გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/2263-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - გ--–---------–---–ი
წარმომადგენელი - ნ----------–-–---–ი
მოპასუხეები - ა---------–---------
კ----------
წარმომადგენელი - ფ-------------–---–--
დავის საგანი - იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი 2013 წლის 24 აპრილის N13------8 იპოთეკის ხელშეკრულების პირველი პუნქტი;
1.2. ბათილად იქნას ცნობილი 2015 წლის 28 იანვრის N15------2 იპოთეკის ხელშეკრულების პირველი პუნქტი;
სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2013 წლის 24 აპრილს ა---------–---------ს და გ--–---------–---–ს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის შესახებ. სესხის ოდენობა განისაზღვრა 5000 აშშ დოლარით, 5 %-თ, პირგასამტეხლო 0.3 %. იპოთკით დაიტვირთა გ---------ის რაიონის სოფელ ჩ----–--ში მდებარე გ--–---------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
სესხის და იპოთეკის მეორე ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 28 იანვარს. სესხის ოდენობა 9250 აშშ დოლარი, 3%-ით, პირგასამტეხლო 0.12 %. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებმა ისარგებლეს მისი მიმნდობი ხასიათით და ხელშეკრულებებში ხელოვნურად გაზრდილი ციფრები დაუფიქსირეს და საერთო ჯამში ვალდებულება ზედმეტად დაუანგარიშეს 2050 აშშ დოლარით. შესაბამისად, სადავოდ ხდის ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულებების ოდენობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს. მოპასუხეთა განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო მოტყუებით. ვინაიდან, ნოტარიუსმა ხელშეკრულება და მისი შინაარსი სრულად წაუკითხა მხარეს, ასევე, მას გადაეცა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, რაც დაადასტურა ხელმოწერით. მოპასუხემ გადახდა განახორციელა სარგებლის სახით 250 აშშ დოლარის ოდენობით, ანუ მისთვის ცნობილი იყო თანხის ოდენობა, მსგავსი რამ რომ მომხდარიყო მხარე ამას გააპროტესტებდა თავის დროზე.
ასევე 2015 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებასთან დაკავშირებითაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას. ამასთან, მოტყუებით დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ვადა შეადგენს ერთ წელს იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების საფუძვლის არსებობის შესახებ.
შესაბამისად, აღნიშნულ ხელშეკრულებებზე დავას მოპასუხე მიიჩნევს უსაფუძვლოდ, ხანდაზმულად.
გამომდინარე იქიდან რომ პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნა არის როგორც უსაფუძვლო ასევე ხანდაზმული, სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების პირველი პუნქტების ბათილად ცნობის ნაწილში, არ არსებობს არანაირი საფუძველი, ისევე როგორც სააღსრულებო ფურცლის მე-5 ნაწილის ბათილად ცნობის მოთხოვნაც არის უსაფუძვლო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 24 აპრილს ა---------–---------სა და გ--–---------–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელმა - ა---------–---------მ, მსესხებელს - გ--–---------–---–ს გადასცა 5 000 აშშ დოლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად შეადგენდა 8 287 ლარს. სამი თვის ვადით, 2013 წლის 24 ივლისის ჩათვლით. სესხი გაიცა სარგებლის ყოველთვიურად 5 %-ის დარიცხვით, რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველი თვის 25 რიცხვამდე.
სესხი და სარგებელი სრულად უნდა დაბრუნებულიყო 2013 წლის 24 ივლისს. მსესხებლის მიერ, ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სარგებლის, ან/და ძირითადი ნასესხები თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.3 %-ის ოდენობით, სესხისა და/ან სარგებლის გადაუხდელი ნაწილიდან.
ამ ხელშეკრულებაში მითითებული სესხის დაბრუნების, სარგებლის გადახდის უზრუნველსაყოფად, ასევე ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანის, სასამართლოს, რეალიზაციის და ნებისმიერი სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად, იპოთეკით დაიტვირთა გ--–---------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართით 776.00 კვ.მ და მასზე არსებულ შენობა - ნაგებობები მდებარე მისამართზე: რაიონი გ---------ი, სოფელი ჩ----–--ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N5-.--.--.0--.
ხელშეკრულების მე-7 პუნქტის ბ) პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა (მათ შორის ვადაზე ადრე) და მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება N13------8 (ს. ფ. 28 - 32);
3.1.2. 2013 წლის 15 ივლისის N30------7 და 2013 წლის 16 აგვისტოს N31------4 სალაროს შემოსავლის ორდერების საფუძველზე გ--–---------–---–ის მიერ ა---------–--------ისთვის განხორციელდა 250 – 250 აშშ დოლარის ოდენობით თანხის ჩარიცხვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 33 - 34)
3.1.3. 2015 წლის 28 იანვარს ა---------–---------სა და გ--–---------–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელმა - ა---------–---------მ, მსესხებელს - გ--–---------–---–ს გადასცა 9 250 აშშ დოლარი, რაც ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად შეადგენდა 18 129.60 ლარს. ხუთი თვის ვადით, 2015 წლის 28 ივნისის ჩათვლით. სესხი გაიცა ფულადი სარგებლის დარიცხვით, კერძოდ, ყოველთვიურად 3 % დარიცხვით, რომელიც გადახდილი უნდა იქნას ყოველი თვის 01 რიცხვამდე.
სესხის დაბრუნების ვადადა განისაზღვრა 2015 წლის 28 ივნისი. პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის 0.12 % ოდენობით. იპოთკის საგანი- უძრავი ქონება მდებარე მისამართზე: რაიონი გ---------ი, სოფელი ჩ----–--ი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N5-.--.--.0--.
ხელშეკრულების მე-7 პუნქტის ბ) პუნქტით მხარეები შეთანმდნენ, რომო თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა (მათ შორის ვადაზე ადრე) და მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის დაცვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება N15------2 (ს. ფ. 35 - 39);
3.1.4. გ--–---------–---–მა სესხის დაბრუნების ვადა დაარღვია. 2015 წლის 09 ოქტომბერს ნოტარიუს და------------------ს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2015 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს: სესხის ძირი თანხა 9 250 აშშ დოლარი, გადაუხდელი სარგებელი 5 თვის, თვეში 3.0 % - 1 387.5 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 2015 წლის 28 ივნისიდან - დღემდე - 2015 წლის 09 ოქტომბრამდე - 102 დღე, დღეში 0.12 პროცენტის ოდენობით სესხის ძირითადი თანხიდან - 1 132.20 აშშ დოლარი, სულ - 11 769.70 აშშ დოლარი და 100 ლარი.
დოკუმენტი, რომელიც უნდა აღსრულდეს წინამდებარე სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე არის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება N15------2, დამოწმების თარიღი 28/01/2015.
სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, რომელიც არის გ--–---------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი - საკადასტრო კოდით N5-.--.--.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 40 - 42)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2013 წლის 24 აპრილს N13------8 და 2015 წლის 28 იანვარს N15------2 დადებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებში გ--–---------–---–ის მიერ გამოვლენილი ნების ნაკლი არ დასტურდება.
მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ დაუდასტურა გარიგებების მოტყუებით დადების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.
მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხეებმა მოტყუებით დადეს მასთან ხელშეკრულებები. მისივე განმარტებით, მოპასუხეს ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მოსარჩელისათვის არ გადაუცია.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 134-ე მუხლის მიხედვით, კი წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლო განმარტავს, რომ სადავოდ გამხდარი ხელშეკრულებები, როგორც ნოტარიუსის უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული გარიგება, წარმოადგენს წერილობით მტკიცებულებას, რომლის მონაცემებიც ითვლება უტყუარად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე. ამდენად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზეც, რომ ხელშეკრულებაში მოცემული ჩანაწერი - სრულად არის გადახდილი - სინამდვილეს არ შეესაბამება იმ პირობებში, როცა საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 327-ე, 81-ე, 82-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი-მეორე პუნქტების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამავე კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.
მოსარჩელე სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების პუნქტების ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებდა მოტყუების ფაქტს, შესაბამისად აღნიშნულის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სწორედ მას.
როგორც საქაართველოს უზენაესი სასამართლო თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, "დოკუმენტის შინაარსის ცოდნა ან არცოდნა სუბიექტური კრიტერიუმია, შესაბამისად, ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა სუბიექტურ კრიტერიუმთან მიმართებით შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს პრეზუმფციებით, შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის პირობებში ივარაუდება, რომ პირი დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს იცნობდა დოკუმენტის შინაარსს, საწინააღმდეგოს დაშვების შემთხვევაში კი, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ მ. ა-ი უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებდა მოპასუხეებისადმი ნდობის არსებობის გამო". "სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის ნორმაში მოცემულია „თვალსაჩინოების სტანდარტი“, რაც გამოხატულებას ჰპოვებს ფრაზაში „აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.“ ამდენად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოცემულ შემთხვევაში, მ. ა-ის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში დეტალურად, გარკვევით, თანმიმდევრულად აღწერილი იყო გარიგების შინაარსი. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა დოკუმენტში აღწერილი და მის მიერ გამოსავლენი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა. რაც შეეხება მოტყუებას და მოტყუების საფუძველზე არანამდვილი ნების გამოვლენას, მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი. (ას-182-171-2014, 16 ივნისი 2014 წელი)
მოსარჩელის მითითება, რომ ის მოატყუეს და არასწორად მიუთითეს თანხები დადგენილი არ არის. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა თუ რაში გამოიხატებოდა გარიგების დადების მიზნით მისი მოტყუება, შესაბამისად, სასამართლომ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილობის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე; მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლებაში; ასეთი დავა უნდა ქმნიდეს უფლების დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებას გარკვეული სარგებელი უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის.
ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნათა მიხედვით შესაძლებელია მათი შემდეგი კლასიფიკაცია: “1. მიკუთვნებითი, ანუ აღსრულებითი სარჩელი -მოთხოვნა გულისხმობს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების დაკისრებას მოსარჩელის სასარგებლოდ. 2. აღიარებითი სარჩელი - რომელიც აღძრულია უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტის ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის იურიდიული ინტერესი. 3. გარდაქმნითი სარჩელი - მოთხოვნა მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის შეცვლა-შეწყვეტისაკენ. იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით.
აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას.
აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში“ (იხ. სუსგ # ას- 125-121-2016, 21.04.2016წ.; ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 17.03.2016წ. გადაწყვეტილების 55-56 პუნქტები).
განსახილველ შემთხვევაში, არ დგინდება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სადავოდ ქცეული გარიგებების ბათილად ცნობის მიმართ.
ამავდროულად, მოსარჩელეს არ მიუთითებია და, არც საქმის არსებითად განხილვის დროს არ დაუდასტურებია თუ რაში მდგომარეობს დასახელებული გარიგებების ბათილად ცნობის მიმართ რეალური იურიდიული ინტერესი იმ ვითარებაში, როცა მას მიერ არ არის წარმოდგენილი მიკუთვნებითი მოთხოვნა.
შესაბამისად, ბუნდოვანია უშუალოდ მოსარჩელის რა უფლება იქნება დაცული და რა დადებითი იურიდიული შედეგი დადგება მისი სასარჩელო მოთხოვნის ან ნაწილში დაკმაყოფილების შედეგად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
გ--–---------–---–ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ირებს საარსებო შემწეობას, რის გამოც ის განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხეებს სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ დაეკისრება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243--244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--–---------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ცისანა სირბილაძე