გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2019
საქმის ნომერი
050210019002819847
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050210019002819847 (N2/36-19)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 აპრილი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,მი--------------------ი"

წარმომადგენელი - ნინ---------–---–ი

მოპასუხე - და---------–---–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა

1.1. და---------–---–---–ს შპს ,,მი--------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 6800 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3000 აშშ დოლარი და სარგებლი - 3800 აშშ დოლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

20---–-–---------------ს შპს ,,მი--------------------სა'' და და---------–---–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება NR----------, რომლის საფუძველზე, სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, მოსარჩელემ მოპასუხეს თვეში 5% -იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი - 3000 აშშ დოლარის ოდენობით. მოვალე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად სარგებლის - 182 ლარის გადახდის პირობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ბ---------

 

მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვალდებულების ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით შესრულება, სესხის აღების შემდეგ არ გადაუხდია არც ერთი თვის გადასახადი, შესაბამისად ვადაგადაცილება იწყება 2016 წლის 02 დეკემბრიდან და გრძელდება სარჩელის აღძვრამდე, მოპასუხეს ჯამში ერიცხება 25 თვის სრული და 10 დღის დღიური სარგებელი, რაც შეადგენს 3800 აშშ დოლარს.

 

სარჩელის თანახმად, მოპასუხეს NR---------- ხელშეკრულების 7.1 პუნქტში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა შეტყობინება, რითაც კრედიტორი აფრთხილებდა სამართლებრივი შედეგების დადგომაზე. ფოსტის მიერ დატოვებულ შეტყობინებას მოპასუხის მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია. ასევე კომპანიის თანამშრომლებს ქონდათ აქტიური სატელეფონო საუბარი მსესხებელთან, შეთავაზებული იქნა სესხის რესტრუქტურიზაციაც ბევრად ნაკლებ პროცენტში, თუმცა უშედეგოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე და---------–---–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხისა ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 20---–-–---------------ს შპს ,,მი--------------------სა'' და და---------–---–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ NR---------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, მოპასუხეს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით, გადაეცა სესხი - 3000 აშშ დოლარის ოდენობით. მოვალეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა - 182 აშშ დოლარი, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო შემდეგი წესითა და ოდენობით: გადახდის ვადის 1-დან 10 კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში - 10 აშშ დოლარის ოდენობით; გადახდის 11-დან 20 კალენადრული დღით გადაცილების შემთხვევაში - 20 აშშ დოლარის ოდენობით; გადახდის 21-დან 30 კალენადრული დღით გადაცილების შემთხვევაში - 30 აშშ დოლარის ოდენობით და 30 კალენადრული დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის 0.5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი - (ს.ფ.2-16)

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-22);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 25);

 

3.1.2. 20---–-–---------------ს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, სესხის დაბრუნებისა და სარგებლის გადახდის, აგრეთვე შესაძლო ზიანის (პირგასამტეხლო, ჯარიმა, გირავნობის მოვლა-შენახვის (როცა აღნიშნული ხორციელდება მოგირავნის მიერ), დაზღვევის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასამართლო, რეალიზაციის, სააღსრულებო, გამსესხებლის იურიდიული მომსახურების ხარჯები და სხვა) ანაზღაურების უზრუნველსაყოფად, დამგირავებელმა მოგირავნის სასარგებლოდ გირავნობით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის მახასიათებლებია: მა-------------–---------------------------–-----------------------------–------–--–-------------------------–----------------------------------------–-------–------------------ გირავნობის სახედ გამოყენებულ იქნა რეგისტრირებული გირავნობა. გირავნობის საგანი დარჩა დამგირავებლის მფლობელობაში და მოგირავნისათვის მისი მფლობელობაში გადაცემა უნდა მომხდარიყო მისი მოთხოვნის საფუძველზე.

 

ხელშეკრულების 4.5 პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 17-22).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 05.04.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

3.1.3. შპს ,,მი--------------------სა'' და და---------–---–---–ს შორის 20---–-–---------------ს დადებული NR---------- სასესხო შეთანხმების პირველი პუნქტის თანახმად, შეთანხმების ხელმოწერის მომენტისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული საკრედიტო ხაზის ფარგლებში გამსესხებელმა მსესხებელს სრულად და ჯეროვნად გადასცა სესხი 3000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო მსესხებელმა მიიღო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო შეთანხმება (იხ. ს.ფ. 24);

- სალაროს გასავლის ორდერი -( ს.ფ.30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 05.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.4. და---- მა--–---–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს ,,მი--------------------ს“ შორის 02.11.2016 წელს გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებითა და ამავე დღეს გაფორმებული - სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ არ განხორციელებულა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული არც ერთი გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 25);

- წერილობითი შეტყობინება (იხ. ს.ფ. 26);

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 05.04.2019 წლის სხდომის ოქმი);

3.1.5. დადგენილია, რომ 2016 წლის 02 ნოემბრის შპს ,,მი--------------------სა'' და და---------–---–---–ს შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს 2018 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა - 3000 აშშ დოლარი, სარგებელი - 3800 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 350 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე დადგენილია, რომ სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში და მოითხოვა: მოპასუხისადმი მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის სახით - 3000 აშშ დოლარისა და სარგებლის სახით - 3800 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, 05.04.2019 წლის სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავო არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ შპს ,,მი--------------------ი’’-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე,400-ე, 623-ე, 625-ე, მუხლებით;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 268-269-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადი და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა დავალიანების ძირითადი თანხის - 3000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, თავის მხრივ, მოთხოვნის ამ ნაწილში შპს ,,მი--------------------ო’’-ს სარჩელის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, 20---–-–---------------ს შპს ,,მი--------------------სა'' და და---------–---–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ NR---------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით, მოპასუხეს თვეში 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადაეცა სესხი - 3000 აშშ დოლარის ოდენობით. მოვალეს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა - 182 აშშ დოლარი, ამავე შეთანხმების თანახმად, სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა განხორციელდება 36 თვის განმავლობაში ეტაპობრივად, იმგვარად, რომ მსესხებელი ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავს სესხს და გადაიხდის სესხის სარგებელს.

 

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური თანხის გადახდის ვალდებულება. კერძოდ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ვალდებულების შესრულების მიზნით არ განხორციელებულა არც ერთი თვის გადასახადის გადახდა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოვალისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე დარიცხული სარგებლის - 3800 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. მოსარჩელემ იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, რაც უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებებზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი იმავე სხდომაზე არ განიხილება, მაშინ სასამართლო ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც აცნობებს მხარეებს. მხარეების გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი განხილულ იქნა იმავე სასამართლო სხდომაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 580 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამდენად, მოპასუხე და---------–---–---–ს მოსარჩელე შპს „მი--------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 544.65 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟიდან - 580 ლარიდან - 28.3 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მი--------------------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს;

1.1. მოპასუხე და---------–---–---–ს შპს ,,მი--------------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 3000 აშშ დოლარისა და სარგებლის - 3800 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე და---------–---–---–ს შპს ,,მისო ევროკრედიტის'' სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 580 ლარიდან - 544.65 ლარის გადახდა.

1.3. თანხის გადახდა განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.

 

1.4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. შპს ,,მი--------------------ის" (ს/ნ 4--------) დაუბრუნდეს მის მიერ ამ სარჩელზე 2018 წლის 12 ნოემბერს N15-------- საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 580 ლარიდან - 28.3 ლარი. სახაზინო კოდი: 300903150.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე