტება.
3.1.4. შპს ,,ა----’’-ს დირექტორის 2017 წლის 14 ივლისის ბრძანებით შეწყდა მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად მითითებულია ის გარემოება, რომ ლ--–- ფ------–--ამ 2017 წლის 12 ივლისიდან უარი განაცხადა მასსა და შპს ,,ა----’’-ს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე და ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე დატოვა სამუშაო ადგილი და შემდგომაც არ გამოცხადდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულების მიზნით.
ამავე ბრძანების თანახმად, განემარტა მოპასუხეს, რომ შრომითი ხელშეკრულების 4.2.8. პუნქტის შესაბამისად, იგი ვალდებულია დამსაქმებელს აუნაზღაუროს ჯარიმა 2 თვის ხელფასის - საერთო ჯამში 2 250 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანება (ს.ფ.29);
- ახსნა-განმარტება.
3.1.5. მოპასუხე ლ--–- ფ------–--ას არ აუნაზღაურებია მოსარჩელისთვის მის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დაკისრებული ჯარიმა - 2 250 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს ,,ა----’’-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; შრომის კოდექსის 1-ლი, მე-2, 37-ე მუხლები; სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე, 420-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით უზრუნველყოფილია „შრომის თავისუფლება’’. აღნიშნული მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
კონსტიტუციის ეს დებულება პირველ რიგში მოიცავს შრომითი ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპს, რადგან შრომითი ხელშეკრულების დადების თავისუფლება შრომის სამართალში აღიარებულია, როგორც კონსტიტუციით უზრუნველყოფილი და განმტკიცებული კონცეფცია. შრომის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე, დასაქმებული თავისუფალია თავის სამუშაოსა და დამსაქმებლის არჩევანში და ამგვარად მას აქვს შესაბამისი თავისუფლება, გააფორმოს ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულება. შრომის თავისუფლება გულისხმობს სამუშაოს კატეგორიის თავისუფალ არჩევანსაც. შრომის თავისუფლება მოიცავს ადამიანის უფლებას, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის სფერო და პროფესია. („საქართველოს შრომის სამართალი და საერთაშორისო შრომის სტანდარტები“, სახელმძღვანელო მოსამართლეების, იურისტებისა და სამართლის პედაგოგებისათვის, გვ. 27)
კონსტიტუციის ზემოთ დასახელებულ მუხლში, მითითებული „შრომის თავისუფლება’’ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24; 28.02.1997წ.). ასევე, „შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2- 389; 26.10.2007წ.). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე, ,,კონსტიტუციის პირველი პუნქტით დაცულია არამარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2- 389; 26.10.2007წ.) .
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით (კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად 26-ე მუხლი) აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას, შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია სათანადო კანონით - შრომის კოდექსით. (იხ. სუსგ. №ას-1261-1520-09, 23.03.2010წ.; №ას-397-370-2010, 11.10.2010წ.; №ას-838-889-2011, 19.09.2011წ.; №ას-427-403-2013, 25.06.2013წ.)
ამდენად, ზემოთ აღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, „შრომის თავისუფლება’’ მოიცავს როგორც მხარის უფლებას თავისი ნების შესაბამისად აირჩიოს შრომითი საქმიანობა, ასევე უფლებას აირჩიოს დამსაქმებელი ან/და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეწყვიტოს მასთან შრომითი ურთიერთობა.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების არსებობის ფაქტი, ასევე უდავოა, რომ შრომითი ხელშეკრულების 4.2.8 პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულ იყო ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მინიმუმ ორი თვით ადრე წერილობით ეცნობებინა დამსაქმებლისთვის ამის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დასაქმებულს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო 2 თვის ხელფასის ოდენობით. ასევე უდავოა, რომ მოპასუხემ აღნიშნული ვადის დაუცველად შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ - 2017 წლის 12 ივლისიდან უარი განაცხადა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება მოპასუხის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი, რაც ხელშეკრულების დანაწესითვე მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილის „დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია - დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება. ამასთან, დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას დასაქმებული არ არის ვალდებული, დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მას ეკისრება ერთადერთი ვალდებულება - არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.
საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. განსახილველ შემთხვევაში მართალია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა წინასწარი წერილობითი შეტყობინების უფრო მეტ ვადას ვიდრე ეს საქართველოს შრომის კოდექსითაა დადგენილი, თუმცა, მოცემულ დავის ფაქტობრივ გარემოებებთან საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი ნორმის შესაბამისობის შემთხვევაშიც კი ნათელია, რომ მოპასუხეს არ უცნობებია დამსაქმებლისთვის წინასწარ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. დადგენილია, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოპასუხე ლ--–- ფ------–--ამ 2017 წლის 12 ივლისიდან უარი განაცხადა შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წინასწარი შეტყობინების თაობაზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტზე, რაც გახდა მისთვის პირგასამტეხლოს სახით 2 250 ლარის დაკისრების საფუძველი.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის’’ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელის მიერ დარიცხული პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობაზე.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 2 250 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია და იგი უნდა შემცირდეს. კერძოდ, მოპასუხეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით და პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 100 ლარით. მართალია წარმოდგენილი სარჩელი არ ემყარება ზიანის ანაზღაურებას, თუმცა პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მოცემული დავის ფარგლებში მოსარჩელე მხოლოდ მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობამ მიაყენა მას ზიანი, თუმცა აღნიშნულის დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მეტად სარწმუნოდ გახდიდა მოპასუხისთვის ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მიზანშეწონილობას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამ ნორმის მიხედვით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 30 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა იურიდიული მომსახურების ღირებულის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით. საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ წარმომადგენლისთვის 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ.30). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. აღნიშნული ნორმის დანაწესის გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ა----’’-ს სარჩელი მოპასუხე ლ--–- ფ------–--ას მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე ლ--–- ფ------–--ას მოსარჩელე შპს ,,ა----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 100 ლარის გადახდა;
2. მოპასუხე ლ--–- ფ------–--ას მოსარჩელე შპს ,,ა----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 30 ლარის ანაზღაურება;
3. მოპასუხე ლ--–- ფ------–--ას მოსარჩელე შპს ,,ა----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 50 ლარის ანაზღაურება;
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი - 70 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია