გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22007-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი
მოსარჩელე - შპს ,,პ-------------ი”, შპს ,,ბ-------”
წარმომადგენელი - თ-------- ს----–---–ი
მოპასუხე - სს ,,კ-------–----ი”
წარმომადგენელი _ მ-----– კ--------ე, მ------------–---–ი
დავის საგანი - საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ბენეფიციარზე გადახდის უკანონოდ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. უკანონოდ იქნეს აღიარებული შპს ,,კ-------–-----სა“ და შპს ,,პ-------------ს“ შორის 2016 წლის 11 აგვისტოს დადებული №2------------ გენერალური ხელშეკრულებით და 2016 წლის 16 აგვისტოს საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ NA----------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის _ 274 500 ლარის ბენეფიციარზე, სსიპ "თ---–-----------–---------------------სთვის" გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 12 აგვისტოს შპს „პ-------------“-ს და სსიპ ს----–-–-------------–--------------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N2--- საქონლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად შპს „პ-------------მა“ იკისრა ვალდებულება მიეწოდებია სსიპ ს----–-–-------------–--------------------ისათვის („შემსყიდველი“) სამედიცინო აპარატურა მობილური ლიოფილიზატორი ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის ვადაში.
2016 წლის 11 აგვისტოს სს „კ-------–-----ს“ და შპს „პ-------------“ შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება N2------------ საბანკო კრედიტის/საბანკო პროდუქტების გაცემის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების და მის საფუძველზე დადებული შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი კლიენტის/მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად 11.08.2016 წელს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N1--------, რომლის თანახმადაც იპოთეკით იქნა დატვირთული შპს „ბ-------“-ს უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, თ--------------------/ქ. თბილისი, თ------------------------, ს/კ 0---------------.
2016 წლის 16 აგვისტოს სს „კ-------–-----ს“ და შპს „პ-------------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ, რომლის 1.1 მუხლის თანახმად სს „კ-------–-----მა“ აიღო ვალდებულება აპლიკანტთან (შპს „პ-------------ი“) გაეფორმებინა წინამდებარე ხელშეკრულება,საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე, რომელიც აპლიკანტს უნდა წარედგინა სსიპ თ---–----------–-–--------------–---------------------სათვის ამ უკანასკნელთან 2016 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების N2--- მიხედვით მისაღები საავანსო თანხის უზრუნველსაყოფად. საავანსო თანხის ზღვრულმა ოდენობამ შეადგინა 274 500 ლარი.
2016 წლის 18 ნოემბერს შპს „პ-------------“-მა 2016 წლის 12 აგვისტოს N2--- ხელშეკრულების თანახმად სსიპ თბილისის ს----–-–-------------–--------------------ს მიაწოდა მობილური ლიოფილიზატორი. საქონლის მიწოდების შემდეგ, 2016 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების თანახმად განხორციელდა აპარატის მონტაჟი, გაშვება-ტესტირება და ს----–-–------------–--------------------ის თანამშრომელთა ტრეინინგი საქონლის მწარმოებელის მიერ. ტესტირების პროცესი არანაირი ხარვეზი არ გამოვლენილა.
აღნიშნული მიწოდების შემდეგ სსიპ თბილისის ს----–-–-------------–--------------------მა შპს „პ-------------ს“ წარმოუდინა დაუსაბუთებელი პრეტენზია, თითქოს და 2016 წლის 12 აგვისტოს N2--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული აპარატი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და უარი განაცხადა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე.
სს „კ-------–-----მა“ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა სსიპ თბილისის ს----–-–-------------–--------------------ის 2017 წლის 09 იანვრის მოთხოვნა 2016 წლის 16 აგვისტოს საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულადი თანხის გადახდის შესახებ და აუნაზღაურა ბენეფიციარს სსიპ თბილისის ს----–-–-------------–--------------------ს საგარანტიო თანხა 274 500 ლარის ოდენობით, ვინაიდან შპს „პ-------------“ არ დაურღვევია სსიპ თბილისის ს----–-–-------------–--------------------თან 2016 წლის 12 აგვისტოს დადებული ხელშეკრულება N2----ის არც ერთი დებულება და შესაბამისად სსიპ თბილისის ს----–-–-------------–--------------------ი ვერ წარუდგენდა სს „კ-------–----ს“ დასაბუთებულ პრეტენზიას თუ რაში გამოიხატა პრინციპალის შპს „პ-------------ი“-ს მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა.
2017 წლის 5 მაისს სს “კ-------–-----მა“ 2016 წლის 11 აგვისტოს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების და 2016 წლის 11 აგვისტოს ხელშეკრულების დებულებათა დარღვევით, მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მიზნით და მოითხოვა იპოთეკის საგნის რეალიზაცია. ნოტარიუსის მიერ 05.05.17წ გაცემული N1-------- სააღსრულებლო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 303 950.13 ლარით (ძირი თანხა- 274500 ლარი, დარიცხული პროცენტი - 451.23 ლარი, ხელშეკრულების 2.9 პუნქტის მიხედვით 28878.9 ლარი და სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯი 120 ლარი), სარეალიზაციოდ მიექცა სს“კ-------–-----ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული შპს“ბ-------ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (იპოთეკის საგანი).
ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, ამჟამად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება N1-------, რომლის თანახმადაც კრედიტორი სს“კ-------–-----ი“ სთხოვს მოსარჩელეებს 303 950.13 ლარის გადახდას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგზე: საბანკო გარანტია წარმოადგენს უპირობოდ შესასრულებელ მავალდებულებელ სამართლებრივ დოკუმენტს და ის წარმოადგენს დამოუკიდებელ გარიგებას. საბანკო გარანტიის გამცემი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იღებს მონაწილეობას აპლიკანტსა და ბენეფიციარს შორის დადებულ ხელშეკრულებაში და არ წარმოადგენს ხელშემკვრელ მხარეს. ამრიგად, როდესაც ბენეფიციარის მხრიდან წამოჭრილია საკითხი საბანკო გარანტიით დაცული ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების თაობაზე და მისი წარდგენის პროცედურები დაცულია ბენეფიციარის მხრიდან საბანკო გარანტიის გამცემი ორგანოს მიმართ, ამ უკანასკნელის მიერ გაცემული საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა წარმოადგენს სწორედ საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულებას. წინააღმდეგ შეთხვევაში ბენეფიციარს მხრიდან საბანკო გარანტიის გამცემი ორგანოს მიმართ წარმოეშობოდა სამართლებრივი პრეტენზიები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შემსყიდველს - თ---–----------–-–---------------------სა და მიმწოდებელს - შპს ,,პ-------------ს“ შორის 2016 წლის 12 აგვისტოს დაიდო საქონლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2--- ხელშეკრულება. შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა სამედიცინო აპარატურის, მობილური ლიოფილიზატორის მიწოდება - თანმდევი მომსახურებით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 549 000 ლარით; ხელშეკრულება მოქმედების ვადა ხელმოწერის დღიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების 3.1.-3.3 პუნქტების შესაბამისად შესყიდვის ობიექტის მიწოდება-მონტაჟი უნდა განხორციელებულიყო მიმწოდებლის ხარჯით და მასვე უნდა უზრუნველეყო მობილური დასაწყობება შემსყიდველთან შეთანხმებულ მისამართზე ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქონლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2--- ხელშეკრულება (ს.ფ. 24-29);
3.1.2. 2016 წლის 11 აგვისტოს სს ,,კ-------–-----სა“ და შპს ,,პ-------------ს“ შორის დაიდო გენერალური საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულება N2------------, რომლის თანახმადაც გაცემული საბანკო კრედიტების ჯამური ლიმიტი შეადგენდა 500 000 ლარს ან შესაბამის ექვივალენტს აშშ დოლარში ან ევროში;
სს“კ-------–-----სა“ და შპს“პ-------------ს“ შორის დადებული 2016 წლის 11 აგვისტოს N2------------ გენერალური საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულების, ასევე მის საფუძველზე დადებული ნებისმიერი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 11 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სს“კ-------–-----ის“ ( იპოთეკარის ) სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა შპს“ბ-------ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ი--------------/ თბილისი თ-------------------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 0---------------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულება (ს.ფ. 30-36);
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 41-44);
3.1.3. 2016 წლის 16 აგვისტოს სს „კ-------–-----ს“ და შპს „პ-------------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ, რომლის 1.1 მუხლის თანახმად სს „კ-------–-----მა“ აიღო ვალდებულება აპლიკანტთან (შპს „პ-------------ი“) გაეფორმებინა წინამდებარე ხელშეკრულება, საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე, რომელიც აპლიკანტს უნდა წარედგინა თ---–----------–-–--------------–---------------------სათვის ამ უკანასკნელთან 2016 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების N2--- მიხედვით მისაღები საავანსო თანხის უზრუნველსაყოფად. საგარანტიო თანხის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა არა უმეტეს 274 500 ლარით. აპლიკანტის ვალდებულებები გარანტის წინაშე უზრუნველყოფილ იქნა 2016 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული N2016-08-11-01 გენერალური საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულებით განსაზღვრული შესაბამისი იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით.
2016 წლის 16 აგვისტოს გარანტის მიერ გაცემულ იქნა საავანსო საბანკო გარანტია NA-------------, საგარანტიო თანხით 274 500 ლარი. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 2017 წლის 10 იანვრის 18:00 საათის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ ხელშეკრულება N A----------------- (ს.ფ. 37-38);
- საავანსო საბანკო გარანტია (ს.ფ.102);
3.1.4. საქმის მასალებით დასტურდება, რომ პრინციპალმა - შპს“პ-------------მა“ გარანტის მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე, ბენეფიციარისაგან 2016 წლის 31 აგვისტოს მიიღო საავანსო თანხა და განახორციელა N2--- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის შეძენა და მოწოდება ბენეფიციარისათვის 2016 წლის 18 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 39);
3.1.5. 2016 წლის 30 დეკემბერს, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული, N2--- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმების თანახმად, 2016 წლის 12 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით (პირველი პუნქტი), 7.4 პუნქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად ავანსის თანხის ოდენობით საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 9 თებერვლის ჩათვლით (მე-2 პუნქტი), ხოლო მიმწოდებლის მიერ საავანსო საბანკო გარანტიისა და ხელშეკრულების შესრულების გარანტიის შემსყიდველისათვის წარდგენის ვადა _ 2017 წლის 6 იანვრის ჩათვლით (მე-4 პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 30 დეკემბრის, N2--- ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ შეთანხმება (ს.ფ.40);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
3.1.6. 2017 წლის 9 იანვარს, სსიპ „თბილისის ს----–-–-------------–--------------------მა“ მიმართა გარანტს, საბანკო გარანტიით განსაზღვრული 274500 ლარის ბენეფიციარისათვის ანაზღაურების თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით რომ შპს“პ-------------მა“ ვერ შეასრულა ავანსის თანხის ექვივალენტი სამუშაოები, კერძოდ, დადგენილ ვადაში არ მიაწოდა შემსყიდველს შესყიდვის ობიექტი.
2017 წლის 24 იანვარს ბენეფიციარმა განმეორებით მიმართა გარანტს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე, სსიპ თბილისის ს----–-–-------------–--------------------ისათვის 274500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შპს“პ-------------ის“ მიერ მიწოდებული აპარატი არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შესაბამისად უნივერსიტეტი უარს ამბობდა მის მიღებაზე. 2017 წლის 30 იანვრის წერილით ბენეფიციარმა, ასევე აცნობა გარანტს პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.
3.1.7. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ „თბილისის ს----–-–-------------–--------------------ის“ 2017 წლის 9 იანვარის მიმართვა (ს.ფ. );
- სსიპ „თბილისის ს----–-–-------------–--------------------ის“2017 წლის 24 იანვრის მიმართვა (ს.ფ. );
- სსიპ „თბილისის ს----–-–-------------–--------------------ის“ 2017 წლის 30 იანვარის მიმართვა (ს.ფ. );
3.1.8 სს ,,კ-------–----მა“ 2017 წლის 10 იანვარს წერილობით აცნობა პრინციპალს ბენეფიციარის მოთხოვნის შესახებ.
სს ,,კ-------–----ის“ 2017 წლის 10 იანვრის წერილის პასუხად, 2017 წლის 12 იანვარს შპს ,,პ-------------მა“ სს ,,კ-------–----ს“ აცნობა, რომ გარანტის მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტიის შესაბამისად ბენეფიციარისაგან მიიღო საავანსო თანხა და გახარჯა იგი პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული N2--- ხელშეკრულების მიზნების შესაბამისად, რის გამოც უსაფუძვლო იყო ბენეფიციარის მოთხოვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,კ-------–----ის“ 2017 წლის 10 იანვრის წერილი (ს.ფ. );
- შპს ,,პ-------------ის“ 2017 წლის 12 იანვარის წერილი (ს.ფ. );
3.1.9. სს“კ-------–-----მა“ დააკმაყოფილა სსიპ თბილისის ს----–-–-------------–--------------------ის 2017 წლის 9 იანვრის მოთხოვნა 2016 წლის 16 აგვისტოს საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულადი თანხის გადახდის თაობაზე და აუნაზღაურა ბენეფიციარს საგარანტიო თანხა 274500 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- სს“კ-------–-----ი“-ს 2017 წლის 15 თებერვლის წერილი (ს.ფ. 45);
- სს“კ-------–-----ი“-ს 2017 წლის 17 მარტის წერილი (ს.ფ )
3.1.4. შპს ,,პ-------------ის“ მიერ ბენეფიციარისათვის ანაზღაურებული თანხის 274500 ლარის და ხელშეკრულებით დარიცხული პროცენტის ბანკის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე, სს ,,კ-------–-----ის“ 2017 წლის 15 თებერვლის წერილობითი მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემდეგ, 2017 წლის 5 მაისს სს “კ-------–-----მა“ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით.
ნოტარიუს ო.გ---–----ს მიერ 05.05.17წ გაცემული N1-------- სააღსრულებლო ფურცლის თანახმად, კრედიტორის წინაშე შპს“პ-------------ის“ აღსასრულებელი ფულადი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა 303 950.13 ლარით (ძირი თანხა- 274500 ლარი, დარიცხული პროცენტი - 451.23 და 28878.9 ლარი, სააღსრულებლო ფურცლის გაცემის ხარჯი 120 ლარი); ვალდებულების შესრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა სს“კ-------–-----ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული შპს“ბ-------ს“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (იპოთეკის საგანი).
განსახილველი დავის ფარგლებში, საქმის განმხილველი სასამართლოს 22.08.17წ განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერებულ იქნა ნოტარიუსის მიერ 05.05.17წ გაცემული N1-------- სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარე სააღსრულებო წარმოება N1---------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 15 თებერვლის მიმართვა (ს.ფ. 45-46);
- ნოტარიუს ო.გ---–----ს მიერ 05.05.17წ გაცემული N1-------- სააღსრულებლო ფურცელი (ს.ფ 48-50);
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ 52-55);
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 21.08.17წ წერილი (ს.ფ 57);
3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 879-ე, 887, 881-ე, 888-ე და 890-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებაა, რომ სსიპ თ---–----------–-–---------------------სა და შპს ,,პ-------------ს“ შორის 2016 წლის 12 აგვისტოს დაიდო საქონლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2--- ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს შეადგენდა სამედიცინო აპარატურის მიწოდება, თანმდევი მომსახურებით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 549 000 ლარით. შესყიდვის ობიექტის მიწოდება-მონტაჟი უნდა განხორციელებულიყო მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის ვადაში.
ხელშეკრულების მე-7 პუნქტით განსაზღვრულ იქნა ანგარიშსწორების ფორმა და ვადები, კერძოდ 7.3 პუნქტის თანახმად ანგარიშსწირება განხორციელდებოდა მობილური ლიოფილიზატორის მიწოდების, მისი მონტაჟისა და გაშვება-ტესტირების შემდეგ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ხოლო საავანსო გადახდის მოთხოვნის შემთხვევაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 50%-ს, მიმწოდებელს უნდა წარედგინა უპირობო, გამოუთხოვადი, საბანკო გარანტია ავანსის თანხის ოდენობით, რომლის მოქმედების ვადა 60 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას. დარჩენილი 50%-ის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო მობილური ლიოფილიზატორის მიწოდება-მონტაჟისა და გაშვება-ტესტირების შემდეგ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (7.4.პუნქტი); იმ შემთხვევაში თუ მობილური ლიოფილიზატორის მონტაჟისა და გაშვება-ტესტირების შემდეგ გამოვლინდებოდა, რომ ის არ აკმაყოფილებს ტენდერით გათვალისწინებულ პირობებს, შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს საქონლის მიღებაზე და უზრუნველყოს წინასწარ ავანსის სახით გადახდილი თანხის გამოთხოვა (7.6. პუნქტი);
ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 16 აგვისტოს სს „კ-------–-----ს“ და შპს „პ-------------“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ, რომლის 1.1 მუხლის თანახმად სს „კ-------–-----მა“ აიღო ვალდებულება აპლიკანტთან (შპს „პ-------------ი“) გაეფორმებინა წინამდებარე ხელშეკრულება, საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე, რომელიც აპლიკანტს უნდა წარედგინა თ---–----------–-–--------------–---------------------სათვის ამ უკანასკნელთან 2016 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების N2--- მიხედვით მისაღები საავანსო თანხის უზრუნველსაყოფად. საგარანტიო თანხის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა არა უმეტეს 274 500 ლარით. აპლიკანტის ვალდებულებები გარანტის წინაშე უზრუნველყოფილ იქნა 2016 წლის 11 აგვისტოს გაფორმებული გენერალური საკრედიტო/სასესხო ხელშეკრულებებით N2------------ განსაზღვრული შესაბამისი იპოთეკისა და გირავნობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებებით.
იმავე დღეს, 2016 წლის 16 აგვისტოს გარანტის მიერ გაცემულ იქნა საავანსო საბანკო გარანტია NA-------------, საგარანტიო თანხით 274 500 ლარი. საბანკო გარანტიის შესაბამისად, თუ აპლიკანტი ვერ შეასრულებდა ჩარიცხული ავანსის ექვივალენტ სამუშაოებს, სს ,,კ-------–-----ი“ კისრულობდა უპირობო, გამოუთხოვად ვალდებულებას, ბენეფიციარის პირველი წერილობითი მოთხოვნის წარმოდგენისთანავე აენაზღაურებინა ნებისმიერი თანხა ან თანხები 274 500 ლარის ფარგლებში. საბანკო გარანტია მოქმედებდა 2017 წლის 10 იანვრის 18:00 საათის ჩათვლით. გარანტიის თანახმად ნებისმიერი მოთხოვნა ან პრეტენზია გარანტის მიერ მიღებული უნდა ყოფილიყო საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე, სათანადოდ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული წერილობითი ფორმით, სადაც მითითებული იქნებოდა მოთხოვნილი თანხა და ის გარემოება, რომლის გამოც მოხდება მოთხოვნის წარმოდგენა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სსიპ თბილისის ს----–-–-------------–--------------------მა შპს „პ-------------ს“ წარუდგინა დაუსაბუთებელი პრეტენზია, რის საფუძველზეც სს „კ-------–-----მა“ უსაფუძვლოდ დააკმაყოფილა ბენეფიციარის _ სსიპ თბილისის ს----–-–-------------–--------------------ის 2017 წლის 09 იანვრის მოთხოვნა 2016 წლის 16 აგვისტოს საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულადი თანხის გადახდის შესახებ და აუნაზღაურა ბენეფიციარს 274 500 ლარი, მაშინ როდესაც შპს „პ-------------ის“ მიერ ადგილი არ ქონია სსიპ თბილისის ს----–-–-------------–--------------------თან 2016 წლის 12 აგვისტოს დადებული N2----ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამდენად, საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. ამასთან, გარანტის მხრიდან ბენეფიციარისათვის ფულადი თანხის გადახდის უპირობო ბუნება განპირობებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლით გათვალისწინებული დათქმით მასზედ, რომ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. თუმცა, მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში. მითითებული წესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. ამდენად, მართალია, კანონი გარანტისათვის ფულადი თანხის გაცემის დამოუკიდებელ ვალდებულებას აწესებს, თუმცა, გარანტი მაინც ვალდებულია ბენეფიციარისათვის თანხის გადახდამდე, გონივრული წინდახედულობის ფარგლებში, შეამოწმოს თანხის გადახდის თაობაზე წარდგენილი მოთხოვნის საფუძვლები და გარანტიის ვადა, ვინაიდან კანონი გარანტიის სახით გაცემულ ფულად თანხას არამართლზომიერად მიიჩნევს, თუ ბენეფიციარის მოთხოვნა თანხის გაცემის თაობაზე გარანტიის პირობებს არ შეესაბამება. შესაბამისად, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გაცემული ფულადი თანხის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის უნდა დადგინდეს გარანტიის ხელშეკრულების პირობები და მისი მოქმედების ვადა (იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს 14. 17.02.15წ გადაწყვეტილება, საქმეზე N2ბ/3772-).
მართალია ზოგადად, საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს. თუმცა, საბანკო გარანტიის სხვადასხვა სახე (გადახდის, სატენდერო, საავანსო, შესრულების, კრედიტის უზრუნველყოფის და სხვ.) სამართალურთიერთობის სხვადასხვა მიზანს ემსახურება, შესაბამისად, საბანკო გარანტიის ფარგლებში გარანტის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ გაცემული ფულადი თანხა, ყოველთვის არ შეესაბამება იმ პირობებს, რომელიც პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. აღნიშნულ გარემოებას კი უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საბანკო გარანტიის სახით გაცემული თანხის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, რადგან თანხის გაცემის მართლზომიერება განსაზღვრავს, საბოლოო ჯამში, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხა, რეგრესის წესით, პრინციპალისაგან უნდა იქნეს ანაზღაურებული, თუ მითითებული თანხა, როგორც უსაფუძვლოდ მიღებული, ბენეფიციარისაგან უნდა იქნეს გამოთხოვილი. მითითებულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით კი უნდა დადგინდეს, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის თანხის გადახდა ემსახურებოდა, თუ არა იმ მიზნებს, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 888-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის მიმართ შემოიფარგლება იმ თანხის გადახდით, რომელზედაც გაიცა გარანტია. ხოლო ამავე კოდექსის 890-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გარანტის უფლება, მოითხოვოს პრინციპალისაგან რეგრესის წესით იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს საბანკო გარანტიით, განისაზღვრება პრინციპალთან გარანტის იმ შეთანხმებით, რომლის შესასრულებლადაც გაიცა გარანტია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, გარანტს არა აქვს უფლება მოსთხოვოს პრინციპალს იმ თანხის გადახდა, რომელიც აუნაზღაურდა ბენეფიციარს გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ ან ბენეფიციარის მიმართ გარანტის ვალდებულების დარღვევის გამო, თუ პრინციპალთან გარანტის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ზემოხსენებული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის, 888-ე მუხლისა და 890-ე მუხლის ერთობლივი, სისტემური, ლოგიკური და შინაარსობრივი ახსნა-განმარტების შესაბამისად, დგინდება რომ გარანტის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ გაცემული თანხა რეგრესის წესით პრინციპალისაგან ანაზღაურებას ექვემდებარება, თუ ბენეფიციარის მოთხოვნა, თანხის გაცემის თაობაზე, შეესაბამებოდა გარანტიის პირობებს, კერძოდ, იმ მიზნებსა და ამოცანებს, რისთვისაც საბანკო გარანტიის ხელშეკრულება დაიდო. ამ მიმართებით, კი საგულისხმოა, თავად გარანტის პასუხისმგებლობა, გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეამოწმოს გაცემული თანხის მართლზომიერება და მისი შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიზნებთან.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 16 აგვისტოს საბანკო გარანტიის გაცემის ხელშეკრულება, რომელშიც არაორაზროვნად არის მითითებული, რომ გარანტია საავანსო თანხის უზრუნველსაყოფად გაიცა: სს „კ-------–-----მა“ აიღო ვალდებულება აპლიკანტთან (შპს „პ-------------ი“) გაეფორმებინა წინამდებარე ხელშეკრულება, საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე, რომელიც აპლიკანტს უნდა წარედგინა სსიპ თ---–----------–-–--------------–---------------------სათვის ამ უკანასკნელთან 2016 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების N2--- მიხედვით მისაღები საავანსო თანხის უზრუნველსაყოფად (ხელსეკრულების 1.1 მუხლი). საავანსო თანხის უზრუნველყოფის დანიშნულებასა და ოდენობაზე მიუთითებს როგორც 2016 წლის 16 აგვისტოს გაფორმებული საბანკო გარანტიის ხელშეკრულების სათაური „საბანკო გარანტია საავანსო გადახდაზე,, ასევე ამავე ხელშეკრულებაში დაფიქსირებული საბანკო გარანტიის გაცემის საფუძველიც _ „ხელშეკრულებით გათვალისწინებულია წინასწარი ანგარიშსწორება, იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი ბენეფიციარს წარუდგენს საბანკო გარანტიას მოთხოვნილი ავანსის ექვივალენტ თანხაზე... იმ შემთხვევაში თუ აპლიკანტი ვერ შეასრულებს ჩარიცხული ავანსის თანხის ექვივალენტ სამუშაოებს, გარანტი კისრულობს უპირობო, გამოუთხოვად ვალდებულებას, ბენეფიციარის პირველი წერილობითი მოთხოვნის წარმოდგენისთანავე აუნაზღაუროს მას ნებისმიერი თანხა ან თანხები 274 500 ლარის (შემდგომში „საავანსო თანხა“) ფარგლებში. წინამდებარე საბანკო გარანტია ძალაში შედის: სსიპ “კ-------–-----ში“ ბენეფიციარის დავალებით, წინამდებარე საბანკო გარანტიის ნომრის მითითებით, აპლიკანტის ა/ანგარიშზე ავანსის სახით საავასო თანხის ჩარიცხვის დღეს, ჩარიცხული თანხის ოდენობით და მოქმედებს 2017 წლის 10 იანვრის 18:00 საათის ჩათვლით“. მითითებულ გარემოებას ასევე ცხადყოფს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავანსო თანხის ოდენობის იდენტურობა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილ თანხის ოდენობასთან (274 500 ლარი), რაც მთლიანი ხელშეკრულების ღირებულების (549 000 ლარი) 50%-ს წარმოადენს. ამდენად, უდავოა რომ მოპასუხის მიერ გაცემული საბანკო გარანტია, მისი სათაურის, შინაარსის და შესასრულებელი ვალდებულების ღირებულების გათვალისწინებით, სწორედ საავანსო თანხის უზრუნველყოფას ემსახურებოდა.
სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო კოდექსის ზემოხსენებულ 887-ე მუხლის პირველ, ასევე 886-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესზე (რომელიც ავალდებულებს გარანტს ბენეფიციარის მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით განიხილოს გონივრულ ვადაში და გამოიჩინოს გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს) და მიუთითებს 2016 წლის 16 აგვისტოს საბანკო გარანტიით განსაზღვრულ პირობებზე: ბენეფიციარის ნებისმიერი მოთხოვნა ან პრეტენზია გარანტის მიერ მიღებული უნდა ყოფილიყო საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე, სათანადოდ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული წერილობითი ფორმით, სადაც მითითებული უნდა იყოს მოთხოვნილი თანხა და ის გარემოება, რომლის გამოც მოხდება მოთხოვნის წარმოდგენა და განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ბენეფიციარის სახელზე გარანტიის თანხის გაცემის მიზნობრიობა და მისი შემოწმების ვალდებულება გარანტის მხოლოდ კანონისმიერ პირობას კი არ წარმოადგენდა, არამედ აღნიშნული პირობა მხარეთა შორის შეთანხმებული გარანტის სახელშეკრულებო ვალდებულებაც იყო.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ პრინციპალმა - შპს“პ-------------მა“ გარანტის მიერ გაცემული საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე, ბენეფიციარისაგან 2016 წლის 31 აგვისტოს მიიღო საავანსო თანხა და განახორციელა N2--- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის შეძენა და მოწოდება ბენეფიციარისათვის 2016 წლის 18 ნოემბერს.
2017 წლის 9 იანვარს, სსიპ თბილისის ს----–-–-------------–--------------------მა“ მიმართა გარანტს, საბანკო გარანტიით განსაზღვრული 274500 ლარის ბენეფიციარისათვის ანაზღაურების თაობაზე, იმ გარემოებაზე მითითებით რომ შპს“პ-------------მა“ ვერ შეასრულა ავანსის თანხის ექვივალენტი სამუშაოები, კერძოდ, დადგენილ ვადაში არ მიაწოდა შემსყიდველს შესყიდვის ობიექტი.
2017 წლის 24 იანვარს, ბენეფიციარმა განმეორებით მიმართა გარანტს, უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის საფუძველზე, სსიპ თბილისის ს----–-–-------------–--------------------ისათვის 274500 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ შპს“პ-------------ის“ მიერ მიწოდებული აპარატი არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და შესაბამისად უნივერსიტეტი უარს ამბობდა მის მიღებაზე. 2017 წლის 30 იანვრის წერილით ბენეფიციარმა, ასევე აცნობა გარანტს პრინციპალის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე.
სს“კ-------–-----მა“ დააკმაყოფილა სსიპ თბილისის ს----–-–-------------–--------------------ის 2017 წლის 9 იანვრის მოთხოვნა 2016 წლის 16 აგვისტოს საავანსო საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ფულადი თანხის გადახდის თაობაზე და აუნაზღაურა ბენეფიციარს საგარანტიო თანხა 274500 ლარის ოდენობით.
დავის გადაწყვეტისათვის არსებითი ხასიათის მქონე გარემოების შესაფასებლად, ბენეფიციარის მოთხოვნა, თანხის გაცემის თაობაზე, შეესაბამებოდა თუ არა გარანტიის პირობებს, იმ მიზნებსა და ამოცანებს, რისთვისაც საბანკო გარანტიის ხელშეკრულება დაიდო და შესაბამისად გარანტმა, გამოიჩინა თუ არა გონივრული მზრუნველობა იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა მოთხოვნა და თანდართული დოკუმენტები გარანტიის პირობებს და გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შეამოწმა თუ არა გაცემული თანხის მართლზომიერება და შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიზნებთან, ცხადია განმარტებას საჭიროებს, თუ რა იგულისხმება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევაში, კონკრეტულად კი „ჩარიცხული ავანსის თანხის ექვივალენტი სამუშაოების შეუსრულებლობაში“ რომელიც საავანსო საბანკო გარანტიის თანახმად გარანტის მხრიდან, ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე, საგარანტიო თანხის გადახდის ვალდებულებას წარმოშობს.
„ვალდებულების დარღვევა, როგორც ასეთი, ფართო ცნებაა, თუმცა, იგი ყოველთვის ხელშეკრულების მიზნიდან, დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს. საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული სამართლებრივი დეფინიციების შესაბამისად, საავანსო გადახდის გარანტიის (Advance Payment Guarantee) ძირითად მიზანს წარმოადგენს გაცემული ავანსის მიზანმიმართული გამოყენების უზრუნველყოფა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ამდენად, საავანსო გარანტიის პირობათა დარღვევად განხილულ უნდა იქნეს საავანსო თანხის არამიზნობრივი გამოყენება ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა იმგვარი დარღვევა, რომელიც ხელშეკრულებიდან გასვლას, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენასა და შესაბამისად, საავანსო თანხის დაბრუნებას იწვევს (სუს 2016წ. 10 მარტის გადაწყვეტილება, საქმეზე Nას-396-376-2015).
საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის, ურთიერთშეჯერებისა და ერთობლიობაში შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია რომ, სადავო შემთხვევაში სახეზე არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი დარღვევა, რაც გარანტის მხრიდან ბენეფიციარისათვის თანხის გადახდის წინაპირობას წარმოადგენდა. კერძოდ, დადგენილია, რომ საქონლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამედიცინო აპარატურის მიწოდების ვალდებულება შპს“პ-------------ს“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 კალენდარული დღის ვადაში უნდა განეხორციელებინა და მაშასადამე ვალდებულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2016 წლის 26 ოქტომბერი. მოსარჩელე მხარე არ უარყოფს რომ მის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში საქონლის მიწოდება არ განხორციელებულა და მობილური ლიოფილიზატორი შემსყიდველს მიაწოდა დაგვიანებით 2016 წლის 18 ნოემბერს, რაც სასამართლოს შეფასებით ადასტურებს იმ გარემოებას რომ პრინციპალის მხრიდან ადგილი არ ქონია საავანსო თანხის არამიზნობრივ განკარგვას. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ შემსყიდველს არ უსარგებლია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 12.3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებით _ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში შესყიდვის ობიექტის მიუწოდებლობის გამო შეეწყვიტა ხელშეკრულება; გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შემსყიდველის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობით/არაჯეროვნად შესრულებით გამოწვეული რისკები დაზღვეულ იქნა არა მარტო საავანსო გარანტიით, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა სატენდერო და შესრულების გარანტიები, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლოს მექანიზმი; კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 9.6 პუნქტით მხარეთა მიერ შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველდღიური ვადაგადაცილებისათვის 0,3 %-ის ოდენობით, სწორედ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევისათვის; და ბოლოს, სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ მიუხედავად 2016 წლის 30 დეკემბრის შეთანხმებაში ასახული ცვლილებებისა, საქმის მასალებით არ დასტურდება გარანტის მიერ 2016 წლის 16 აგვისტოს NA------------- საავანსო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელების ფაქტი 2017 წლის 9 თებერვლამდე, საგარანტიო თანხის გაცემაზე, ბენეფიციარის მიერ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში წარდგენილ 2017 წლის 9 იანვრის წერილში კი, რომლის საფუძველზეც გარანტმა დააკმაყოფილა ბენეფიციარის მოთხოვნა, უნივერსიტეტი არც თანხის განკარგვის არამიზნობრიობაზე აპელირებს და არც იმ გარემოებაზე უთითებს, რომ კრედიტორი ხელშეკრულებიდან გასვლასა და შესაბამისად, ავანსის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას აპირებდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას, რომ სადავო შემთხვევაში გარანტს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ბენეფიციარისათვის გადახდის ვალდებულება არ გააჩნდა, რამდენადაც პრინციპალის მიერ დარღვეული არ ყოფილა საავანსო თანხის განკარგვის მიზნობრიობა, საავანსო საბანკო გარანტიის საფუძველზე კი ბენეფიციარისათვის საგარანტიო თანხის გადახდის წინაპირობა მხოლოდ აღნიშნული შეიძლება ყოფილიყო და ერთადერთი, რისი მოთხოვნის უფლებაც ბენეფიციარს კონტრაგენტის მიმართ გააჩნდა ვალდებულების ვადადარღვევით შესრულების გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრება იყო, რის უზრუნველყოფასაც, კონკრეტული საავანსო გადახდის გარანტია არ ითვალისწინებდა.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს რომ, ვინაიდან ბენეფიციარის მოთხოვნის განხილვისას სს“კ-------–-----მა“ არ გამოიჩინა გონივრული მზრუნველობა და წინდახედულების ფარგლებში არ შეამოწმა ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის შესაბამისობა გარანტიის პირობებთან, შპს ,,პ-------------ის” და შპს ,,ბ-------ს” სასარჩელო მოთხოვნა სს“კ-------–-----ის" მიერ ბენეფიციარისათვის გადახდილი თანხის, გარანტიის პირობების საწინააღმდეგოდ გადახდილად აღიარების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რაც თავის მხრივ, სამოქალაქო კოდექსის 890-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, გარანტს პრინციპალისაგან მითითებული თანხის რეგრესის სახით მოთხოვნის უფლებას უკარგავს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილ იქნა სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფისთვის 50 ლარი.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 5050 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს“ბ-------ს“ მიერ გაღებულ იქნა ადვოკატის მომსახურების ხარჯი - 10980 ლარის ოდენობით; შესაბამისად მოპასუხე მხარეს მოსარჩელეების სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 5500 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 აგვისტოს განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს ო----- გ---–----ს მიერ 2017 წლის 05 მაისს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული NA1--------------- სააღსრულებო წარმოება;
ვინაიდან შპს ,,პ-------------ის” და შპს ,,ბ-------ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს სასამართლოს მიერ მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,პ-------------ის” და შპს ,,ბ-------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. უკანონოდ იქნეს აღიარებული შპს ,,კ-------–-----სა“ და შპს ,,პ-------------ს“ შორის 2016 წლის 11 აგვისტოს დადებული №2------------ გენერალური ხელშეკრულებით და 2016 წლის 16 აგვისტოს საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ NA----------------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის _ 274 500 ლარის ბენეფიციარზე, სსიპ "თ---–-----------–---------------------სთვის" გადახდა.
3. შპს ,,კ-------–-----ს“ შპს ,,პ-------------ის” და შპს ,,ბ-------ს” სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელეების მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი _ 5000 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ანაზღაურება;
4. შპს ,,კ-------–-----ს“ შპს ,,პ-------------ის” და შპს ,,ბ-------ს” სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებაზე გაღებული ხარჯის - 5500 ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი