გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2919-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
24 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი ალექსანდრე ხაჭაპურიძე
მოსარჩელე - ჯ---–---------------
წარმომადგენელი - ხ--------------
მოპასუხე - შპს „ტ----“
წარმომადგენელი - ვ--–---------------------
დავის საგანი - დივიდენდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ტ----ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს კუთვნილი მიუღებელი დივიდენდი: 2014 წლის 2 866 ლარი (43 000 ლარიდან 6,6%), 2015 წლის 4665 ლარი (გადარიცხული 70 000 ლარიდან 6,6%), სულ 7531 ლარი.
1.2. მოპასუხე შპს „ტ----ს“ მოსარჩელე ჯ---–---------------- სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯები, სახელმწიფო ბაჟის თანხა 226 ლარის ოდენობით და ასევე საადვოკატო მომსახურების თანხა ჯამში 1000 ლარის ოდენობით. (იხ. მოსამზადებელი სხდომის ოქმი).
მოსარჩელის განმარტებით, ის წარმოადგენს შპს „ტ----ს“ 6.6%-იან წილის მფლობელს, რომელსაც აღნიშნული საზოგადოებიდან, 2014-2017 წლებში, არ ერიცხება მისი კუთვნილი დივიდენდი. მოსარჩელის განმარტებით, ამ პერიოდში შპს „ტ----“ სხვა პარტნიორებს აძლევდა დივიდენდს, მას კი მიღებული აქვს მხოლოდ 526 ლარი. მოსარჩელე ასევე განმარტავს, რომ 2016 წლის 21 იანვრის კრების ოქმის თანახმად, განხილულ იქნა 2014 წლის მოგების განაწილების საკითხი, რომლის მიხედვითაც მოგებიდან დივიდენდის სახით გაცემულია 57 000 ლარი და აქვე დაადგინეს, რომ დანარჩენი 43000 ლარის გაცემა მომხდარიყო 2016 წლის ივლისამდე, თუმცა მას დღემდე არ დარიცხვია ამ თანხიდან დივიდენდი. ასევე 2015 წელსაც დივიდენდის სახით გაიცა 70 000 ლარი, საიდანაც მოსარჩელეს არაფერი მიუღია. რაც შეეხება 2016-2017 წლებს, მოსარჩელე მიუთითებს, რომ აღნიშნულზე კრება არ ჩატარებულა, თუმცა მას აქვს ინფორმაცია ამავე წლებში დივიდენდის გაცემასთან დაკავშირებით. მოსარჩელის არაერთგზისი მცდელობის მიუხედავად, აღნიშნულზე ინფორმაციის მიღება უშედეგოა, რადგან მოპასუხე თავს იკავებს კომუნიკაციისაგან .
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „ტ----ს“ წარმომადგენელმა ვ--–---------------------მ წარმოდგენილი შესაგებლით სრულად ცნო სარჩელი დივიდენდის ნაწილში, 2014 წლის - 2866 ლარის და 2015 წლის - 4665 ლარის დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ თანხის გადარიცხვა დაბრკოლდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აღნიშნული თანხების გაცემის შესაძლებლობა საწარმოს არ აქვს. მისივე განმარტებით, უახლოეს პერიოდში შპს „ტ----“ ელოდება შემკვეთიდან თანხას, რომლის შემოსვლისთანავეც გასტუმრებული იქნება დივიდენდის დავალიანება. ასევე განმარტა, რომ მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს არანაირი დამატებითი ხარჯები, ვინაიდან მის მიერ მოხდა სარჩელის ცნობა.
მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე შპს „ტ----ს“ წარმომადგენელმა ვ--–---------------------მ სრულად ცნო სარჩელი და დაეთანხმა ჯ---–---------------- სასარჩელო მოთხოვნას დივიდენდის სახით 2014 წლის - 2866 ლარის და 2015 წლის - 4665 ლარის დაკისრების თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ჯ---–--------------- წარმოადგენს შპს „ტ----ს“ პარტნიორ 6.6%-იან წილის მესაკუთრეს.
3.1.2. წლების მიხედვით, შპს „ტ----ს“ მიერ ხდებოდა დივიდენდების გაცემა პარტნიორებზე, თუმცა 2014-2017 წლებში მოსარჩელე ჯ---–---------------ს დივიდენდები სრულად არ მიუღია. ამ წლებში მას დივიდენდის სახით მიღებული აქვს მხოლოდ 526 ლარი
3.1.3. 2015 წლის 21 იანვრის პარტნიორთა კრებაზე განხილული იქნა 2014 წლის დივიდენდის საკითხი, რომლის მიხედვითაც 2014 წლის მოგებიდან დივიდენდის სახით გასაცემი 43 000 ლარის გაცემა უნდა მომხდარიყო 2016 წლის ივლისამდე პარტნიორთა წილის შესაბამისად, თუმცა არ მიუღია.
3.2.4. 2016 წლის 27 დეკემბრის პარტნიორთა კრებაზე მოხდა დივიდენდის განაწილება, კერძოდ: გასანაწილებელ დივიდენდად განისაზღვრა 70 000 ლარი, რომელიც არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისისა უნდა გაცემულიყო პარტნიორებზე წილის შესაბამისად, თუმცა დღემდე არ მიუღია.
3.2.5. მოპასუხე შპს „ტ----ს“ წარმომადგენელმა მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი და დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას 2014 წლის დივიდენდის - 2866 ლარის და 2015 წლის დივიდენდის - 4665 ლარის დაკისრების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 18-21);
- ცნობა შემოსავლების სამსახურიდან. დანართი: ინფორმაცია 2016-2018 წ.წ. შემოსავლების შესახებ (იხ. ს.ფ. 43-44);
- ჯ---–---------------- განცხადებები (იხ. ს.ფ. 45-47);
- მხარეთა განმარტებები ( იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლებით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-8, მე-9, 44-ე, 57-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება. აღნიშნული უფლებიდან გამომდინარეობს ის, რომ შპს-ს კაპიტალში პარტნიორის წილი წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორობიდან გამომდინარე ქონებრივ-სამართლებრივი სიკეთის მოთხოვნის უფლებას. შპს პარტნიორთა ქონებრივი უფლებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მოგების წილის ანუ დივიდენდის მოთხოვნის უფლება. ეს უფლება მოიცავს დივიდენდის მიღების ზოგად უფლებას და კონკრეტული სამეურნეო წლის ბოლოს პარტნიორის მიერ საზოგადოების მოგების ნაწილის მოთხოვნის უფლებას. პირველი უფლება წარმოიშვება საზოგადოების პარტნიორად მიღების მომენტიდან, ხოლო მეორე კი საზოგადოების პარტნიორთა კრების მიერ მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან. დივიდენდის მიღების უფლება განუყრელად არის დაკავშირებული პარტნიორად ყოფნასთან და მისი სხვა პირისათვის გადაცემა წილისგან დამოუკიდებლად დაუშვებელია. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-8, მე-9 პრიმა მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კრების გადაწყვეტილება მართლზომიერია თუ ის იღებს შემდეგი ორი გადაწყვეტილებიდან ერთ-ერთს: 1) საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება მთელი წმინდა მოგება დარჩეს საწარმოში და გათვალისწინებული იქნეს ახალი ანგარიშის დროს. 2) დაუბეგრავი მოგება განაწილდეს დივიდენდად საზოგადოებაში პარტნიორის წილის პროპორციულად.
აღნიშნული ნორმის შესაბამისად პარტნიორთა კრებამ დაადასტურა და დაადგინა დივიდენდის სახით თანხის პარტნიორებზე განაწილება მათი წილის პროპორციულად, თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა პარტნიორთა უფლებების დარღვევა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არსებული დივიდენდი შპს „ტ----ს“ დღემდე არ მიუცია მოსარჩელისათვის.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიღების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. სამეწარმეო ობიექტის დაფუძნების მიზანია მოგების მიღება, პარტნიორის ინტერესებიც, როდესაც ის ხდება საწარმოს განსაზღვრული წილის მესაკუთრე, არის სწორად საწარმოს მოგებიდან მისი წილის პროპორციული მოგების მიღება დივიდენდის სახით.
დივიდენდის დადგენის, გამოცხადებისა და განაწილების წესი დადგენილია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც დირექტორები ადგენენ წლიურ ანგარიშს და ანგარიშს სამეურნეო მდგომარეობის შესახებ, ასევე წმინდა მოგების განაწილების წინადადებას სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარსადგენად. წმინდა მოგების განაწილების მოწონებულ წინადადებას სამეთვალყურეო საბჭო დასამტკიცებლად წარუდგენს საერთო კრებას. თუ დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭო ვერ შეთანხმდებიან წმინდა მოგების განაწილებაზე, მაშინ მათ წმინდა მოგების განაწილების ორივე წინადადება უნდა აცნობონ საერთო კრებას. საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება მთელი წმინდა მოგება დარჩეს საწარმოში და გათვალისწინებულ იქნეს ახალი ანგარიშის დროს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება აქციონერებს მიეცეთ სხვა საზღაური, გარდა საზოგადოების დივიდენდებისა. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში აქციონერი, რომელმაც ეს საზღაური მიიღო, ვალდებულია უკან დააბრუნოს იგი ან ფულადი სახით აანაზღაუროს წარმოშობილი ქონებრივი ზარალი. დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭო ამ პრინციპის დარღვევისათვის საზოგადოების წინაშე პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საერთო კრებას არ შეუძლია უარი თქვას ამ უფლების გამოყენებაზე. ეს უფლება შეიძლება გამოიყენონ საზოგადოების კრედიტორებმა, თუ საზოგადოებისაგან არ მიუღიათ თავიანთი მოთხოვნების კომპენსაცია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 21 იანვრის პარტნიორთა კრებაზე განხილული იქნა 2014 წლის დივიდენდის საკითხი, რომლის მიხედვითაც 2014 წლის მოგებიდან დივიდენდის სახით გასაცემი 43 000 ლარის გაცემა უნდა მომხდარიყო 2016 წლის ივლისამდე პარტნიორთა წილის შესაბამისად; ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 27 დეკემბრის ოქმით მოხდა დივიდენდის განაწილება, კერძოდ: გასანაწილებელ დივიდენდად განისაზღვრა 70 000 ლარი, რომელიც არაუგვიანეს 2017 წლის 30 ივნისისა უნდა გაცემულიყო პარტნიორებზე წილის შესაბამისად.
საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ჯ---–--------------- წარმოადგენს შპს „ტ----ს“ პარტნიორ 6.6%-იან წილის მესაკუთრეს. ასევე დადგენლია, რომ წლების მიხედვით, შპს „ტ----ს“ მიერ ხდებოდა დივიდენდების გაცემა პარტნიორებზე, თუმცა 2014-2017 წლებში მოსარჩელე ჯ---–---------------ს დივიდენდების სახით მიღებული აქვს მხოლოდ 526 ლარი.
მოპასუხე შპს „ტ----ს“ წარმომადგენელმა მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე სრულად ცნო სარჩელი და დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას 2014 წლის მიუღებელი დივიდენდის - 2866 ლარის და 2015 წლის მიუღებელი დივიდენდის - 4665 ლარის დაკისრების თაობაზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.5. მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს, კერძოდ, მის მიერ 2014-2015 წლების დივიდენდების სრული ოდენობით მიუღებლობა, რასაც დაეთანხმა მოპასუხე მხარეც და სრულად ცნო სარჩელი.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. (26.12.2-14 N 3014).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე შპს „ტ----მ“ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნო სარჩელი, რის გამოც მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 226 ლარის ოდენობით.
ასვე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს. ხოლო რაც შეეხება საადვოკატო ხარჯებს, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ჯამში საადვოკატო მომსახურებისათვის გადაიხადა 1000 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არსებობს ამ ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, რაც შეადგენს 301.24 ლარს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს „ტ----ს“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს: ქ. ქუთაისი, ა------–-----–---------------------, საკადასტრო კოდი: №0-----------.
ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ჯ---–---------------- სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს „ტ----ს“ მოსარჩელე ჯ---–---------------- სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის მიუღებელი დივიდენდი - 2866 ლარის ოდენობით და 2015 წლის მიუღებელი დივიდენდი - 4665 ლარის ოდენობით, სულ 7531 ლარი.
3. მოპასუხე შპს „ტ----ს“ მოსარჩელე ჯ---–---------------- სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ასევე საადვოკატო მომსახურების ხარჯები - 301.24 ლარის ოდენობით.
4. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი.
5. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელე ჯ---–---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 226 ლარის ოდენობით, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღები: ბიუჯეტის შემოსავლების ერთიანი ანგარიში; ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (226.00 ლარი, გადახდის თარიღი: 14/08/2018წ, საგადასახადო დავალება №0, (გადამხდელი: ჯ---–---------------, გადამხდელის ბანკი: სს „თიბისი ბანკი“).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ციცინო მოსიძე