გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2019
საქმის ნომერი
330210018002787886
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/37457-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი ანი ნადარეიშვილი

მოსარჩელე – სს ,,თ----------ი”

წარმომადგენელი – ე--------------------ა

მოპასუხეები - კ------- ვ----------ე, ქ------- ბ--------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. კ------- ვ----------ეს და ქ------- ბ--------ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ 35 134.66 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 19 309.22 ლარი, პროცენტი - 10825.44 ლარი, პირგასამტეხლო - 5 000 ლარი.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2014 წლის 28 ივნისს სს „თ----------ს“ კ------- ვ----------ეს და ქ------- ბ--------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მოპასუხეებზე გაიცა კრედიტი 22 000 ლარი. კრედიტი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა იყო 1462 დღე და უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 01 ივლისამდე. დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, გადახდის გრაფიკის შესაბამისად. ყოველ-თვიური შენატანის ოდენობად განისაზღვრა 601.34 ლარი. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 13.95%-ს, პირგასამტეხლო შეადგენდა ათვისებული კრედიტის თანხის და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის დაბრუნების ვადა გადაცილებისათვის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

მოპასუხეებმა დამტკიცებული სესხის თანხა 22 000 ლარი აითვისეს 2014 წლის 28 ივნისს. მათ ვალდებულება პირველად დაარღვიეს 2014 წლის იანვრის თვეში, ვადაგადაცილებით განახორციელეს ყოველთვიური მინიმალური შენატანი, შესაბა-მისად მომდევნო დღიდან დაიწყო პირგასამტეხლოს ყოველთვიური მინიმალური შენატანი, შესაბამისად მომდევნო დღიდან დაიწყო პირგასამტეხლოს დარიცხვა ვადაგადაცილებისათვის. ამის შემდგომ მოპასუხეები შენატანებს ვადაგადაცილებით და არასრულად ახორციელებდნენ. მოპასუხეებს ბოლო გადახდა სესხზე უფიქსირდებათ 2018 წლის 23 თებერვალს, ამის შემდგომ მათ სესხის დასაფარად თანხა არ შეუტანიათ. მოპასუხეების დავალიანება 2014 წლის 28 ივნისის ხელშეკრულებაზე, 2018 წლის 05 ნოემბერს გაცემული ცნობის საფუძველზე შეადგენს 35 134.66 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 19 309.22 ლარი, პროცენტი - 10 825.44 ლარი, პირგასამტეხლო 5 000 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს. შესაგებელში აღნიშნულია, რომ 2014 წლის ნოემბრიდან დაუფიქსირდა ვადაგადაცილება, რომლის მიზეზიც იყო მის სამსახურში საქართველოს საპატრიარქოს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის სახელობის სკოლა პანსიონში სახელფასო თანხის ჩაურიცხაობის ფაქტი. სახელფასო თანხების ჩარიცხვა გვიანდება და აღნიშნული გრძელდება დღემდე, რომელიც მოგვიანებით ირიცხება მთავრობის დადგენილების საფუძველზე. სახელფასო დაგვიანებების შესახებ პირდაპირ არის ინფორმირებული თავად სს „თ----------ი“, რადგან ხელფასები ირიცხება სწორედ ამ ბანკში. დასახელებული გარემოების დადგომისთანავე მოსარჩელე მხარეს მიმართა წერილობითი განცხადებით, სადაც აუხსნა მიზეზი მათი მხრიდან ვადამოსული ვალდებულებების შესრულების დაგვიანებასთან დაკავშირებით და ამ საფუძვლით ხელშეკრულების დარღვევის გარემოებების არსებობის შესახებ და ამავე განცხადებით მოითხოვა კრედიტის რესტრუქტურიზაცია და ახალი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც მოერგებოდა არსებულ სახელფასო ჩარიცხვებს, ასევე ითხოვდა საკრედიტო ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას, რომელიც გამოიწვევდა ყოველთვიური გადახდების შემცირებას. დასახელებული დამატებითი ფაქტობრივი გარემოება ადასტურებს მათი მხრიდან მოსარჩელის მიმართ შეტყობინებას ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით.

 

მოპასუხეთა განმარტებით, წერილობით განცხადებასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის მიერ არც ზეპირი და არც წერილობითი პოზიცია არ დაფიქსირებულა. ამ განცხადების შეტანიდან მალევე დაუკავშირდა სხვა სამსახური, როგორც უთხრეს ეს იყო საკრედიტო სამსახური, ხოლო რეალურად ეს სამსახური არის თანხის ამოღების სამსახური და უთხრეს, რომ აღნიშნული სესხი ბანკმა გადასცა მათ და შეთავაზეს სესხის დაფარვა თუნდაც თავისუფალი გრაფიკით. მათი მხარე დაეთანხმა დასახელებულ შეთავაზებას და დაიწყეს სესხის თავისუფალი გრაფიკით გადახდა. წარმოდგენილი სარჩელით კი აღნიშნული გადახდები საერთოდ არ არის გათვალისწინებული და მაშინ როდესაც 2014 წლიდან დღემდე გადახდილი აქვს 9015 ლარი საერთოდ არ ჩანს აღნიშნული თანხა რა სტატუსით სად იქნა ჩათვლილი გადახდილად, რადგან მოსარჩელე მხარე სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით არ ითვალისწინებს მითითებულ თანხებს.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის - 19 309.22 ლარის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 28 ივნისს სს ,,თ----------ს“ კ------- ვ----------ეს და ქ------- ბ--------ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 22 000 ლარის ოდენობით. კრედიტის მოქმედების ვადა იყო 1462 დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 13.95%-ს. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო კრედიტის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, ყოველი თვის 10 რიცხვში, ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენდა 20 ლარს და ასევე 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელი ვალდებული იყო კრედიტის მოქმე-დების პერიოდში განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა კრედიტის მოქმედების პერიოდში კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე ბანკის სასარგებლოდ ხელშეკრულების დანართი #1-ის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-16);

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 17);

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-22);

- დანართი #1/პოლისი (ს.ფ. 22 - 24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. კ------- ვ----------ის და ქ------- ბ--------ის მიერ 2014 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულე-ბის გამო, სს ,,თ----------ის“ მიმართ დავალიანებამ შეადგინა 35 134.66 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 19 309.22 ლარი, საპროცენტო სარგებელი 10 825.44 ლარი, პირგასამტეხლო 5 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 25 - 26);

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 43 - 45);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 46);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. სს ,,თ----------მა“ მოპასუხეები წერილობით გააფრთხილა, არსებული დავალიანების შესრულების თაობაზე, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ 2014 წლის 8 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება არსებული მდგომარეობით სრულად და ჯეროვნად შესრულებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოფიციალური გაფრთხილება (ს.ფ. 47 - 48);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. საქმეზე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავო არ გამხდარა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----------ის“ სარჩელი კ------- ვ----------ისა და ქ------- ბ--------ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლო-ბით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხეებმა მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს დავალიანების ძირი თანხის ნაწილში, რაც შეადგენს 19 309.22 ლარს, შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,თ----------ს” და მოპასუხეებს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. შესაბამისად, გარდა სესხის ძირი-თადი თანხებისა, მოპასუხე მხარეს აკისრია ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10 825.44 ლარის გადახდის ვალდებულება. საგულისხმოა, რომ არც შესაგებლის და არც საქმის სასამართლო პროცესზე განხილვისას არსებითი, კვალიფიციური შედავება საპროცენტო სარგებელთან მიმართებით არ იქნა მოპასუხე მხარის მხრიდან წარმოდგენილი.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებუ-ლების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე მალხაზ ერაძეს ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვე-ვაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა, 2014 წლის 28 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებაზე შეადგენს 19 309.22 ლარს, პირგასამტეხლო 5 000 ლარს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული გონივრულ ოდენობამდე, კერძოდ, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 1 500 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორცი-ულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხეება სარჩელი ნაწილობ-რივ, დავალიანების ძირი თანხის ნაწილში ცნეს, მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1054.05 ლარის ნაწილი 579.2 ლარის ოდენობით, ხოლო 370.3 ლარის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

ამასთან, მოსარჩელემ წარმოადგინა საფოსტო მომსახურების სახით გაწეული ხარჯის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც შეადგენს 5 ლარს და შესაბამისად უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს „თ----------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. კ------- ვ----------ეს და ქ------- ბ--------ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ, სესხის ძირი თანხის - 19 309.22 ლარის გადახდა;

1.2. კ------- ვ----------ეს და ქ------- ბ--------ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ, პროცენტის - 10825.44 ლარის გადახდა;

1.3. კ------- ვ----------ეს და ქ------- ბ--------ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ პირგასამტეხლოს - 1 500 ლარის გადახდა;

2. კ------- ვ----------ეს და ქ------- ბ--------ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 370.3 ლარის ოდენობით;

3. სს „თ----------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 24/12/2018 წლის №- საგადასახადო დავალების საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1054.05 ლარიდან 579.2 ლარი;

4. კ------- ვ----------ეს და ქ------- ბ--------ეს სს „თ----------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ საფოსტო მომსახურების სახით გაწეული ხარჯის 5 ლარის გადახდა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე