გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210018002481286
საქმე #2/449-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15.05.2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - ბე-–----------ე
წარმომადგენელი - ეკ-----------------–---–ი
მოპასუხე - გი-------------–-–---–ი
წარმომადგენელი - ირ-----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვით
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):
მოპასუხე გი-------------–-–---–ს დაეკისროს 5 678 ლარის გადახდა.
(იხ. 06.02.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:43:00-14:44:20 სთ).
მოსარჩელემ სარჩელის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მოსარჩელე მოპასუხეს სოფელ მსხალგორში მდებარე წმი-----------–----ის ტაძრის მოხატვაზე შეუთანხმდა. მოპასუხე სოფელ მსხალგორში ჩავიდა, ნახა ტაძარი და შეთანხმდნენ, რომ სამუშაოებისთვის მოსარჩელე მოპასუხეს 10 000 ლარს გადაუხდიდა. მოპასუხეს დამატებით სამი მხატვარი უნდა მოეყვანა. გადასახდელ თანხაში შედიოდა ხელობის, საღებავების, მინერალების და ტაძრის მთლიანად მოხატვისთვის საჭირო მასალის ღირებულება. მოგვიანებით მოპასუხეზე გადასახდელი თანხა გაიზარდა და საბოლოოდ 17 600 ლარით განისაზღვრა (იხ. სარჩელი, 28.03.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:50:00-14:55:27 სთ).
თანხის გადახდა ეტაპობრივად ხდებოდა. მოპასუხეს მთლიანობაში 12 316 ლარი გადასცა (იხ. სარჩელი, სასამართლოს 01.05.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი), თუმცა ტაძარში ამ ღირებულების სამუშაოები შესრულებული არ არის და მოპასუხე კვლავ თანხის გადახდას ითხოვდა. მოპასუხეს სამუშაოების დასრულება არაერთხელ მოსთხოვა, სამუშაოების კი ამ დრომდე დასრულებული არ არის. მოპასუხემ მიღებული თანხიდან მოხატვაზე მომუშავე სამ კაცს ხელფასის სახით 5 768 ლარი გადაუხადა. აუდიტის დასკვნის მიხედვით ტაძრის მოხატვისთვის საჭირო ხარჯმა 870 ლარი შეადგინა. როგორც ჩანს მოპასუხემ დანარჩენი თანხა პირადი მიზნებისთვის დახარჯა, ტაძრის მოხატვა კი აღარ ხდება. შესაბამისად, მოპასუხეს გაღებული ხარჯის გამოკლებით დასაბრუნებელი აქვს 5678 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის შესახებ მოსარჩელემ არასწორი მონაცემი მიაწოდა. თავიდან იცოდა, რომ სულ 200 მ2 იყო მოსახატი, რისთვისაც მოსარჩელეს მთლიანობაში 10 000 ლარი უნდა გადაეხადა. მოპასუხე დაუკავშირდა მეგობრებს რომელთა დახმარებით სამსაოები უნდა შეესრულებინა. ადგილზე რომ მივიდნენ გაირკვა რომ თითქმის ორჯერ მეტი სამუშაოს შესრულება უწევდათ. საღებავები და მინერალები, რომლის გამოყენებითაც სამუშაოების სრულდება ძვირი ღირს და მხოლოდ სპეციალურ მაღაზიებში იყიდება. მხოლოდ 1 კგ. ავღანური ლაჟვარდის ფასი 800 ლარს შეადგენს, ოქროს ფირფიტების ფასი 70-120 ლარის ფარგლებში მერყეობს და იგი რამდენიმე კვადრატის მოსაწყობად არის საკმარისი. მოსარჩელე სრულყოფილად ვერ აფინანსებდა სამუშაოებს, რის გამოც ტაძრის მოხატვა ორი წელი გაგრძელდა. ყველა ხარჯი რაც მოსარჩელემ გასწია ტაძარს მოხმარდა. სამუშაოების ნაწილი დაზიანდა ტაძრის უხარისხო გადახურვის გამო, მაგრამ მთლიანობაში დიდი მოცულობის სამუშაო იქნა შესრულებული. შემდგომ კი მოსარჩელემ სამუშაოების გაგრძელების უფლება აღარ მისცა იმ საფუძვლით რომ კურთხევა არ ჰქონდა.
2.2. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ მოსარჩელისგან 12 316 ლარი აქვს მიღებული. აქედან 5 768 ლარი სამ მხატვარს შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ ხელფასის სახით გადასცა, ხოლო 1870 ლარი თავად აიღო. დანარჩენი თანხა კი სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო მასალაში დახარჯა. (იხ. სასამართლოს 01.05.2019 წლის სხდომის ოქმის ჩანაწერი 16:29:57-16:38:40 სთ.)
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მოსარჩელე და მოპასუხე, 2014 წლის ზაფხულის დასაწყისში, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში მდებარე წმი-----------–----ის ეკლესიის მოხატვის სამუშაოების ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
3.1.2. მოპასუხეს ტაძრის მოხატვის სამუშაოების ჩატარებაზე თავის მხრივ ზა---------–----ეს, ამ--------------ეს და თე-----------------ეს შეუთანხმდა. სამუშაოები მათ ერთად უნდა ეწარმოებინათ.
3.1.3. ტაძრის მოხატვის სამუშაოების ღირებულება მხარეებმა საბოლოოდ 17 600 ლარით განსაზღვრეს. ამ თანხაში შედიოდა ხელობის და სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო მასალის ღირებულება. (იხ. 28.03.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 14:52:24-14:54:00 სთ)
3.1.4. სამუშაოები ორი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსარჩელემ მოპასუხეს ამ პერიოდში მთლიანობაში 12 316 ლარი გადასცა. (იხ. 01.05.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:29:57-16:31:50 სთ)
3.1.5. მხარეები არ დავობენ, რომ გადაცემული 12 316 ლარიდან მოპასუხემ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ ზა---------–----ეს 1 756 ლარი, ამ--------------ეს 1 816 ლარი, ხოლო თე-----------------ეს 2 196 ლარი გადასცა. სულ გადაცემულმა თანხამ 5 768 ლარი შეადგინა. თავად მოპასუხემ შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ 1 870 ლარი აიღო. შესაბამისად, ანაზღაურების სახით ოთხივე შემსრულებელმა ჯამში 7 638 ლარი მიიღეს.
3.1.6. ტაძრის მოხატვის სამუშაოები ნაწილობრივ შესრულებულია. მხარეთა შორის მომხდარი უთანხმოების გამო მოსარჩელემ უარი თქვა სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებაზე და მოპასუხეს სამუშაოების შესრულების უფლება აღარ მისცა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 2-15; 35-44);
- ფოტოსურათები (ს.ფ. 17-18; 166-167);
- ხელწერილი (ს.ფ. 16);
- მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. სასამართლოს 28.03.2019 და 01.05.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერები).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხემ სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო მასალის შეძენაში ჯამში 2 400 ლარი დახარჯა, საიდანაც უკვე შესრულებულ სამუშაოებზე 1500 ლარის ღირებულების მასალა გაიხარჯა, ხოლო 900 ლარის ღირებულების მასალა ტაძარში ინახება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით ფაქტების დადგენის პრინციპი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მტკიცების ტვირთი, მხარეებს შორის, თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლმა დაადგინა, რომ თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარის მიერ მითითებული გარემოებების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებების ანალიზით. მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამა თუ იმ ფაქტის არსებობისა. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი, თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით.
დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული დავის ფარგლებში, სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო მასალის შესყიდვაზე გადახდილი თანხების ოდენობის მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეს ეკისრება, ვინაიდან მასალის შესყიდვას მოპასუხე ახორციელებდა. შესაბამისად, ხარჯვის ნაწილში მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარესაა.
განსახილველ შემთხვევაში, შესყიდული მასალის ღირებულებასთან დაკავშირებით ზუსტი ხარჯთაღრიცხვა საქმეში წარმოდგენილი არ არის, მაგრამ სასამართლო გვერდს ვერ აუვლის იმ ფაქტს, რომ ტაძარში გარკვეულ ფართზე სამხატვრო სამუშაოები შესრულებულია. ამდენად, სამუშაოების ნაწილობრივი შესრულების ფაქტი უდავოდ დადასტურებულია და მისი შესრულება შესაბამისი მასალის გამოყენების გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ამდენად მოპასუხეს გარკვეული ოდენობის მასალის შესყიდვა განხორციელებული აქვს, რაც ბუნებრივია ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა განმარტებების და საქმეზე მოწმედ დაკითხული პირების მიერ მიცემული განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და მათი შინაგანი რწმენის შეფასების საფუძველზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა თე-----------------ემ, ზა---------–----ემ და ამირან მაკარიძემ დაადასტურეს, რომ გი-------------–-–---–თან ერთად ორი წლის განმავლობაში ტაძრის მოხატვაზე მუშაობდნენ. მოწმეებიდან თე-----------------ემ განმარტა, რომ ზუსტად რა ღირებულების მასალა შეიძინა გი-------------–-–---–მა არ იცის, თუმცა მისი აზრით 2 500-დან 3 000 ლარამდე ღირებულების მასალის შეძენა მოხდებოდა, საიდანაც უკვე შესრულებულ სამუშაოებზე მინიმუმ 1 500 ლარის მასალა იქნება დახარჯული (28.03.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:36:22-16:37:67 სთ). მოწმე ზა---------–----ის განმარტებით კი სავარაუდოდ 2 000 ლარის ღირებულების მასალა იქნა შეძენილი. სასამართლოს შეკითხვაზე მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ გი-------------–-–---–ის მიერ შეძენილი მასალიდან ტაძარში 900 ლარის ღირებულების მასალა ინახება. (01.05.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 16:17:45-16:21:50 სთ).
ვინაიდან ზუსტი ხარჯვა წარმოდგენილი არ არის, ამიტომ სასამართლო ერთის მხრივ მოსარჩელე მხარის განმარტებით და მეორეს მხრივ მოწმე თე-----------------ის მიერ დახარჯული მასალის ღირებულებასთან დაკავშირებით მითითებული მინიმალური ოდენობით იხელმძღვანელებს, რადგან მისი განმარტების მიხედვით ეს ის ხარჯია, რომელიც აუცილებლად იქნება დახარჯული. მოწმემ თე-----------------ის ჩვენების თანახმად კი შესრულებულ სამუშაოებზე მინიმუმ 1 500 ლარის მასალა იქნება გახარჯული, რასაც უნდა დაემატოს მოსარჩელე მხარის განმარტებით ტაძარში დარჩენილი მასალის ღირებულება. შესაბამისად, ვინაიდან 1 500 ლარი ღირებულების მასალა უკვე გამოყენებულია სამუშაოების შესრულებისას, ხოლო 900 ლარის ღირებულების მასალა ინახება ტაძარში, ამიტომ, მოპასუხისთვის გადაცემული თანხიდან 2400 ლარი სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო მასალის შეძენისთვის გადახდილად უნდა ჩაითვალოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფოტოსურათები (ს.ფ. 17-18; 166-167);
- მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება (იხ. სასამართლოს 28.03.2019 და 01.05.2019 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერები).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ვალდებულებას კისრულობს, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება წარმოადგენს კონსესუალურ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც მენარდე, შეთანხმებული საზღაურის გადახდის სანაცვლოდ, შემკვეთისათვის განსაზღვრულ სამუშაოს ასრულებს. ამდენად, ხელშეკრულება დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი, ხოლო შემკვეთის ვალდებულებას წარმოადგენს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როდესაც ხელშეკრულების მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას მის ყველა არსებით პირობაზე საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხემ ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში მდებარე წმი-----------–----ის ეკლესიის მოხატვის სამუშაოების შესრულების ვალდებულება იკისრა. თავის მხრივ მოსარჩელეს, სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოპასუხისათვის ჯამში 17 600 ლარი უნდა გადაეხადა. ამ ღირებულებაში შედიოდა როგორც გაწეული მომსახურების საფასური, აგრეთვე შესასრულებელი სამუშაოებისათვის საჭირო მასალის ღირებულება, რომლის შეძენაც მოპასუხეს მოსარჩელის მიერ გადაცემული თანხით უნდა განეხორციელებინა.
გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება დაიდო. ამიტომ, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას, ყურადღებას ამახვილებს ნარდობის მომწესრიგებელ ნორმებზე, რომლებიც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, მხარეთათვის მხოლოდ ამგვარი ურთიერთობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ რეგულაციებს ადგენენ.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ამავე კოდექსის 638-ე მუხლის მიხედვით თუ მენარდე ვალდებულებას შეწყვეტს 637-ე მუხლის მიხედვით, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის ადრინდელ მომსახურებას, თუკი შემკვეთს ადრე გაწეული მომსახურების მიმართ აქვს რაიმე ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში შემკვეთს სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. სამოქალაქო კოდექსის 637-ე და 638-ე მუხლებით კი დაცულია მენარდის ინტერესები და მისი უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად შემკვეთს, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, აკისრებს ვალდებულებას, რომ მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაოს ღირებულება და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ამ უკანასკნელის მტკიცების ტვირთი კი მენარდეს ეკისრება.
ამდენად, შემკვეთის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში მენარდეს უნაზღაურდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, აგრეთვე ზიანი, რომელიც შეიძლება იყოს დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები.
როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელემ მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან ორი წლის განმავლობაში ჯამში 12 316 ლარი მიიღო, საიდანაც ანაზღაურების სახით ზა---------–----ეს 1 756 ლარი, ამ--------------ეს 1 816 ლარი, ხოლო თე-----------------ეს 2 196 ლარი გადასცა. საქმის განხილვის შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ მოპასუხემ გადაცემული თანხიდან ანაზღაურების სახით 1 870 ლარი მიიღო, ხოლო 2 400 ლარით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო მასალის შესყიდვა განახორციელა, საიდანაც 1 500 ლარის ღირებულების მასალა შესრულებულ სამუშაოებზე დაიხარჯა, ხოლო 900 ლარის ღირებულების მასალა ტაძარში ინახება.
ამდენად, საქმის განხილვის შედეგად დადასტურდა, რომ მოპასუხისთვის გადაცემული 12 316 ლარიდან მოპასუხემ მთლიანობაში 10 038 ლარი დახარჯა, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილში (2 278 ლარი) მოპასუხემ მიუთითა, რომ ეს თანხაც სამუსაოების წარმოებისათვის საჭირო მასალის შესყიდვაზე დაიხარჯა, მაგრამ რაიმე მტკიცებულება, რომლითაც მითითებული გარემოება დადასტურდებოდა, მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის მიხედვით, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშვა ან შეწყდა შემდგომში.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია პირის გამდიდრება მოხდეს სხვა პირის ხარჯზე და გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ უნდა არსებობდეს ან შემდგომში უნდა შეწყდეს. ანუ, უსაფუძვლო გამდიდრებისთვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს პირი სხვის ხარჯზე იძენს რაიმე ქონებას, თუ ხდება საკუთარი ქონების დაზოგვა.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულება, რომლითაც წინასწარ გადაცემული თანხის სრული ხარჯვა დადასტურდებოდა. ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება, რის გამოც აღნიშნული შენაძენი მოსარჩელისთვის დაბრუნებას ექვემდებარება. სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით - უზრუნველყოს უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა. მოცემულ შემთხვევაში კი მოპასუხეს მიღებული აქვს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ მიღებას ექვემდებარება. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული თანხიდან 2 278 ლარი ექცევა უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ნორმების რეგულირების რეჟიმში და მიღებული შესრულება მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შედგება სასამართლო ხარჯების და სასამართლოს გარეშე ხარჯებისაგან. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-40 მუხლის თანახმად, 1)დავის საგნის ფასს მიუთითებს მოსარჩელე. თუ მოსარჩელის მიერ მითითებული ფასი აშკარად არ შეესაბამება სადავო ქონების რეალურ ღირებულებას, დავის საგნის ფასს განსაზღვრავს მოსამართლე სადავო ქონების საბაზრო ღირებულების მიხედვით. 2) თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე აღძრული სარჩელით 7 678 ლარის დაკისრებას ითხოვდა და სარჩელზე წინასწარ გადახდილია ბაჟი 231 ლარის ოდენობით. მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ შეამცირა მოთხოვნა და იგი საბოლოოდ 5 678 ლარის დაკისრება მოითხოვა. დავის საგნის ღირებულების მიხედვით სარჩელზე გადასახდელი ბაჟის ოდენობამ 170.34 ლარი შეადგინა. ამიტომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 60.66 ლარი (231-170.34=60.66)
მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს 2 278 ლარის გადახდა დაეკისრა. ამიტომ, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 68.34 ლარის ანაზღაურება, ხოლო 102 ლარი უდნა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი:
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ბე-–----------ის სარჩელი მოპასუხე გი-------------–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე გი-------------–-–---–ს მოსარჩელე ბე-–----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2 278 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე გი-------------–-–---–ს მოსარჩელე ბე-–----------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 68.34 ლარის ანაზღაურება;
4. მოსარჩელე ბე-–----------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 60.66 ლარი (საგადახდო დავალება №1; ბანკი - სს ,,ვი---------------------ა“; გადახდილი თანხა 231 ლარი; გადამხდელი - ბე-–----------ე; გადახდის თარიღი -05.06.2018 წელი);
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე