გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2019
საქმის ნომერი
330210018002768891
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/36439-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

მოსარჩელე - მ-----– ჭ------

მოსარჩელის წარმომადგენელი - დ----- ა-–----ე

მოპასუხე - ა(ა)იპ ს----–---------------–--------–---ი

მოპასუხის წარმომადგენლები - გ------- ქ--------ე, გ------- დ----–---–ი

დავის საგანი - შრომითი ანაზღაურების დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ა(ა)იპ ს----–---------------–--------–---ს მოსარჩელე მ-----– ჭ------ს სასარგებლოდ დაეკისროს 10.08.2017 წლის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, 5 500 (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ლარის ოდენობით.

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 12.04.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 14:55 სთ)

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 10.08.2017 წლიდან 10.05.2018 წლამდე მ-----– ჭ------ შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხე ა(ა)იპ ს----–---------------–-------–---თან. ხელშეკრულება გაფორმდა 9 თვის ვადით, რომლის საფუძველზეც შრომითი ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსარჩელის ვალდებულება ეთამაშა კალათბურთი კლუბში, ყველა შეხვედრაში, შინ თუ სტუმრად, კლუბის ხელმძღვანელობითა და კონტროლით და მ-----– ჭ------ ვალდებული იყო შეესრულებინა კლუბის კალათბურთელის უფლებამოსილება. თავის მხრივ, მოპასუხემ აიღო ვალდებულება გადაეხადა მოსარჩელისთვის ხელფასის სახით დარიცხული 45 000 ლარი (ხელზე მისაღები 36 000 ლარი), რაც მოიცავდა ერთ საკალათბურთო წელს.

 

სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელემ სრულად და ჯეროვნად შეასრულა მასზე ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება, თუმცა, მოპასუხეს არ გადაუხდია ხელფასი სრულად. კერძოდ, როგორც სასამართლო სხდომაზე დააზუსტა მ-----– ჭ------ს წარმომადგენელმა, მხარეს ხელფასის სახით 36 000 ლარიდან მიღებული აქვს 30 500 ლარი და გადასახდელი სახელფასო დავალიანება მოიცავს ხელზე მისაღებ 5 500 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ა(ა)იპ ს----–---------------–-------–---ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო.

 

მოპასუხის წარმომადგენელი წარმოდგენილ შესაგებელში სადავოდ არ ხდის ხელშეკრულების არსებობის, მისი მოქმედების ვადის და ხელფასის ოდენობის ფაქტს. ადასტურებს ასევე იმ გარემოებას, რომ კლუბის მხრიდან მოსარჩელეს ხელფასის სახით ჩარიცხული აქვს 30 500 ლარი, თუმცა არ ეთანხმება დავალიანების არსებობას.

 

შესაგებელში მითითებულია, რომ მოსარჩელე მ-----– ჭ------მ დაარღვია მასსა და საკალათბურთო კლუბს შორის გაფორმებული შრომითი კონტრაქტი, რაც გამოიხატა ორჯერ ტექნიკური შენიშვნის მიღებაში, რისთვისაც კონტრაქტის 3.4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს ხელფასის 20%-ის დაქვითვას სანქციის სახით.

 

მოპასუხე ასევე აპელირებს მ-----– ჭ------ს ოპერაციასა და მკურნალობაზე გაწეულ ხარჯზე - 4 116 ლარზე და განმარტავს, რომ ტრამვა, რის გამოც დასჭირდა მოსარჩელეს ოპერაცია, მიიღო არა საფეხბურთო კლუბ ო-–---ში თამაშის დროს, არამედ ჯერ კიდევ კონტრაქტის გაფორმებამდე.

 

გარდა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა, მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ კლუბის ხელმძღვანელობასა და კალათბურთელებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ 2017-2018წ. საკალათბურთო სეზონზე თუ გუნდი საპრიზო ადგილზე ვერ გავიდოდა, გუნდის წევრები არ მიიღებდნენ ბოლო ერთი თვის ხელფასს. რეალურად, ამ სეზონზე კლუბი ო-–---ი საპრიზო ადგილზე ვერ გავიდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 10 აგვისტოს ერთის მხრივ ა(ა)იპ ს----–---------------–--------–---ს“ და მეორეს მხრივ მ-----– ჭ------ს შორის გაფორმდა კონტრაქტი.

 

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა კლუბის მხრიდან წლიურად 45 000 ლარის (საშემოსავლოს გათვალისწინებით) გადახდის სანაცვლოდ კალათბურთელის მიერ თავისი სამსახურის შეთავაზება, რაც მოიცავდა: კალათბურთის თამაშს ყველა შეხვედრაში, შინ თუ სტუმრად კლუბის ხელმძღვანელობითა და კონტროლით.

 

ხელშეკრულების 2.1 და 2.2 პუნქტების მიხედვით, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა 2017 წლის 1 სექტემბრიდან და მოქმედების ვადად განისაზღვრა მისი ძალაში შესვლიდან 9 თვე.

 

ხელშეკრულების 3.4 პუნქტი ითვალისწინებდა, რომ ამ კონტრაქტის ნებისმიერი პირობის დარღვევისთვის კლუბი უფლებამოსილია დააკისროს კალათბურთელს დისციპლინური ან მატერიალური პასუხისმგებლობა ამ პუნქტში ჩამოთვლილ შემთხვევებში და მათ შორის „ე“ ქვეპუნქტი ითვალისწინებდა თამაშის დროს ტექნიკური შენიშვნის მიღების დროს მოთამაშისთვის ხელფასის 20%-ის დაქვითვას.

 

ხელშეკრულების 3.1.6 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ კალათბურთელი მიიღებს რაიმე სახის დაზიანებას ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების განხორციელებისას, მაშინ კლუბი იღებს მკურნალობის ვალდებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- კონტრაქტი (ს.ფ. 20-23)

 

3.1.2. უდავოა, რომ მ-----– ჭ------ს შრომის ანაზღაურება გამომდინარე მხარეთა შორის გაფორმებული 2017 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულებიდან, შეადგენს 45 000 ლარს (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით), რაც ხელზე მისაღები 36 000 ლარია.

 

შესაბამისად, მოსარჩელის ყოველთვიური ანაზღაურება, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა 9 თვის ვადით, შეადგენდა ხელზე მისაღებ 4 000 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- კონტრაქტი (ს.ფ. 20-23);

- საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 24-53);

- ცნობა (ს.ფ. 69)

 

3.1.3. ა(ა)იპ ს----–---------------–--------–---ს“ მ-----– ჭ------ს სასარგებლოდ ხელფასის სახით გადახდილი აქვს სულ 30 500 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 24-53);

- ცნობა (ს.ფ. 69)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ დადგინდა ის ფაქტი, რომ ტრამვა, რომლის ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯებიც ა(ა)იპ ს----–---------------–--------–---მა“ გაიღო, მ-----– ჭ------ს მიღებული ჰქონდა მხარეთა შორის არსებული კონტრაქტის გაფორმებამდე.

 

2017 წლის 10 აგვისტოს ხელშეკრულების 3.1.6 პუნქტი განსაზღვრავს შემდეგს: „თუ კალათბურთელი მიიღებს რაიმე სახის დაზიანებას ამ კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების განხორციელებისას, მაშინ კლუბი იღებს მკურნალობის ვალდებულებას.“

 

ის ფაქტი, რომ მოპასუხემ გასწია ხარჯები მოსარჩელის მკურნალობისთვის, უდავოა. უდავოა ასევე მკურნალობის ხარჯების ოდენობა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ წინასწარი ანგარიშ-ფაქტურებითა და საგადახდო დავალებებით დგინდება, რომ სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურება მ-----– ჭ------ს გაეწია 2017 წლის დეკემბრის თვეში და 2018 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში და თანხების გადახდა ხდებოდა ეტაპობრივად, ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. ხელშეკრულება მხარეთა შორის მოქმედი იყო 2017 წლის 10 აგვისტოდან 2018 წლის 10 მაისამდე. შესაბამისად, ოპერაციისა და მკურნალობის ხარჯები სწორედ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იქნა გაღებული.

 

მოპასუხე განმარტავდა, რომ ტრამვა მ-----– ჭ------ს ხელშეკრულების გაფორმებამდე ჰქონდა მიღებული, თუმცა, მისი მხრიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი ის მტკიცებულება, რაც პირდაპირ ან ირიბად მიუთითებდა ტრამვის მიღების ზუსტ პერიოდზე და დაადასტურებდა მის პოზიციას. შესაბამისად, მხოლოდ მხარის ზეპირ განმარტებას, რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენისა და თუნდაც მათზე მითითების გარეშე, სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- წინასწარი ანგარიშ-ფაქტურები და საგადახდო დავალებები (ს.ფ. 71-80)

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ა(ა)იპ ს----–---------------–--------–---ის“ განმარტებას, რომ მ-----– ჭ------ს ხელფასიდან უნდა დაექვითოს ხელფასის 20%, ტექნიკური შენიშვნის მიღებისთვის.

 

10.08.2017წ. ხელშეკრულების 3.4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ „ამ კონტრაქტის ნებისმიერი პირობის დარღვევისთვის კლუბი უფლებამოსილია დააკისროს კალათბურთელს დისციპლინური ან მატერიალური პასუხისმგებლობა“ ამ პუნქტში ჩამოთვლილ შემთხვევებში. მათ შორის არის „ე“ ქვეპუნქტი, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ ჩანაწერს: „თამაშის დროს ტექნიკური შენიშვნის მიღების შემთხვევაში მოთამაშეს ექვითება ხელფასის 20%...“

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ წარმოადგინა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის მიერ 19.02.2019 წლით დათარიღებული წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ 2017-2018 წლების სეზონის სუპერლიგის მატჩებში, კერძოდ, 2017 წლის 25 ოქტომბერს და 2018 წლის 21 აპრილს ჩატარებულ მატჩებში - „მ---------ი“ - „ო-–---ი“ და „------ო“ - „ო-–---ი“, ს----–---------------–--------–---ში“ მოასპარეზე მოთამაშემ - მ-----– ჭ------მ მიიღო ტექნიკური ჯარიმები.

 

ხსენებულ ინფორმაციაზე მითითებით მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რამდენადაც მოსარჩელეს ჰქონდა ორი ტექნიკური შენიშვნა, მას უნდა დაეკისროს ხელფასის 20%-ის დაქვითვა ორჯერ. რამდენადაც მ-----– ჭ------ს ხელზე მისაღები ყოველთვიური ხელფასი იყო 4 000 ლარი, შესაბამისად, თითოეულ ჯარიმაზე ხელფასიდან უნდა გამოიქვითოს 800 ლარი, სულ 1 600 ლარი (ხელზე მისაღები).

 

სასამართლო მოპასუხის მიერ მითითებული კონტრაქტის პირობის შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს ხელშეკრულების 3.4 პუნქტის “ე“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე ხელფასის დაქვითვის საფუძველი მოცემულ სადავო ურთიერთობაში, რამდენადაც, მასში ნათლად არის მითითებული, რომ კლუბის უფლებამოსილებაა დისციპლინური ან/და მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრება და არა ვალდებულება. ამდენად, აპრიორი იმის მითითება, თითქოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იგულისხმება ხელფასის დაქვითვა, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია. მოპასუხე არ უარყოფდა, რომ კლუბის მიერ არ გამოცემულა არანაირი აქტი დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე და მხოლოდ დავის განხილვის დროს მოპასუხის ზეპირსიტყვიერი მითითება, რომ მოთამაშეს უნდა დაეკისროს მატერიალური პასუხისმგებლობა, სასამართლოს არასწორად მიაჩნია. მით უფრო, რომ მართალია მეორე ჯარიმა მოსარჩელეს მიეცა 2018 წლის 21 აპრილს, ანუ ხელშეკრულების მიწურულს, მაგრამ პირველი შენიშვნა მის მიმართ გამოყენებულ იქნა 2017 წლის 25 ოქტომბერს. სასამართლოს აზრით, გონივრული იქნებოდა, რომ თუ ს/კ „ო-–---ი“ აპირებდა რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიების გამოყენებას მისი მოთამაშისადმი, დროულად მიეღო ეს გადაწყვეტილება და შესაბამისად გაფორმებული აქტის საფუძველზე მოედინა დისციპლინური სახდელის შეფარდება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხის პოზიცია, რაც გულისხმობდა ხელფასის ნაწილის დაქვითვას ტექნიკური შენიშვნების გამო, მ-----– ჭ------სთან მიმართებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- კონტრაქტი (ს.ფ. 20-23);

- წერილი (ს.ფ. 70)

 

3.2.3. დაუსაბუთებელია მოპასუხის პოზიცია იმ ნაწილშიც, რომ მ-----– ჭ------ს ასევე დაექვითა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო თვის - მაისის ხელფასი იმის გამო, რომ კლუბმა სუპერლიგის საუკეთესო ოთხეულში ადგილი ვერ დაიკავა.

 

მოპასუხის განმარტებით, კლუბის ხელმძღვანელობასა და კალათბურთელებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ 2017-2018წ. საკალათბურთო სეზონზე თუ გუნდი საპრიზო ადგილზე ვერ გავიდოდა, გუნდის წევრები არ მიიღებდნენ მაისის თვის ხელფასს. ამის დასადასტურებლად ა(ა)იპ ს----–---------------–--------–---ის“ წარმომადგენელმა წარმოადგინა კლუბის 2017-2018 წლის სეზონის მოთამაშეებისა და სამწვრთნელო შტაბის მიერ ხელმოწერილი განცხადება. განცხადებას ხელს არ აწერს მოსარჩელე. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 25 მარტით დათარიღებულ წერილზე მითითებით კი მოპასუხემ აღნიშნა, რომ „ო-–---მა“ 2017-2018 წლების სეზონის სუპერლიგაში ვერ დაიკავა ადგილი საუკეთესო ოთხეულში.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებაზე აპელირებდა მოპასუხე და განმარტავდა, რომ გარდა 1 600 ლარისა (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტი), მოსარჩელეს ასევე დაექვითა ბოლო თვის ხელფასი, რის გამოც მიეცა მ-----– ჭ------ს არასრული ანაზღაურება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მ-----– ჭ------სა და საკალათბურთო კლუბს შორის არსებულ შრომით ურთიერთობებს არეგულირებდა მათ შორის გაფორმებული კონტრაქტი, რომელშიც იყო გაწერილი როგორც ხელფასის ოდენობა, ისე ის შემთხვევები, რა დროსაც უნდა დაქვითვოდა მოთამაშეს ხელფასი. მოპასუხის მიერ მითითებული ეს შემთხვევა კი ხელშეკრულებაში არ გვხვდება, რის გამოც, სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოპასუხის პოზიცია ბოლო თვის ხელფასის დაქვითვასთან დაკავშირებით. ამასთან, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ იქნება რელევანტური მტკიცებულება იმის გასაზიარებლად, რომ მხარეები ხელფასის ნაწილში რაიმე კონტრაქტისგან განსხვავებულ პირობაზე შეთანხმდნენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- განცხადება (ს.ფ. 99);

- წერილი (ს.ფ. 100)

 

3.2.4. მოპასუხე ა(ა)იპ ს----–---------------–--------–---ს“ მოსარჩელე მ-----– ჭ------ს სასარგებლოდ ეკისრება სახელფასო დავალიანების - 5 500 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) გადახდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა სარჩელი, რომელშიც განმარტავდა, რომ დამსაქმებელს - საკალათბურთო კლუბს არ გადაუხდია მისთვის შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი სრულად და ითხოვდა მის დაკისრებას მოპასუხეზე. თავის მხრივ, მოპასუხე არ დაეთანხმა მოთხოვნას და მიუთითა კონკრეტულ გარემოებებზე, რაც, მისი მოსაზრებით, გამორიცხავდა მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ვინაიდან, ერთგვარად ადგილი ჰქონდა დავალიანების გაქვითვას. სასამართლომ განიხილა მოპასუხის მიერ აპელირებული თითოეული ფაქტი და მისცა მას შეფასება წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1 - 3.2.3 პუნქტებში.

 

კერძოდ, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია სახელფასო დავალიანებიდან თანხების გაქვითვასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. შესაბამისად, შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით, დასაბუთებულად მიიჩნია სარჩელი და მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს მისი დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძველი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის დასაბუთებული, საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 31-ე, 33-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

სშკ-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით კი, შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებითი პირობას წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ა(ა)იპ ს----–---------------–--------–---ს“ და მ-----– ჭ------ს შორის არსებობდა წერილობით გაფორმებული შრომითი კონტრაქტი, რომლითაც გათვალისწინებული იყო შრომის ანაზღაურების ოდენობა. კერძოდ, კონტრაქტის ღირებულება განისაზღვრა 45 000 ლარით (საშემოსავლოს ჩათვლით) და ხელშეკრულებაშივე მიეთითა, რომ კონტრაქტის ღირებულებაში ცვლილება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ დამატებითი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც უნდა გაფორმებულიყო წერილობით და დართული ყოფილიყო ხელშეკრულებაზე. კონტრაქტი დამატებით ასევე ითვალისწინებდა იმ პირობებს, როდესაც დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო დისციპლინური ანდა მატერიალური პასუხისმგებლობა დაეკისრებინა მოთამაშისთვის და სხვ.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ხოლო, სშკ-ის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, კონტრაქტით განსაზღვრული ხელფასიდან - ხელზე მისაღები 36 000 ლარიდან მ-----– ჭ------ზე რომ მხოლოდ 30 500 ლარი იქნა გაცემული, მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხე სარჩელს არ ეთანხმებოდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ არსებობდა ხელფასიდან გარკვეული თანხების დაქვითვის საფუძველი. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქმის გამოკვლევის შედეგად, არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მოსაზრება თანხის დაქვითვის ნაწილში, რაც დასაბუთებულს ხდის სასარჩელო მოთხოვნას და ამდენად, სრულად უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ვინაიდან მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს - 165 ლარის ოდენობით, მოპასუხე გადაიხდის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მ-----– ჭ------ს სარჩელი ა(ა)იპ ს----–---------------–-------–---ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ა(ა)იპ ს----–---------------–-------–---ს მოსარჩელე მ-----– ჭ------ს სასარგებლოდ დაეკისროს 10.08.2017 წლის შრომითი ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, 5 500 (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე ა(ა)იპ ს----–---------------–-------–---ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 165 ლარის ოდენობით;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია გიგაური