გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N160210018002305187
N2/155-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წ. ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივნები: ვერიკო ნინიაშვილი, სალომე ჯელიაშვილი
მოსარჩელე - მე-----–------------ი (არ გამოცხადდა)
წარმომადგენლები: თა---------–--–---–ი, და-----------–-------ე
მოპასუხე - სა-----------------ა
თარჯიმანი - სუ-------------–---–-
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სა-----------------ას დაევალოს მოსარჩელე მე-----–------------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, მდებარე მა-------–--------–----–----------------–--------------–--ს ტერიტორია, ს/კ 83.06.15.2--, თვითნებურად მოწყობილი არაკაპიტალური ნაგებობის (საბძელის) მოშლა და აეკრძალოს ამავე მიწის ნაკვეთით სარგებლობა სხვა ნებისმიერი ფორმით (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-14);
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2002 წლის 14 ივნისს, მა-------–--------------------–---------ში (ამჟამად სოფ. მე-----------–ო) მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2060.00 კვ.მ. ფართობის მქონე უძრავ ნივთზე სისტემური რეგისტრაციის წესით, ს/კ 83.06.04.3--, დარეგისტრირდა მე-----–------------ის კომლის საკუთრების უფლება. ამავე მიწის ნაკვეთზე განლაგებულია მისი საცხოვრებელი სახლი, სადაც იგი მუდმივად ცხოვრობს ოჯახით. სხვა უძრავი ქონება მოსარჩელეს საქართველოში არ გააჩნია. 2017 წლის 21 ივლისს, მე-----–------------მა სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა საჭირო დოკუმენტაცია და მოითხოვა ამავე მიწის ნაკვეთზე ცვლილებების რეგისტრაცია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში. მე-----–------------ის მიერ წარდგენილი და სარეგისტრაციო სამსახურის მიერ არქივიდან გამოთხოვილი ცნობების საფუძველზე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და მე-----–------------ისა და მისი კომლის თანასაკუთრებად დარეგისტრირდა 2056 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ნაცვლად 2060.00 კვ.მ-სა. ამასთან, დაზუსტებული საკადასტრო მონაცემების მიხედვით, ქონებას მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: 83.06.15.2--. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება იმგვარად არის განლაგებული, რომ მიწის ნაკვეთს საერთო სარგებლობის შიდა სასოფლო გზასთან კავშირი მხოლოდ ერთი მიმართულებით გააჩნია. კერძოდ, მიწის ნაკვეთს მთელ სიგრძეზე თითქმის პარალელურად ჩაჰყვება დაახლოებით 3,5-4 მეტრის სიგანის დახრეშილი გზა ტრანსპორტით, ურმით, თუ ფეხით გადასაადგილებლად და მას არ აქვს ალტერნატივა. მოპასუხის სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი მდებარეობს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების მოპირდაპირედ და ისინი გამოყოფილია სწორედ ხსენებული სასოფლო გზით, ანუ მხარეთა უძრავი ქონება ურთიერთშემხებლობაში არ არის. სა-----------------ამ თავისი ჭიშკრის მოპირდაპირედ და გზის სავალი ნაწილის მეორე მხარეზე თვითნებურად გაარღვია მოსარჩელის ნაკვეთის შემომსაზღვრელი მავთულბადე და ხის ბოძებზე გააწყობინა მარტივი ტიპის მსუბუქი ნაგებობა. როგორც კი მოსარჩელემ მოსთხოვა მოპასუხეს ამ ნაგებობის აღება, მან მიმართა სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ცვლილებების რეგისტრირებულ უფლებებში იმგვარად, რომ დაახლოებით 100-150 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მისთვის დაერეგისტრირებინათ. აღნიშნულ მოთხოვნაზე ადმინისტრაციულმა ორგანომ უთხრა უარი (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-14).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 30 წელზე მეტი ხანია ფლობს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მოპირდაპირედ მდებარე მიწის ნაკვეთს; მიწის ნაკვეთი შემოღობილი აქვს და ამ ხნის განმავლობაში სარგებლობს მის მიერ აშენებული დამხმარე შენობით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ივლისის N88201763------- გადაწყვეტილებით, N2083 საგადასახადო სიისა და N15/72446 საარქივო ცნობის საფუძველზე, მე-----–------------ის კომლის სახელზე დაზუსტებული მონაცემებით დარეგისტრირდა მის სახელზე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ს/კ 83.06.04.3--, რის შედეგადაც მოსარჩელის მიერ მიტაცებული იქნა მისი ოჯახის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი. მოძიებული სისტემური რეგისტრაციის დოკუმენტებიდან აშკარად ჩანს, რომ მოსარჩელემ საჯარო რეესტრში წარადგინა შეცვლილი კონფიგურაციის ნახაზი და მიიტაცა მის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთი (იხ. შესაგებელი ს.ფ. 37-46).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრში, უძრავ ქონებაზე, მდებარე მა-------–--------------------–---------------–ო, ს/კ 83.06.15.2--, რეგისტრირებულია ახ-----------------ის, სა--------------ას, სა-----------------ასა და სა-----------------ას საკუთრების უფლება. საკუთრების უფლების საფუძველია: სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია N2083, საარქივო ცნობა N15/121372, წერილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის დადასტურების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 73)
3.1.2. უძრავ ქონებაზე, მდებარე მა-------–--------------------–----–--–ო, ს/კ 83.06.15.2--, დაზუსტებული ფართობი: 2056,00 კვ.მ., საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მე-----–------------ის თანასაკუთრების უფლება. საკუთრების უფლების საფუძველია: სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელთა საგადასახადო სია N2083 და საარქივო ცნობა N15/72446.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 15-17)
3.1.3. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მე-----–------------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მა-------–--------------------–----–--–ო, ს/კ 83.06.15.2-- და სა-----------------ას თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მა-------–--------------------–----–--–ო, ს/კ 83.06.15.2--, წარმოადგენენ მეზობელ მიწის ნაკვეთებს, რომელთაც ჰყოფთ სამანქანე გზა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი).
- სიტუაციური ნახაზი (ს.ფ. 28)
3.1.4. მოპასუხე სა-----------------ამ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს, უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: 83.06.15.3--, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სა-----------------ას მიერ გაცხადებაზე სარეგისტრაციოდ წარდგენილ და 83.06.15.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება და 2017 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით სა-----------------ას განცხადებაზე შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები (ს.ფ. 25-27)
3.1.5. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოპასუხე სა-----------------ას მოსარჩელე მე-----–------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით: 83.06.15.2--, განთავსებულია მოპასუხე სა-----------------ას მიერ თვითნებურად აშენებული მსუბუქი კონსტრუქციის არაკაპიტალური ნაგებობა (ე.წ. საბძელი), რომლის მფლობელობას და სარგებლობსაც ახორციელებს სა-----------------ა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხე სა-----------------ამ დაადასტურა ზემოთ მითითებული გარემოება და აღნიშნა, რომ სამომავლოდ აპირებს დავას მოსარჩელის მიერ მიტაცებული ქონების დაბრუნების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი)
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, 16.04.2019 წლის სხდომის ოქმი 12:00:52)
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 25)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით, უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: 83.06.15.2--, რეგისტრირებული უფლების კანონიერებასთან დაკავშირებით დავა, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით არ მიმდინარეობს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მე-----–------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, თუმცა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სარჩელი განუხილველად იქნა დატოვებული. აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე სა-----------------ამ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე მე-----–------------ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გასაჩივრებული არ არის და დავა მე-----–------------ის საკუთრების უფლების კანონიერებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს.
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ახსნა-განმარტებას, რომლის მიხედვითაც სადავო უძრავი ქონება, სადაც განთავსებულია არაკაპიტალური ნაგებობა მის საკუთრებას წარმოადგენს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.
ამდენად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება ვლინდება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე მდებარე მარნეულის რაიონი, სოფელი მეორე ქეშალო, საკადასტრო კოდით: 83.06.15.2--, რეგისტრირებულია მე-----–------------ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემების მიმართ საჩივარი წარდგენილი არ არის. ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სა-----------------ას მიერ თვითნებურად აშენებული მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა, რომლითაც სარგებლობს მოპასუხე. მოპასუხე მხარემ ვერ წარმოუდგინა სასამართლოს რაიმე სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნაგებობაზე მისი საკუთრების უფლება. უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, საიდანაც დგინდება, რომ უძრავ ქონებაზე მოპასუხის უფლება არ დარეგისტრირდა საკადასტრო მონაცემებს შორის ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება;
- საჯარო რეესტრის ამონაწერი;
- მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, 16.04.2019წ. სხდომის ოქმი)
- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 22.10.2018წ. განჩინება
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ნივთზე, მოსარჩელეს თვითნებურად აშენებული აქვს ნაგებობა, რომლითაც სარგებლობს მოპასუხე მხარე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
მოსარჩელის მიერ აღძრულია ნეგატორული სარჩელი ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
იურიდიულ ლიტერატურაში მითითებული მოსაზრებების თანახმად, ამ ტიპის სარჩელის განხილვისას სასამართლო ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას სადავო სამართლებრივ სიკეთესთან მიმართებით, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების რეალიზაციის წესის სწორ განსაზღვრებას (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი 2, ავტორთა კოლექტივი გვ. 84-85).
განსახილველი მოთხოვნის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად თვლის გამიჯნოს ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მტკიცების საგანში შემავალი ფაქტები, კერძოდ: არის თუ არა მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრე; მოპასუხის მიერ ხორციელდება თუ არა საკუთრების შინაარსის საწინააღმდეგო ჩარევა მესაკუთრის ფაქტობრივ უფლებამოსილებაში; ხელშეშლა არის თუ არა მართლსაწინააღმდეგო; აღკვეთის შედეგი ემსახურება თუ არა მესაკუთრის სამართლებრივი ინტერესის აღდგენას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკუთრება, სანივთო უფლებებს შორის ყველაზე მრავლის მომცველი უფლებაა, რომელიც ერთი მხრივ, იცავს პირადად მესაკუთრის მიერ ნივთის ფლობისა და სარგებლობის უფლებას, ხოლო მეორე მხრივ - მესამე პირთა მიერ ამ ნივთით სარგებლობის ან მფლობელობის განსაზღვრის უფლებას. ეს კი ნიშნავს, რომ მესაკუთრის ნებაზეა დამოკიდებული, მიეცემა თუ არა ნებისმიერ სხვა პირს ნივთთან მიმართებაში რაიმე უფლება, მისი ნების საწინააღმდეგოდ განხორციელებული ქმედება კი მართლსაწინააღმდეგოდ ჩაითვლება (გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა). თუ მესამე პირი სარგებლობს მესაკუთრის ქონებით, მაგრამ საამისოდ მესაკუთრის ნებართვა არ გააჩნია, ეს საკმარისია მისთვის ხელშეშლის აღკვეთის მოსათხოვად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავ ნივთზე მდებარე მარნეულის რაიონი, სოფელი მეორე ქეშალო, საკადასტრო კოდით: 83.06.15.2--, რეგისტრირებულია მე-----–------------ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემები მოპასუხის მიერ გასაჩივრებული არ არის. ამავე მიწის ნაკვეთზე განთავსებულია სა-----------------ას მიერ თვითნებურად აშენებული მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობა, რომლითაც სარგებლობს მოპასუხე, რომელსაც საამისოდ მესაკუთრის ნებართვა არ გააჩნია. სადავო არაკაპიტალური შენობა არ წარმოადგენს სასაზღვრო ნაგებობას და შესაბამისად, არ არსებობს საკუთრების შეზღუდვის კანონისმიერი საფუძველი.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-----–------------ის სარჩელი ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, მოპასუხე სარგებლობს მოსარჩელის კუთვნილი ნივთით, რითაც ზღუდავს და ხელყოფს მოსარჩელის საკუთრების უფლებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მე-----–------------ის სარჩელი ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
1.1. მოპასუხე სა-----------------ას (პ/ნ 2----------) დაევალოს მოსარჩელე მე-----–------------ის (პ/ნ 2----------) კუთვნილ, მა-------–--------–----–------–----------–---–--–--ში მდებარე, 83.06.15.2-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად მოწყობილი არაკაპიტალური ნაგებობის (საბძელის) მოშლა;
1.2. მოპასუხე სა-----------------ას აეკრძალოს ამავე მიწის ნაკვეთით სარგებლობა სხვა ნებისმიერი ფორმით.
2. მოპასუხე სა-----------------ას მოსარჩელე მე-----–------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე