გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
საქმე №2/35630-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - ა-–---------- კ------–--ე
წარმომადგენელი - ზ------ გ--------–--ე
მოპასუხე - ლ---- ბ------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს 2018 წლის 14 ნოემბერს ნოტარიუს ი-------------ს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის #1-------- სესხის ძირი თანხის 2500 ლარის ნაწილში.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2017 წლის 29 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხისაგან 6 თვის ვადით ისესხა 2 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. საპროცენტო სარგებელი ყოველთვიურად განისაზღვრა 3%-ის ოდენობით. ა-–---------- კ------–--ის მიერ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შესრულდა საპროცენტო სარგებლის ნაწილში სრულად, ხოლო სესხის ძირი თანხის ნაწილში კი 2500 ლარის ოდენობით იქნა გადახდილი. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხემ, როგორც კრედიტორმა, მიმართა ნოტარიუსს და 2018 წლის 14 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. იმის გათვალისწინებით, რომ გამოწერილ სააღსრულებო ფურცელში არსებული ჩანაწერი სრულად არ ასახავს მოსარჩელის რეალურ ვალდებულებას, რადგან მასში ძირი თანხის ოდენობად კვლავ ასახულია 5 500 ლარი. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგენილია იპოთეკის საგნის რეალიზაციაც.
მოსარჩელის განმარტებით, სააღსრულებო ფურცელში მცდარადაა მითითებული არა მხოლოდ სესხის ძირი თანხის გადაუხდელი ნაწილი, არამედ, ასევე თავად სესხად მიღებული თანხის ოდენობაც, კერძოდ, მას მოპასუხისაგან გადაეცა 2000 აშშ დოლარი, რომლის ექვივალენტი ლარში ხელშეკრულების დადების დროს შეადგენდა არა 5500 ლარს, როგორც ეს სააღსრულებო ფურცელშია მითითებული, არამედ 5226,20 ლარს, რაც ასევე უკანონოს ხდის გაცემულ სააღსრულებო ფურცელს. სარჩელს თან ერთვის მსესხებლის მიერ გადახდილი ქვითრები და ასევე მოპასუხის ხელწერილები, რაც ადასტურებს ვალდებულების ჯეროვანდ შესრულების ფაქტს.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მის მიერ სესხის ძირი თანხის ნაწილი 2500 ლარი მის მიერ გადახდილია, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც მოპასუხესთან ინახება და იგი უარს აცხადებს მის გადმოცემაზე. ვინაიდან მას კრედიტორის წინაშე შესრულებული აქვს ფულადი ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი, გაუმართლებელია და დაუშვებელია უკანონო საღსრულებო ფურცლის საფუძველზე მოხდეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაცია, შესაბამისად, სააღსრულებო ფურცელში უნდა შევიდეს ცვლილება 2500 ლარის ნაწილში.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მათ არ გააჩნიათ სარჩელში მითითებული 2500 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა მათ მიერ აღნიშნული თანხა ნამდვილად იქნა გადახდილი მოპასუხეზე, რაც ასევე დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით, რაც უფრო მეტია, ვიდრე ხელშკრულების მოქმედების დროს გადახდილი სარგებლის ოდენობა (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებით თანახმად, სარჩელი არ სცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის ნამდვილად დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, საიდანაც მოსარჩელის მიერ 6 თვის სარგებლის ნაწილში ვალდებულება სრულად არის შესრულებული, თუმცა მხარეთა შორის 6 თვის შემდეგ კვლავ მოხდა შეთანხმება ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნითვე აღნიშნული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. აღნიშნული ხელშკრულება იგივე პირობებით გაგრძელდა 2018 წლის 29 სექტემბრამდე, რაც მანამდე არსებობდა (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ სესხის 6 თვის სარგებელი მოსარჩელის მიერ სრულად არის გადახდილი.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2017 წლის 29 დეკემბერს ლ---- ბ------–---–მა როგორც „გამსესხებელმა, იპოთეკარმა“ ა-–---------- კ------–--ეს, როგორც „მსესხებელს, მესაკუთრეს“ 6 თვის ვადით ასესხა 5500 ლარი, ყოველთვიურად 3%-იანი სარგებლით (პირველი პუნქტი).
