გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2019
საქმის ნომერი
330210018002692016
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სესხი
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/31108-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

5 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,პ----------------------–-------------ი“

მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ---------------–-

 

მოპასუხე - დ----- გ--------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს - დ----- გ--------ეს სს ,,პ----------------------–-------------ი“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის, დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის გადახდა, რომელიც 2018 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 6324.22 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის - 4590.64 ლარი, პროცენტი - 606.84 ლარი, პირგასამტეხლო 169.32 ლარი, მიუღებელი შემოსავალი - 957.42 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

მოსარჩელე არის ფინანსური პლატფორმა, რომელიც ერთის მხრივ აკავშირებს ინვესტორებს და სესხის აღების მსურველებს და მეორე მხრივ, თავად გასცემს სესხებს მსესხებელზე. სესხის აღებისთვის მსესხებელი შედის კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე, როლის საშუალებითაც ითხოვს თანხას სესხის დასაფინანსებლად, ხოლო კომპანია ან/და ინვესტორი აფინანსებს მოთხოვნილ თანხას. სესხის ფაქტობრივი გაცემა ხდება სს ,,პ----------------------–-------------ი’’-ს მიერ მსესხებლის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით. მოსარჩელეს და მსესხებელს შორის დადებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.10 პუნქტის თანახმად, კომპანია და მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებით აცხადებენ წინასწარ თანხმობას მასზედ, რომ მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების გადახდის გრაფიკის დარღვევის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია სასამართლოს წესით მოსთხოვოს მსესხებელს ერთჯერადად და დაუყოვნებლივ მთლიანი ვალდებულების შესრულება და აღძრას სარჩელი სასამართლოში დავალიანების გადახდევინების მიზნით. ხელშეკრულების 5.9 პუნქტის თანახმად გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5 %-ის ოდენობით.

 

მოპასუხე დ----- გ--------ე 2017 წლის 10 ნოემბერს დარეგისტრირდა სს ,,პ----------------------–-------------ი’’-ს ვებგვერდზე და შექმნა საკუთარი პროფილი, 2017 წლის 10 ნოემბერს მან შეავსო სესხის განაცხადი პორტალზე ინვესტირებისთვის და მოითხოვა სესხის თანხა 5850 ლარის ოდენობით. 2017 წლის 17 ნოემბერს მოხდა მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხის თანხის დამტკიცება და მოსარჩელის მიერ თანხის ჩარიცხვა მსესხებლის ანგარიშზე. სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის თანხა შეადგენს 5850 ლარს, სესხის ვადა 24 თვეს, სესხის საპროცენტო განაკვეთი 40% წლიურად, სესხის გაცემა მოხდა ერთი ინვესტორის ნ-----–---- შ---------ს მიერ გამოყოფილი 5850 ლარის საშუალებით. მოქალაქე ნ-----–---- შ---------მ სესხის მოთხოვნის უფლება მთლიანად დაუთმო სს ,,პ---------------------–-------------ს’’ და ის არის მსესხებლის ერთადერთი კრედიტორი.

 

მსესხებლის თხოვნის საფუძველზე 2018 წლის 2 ივლისს მოხდა სესხის ხელშეკრულების გათვალისწინებული სესხის გადახდის თარიღის ცვლილება.

 

სესხის დაფარვის გრაფიკი მოპასუხემ დაარღვია 2018 წლის 31 ივლისს. 2018 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს 6324.22 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 4590.64 ლარი, პროცენტი-606.84 ლარი, პირგასამტეხლო-169.32 ლარი.

 

ვინაიდან აღნიშნული სესხი ვადიანია, მოსარჩელე ითხოვს მიუღებელი შემოსავლის სახით პროცენტის სრულად გადახდას სარჩელის შეტანიდან სესხის ხელშეკრულების ვადის ბოლომდე. მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება წარმოშვა მოპასუხისგან ხელშეკრულების დარღვევამ. კრედიტორს აქვს მოლოდინი, რომ ის სესხის დაფინანსების შემდგომ დაიბრუნებს როგორც ძირ თანხას, ისე სარგებელს. კრედიტორი ფინანსური კომპანიაა, რომლის უმთავრეს საქმიანობას წარმოადგენს სესხების გაცემა. ის სესხს გასცემს იმ ვარაუდით, რომ გაცემულ თანხასთან ერთად მიიღებს სარგებელს. შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავალი -957.42 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობა (40%) საქართველოს ეროვნული ბანკის, კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშგების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო განაკვეთს (14.5%) ზემოთ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად უნდა ჩაითვალოს ბათილად, მისი ამორალური ხასიათის გამო. კერძოდ, მოსარჩელის მიერ გაცემული თანხის საპროცენტო განაკვეთად უნდა განისაზღვროს 14.5%, საიდანაც სესხის საკომისიო 924 ლარი დადგინდება. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების თაობაზე, როგორც შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს, ვადაგადაცილებულ დღეზე 0.27%-მდე.

 

მოპასუხის მიერ გადახდილი 2885.97 ლარიდან უნდა დაიფაროს სესხის საკომისიო 924 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი გამოაკლდეს სესხის ძირ თანხას (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი), რის შედეგადაც ვალდებულების ნაშთი უნდა განისაზღვროს 3888.03 ლარით.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა, მოსარჩელის მხრიდან ე.წ. „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის“ უგულვებელყოფაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოპასუხე დ----- გ--------ე 2017 წლის 10 ნოემბერს დარეგისტრირდა სს ,,პ----------------------–-------------ი’’-ს ვებგვერდზე და შექმნა საკუთარი პროფილი, 2017 წლის 10 ნოემბერს მან შეავსო სესხის განაცხადი პორტალზე ინვესტირებისთვის და მოითხოვა სესხის თანხა 5850 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 17 ნოემბერს მოხდა მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხის თანხის დამტკიცება და მოსარჩელის მიერ თანხის ჩარიცხვა მსესხებლის ანგარიშზე.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის თანხა შეადგენს 5850 ლარს, სესხის ვადა 24 თვე, სესხის საპროცენტო განაკვეთი 40% წლიურად, ხელშეკრულების 5.9 პუნქტის თანახმად გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5 %-ის ოდენობით.

 

სესხის გაცემა მოხდა ერთი ინვესტორის ნ-----–---- შ---------ს მიერ გამოყოფილი 5850 ლარის საშუალებით.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.10 პუნქტის თანახმად, კომპანია და მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებით აცხადებენ წინასწარ თანხმობას მასზედ, რომ მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების გადახდის გრაფიკის დარღვევის ან არაჯროვნად შესრულების შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია სასამართლოს წესით მოსთხოვოს მსესხებელს ერთჯერადად და დაუყოვნებლივ მთლიანი ვალდებულების შესრულება და აღძრას სარჩელი სასამართლოში დავალიანების გადახდევინების მიზნით.

 

სსასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ხელშეკრულება მსესხებელთან/ინვესტორთან (ს.ფ.23-32);

- სესხის ხელშეკრულება 17.11.17წ (ს.ფ.33-34);

- საგადასახადო დავალება (ს.ფ. 41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მსესხებლის თხოვნის საფუძველზე 2018 წლის 2 ივლისს მოხდა სესხის ხელშეკრულების გათვალისწინებული სესხის გადახდის თარიღის ცვლილება.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 02 ივლისის სესხის ხელშეკრულება 02.07.18 (ს.ფ.33-36);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);.

 

3.1.3. 2018 წლის 31 ივლისიდან მოპასუხეს გრაფიკით განსაზღრული თანხა აღარ გადაუხდია.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის დაფარვის ამონაწერი (ს.ფ.37-40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.4. მოპასუხის მიერ სესხზე, გადახდილ იქნა 351 ლარი _ სესხის გაცემის საკომისიო, ძირი თანხის სახით _ 1259.36 ლარი, საპროცენტო საგებლის სახით _ 1246.64 ლარი და ჯარიმა ვადაგადაცილებისათვის 23.97 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სესხის დაფარვის ამონაწერი (ს.ფ.37-40);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.1.5. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 24 ოქტომბრის ცნობის თანახმად, მსესხებელი დ----- გ--------ეს სს ,,პ----------------------–-------------ი’’-ს მიმართ 2018 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება დავალიანება 6324.22 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 4590.64 ლარი, პროცენტი - 606.84 ლარი, პირგასამტეხლო - 169.32 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2----------- წლის ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 42);

 

3.1.6. 2018 წლის 9 ოქტომბერს ნ-----–---- შ---------სა და სს ,,პ----------------------–-------------ს’’ შორის დაიდო სესხის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სესხის წილს გამყიდველი საკუთრების უფლებით გადასცემს სესხის წილის შემძენს სს ,,პ----------------------–-------------ის’’ პლატფორმაზე w---------------ზე 2017 წლის 17 ნოემბერს დაფინანსებულ სესხში N2---- 100% წილს (სესხის მონაცემები: სესხის თანხა 5850 ლარი, სესხის ვადა 24 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 40%) და მასზე მოთხოვნის უფლებას, რომელიც ხელშეკრულების დადებამდე პირდაპირ ეკუთვნოდა სესხის წილის გამყიდველს.

 

სასამართლო ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 9 ოქტომბრის ხელშეკრულება სესხის წილის ნასყიდობის შესახებ (ს.ფ.45-46);

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული წლიური საპროცენტო განაკვეთი 40%-ის ოდენობით, წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას - აღნიშნულზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,პ----------------------–-------------ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 62-ე, 411-ე, 417-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, მუხლებით

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე დ----- გ--------ე 2017 წლის 10 ნოემბერს დარეგისტრირდა სს ,,პ----------------------–-------------ი’’-ს ვებგვერდზე და შექმნა საკუთარი პროფილი, 2017 წლის 10 ნოემბერს მან შეავსო სესხის განაცხადი პორტალზე ინვესტირებისთვის და მოითხოვა სესხის თანხა 5850 ლარის ოდენობით. 2017 წლის 17 ნოემბერს განხორციელდა მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხის თანხის დამტკიცება და თანხის ჩარიცხვა მსესხებლის ანგარიშზე. სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის თანხა შეადგენს 5850 ლარს, სესხის ვადა 24 თვეს, საპროცენტო განაკვეთი 40% წლიურად, სესხის გაცემა განხორციელდა ინვესტორის ნ-----–---- შ---------ს მიერ გამოყოფილი 5850 ლარის საშუალებით. სესხზე მოთხოვნის უფლება ნ-----–---- შ---------მ მთლიანად დაუთმო სს ,,პ---------------------–-------------ს“.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო მოპასუხე დ----- გ--------ემ ხელშეკრულებით ნაკისრი, თანხის ყოველთვირად, შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად გადახდის ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად;

 

7.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 17 ნოემბრისა და 2018 წლის 2 ივლისის სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით წლიური 40%-ის დარიცხვის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი, ხოლო ამავე კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.

სასამართლო განმარტავს, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

 

სასამართლოს მოსაზრებით გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად აღმატებული ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). ''უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები'' (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებლის პროცენტი - წლიური 40%. მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი დ----- გ--------ეც დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც მოსარჩელე მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: ''თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე''. ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები, მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 40%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 17 ნოემბრისა და მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2018 წლის 2 ივლისის სესხის ხელშეკრულების დებულებები რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი წლიური 40%ის ოდენობით საპროცენტო სარგებლის განაკვეთი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (აღნიშნული დასაბუთება სრულად შეესაბამება საქართელოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას, იხ. სუსგ, საქმე N663-629-2015, 28.07.2015 წელი).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით სასამართლოს გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, წლიურ საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 24% (ყოველთვიური 2%).

 

ამდენად, ვინაიდან ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ძირითადი თანხაა - 5850 ლარი, საპროცენტო სარგებლის თანხა უნდა განისაზღვროს 5850 ლარის წლიური 24%, რაც შეადგენს - 1404 ლარს, ყოველთვიურად 117 ლარს.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს სესხზე საპროცენტო სარგებლის სახით გადახდილი აქვს ჯამში 1246 ლარი, შვიდი თვის სარგებელი 819 ლარი (7X117 ლარი) უნდა ჩაითვალოს გადახდილად, ხოლო დარჩენილი 427.64 ლარი უნდა გამოაკლდეს ძირ თანხას - 4590.64 და დავალიანება ძირი თანხის ნაწილში უნდა განისაზღვროს 4163 ლარით.

 

შესაბამისად, დ----- გ--------ეს უნდა დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის გადახდა - 444.6 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს 2018 წლის 31 ივლისიდან - 2018 წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდზე (სამი თვის და 24 დღის ) დარიცხულ სარგებელს;

 

საბოლოოდ მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის სახით გადასახდელი თანხა უნდა განესაზღვროს - 4607, 6 ლარით (4163+444.6 ლარი).

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

განსახილველ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 4163 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა -169.32 ლარის ოდენობით.

 

7.4. სარჩელით მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მიუღებელი შემოსავალის სახით 957.42 ლარის დაკისრება.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012).

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'' (პურე ეცონომიც ლოსს), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

სასამართლო აღნიშნავს, ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, მსყიდველუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. ანუ, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია. კერძოდ, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 7%-ს. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 4163 ლარზე წლიური 9%-ის სარგებლის გადახდა, 2018 წლის 25 ოქტომბრიდან (სარჩელის აღძვრის დღიდან) არაუმეტეს 2019 წლის 2 დეკემბრამდე ( ხელშეკრულების მოქმედების ვადისა), რაც ყოველთვიურად შეადგენს - 31.22 ლარს.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვლდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა საპროცენტო სარგებელს, რაც არის კიდეც მისი მიუღებელი შემოსავალი, რომლის თაობაზეც მოპასუხემ ჯერ კიდევ ხელშეკრულების დადების დროს იცოდა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა არა მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით, არამედ სასამართლოს მიერ დადგენილი გონივრული საპროცენტო განაკვეთით, წლიური 9%-ის ოდენობით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 190 ლარის ოდენობით;

 

გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან მოსამზადებელ ეტაპზე 3888.03 ლარის ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 116 ლარი, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 27.86 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364- 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,პ----------------------–-------------ი’’-ს სარჩელი მოპასუხე დ----- გ--------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. დ----- გ--------ეს სს ,,პ----------------------–-------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 4776.92 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სეხსის ძირი თანხაა - 4164 ლარი, პროცენტი - 444.6 ლარი, პირგასამტეხლო - 169.32 ლარი;

1.2. დ----- გ--------ეს სს ,,პ----------------------–-------------ი“-ს სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავლის სახით დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 4163 ლარზე წლიური 9%-ის სარგებლის გადახდა, 2018 წლის 25 ოქტომბრიდან (სარჩელის აღძვრის დღიდან) არაუმეტეს 2019 წლის 2 დეკემბრამდე (ხელშეკრულების მოქმედების ვადისა), რაც ყოველთვიურად შეადგენს - 31.22 ლარს.

2. სს ,,პ----------------------–-------------ი“-ს დაუბრუნდეს სს"თ----------ში" 2-------წ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (190 ლარი) – 116 ლარი;

3. დ----- გ--------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 27.86 ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი