გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/34808-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ლაკერბაია
სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,კ--------------------ი’’
წარმომადგენელი - დ----- მ----------
მოპასუხე - შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’
წარმომადგენელი - ზ------ ვ---–---–-, გ---–------------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზრაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-ს მოსარჩელე შპს ,,კ--------------------ი’’-ს სასარეგბლოდ ზიანის ანაზღაურება 12 698 ლარის ოდენობით;
1.2.დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-ს მოსარჩელე შპს ,,კ--------------------ი’’-ს სასარეგბლოდ ზიანის ანაზრაურების სახით ს-----------ო მომსახურებისა და მივლინების ხარჯის - 59 481 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2016 წლის 15 სექტემბერს შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-მა სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შპს ,,კ--------------------ი’’-ს მიმართა თანხის დაკისრების/ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით გამოყენებულ იქნა ყადაღა 173 000 აშშ დოლარის ოდენობით შპს ,,კ--------------------ი’’-ს საბანკო ანგარიშებზე სს ,,თი------------ი’’-შო. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განჩინებით ამავდროულად საქმეზე გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის გარანტია და მოპასუხისთვის მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-ს დაევალა განჩინების გადაცემიდან 7 დღის ვადაში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 4 563.96 აშშ დოლარის და 28 590 ევროს ექვივალენტი ლარში განთავსება. შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-მა განათავსა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებიშ, შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-ს სარჩელი არ დაკმაყოილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით, შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 0+9 ოქტომბრის განჩინებით კი შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-ს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-ს არდაკმაყოფილებული სარჩელის და გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების - ჰყადაღის გამო მოსარჩელეს მიადგა პირდაპირი და უშუალო ზიანი 5 039.43 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი - 12 698 ლარი. ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების დასაძლევას, შპს ,,კ--------------------ი’’-მა 2016 წლის 13 ოქტომბერს აიღო კრედიტი სს ,,ს----------–---------’’-დან 100 000 აშშ დოლარის ოდენობით ერთი წლის ვადით, რაც დამატებითი ხარჯის გაღებით კეთილსინდისიერად შეამცირა მისი კუთვნილი თანხების დაყადაღებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანი (საურავის გადახდის ვალდებულევა პარტნიორებთან/კლიენტებთან გაფრომებული ხელშეკრულებების ფარგლებში; თანამშრომლებზე სახელფასო დავალიანების გამო მოსალოდნელი ჯარიმები და სხვა). აღნიშნულ კრედიტზე მოსარჩელის მიერ პროცენტის სახით გადახდილ იქნა 5 039.43 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 12 698 ლარი.
გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელემ მოპასუხის ინიციებით დაწყებული დავის ფარგლებში გასწია საადვოჯატო მომსახურების ხარჯი, ისევე როგორც სამივლინებო ხარჯები, რამაც შეადგეინა 59 481 ლარი და რაც უშუალოდ სარჩელის წადგენით გამოწვეული ზიანია. ამასთანავე, აღსანიშნავია რომ წარმოებული სასამართლო დავა განხილვის მხრივ რთული კატეგორიის საქმეებს განეკუთვნებოდა და შესაბამისად სასამართლო განხილვისთვის ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა პიველ და მეორე ისნტანციებში, ამასთანავე განხილვა მიმდინარეობდა რეგიონებში, რის გამოც ასევე აუცილებელი იყი იურისტების მივლინებისათვის სამივლინებო ხაჯრების გაწევა.
2.1. მოპასუხის პოზიცია სარჩელთან მიმართებით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხემ დამატებით დამატებით ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითა, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 მაისის განჩინებით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სს ,,თი---------ი’’-ში შპს ,,კ--------------------ი’’-ს ფულად სახსრებზე 21 192.5 აშშ დოლარის ოდენობით და ამ ოდენობის თანხას მოეხსნა ყადაღა. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უცვლელი დარჩა სს ,,თი---------ი’’-ში შპს ,,კა------------------ი’’-ს ფულად სახსრებზე 151 807.5 აშშ დოლარის ოდენობით. წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე სარწმუნოდ ვერ ადასტურებს, რომ საბანკო კრედიტის აღების საჭიროება მოპასუხესთან წარმოებული სასამართლო დავის ფარგლებში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მის საბანკო ანგარიშებზე თანხის დაყადაღებით იყო განპირობებული და მესამე პირებისადმი მოსარჩელის სამომავლო ვალდებულებების შესრულების მიზნებისათვის აუცილებლობას წარმოადგენდა. არ არსებობს სხვა დავაში გაწეული ს-----------ო მომსახურების თანხის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები, ვინაიდან აღნიშნული მოსარჩელეს უნდა მოეთხოვა იმ სასამართლო დავის ფარგლებში და აღნიშნულის თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტება.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 12 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-მა მოპასუხე შპს ,,კ--------------------ი’’-ს მიმართ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის - 173 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს ,,კ--------------------ი’’-ს საბანკო ანგარიშებს 173 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ, დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის შესახებ: გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში შპს ,,კ--------------------ი’’-ს საბანკო ანგარიშებს, გარდა სს ,,თი---------ი’’-ში გახსნილი დოლარის ანგარიშისა, რომელზეც ყადაღა უცვლელად დარჩა 173 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინება (ტომი 1, ს.ფ.63-66);
- სამკვიდრო მოწმობა (ტომი 1, ს.ფ.70-72);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 მარტის განჩინებით უზრუნველყოფის გარანტიის შესახებ, შპს ,,კ--------------------ი’’-ს განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქმეზე გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის გარანტია და მოპასუხისთვის მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფის მიზნით, შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-ს დაევალა ამ განჩინების მისთვის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 4 563.96 აშშ დოლარის და 28 590 ევროს ექვივალენტი ლარში შეტანა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინება (ტომი 1, ს.ფ.67-74);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით, შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,კ--------------------ი’’-ს მიმართ არ დაკმაყოფილდა და გაუქმდა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ.50-62);
- განჩინება (ტომი 1, ს.ფ.28-48);
- განჩინება (ტომი 1, ს.ფ.25-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1.2016 წლის 13 ოქტომბერს სს ,,ს----------–---------’’-სა და შპს ,,კ--------------------ი’’-ს შორის ერთი წლის ვადით დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელეზე გაიცა კრედიტი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით წლიური 8.3% სარგებლის დარიცხვის პირობით.
მოსარჩელის მიერ აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას პროცენტის სახით გადახდილია 5 039.43 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 12 698 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.75-82);
- საბანკო ამონაწერი (ტომი 1, ს.ფ.83-112);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2.2. შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-ს მიერ წარმოებული სასამართლო დავის ფარგლებში, შპს ,,კ--------------------ი’’-ს მიერ იურიდიული მომსახურების და ამ მიზნით მათთვის სამივლინებო ხარჯების უზრუნველყოფისთვის გაღებულია ხარჯი 59 481 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.
მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში მტკიცებულებათა სახეებად განსაზღვრულია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტთა დასკვნა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სტანდარტი, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
წარმოდგენილი დავის ფაქტობრივ გარემოებებში მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიერ შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-ს მიერ წარმოებული სასამართლო დავის ფარგლებში იურიდიული მომსახურების და ამ მიზნით მათთვის სამივლინებო ხარჯების უზრუნველყოფისთვის გაღებულია ხარჯი 59 481 ლარის ოდენობით და აღნიშნულის დასადასტურებლად მის მიერ წარმოდგენილია შესაბამისი მტკიცებულებები. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი შესაგებლის ფარგლებში მოპასუხეს არ განუხორციელებია შედავება მოსარჩელის მიერ მითითებული ზიანის ოდენობასთან მიმართებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებულ მოსარჩელის მითითებას ზიანის ოდენობასთან მიმართებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.123-126);
- საგადახდო დავალებები (ტომი 1, ს.ფ.127-159);
- ცხრილი (ტომი 1, ს.ფ.160);
- ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები (ტომი 1, ს.ფ.161-187);
- სასამართლო სხდომის ოქმები (ტომი 1, ს.ფ.286-328);
- სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია (ტომი 2, ს.ფ.44-141);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს ,,კ--------------------ი’’-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება მოთხოვნების სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 199-ე, 37-ე, 53-ე, 54-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ანდა იმის გამო, რომ სასამართლომ ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად. განსახილველი დავის ფარგლებში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულების სპეციალურ სახეს წარმოადგენს, თუმცა იგი არა ზიანის ანაზღაურების ზოგადი წესებით, არამედ - სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგულირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; 2) სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს გაუმართლებელი; 3) უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად დამდგარი ზიანი და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებასა და მოპასუხისათვის მიყენებულ ზიანს შორის.
ამ ფაქტების მითითება და მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს. ის გარემოება, რომ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად გვევლინება საპროცესო სამართლის ნორმა, არსებითად არ ცვლის ვითარებას. აღნიშნული საკანონმდებლო ტექნიკის საკითხია და სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირების მხოლოდ მასზე დამყარება არ ეწინააღმდეგება მართლწესრიგის პრინციპებს. ეს ნორმა მნიშვნელოვანია იმ კონტექსტშიც, რომ იგი ერთი მხრივ, მოსამართლეს აძლევს პრევენციული მოქმედების განხორციელების შესაძლებლობას - ზიანის აშკარა საფრთხის შემთხვევაში, მხარეს შეიძლება დაეკისროს მისი უზრუნველყოფა, ამასთანავე, პირს, რომლის ინტერესების დაცვასაც ემსახურება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, განემარტება ამ ღონისძიების გაუმართლებლობის გამო შესაძლო ზიანზე პასუხისმგებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1216-1136-2017).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.
სარჩელის უზრუნველყოფის საპროცესო ინსტიტუტის მიზანი სარჩელის დაცვაა, რომელიც აღძრულია ამ კონკრეტული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და მოსარჩელის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამოყენებული დროებითი ღონისძიების ისეთ სახეს, რომლის მიზანი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება და მისი აღსრულების ხელშეწყობაა. ამ თვალსაზრისით, იგი მოპასუხის უფლებისა თუ ინტერესის შევიწროებას გულისხმობს, თუმცა იგი არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც მოპასუხის უფლებების უპირობოდ შემზღუდველი ღონისძიება.
ბუნებრივია, მოპასუხის ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იწვევს უზრუნველყოფის ობიექტზე მოპასუხის უფლებების სრულ ან/და ნაწილობრივ შეზღუდვას. თუმცა, ასეთი შეზღუდვის უკან მოსარჩელის ლეგიტიმური ინტერესი დგას - უზრუნველყოფილ იქნეს სასამართლოს მიერ მისაღები გადაწყვეტილების შეუფერხებელი აღსრულება. საქმეში აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოსათვის საჩივრის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება.
სასამართლო დავის მიმდინარეობის ფარგლებში მხარეთა გარკვეული უფლებების შეზღუდვა, დავის მოსალოდნელი და განჭვრეტადი რისკია. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის საფუძველი კი შესაძლოა გახდეს დავაში მონაწილე მხარის ისეთი განზრახი მოქმედება, რომელიც მიმართულია მოწინააღმდეგე მხარის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვისაკენ და სცდება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის კანონით დაცულ ინტერესს. ასეთ შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, როცა, მაგალითად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით იკვეთება მოსარჩელის/მოპასუხის აშკარა, ბრალეული ან/და არაკეთილსინდისიერი, უფლების ბოროტად გამოყენების ფარგლებში განხორცილებული ქმედება, რომლის ერთადერთი მიზანი - მხოლოდ მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებაა.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი საკითხის სხვაგვარი განმარტება არ იქნება თანხვედრაში სარჩელის უზრუნველყოფის საპროცესო ინსტიტუტის მიზანთან და ზოგადად სამართლიანი სასამართლოსა და სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპებთან, ვინაიდან, შექმნის დაუსაბუთებელ მოლოდინს იმისა, რომ კანონით გარანტირებული საპროცესო უფლებების კეთილსინდისიერი რეალიზება შესაძლოა განიმარტოს, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუმართლებელი გამოყენება. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ სასამართლოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ფარგლებში მოპასუხეს მოუხდა საბანკო დაწესებულებიდან დამატებითი თანხების მოძიება და საბანკო დაწესებულებისთვის შესაბამისი პროცენტის გადახდა არ წარმოადგენს იმ სახის ზიანს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ექვემდებარება ანაზღაურებას.
6.2. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-ს მიერ წარმოებული დავის ფარგლებში წარმომადგენლისათვის იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება. დადგენილია, რომ შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-ს მიერ წარმოებული სასამართლო დავის ფარგლებში, შპს ,,კ--------------------ი’’-ს მიერ იურიდიული მომსახურების და ამ მიზნით მათთვის სამივლინებო ხარჯების უზრუნველყოფისთვის გაღებულია ხარჯი 59 481 ლარი. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს არ განუხორციელებია კვალიფიციური შედავება ზიანის ოდენობის ნაწილში, სასამართლო იზიარებს მის პოზიციას და მიუთითებს, რომ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს (გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა). ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც.
ამდენად, სასამართლოს შეფასებით ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა (იხ. სუსგ, საქმე Nას-165-158-2013).
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, მხარე იქნება ეს მოსარჩელე თუ მოპასუხე, საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა მხარეს ართმევს უფლებას, აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი სხვა დავაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის, პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 2 165.37 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარი (ტომი 1, ს.ფ.196-197) რომელიც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, რადგან სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილებული.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,კ--------------------ი’’-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ჯ--------- ს------ გ-----ი’’-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ლაკერბაია