გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.05.2019
საქმის ნომერი
140210018002679353
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002679353

საქმე № 2/2011-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 მაისი 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი

 

მოსარჩელე - სს „მ---------------------ი“

წარმომადგენელი - ნოდარ კირვალიძე

 

მოპასუხე - თ-------------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე თ-------------–---–ს სს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ, დაეკისროს 8990.41 ლარის გადახდა, საიდანაც სსხის ძირი თანხაა 4214.47 ლარი, სარგებელი - 3275.94 ლარი, პირგასამტეხლო - 1500 ლარი.

 

2. მოსარჩელის პოზიცია

 

მოსარჩელის განმარტებით მასსა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 25 მარტს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებლზე გაიცა 4400 ლარი, წლიური 63.6%, ვადა 36 თვე, შეთანხმებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ 1-დან 5 დღემდე ვადაგადცილებულ დღეზე 12 ლარის დარიცხვით, ხოლო მე-6 დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარის დარიცხვით.

 

სესხის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - მერსედეს ბენც ემ ელ 320, გამოშვების წელი 2002. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ ოთხი გადახდა განახორციელა და მიუხედვად გაფრთხილებისა ნაკისრ ვალდებულბას არ ასრულებს.

 

3. მოპასუხის პოზიცია

 

3.1. მოპასუხე თ-------------–---–მა სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ სესხის აღების შემდგე მისი ეკონომიური მდგომარეობა გაუარესდა მნიშვნელოვანად და ვერ შეძლო გრაფიკის შესაბამისად სესხის დაფარვა. იგი თანხმობას აცხადებს გადაიხადოს სესხი ძირი თანხა 4214.47 ლარი, აგრეთვე მოსამზადებელ სხდომაზე ცნო მოთხოვნილი სარგებლის ნაწილიც 1637.97 ლარი.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1.მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 25 მარტს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მსესხებლზე გაიცა 4400 ლარი, წლიური 63.6%, ვადა 36 თვე, შეთანხმებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ყოველ 1-დან 5 დღემდე ვადაგადცილებულ დღეზე 12 ლარის დარიცხვით. მე-6 დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარის დარიცხვით. სესხის უზრუნველოყოფის მიზნით მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლი კუთვნილი ავტომობილი - მერსედეს ბენც ემ ელ 320, გამოშვების წელი 2002

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება DLE17006204;

- 25.03.2017 წ. შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ.

 

4.1.2. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ ოთხი გადახდა განახორციელა და მიუხედავად გაფრთხილებისა ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილი;

- ცნობა დავალიანების შესახებ

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 25 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებით, მხარეების მიერ გაითვალისწინებული წლიური სარგებელი 63.6% ოდენობით არის ამორალური და პირგასამტეხლო ყოველ 1-დან 5 დღემდე ვადაგადცილებულ დღეზე 12 ლარის დარიცხვით. მე-6 დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარის დარიცხვით არის არაგონივრული (მოპასუხემ სადაოდ გახადა დარიხცული სარგებლის ½ ნაწილი და პირგასამტეხლო სრულად).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ

- მხარეთა ახსნა - განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''მ---------------------ის“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე 420-ე, 623-625-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.

 

ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა სესხის ხელშეკრუკლების საფუძველზე წარმოიშვა.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 25 მარტს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებლზე გაიცა 4400 ლარი.

 

7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული სესხის თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულებულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. კერძოდ, თ-------------–---–მა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა, მხოლოდ გადახდილი აქვს გრაფიკით გათვალისწინებული ოთხი გადახდა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ''მ---------------------ის'' სარჩელი ძირითადი თანხის - 4214.47 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია.

 

7.6. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას სარგებელთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც, სადაც საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი და სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა. ამრიგად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დებულება, რომლითაც კასატორმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ, როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე“(იხ. სუსგ №ას-663-629-2015, 28 ივლისი 2015 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულები სარგებლის სახით გათვალისწინებულია ყოვეთვიურად 5.3% (წლიური 63.6%), რომელიც უნდა შემცირდეს ყოველთვიურ 4%-მდე (2472.40 ლარამდე). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხისის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია სრულად.

 

7.7. გარდა ამისა, საქმეში დაცული მასალებიდან დგინდება, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად.

 

7.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

7.9. ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეები საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ 1-დან 5 დღემდე ვადაგადცილებულ დღეზე 12 ლარის დარიცხვით. მე-6 დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარის დარიცხვით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება, შესაბამისად, მას ეკისრება ვალდებულება პირგასამტეხლოს გადახდისა, თუმცა მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა 1500 ლარით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო არის არაგონივრული და უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 430 ლარით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8.2. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, სარჩელიც დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 274.24 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 178.50 ლარი, ხოლო დარჩენილი 95.74 ლარიდან 38.55 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს. გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს გაწეული აქვს სასამართლოს გარეშე ხარჯი 150 ლარის ოდენობით, რომლის ანაზღაურებაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

9.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე სს „მ---------------------ის“ სარჩელი მოპასუხე თ-------------–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე თამაზი მაჭარაშვილს მოსარჩელე სს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 7116.40 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა არის 4214.47 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 2472.40 ლარი, პირგასამტეხლო - 430 ლარი.

 

3. მოსარჩელე სს „მ---------------------ს“ (ს/კ: 4--------) მის მიერ შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, (საგადასახადო დავალება №1539592479) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 274.24 ლარიდან დაუბრუნდეს 178.50 ლარი, ხოლო დანარჩენი 95.74 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე თამაზი მაჭარაშვილს მოსარჩელე სს „მ---------------------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაეკისროს 38.55 ლარის ანაზღაურება და ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილის გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 ( თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია კუთხაშვილი