ამავე ხელშეკრულებით, იგივე ოდენობის თანხა ა-–---------- კ------–--ის მიერ ნასესხები იქნა ქ---------------–---–-სგან (პირველი პუნქტი).
საპროცენტო სარგებლის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის არაუგვიანეს 29 რიცხვისა (მე-2 პუნქტი). ამავე პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობა 0,11%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, მხარეები ასევე უფლებამოსილნი იყვნენ გაეგრძელებინათ სესხის დაბრუნების ვადა, რაც უნდა მომხდარიყო წერილობითი შეთანხმებით, რა დროსაც ასევე შესაძლებელი იყო ხელშეკრულების პირობების შეცვლაც. სესხი უნდა დაბრუნებულიყო იმავე ვალუტაში, რომლითაც მოხდა გაცემა (ლარი).
სესხი უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, უძრავი ქონებით, მდებარე ქ------–---- ს.ჩ-------ის ქ.N-/ჭ--------ის ქ.N--- (ხელშეკრულების მე-8 პუნქტი).
ამავე ხელშეკრულებით მხარეთა მიერ მოხდა შეთანხმება ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზეც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 29 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-25)
- 2018 წლის 05 იანვრის ამოანწერისაჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 35-36)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2018 წლის 14 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ 2017 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელ ვალდებულებაზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი #1--------, რომლის მიხედვით, ა-–---------- კ------–--ის ვალდებულება ლ---- ბ------–---–ის მიმართ 2018 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა სესხის ძირი თანხა 5500 ლარს, ასევე 2018 წლის 29 ივნისიდან პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხის 0,11% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 131,44 ლარის ოდენობით. ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაციაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 14 ნოემბერს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი #1-------- (ს.ფ. 26-28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2017 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6 თვის საპროცენტო სარგებელი ა-–---------- კ------–--ის მიერ სრულად იქნა გადახდილი ლ---- ბ------–---–ის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდები, ხელწერილები (ს.ფ. 29-32)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. 2017 წლის 29 დეკემერის ხელწერილის თანახმად, მოპასუხემ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე მოსარჩელისგან აღებული იქნა 1 თვის სარგებელი 60 აშშ დოლარის ოდენობით.
2018 წლის 01 თებერვალს მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 109,59 აშშ დოლარი, 2018 წლის 21 თებერვალს გადახდილი იქნა - 119,59 აშშ დოლარი, 2018 წლის 26 მარტს - 100 აშშ დოლარი, 2018 წლის 25 აპრილს - 150 აშშ დოლარი.
2018 წლის 08 ივნისის ხელწერილში მითითებულია შემდეგი: „მე, ლ---- ბ------–---–მა მივიღე მარტის, აპრილის და მაისის სრული პროცენტები და ივნისის თვის 40 აშშ დოლარი“.
2018 წლის 27 ივნისის ხელწერილის შინაარსისი თანახმად, „ლ---- ბ------–---–მა მივიღე ა-–---------- კ------–--ისგან 20 ივნისი და 29 ივლისის %-ები სრულად.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდები, ხელწერილები (ს.ფ. 29-32)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. 2018 წლის 27 ივნისს მხარეთა შორის გაგრძელდა 2017 წლის 29 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იგივე პირობებით 2018 წლის 29 სექტემბერამდე ვადით.
აღნიშნული შეთანხმება არც სანოტარო წესით დადებულა და არც საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 27 ივნისის შეთანხმება (ს.ფ. 57-58)
4.6. შემოსავლის ორდერით #1-------- დასტურდება, რომ ა-–---------- კ------–--ის მიერ სააღსრულებო ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხული იქნა 3001 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლის ორდერით #1-------- (ს.ფ. 83)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ა-–---------- კ------–--ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე 623-625-ე, 286-ე, 361-ე, 400-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრუილება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ლ---- ბ------–---–მა მოსარჩელე ა-–---------- კ------–--ეს 6 თვის ვადით ასესხა 5500 ლარი ყოველთვიური 3%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. აღნიშნული ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაშია არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ------–---- ს.ჩ-------ი ქ. N-/ჭ--------ის ქ.---
უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ აღნიშნული 6 თვის განმავლობაში მოსარჩელის მიერ სრულად იქნა დაფარული მოპასუხის წინაშე არსებული დავალიანება სარგებლის ნაწილში.
2018 წლის 14 ნოემბერს ლ---- ბ------–---–ის მიმართვის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუზველზეც აღსასრულებელი ვალდებულების მოცეულობამ შეადგინა სესხის ძირი თანხა 5500 ლარი, პირგასამტეხლო 2018 წლის 29 ივნისიდან სესხის ძირი თანხის 0,11% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემისთვის საჭირო ხარჯები.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, იმ გარემოებსი მტკიცების ტვირთი, რომ მოვალეს კრედირტორის მიმართ გადახდილი ჰქონდა 2500 ლარი, რაც უნდა გამოკლებოდა სააღსრულებო ფურცლით გაცემულ სესხის ძირი თანხის ოდენობას, გადატაბილი იყო მოსარჩელე მხარეზე, რომელმაც სასამარტლოს წინაშე რაიმე მტკიცებულება წარმოადგინა, კერძოდ:
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე დართული გადახდის ქვითრებით, როგორც თავად მხარეებმა განაცხადეს და არცერთ მათგანს სადავოდ არ გაუხდია აღნიშნული, დასტურდება სარგებლის გადახდის ფაქტი. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ ასეთი მტკიცებულება ინახება მოპასუხესთან ანუ მოვალესთან. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ 2500 ლარის ნაწილში სესხის ძირი თანხა არის დაფარული. თუმცა სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დართულ როგორც გადახდის ქვითრებს, ასევე ხელწერილებს, რითაც დასტურდება სესხის ძირი თანხის მხოლოდ ნაწილობრივ გადახდის ფაქტი.
აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება, მოპასუხე მხარის მიერ არ წარმოდგენილა. ამასთან, სასამართლოსთვის, აღნიშნული დავიოს ფარგლებში უცნობია, იყო თუ არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეთა შორის, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე არ წარმოდგენილა, ასევე არ დგინდება ის გარემოებაც, რომ აღნიშნული გადახდის ქვითრები თუ ხელწერილები სრულად ან ნაწილობრივ არა აღნიშნულ 2017 წლის 29 დეკემბრის სასესხო ურთიერთობას, არამედ სხვა სასესხოს ურთიერთობას ეხებოდა, შესაბამისად, სასამართლომ სწორედ ამიტომ დაურთო საქმეს გადახდის ქვითრის დედნები, რათა მხარემ სხვა სამოქალაქო საქმეზე არ მოახდინოს მათი წარდგენა და განმეორებით მოთხოვნა იმ თანხების ჩათვლაზე, რაზეც ამ ეტაპზე სასამართლო იმსჯელებს. ამასთან, რაც იქნა მხარის მიერ წარმოდგენილი, სასამართლო აღნიშნულ გადახდებს ჩათვლის როგორც ძირი თანხის, ასევე სარგებლის ნაწილში. სარგებლის ნაწილში იმიტომ მოახდენს ჩათვლას ნაწილობრივ, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული გადახდებით სარგებელი სრულად შესრულებული, რაზეც ამჟამად მხარეები არ დავობენ, და რაზეც მოპასუხეს ხელწერილებიც კი აქვს დაწერილი, თუმცა სარგებლის ჯამური ოდენობა არის იმაზე მეტი, ვიდრე მხარეს 6 თვის განმავლობაში მოუწევდა გადახდა.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის სახით გაიცა 5500 ლარი 6 თვის ვადით ყოველთვიური 3%-იანი სარგებლის დარიცხვით ანუ როგორც თავად მოსარჩელე აცხადებს 2000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით ყოველთვიური 3%-იანი სარგებლით, რაც თვეში შეადგენდა 60 აშშ დოლარს, ხოლო 6 თვეში კი მხოლდო სარგებლის სახით გადასახდელი უნდა ყოფილიყო 360 აშშ დოლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სესხის გადაცემისთანავე პირველი თვის სარგებელი ლ---- ბ------–---–ის მიერ ადგილზევე იქნა აღებული, ამასთან 2018 წლის 08 ივნისის ხელწერილის თანახმად, მოსარჩელეს გადახდილი ჰქონდა მარტის, აპრილისა და მაისის თვის სარგებელი სრულად, ხოლო ივნისის თვის კი 40 აშშ დოლარი, ხოლო 2018 წლის 27 ივნისის ხელწერილით კი დასტურდება სარგებლის ნაწილში ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტი.
ამდენად, მხოლოდ ხელწერილებით დასტურდება მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვის სარგებლის სრულად გადახდის ფაქტი, ხოლო დეკემბრის თვისა კი ხელზე იქნა აღებული ლ---- ბ------–---–ის მიერ.
ასევე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის მიერ სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით გადარიცხული თანხები შეადგენს შემდეგს - 2018 წლის 01 თებერვალს გადაირიცხა ლ---- ბ------–---–ის სახელზე 109,59 აშშ დოლარი, 2018 წლის 21 თებერვალს - 119,59 აშშ დოლარი, 2018 წლის 26 მარტს - 100 აშშ დოლარი და 2018 წლის 25 აპრილს - 150 აშშ დოლარი, სულ 479,18 აშშ დოლარი.
აღნიშნული გადახდებიდან, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებიდან დასტურდება, რომ მხოლოდ 6 თვის სარგებელი ანუ 360 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს 479,18 აშშ დოლარს, რაც იყო სარგებელი და მათი სხვაობა შეადგენს 119,18 აშშ დოლარს. აღნისნულ თანხას უნდა დაემატოს დეკმებრის თვის, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადახდილი სარგებელი 60 აშშ დოლარი, სწორედ 119,18 აშშ დოლარს+60 აშშ დოლარით მეტი აქვს გადახდილი მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ თანხა, რაც უნდა ჩაითვალოს სესხის ძირ თანხაში გადახდილად. უფრო ზუსტად, 179,18 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს სესხის სახით გაცემულ 2000 აშშ დოლარს, რაც შეადგენს 1820,82 აშშ დოლარს.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 10 დეკემბერს, იმ დროისთვის არსებული ეროვნული კურსის გათვალისწინებით უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში შეადგენს 469,45 ლარს. აღნიშნული უნდა გამოაკლდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელში მითითებული ძირი თანხის ოდენობას 5 500 ლარს და მოსარჩელეს ანუ მოვალეს მოპასუხის ანუ კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5030,55 ლარი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს, როგორც მოვალეს მოპასუხის, ანუ კრედიტორის სასარგებლოდ.
შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული სესხის ძირი თანხის ნაწილში და აღსასრულებელი ვალდებულება მხოლოდ ამ ნაწილში განისაზღვროს 5030,55 ლარით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა, მოსარჩელის მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის, ასევე 50 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ხოლო მოაპსუხეს კი მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად დაეკისროს 14,08 ლარის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილდებული სასარჩელო მოთხოვნა, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 11 დეკემებრს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შეჩერდა ნოტარიუს ი-------------ს მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლის მოქმედება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ა-–---------- კ------–--ის სარჩელი მოპასუხე ლ---- ბ------–---–ის მიმართ სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოსარჩელე ა-–---------- კ------–--ეს მოპასუხე ლ---- ბ------–---–ის მიმართ გადახდილად ჩაეთვალოს 469,45 ლარი სესხის ძირი თანხის ნაწილში და შესაბამისად, ცვლილება შევიდეს 2018 წლის 14 ნეომბერს ნოტარიუს ი-------------ს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში N1-------- და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობად სესხის ძირი თანხის ნაწილში განისაზღვროს 5030,55 ლარი.
2. მოსარჩელეს მის მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარისა და 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხე ლ---- ბ------–---–ს მოსარჩელის ა-–---------- კ------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკლნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 14,08 ლარის ანაზღაურება.
4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 11 დეკემებრს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შეჩერდა ნოტარიუს ი-------------ს მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს გაცემული #1-------- სააღსრულებო ფურცლის მოქმედება დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N-ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე