გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2019
საქმის ნომერი
010210013238736
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210013238736

N2-873/13

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 თებერვალი 2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ქარცივაძე

მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებული სარჩელით)- შპს „B-----------------“ (შპს „ბ----------------------“)

წარმომადგენელი- გე-–--------ე

მოპასუხეები (მოსარჩელეები შეგებებული სარჩელით) - შპს „T-------“ (შპს „ტ----“), შპს „M----“ (შპს „მ-----“)

წარმომადგენლები - ლე-------------------------------------ე

დავის საგანი სარჩელით: ზიანის ანაზღაურება, ქმედების აკრძალვა

დავის საგანი შეგებებული სარჩელით: გარიგების ბათილად ცნობა, ნივთის გამოთხოვა

აღწერილობითი ნაწილი

სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული 30/10/13, ტ III, გვ.101-116):

1.1. შპს „-------ს დაეკისროს შპს „B-----------------“-ის სასარგებლოდ 10530 ლარი;

1.2. შპს „T-------“ -ს დაეკისროს შპს „B-----------------“-ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანი 15186 ლარი;

1.3 აეკრძალოთ მოპასუხეებს შპს „T-------“ -ს და შპს „-------ს, შპს „B-----------------“-ის ქსელში ჩართული აბონენტებისაგან სააბონენტო თანხის ამოღება.

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. 2011 წლის 14 ნოემბერს შპს „B-----------------“-სა და შპს „T-------“-ს შორის დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

1.2. 2011 წლის 15 ნოემბერს შპს „B-----------------“-სა და შპს „M----“ -ს შორის დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

1.3. მოპასუხის უკანონო მფლობელობაში არსებული შპს „T-------“-სა და შპს „M----“ -ს მატერიალური აქტივების დაბრუნება, ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული დანართის შესაბამისად.

2. სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე წარმოადგენს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედ, ავტორიზებულ იურიდიულ პირს. 2011 წელს საქმიანობის გაფართოების მიზნით შეიძინა მოპასუხეების საკუთრებაში არსებული საკაბელო ქსელები, რაზედაც სათანადო წესით მიიღო თანხმობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისაგან. მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე ორგანიზაციებმა გაყიდული საკაბელო ქსელის აბონენტებისაგან დაიწყეს სააბენენტო გადასახადების ამოღება. აღნიშნული დადასტურდა შემოსავლების სამსახურისაგან მიღებული ინფორმაციით, ჩეკთან გათანაბრებულ დოკუმენტზე სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ. 2013 წლის 29 აპრილიდან 2013 წლის 5 სექტემბრის ჩათვლით შე-------–----------------ა შპს „-------ზე გასცა 1500 ცალი ჩგდ, ხოლო 2013 წლის 26 აპრილიდან 19 აგვისტომდე შპს T-------“-ზე - 4300 ცალი ჩგდ. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტისა და კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის კუთვნილი თანხებისა და 9 ლარიანი სააბონენტო გადასახადის გათვალისწინებით, შპს „M----“ -მ მიაყენა 10530 ლარის, ხოლო შპს „T-------“-მა - 30186 ლარის ზიანი.

მოსარჩელე არ იზიარებს შეგებებული სარჩელის მოთხოვნას გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვის შესახებ. ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეებმა წერილობით გამოხატეს ნება და დადეს ხელშეკრულება. გარიგების დადებისას კანონი არ დარღვეულა და არ არსებობს მისი ბათილად ცნობს საფუძველი, მიიჩნევს მოსარჩელე.

მოპასუხეების (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) პოზიცია:

 

მოსარჩელეები (შეგებებული სარჩელით) მიიჩნევენ, რომ 2011 წლის 14 და 15 ნოემბერს ერთის მხრივ შპს „B-----------------“-ს, როგორც მყიდველსა და მეორეს მხრივ შპს „-------სა“ და შპს „T-------“-ს, როგორც გამყიდველს შორის გაფორმებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილია, ვინაიდან, ხელშეკრულებები არის გაყალბებული. მოსარჩელეებს არ გამოუხატავთ ნება აქტივების გაყიდვაზე, თუმცა მათზე ზეწოლა ხორციელდებოდა. წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაზე აქტივების გაყიდვის მიზნით არ მიუმართავთ და საერთო განცხადებაზე ხელი შპს „T-------“-ის და შპს „-------ს ნაცვლად ხელი მოაწერა შპს „B-----------------“-ის დირექტორმა. სხვადასხვაა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და ფინანსურ პოლიციაში წარდგენილი ხელშეკრულებები, რაც იმას ადასტურებს, რომ რეალური გარიგება მხარეებს შორის არ დადებულა.

ამავე დროს, მოსარჩელეები (შეგებებული სარჩელით) უთითებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–-- გადაწყვეტილებაზე (საქმე №3------13), რომლის თანახმად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2----–-–------------------------- გადაწყვეტილება შპს „T-------“-ს და შპს „-------ს კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „B-----------------“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის ნაწილში, მისი ძალაში შესვლის დღიდან. მოსარჩელეთა მტკიცებით აღნიშნული გადაწყვეტილებით გაუქმდა თანხმობა, რომელიც უკანონოდ იქნა გაცემული კომისიის მიერ.

მოსარჩელეები ითხოვენ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ამოღებული იქნეს 2011 წლის ივნისში მოპასუხისათვის იჯარით გადაცემული ქონება, რომელიც ბათილი გარიგების შედეგად მიისაკუთრა შპს „B-----------------“-მა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2002 წლის 5 თებერვალს შპს „T-------“ დატარდა სახელმწიფო რეგისტრაციაში. შპს „T-------“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა - კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა;

B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი - ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, (ტ. I, ს.ფ. 16-17);

- ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან (ტ. I, ს.ფ. 87).

 

3.1.2. 2010 წლის 13 დეკემბერს შპს „M----“ გატარდა სახელმწიფო რეგისტრაციაში. შპს „M----“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელსაც ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა - კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი - ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან(ტ. I, ს.ფ. 18-19);

- ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან (ტ. I, ს.ფ. 88).

 

3.1.3. 2011 წლის 25 მაისს შპს „B-----------------“ გატარდა სახელმწიფო რეგისტრაციაში. შპს „B-----------------“ წარმოადგენს ავტორიზებულ პირს და ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:

A.F.1. ადგილობრივი დაშვების (სადენიანი) ქსელითა და/ან (სადენიანი) ქსელის ტერმინალური საშუალებებით უზრუნველყოფა - კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა; კოაქსიალური (საკაბელო) ადგილობრივი (სააბონენტო) დაშვების ქსელის ტერმინალური საშუალებების ფუნქციური რესურსებითა და სიმძლავრეებით უზრუნველყოფა.

B.F.4. მაუწყებლობის ტრანზიტი - ტელემაუწყებლობის ტრანზიტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან(ტ. I, ს.ფ. 66-67);

- ამონაწერი ავტორიზებულ პირთა უწყებრივი რეესტრიდან (ტ. I, ს.ფ. 21-22).

 

3.1.4. 2011 წლის 1 ივნისს, შპს „B-----------------“-ის („მეიჯარე“) დირექტორს მა-–--------------ა და შპს „T-------“ -ის („მოიჯარე“) დირექტორს გი-------–----ას შორის გაფორმდა რესურსების მართვის უფლებით (იჯარით) გადაცემის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მეიჯარემ მოიჯარეს მართვის უფლებით გადასცა საკუთარი რესურსები (სიხშირეთა დიაპაზონი 100 მჰც-დან 300 მჰც-მდე და 100 მჰც-დან 862 მჰც-მდე).

2011 წლის 1 ივნისს შპს „B-----------------“-ის („მეიჯარე“) დირექტორს მა-–--------------ა და შპს „-------ს შორის გაფორმდა რესურსების მართვის უფლებით (იჯარით) გადაცემის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მეიჯარემ მოიჯარეს მართვის უფლებით გადასცა საკუთარი რესურსები (სიხშირეთა დიაპაზონი 100 მჰც-დან 300 მჰც-მდე და 100 მჰც-დან 862 მჰც-მდე).

ხელშეკრულებების 3.3 მუხლის თანახმად, მეიჯარემ მოიჯარეს გადასცა მოიჯარის მმართველობაში არსებული სააბონენტო ქსელი, რომელთაც მიეწოდებათ სამაუწყებლო არხების ტრანზიტული მომსახურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საიჯარო ხელშეკრულებები (ტ. II ს.ფ. 158-169)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელე შპს „B-----------------“ სადავოდ ხდის მოპასუხეთა მხრიდან სააბონენტო გადასახადის აკრეფას და მიიჩნევს, რომ მოპასუხე საკაბელო ოპერატორებისაგან, 2011 წლის ნოემბერში, შეიძინა მათ საკუთრებაში არსებული საკაბელო ქსელის მატერიალური აქტივები, რაზედაც შესაბამისი თანხმობა 2011 წლის 16 დეკემბერს გასცა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიამ. ამდენად, უკვე გაყიდული საკაბელო ქსელის აბონენტებისაგან სააბენეტო გადასახადის აკრეფა უკანონოა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველია. ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ასევე უკანონოა მოპასუხეთა მხრიდან სხვის საკუთრებაში არსებული სააბონენტო ქსელიდან გადასახადების აკრეფა და მოითხოვს აეკრძალოს აღნიშნული ქმედება მოპასუხეებს.

მოპასუხეები შესაგებლით არ ეთანხმებიან სარჩელს და შეგებებული სარჩელით სადავოდ ხდიან მხარეთა შორის არსებული გარიგების-ნასყიდობის ხელშეკრულებების ნამდვილობას. მათი პოზიციით გარიგება არ დადებულა მათი ნამდვილი ნების საფუძველზე, ხელშეკრულებები გაყალბებულია, რაც გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია.

საქმეში არსებული უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ უნდა განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელიც მოცემული სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია. დასადგენ სადავო ფაქტობრივ გარემოებათა წრეს მიეკუთვნება ყველა ის გარემოება, რომელიც მხარეთა შორის გაფორმებული გარიგების ნამდვილობას ეხება, ვინაიდან, ძირითადი სარჩელის სამართლებრივი შედეგი, სწორედ სადავო გარიგების კანონიერების შემოწმებისა და ნამდვილობის დადასტურების შემდეგ უნდა გაირკვეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი.

მოცემულ შემთხვევაში, ძირითადი სარჩელის მიხედვით, დავის საგანს წარმოადგენს ზიანის დაკისრება. ამდენად, მოსარჩელის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენს იმის მტკიცება, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს მესაკუთრის ინტერესი და უკანონოდ აკრიფეს სააბონენტო გადასახადი, რასაც აგრძელებენ. შეგებებული სარჩელით დავის საგანს წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობა და ქონების დაბრუნება. მოცემულ შემთხვევაში სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ფაქტობრივი დასაბუთების და შესაბამისად, მტკიცების ტვირთიც შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთა მხარესაა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი (ტ. I. ს.ფ. 1-15)

-შეგებებული სარჩელი (ტ. II. ს.ფ 1-22)

 

3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–-- გადაწყვეტილებით (საქმე №3------13) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2----–-–------------------------- გადაწყვეტილება შპს „T-------“-ს და შპს „-------ს კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „B-----------------“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის ნაწილში, მისი ძალაში შესვლის დღიდან. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2011 წლის 28 ნოემბერს შპს „-------მ, შპს „TV----“-მა, №71841 განცხადებით მიმართეს სართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას იმ გარემოებაზე მითითებით, რომ განზრახული აქვთ მათი კუთვნილი საოპერაციო აქტივი, კერძოდ, კომპანიების მფლობელობაში არსებული საკაბელო ქსელი, კომისიის თანხმობიდან გამომდინარე, გადასცენ შპს „B-----------------“-ს, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-191 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამ კომპანიებისათვის ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერდნენ: შპს „-------ს დირექტორი - რა------------ე, შპს „ტ----------“ დირექტორი - თა--------------ე და შპს „TV----“-ის დირექტორი - გი-------–----ა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2----–-–------------------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს „-------ს, შპს „T-------“-ს და შპს „B-----------------“-ის ერთობლივი განცხადება შპს „-------ს და შპს „T-------“-ს მიეცათ თანხმობა მათი კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „B-----------------“-ის მიერ შეძენაზე.

 

კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შპს „-------ს, შპს „T-------“-ს მათი კუთვნილი საოპერაციო აქტივების, კერძოდ, საკაბელო ქსელების, შპს „B-----------------“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის გაცემის დამაბრკოლებელი გარემოებები.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20----–-–------------------------------ დასკვნიდან ირკვევა, რომ 2----–-–----------------------------------–------------------ განცხადებების ბოლო გვერდზე გრაფაში - „შპს „-------ს დირექტორი“ - ხელმოწერა შესრულებულია არა რა------------ის, არამედ - სხვა პირის მიერ.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2-----–-–----------------------------- დასკვნიდან ირკვევა, რომ 2----–-–----------------------------------–------------------ განცხადებებზე, გრაფაში - „შპს „TV----“-ის დირექტორი“ - ხელმოწერა შესრულებულია არა გი-------–----ას, არამედ - სხვა პირის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–-- გადაწყვეტილება (ტ. IV ს.ფ. 5-10)

-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2-----–-–----------------------------- დასკვნა (ტ. IV ს.ფ. 11-13)

-ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20----–-–------------------------------ დასკვნა (ტ. IV ს.ფ. 14-16)

 

3.2.3. სასამართლო იზიარებს მოსარჩელეთა (შეგებებული სარჩელით) პოზიციას სადავო გარიგებების: 2011 წლის 14 ნოემბერს შპს „B-----------------“-სა და შპს „T-------“-ს და 2011 წლის 15 ნოემბერს შპს „B-----------------“-სა და შპს „-------ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილ გარიგებებად მიჩნევის შესახებ.

 

პირველ რიგში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები (შეგებებული სარჩელით) გარიგების ბათილად ცნობის საკითხს აყენებენ ორი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლით:

 

1. დადებული გარიგება არ ემყარება მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლენას. გარიგება საერთოდ არ დადებულა და ძირითადი სარჩელით წარმოდგენილი ხელშეკრულებები ყალბია. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეები (შეგებებული სარჩელით) უთითებენ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–----------------------------- დასკვნაზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს მხარის პოზიციას ხელშეკრულების გაყალბებასთან დაკავშირებით. უპირველესად აღსანიშნას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით შემოწმებულია მხოლოდ სადავო ხელშეკრულებების ასლები, რაც არ იძლევა პასუხს კითხვაზე გაყალბებულია თუ არა ხელშეკრულებების დედნები და მათზე ხელმოწერა ეკუთვნის თუ არა გარიგების მონაწილეებს. სასამართლო უთითებს გარიგების ბათილობის მოთხოვნისას მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპზე და მხარეს განუმარტავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათ ახსნა-განმარტებებში დაფიქსირებული პოზიცია ხელშეკრულებების ფურცლების გამოცვლასთან დაკავშირებით არ იძლევა საკმარის ფაქტობრივ საფუძველს ნასყიდობის ხელშეკრულებების გაყალბებულად მიჩნევისათვის.

 

2. საოპერაციო აქტივების ყიდვა-გაყიდვა წარმოადგენს სპეციალური ორგანოს - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანხმობას დაქვემდებარებულ გარიგებას. ასეთი თანხმობა გაცემული იქნა გაყალბებული განცხადების საფუძველზე, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–--------–-------–---------------------–-–-------------------------- გადაწყვეტილება გამოცემის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი.

 

სასამართლო იზიარებს მხარის პოზიციას ამ ფაქტობრივი საფუძვლით სადავო გარიგებების ბათილობის შესახებ, რასაც სამართლებრივად შეაფასებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“. (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03). ამდენად, სასამართლო შეაფასებს მხოლოდ იმ ფაქტებს და გარემოებებს, რომლებიც საქმეში დადგენილია უდავო მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

--ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2-----–-–----------------------------- დასკვნა (ტ. II ს.ფ. 90-103)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „B-----------------“-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შპს „T-------“-ისა და შპს „-------ს შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ, როგორც ძირითადი სარჩელის, ისე შეგებებული სარჩელის სამართლებრივი შედეგი პირველ რიგში დამოკიდებულია სადავო გარიგების ნამდვილობაზე. ძირითადი სარჩელის მოთხოვნა ეფუძნება ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის-შპს „B-----------------“-ის, როგორც მესაკუთრის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევის ფაქტობრივ საფუძველს. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხეების უკანონო ქმედებით, რაც გამოიხატა მოსარჩელის კუთვნილი საკაბელო ქსელის აბონენტებისაგან სააბონენტო გადასახადის აკრეფაში, მას ზიანი მიადგა. მოთხოვნის მატერიალური საფუძველია ზიანის ანაზღაურება მოპასუხეების მიერ მიღებული სააბონენტო გადასახადის სახით და ქმედების აკრძალვა.

ამდენად, იმისთვის, რომ დადგინდეს ვალდებულებით-სამართლებრივი მოთხოვნის საფუძვლიანობა, უნდა შეფასდეს შეგებებული სარჩელით შეცილებული გარიგების ნამდვილობა, დადგინდეს მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი ბუნება. კერძოდ, აქვს თუ არა ვარგისი იურიდიული საფუძველი სადავო ხელშეკრულებებს და წარმოადგენდა თუ არა ნამდვილად ძირითადი მოსარჩელე საკაბელო ქსელის მესაკუთრეს.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 54-ე მუხლი კი ასახელებს იმ სამ ძირითად ელემენტს, რომელთაგანაც ერთ-ერთის დამტკიცებაც კი გარიგებას არანამდვილს, სამართლებრივი შედეგის არმქონედ აქცევს. მითითებული ნორმის თანახმად გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს ბათილია. ამ სამი ელემენტიდან მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ნორმის დათქმა, რომლის თანახმად ბათილია გარიგება თუ იგი ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესს, რაც გულისხმობს იმას, რომ გარიგების ბათილობა, ჩვეულებრივ გამომდინარეობს არა ზოგადი მუხლიდან, არამედ უშუალოდ შესაბამისი სპეციალური ნორმიდან ან/და მისი სათანადოდ განმარტებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის კონკრეტული შემთხვევაა ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ბათილია ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა. ამ შემთხვევაში კანონი არ აკონკრეტებს ნებართვის სახეს, თუმცა ცალსახაა, რომ ნებართვის აუცილებლობა შეიძლება გამომდინარეობდეს კანონიდან ან ხელშეკრულებით იყოს გათვალისწინებული. ყველა შემთხვევაში საუბარია მესამე პირის თანხმობაზე სკ-ის 99-102-ე მუხლების გაგებით (ლ.ჭ---------ა, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I.,მუხლი 59., თბ., 2017, ველი 8.). სამოქალაქო კოდექსის 99-ე მუხლით თუ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მესამე პირის თანხმობაზე, მაშინ როგორც თანხმობა, ასევე მასზე უარი შეიძლება გამოითქვას როგორც ერთი, ისე მეორე მხარის წინაშე.

მოცემულ შემთხვევაში შესამოწმებელია ითვალისწინებდა თუ არა მითითებული სადავო გარიგება სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებულ სპეციალურ ნებართვას.

აღნიშნული კი უნდა შემოწმდეს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან მიმართებით. დასახელებული კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით საქმიანობის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ამ სფეროში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებისა და რეგულირების პრინციპებს, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის) ფუნქციებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების ფლობის, გამოყენებისა და მომსახურების მიწოდების დროს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა უფლებებსა და მოვალეობებს. კანონის მე-2 მუხლი განმარტავს ამ კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობას, მათ შორის, „ვ“ პუნქტით განმარტებულია, რომ ავტორიზებული პირი არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ რეგისტრირებული ნებისმიერი სამეწარმეო პირი, აგრეთვე ნებისმიერი არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი) ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას (ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ „M----“ და შპს „T-------“ და შპს „B-----------------“, წარმოადგენენ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტებს - ავტორიზებულ პირებს. შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვალდებულნი არიან, დაიცვან და შეასრულონ ყველა აუცილებელი მოქმედება, რაც მოცემულ ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმებით არის დადგენილი.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია. ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს,„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმაზე ან შეძენაზე.

მითითებული ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე ცალსახად დგინდება, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტებს შორის სამოქალაქო სამართლებრივი გარიგება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფის მატერიალური საშუალებების განკარგვასთან დაკავშირებით საჭიროებს სპეციალურ ნებართვას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 109-ე მუხლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ)ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კვლევას არ საჭიროებს ის ფაქტები, რომლებიც დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- გადაწყვეტილებით, რომელშიც იგივე მხარეები მონაწილეობდნენ და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. აღნიშნული გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2----–-–------------------------- გადაწყვეტილება შპს „T-------“-ის და შპს „-------ს კუთვნილი საოპერაციო აქტივების შპს „B-----------------“-ის მიერ შეძენაზე თანხმობის მიცემის ნაწილში, მისი ძალაში შესვლის დღიდან. თანხმობის ბათილად ცნობა სამართლებრივ საფუძველს აცლის მის საფუძველზე განხორციელებულ ნებისმიერ სამართლებრივ შედეგს და ავტომატურად იწვევს ყველა იმ გარიგების ბათილად ცნობას, რასაც დასახელებული თანხმობა სჭირდება.

ბათილი გარიგების საფუძველზე მიღებული ნებისმიერი უფლება ან სამართლებრივი შედეგი ბათილია. შპს „B-----------------“ სარჩელის დაკმაყოფილების ძირითად საფუძვლად უთითებს მხარეთა შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები ბათილია და არ წარმოშობს მოსარჩელისათვის სააბონენტო გადასახადის მიღებისა და იჯარით გადაცემული ქონების-მატერიალურ ტექნიკური აღჭურვილობით ფლობისა და სარგებლობის უფლებას. ასევე, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული მოსარჩელის მოთხოვნა შპს „T-------“ -ს და შპს „-------ს შპს „B-----------------“-ის ქსელში ჩართული აბონენტებისაგან სააბონენტო თანხის ამოღების აკრძალვის შესახებ.

სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

დადგენილია, რომ მოსარჩელეები (შეგებებული სარჩელით) წარმოადგენენ ავტორიზებულ პირებს, რომლებსაც ავტორიზაცია გავლილი აქვთ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებაზე. შპს „B-----------------“-ს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ბათილი ნასყიდობის ხელშეკრულებების დანართებში მითითებული ქონება, წარმოადგენდა მოსარჩელეთა (შეგებებული სარჩელით) საკუთრებას, რაც აძლევთ მათ საკუთარი სააბენენტო ქსელის აბონენტებისაგან მიიღონ შესაბამისი სააბონენტო ანაზღაურება.

6.2. მოსარჩელეთა (შეგებული სარჩელით) მოთხოვნა მომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, კერძოდ, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სასამართლომ ბათილად ცნო ნასყიდობის ხელშეკრულებები. მოპასუხეს აღარ აქვს მითითებული ქონების მართლზომიერი ფლობის უფლება, მათი მფლობელობა მითითებულ ქონებაზე უკანონოა, რის გამოც შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობაში არსებული შპს „T-------“-სა და შპს „M----“ -ს მატერიალური აქტივების დაბრუნება ხელშეკრულებებში მითითებული დანართის შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა (შეგებებული სარჩელით) მოსაზრებას სადავო გარიგებების-ნასყიდობის ხელშეკრულებების სიყალბის შესახებ და რომ ისინი არ გამოხატავენ გამყიდველის ნამდვილ ნებას კუთვნილი საკომუნიკაციო ქსელის აქტივების გაყიდვაზე. მხარე ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების ეგზემპლიარებში გამოცვლილია თავფურცელი, ხოლო ხელმოწერის გვერდი აღებულია შპს „B-----------------“ -ს და შპს „TV----“-ს შორის გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. აღნიშნულის დასტურად ისინი უთითებენ ექსპერტიზის დასკვნაზე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეების (შეგებებული სარჩელით) პოზიციას ნასყიდობის ხელშეკრულებების გაყალბებასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს მათ სიყალბეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპით მოსარჩელეებს (შეგებებული სარჩელით) ეკისრებათ სადავო გარიგების ბათილობის მტკიცების ტვირთი. მათივე ვალდებულებას წარმოადგენდა ნების გამოვლენის ნაკლის დასადასტურებლად უტყუარი მტკიცებულებების სასამართლოში წარმოდგენა.

სასამართლო კვლავ უთითებს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე და განმარტავს, რომ გარიგება კერძო ავტონომიისა და ხელშეკრულების თავისუფლების განხორციელების მნიშვნელოვანი სამართლებრივი ინსტრუმენტია, ხოლო ნამდვილი გარიგების მთავარი ელემენტია გარიგების მხარეთა ნების გამოვლენა. მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა იწვევს სამართლებრივ შედეგს. გარიგების მხარეთა ნების ნაკლი უნდა დადგინდეს გონივრული და თანამიმდევრული განსჯის შედეგად, უნდა დაემყაროს უტყუარ და დავის არსთან მიმართებაში შესაბამის მტკიცებულებებს.

მოცემულ შემთხვევაში მხარის მითითება ნების ნაკლის შესახებ ეფუძნება სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------ დასკვნას. ექსპერტიზას დაესვა კითხვა სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებები არის თუ არა ერთი დედნიდან წარმოებული ქსეროასლები და დაბეჭდილია თუ არა სხვადასხვა შრიფტით. გაცემული დასკვნა სხვადასხვა შრიფტისა და ქსეროასლის შესახებ ვერ გახდება მითითებული ხელშეკრულებების სიყალბის დამადასტურებელი. ექსპერტიზის დასკვნით არ შემოწმებულა ხელშეკრულებების დედნები და ხელმოწერის ნამდვილობა. სხვა რაიმე მტკიცებულება ნასყიდობის ხელშეკრულებების სიყალბესთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილი არაა. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას სადავო ხელშეკრულებების სიყალბესთან დაკავშირებით.

 

7.საპროცესო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ემუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, ძირითადი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 415 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის - შპს „B-----------------“ -ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 415 უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და დამატებით მოსარჩელეს უნდა დაეკისროს დაზუსტებულ სარჩელზე გადაუხდელი სახელმწიფო ბაჟი 365.5 ლარი და 100 ლარი არაქონებრივ მოთხოვნაზე, ჯამში 456.5 ლარი.

შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა მთლიანად. შეგებებულ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2596 ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხე შპს „B-----------------“ -ს უნდა დაეკისროს მოსარჩელეების (შეგებებული სარჩელით) სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ემუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „B-----------------“ -ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. შპს „T-------“-სა და შპს „M----“ -ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 14 ნოემბერს შპს „B-----------------“ -სა და შპს „T-------“-ს შორის დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი 2011 წლის 15 ნოემბერს შპს „B-----------------“ -სა და შპს „M----“ -ს შორის დადებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

5. დაუბრუნდეთ შპს „T-------“-ს და შპს „M----“ -ს მატერიალური აქტივები აღნიშნული ხელშეკრულებების დანართში მითითებული ჩამონათვალის თანახმად;

 

6. შპს „B-----------------“ -ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად და და--ტებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 456.5 ლარი;

 

7. დაეკისროს შპს „B-----------------“ -ს, შპს „T-------“-ის და შპს „M----“ -ს სასარგებლოდ მათ მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2596 ლარის ოდენობით;

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე