გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.04.2019
საქმის ნომერი
330210019002815459
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
15.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/896-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

მოსარჩელე - ზ----- მ-------–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი - ბ---- ზ-----–-–---–ი

მოპასუხე - შპს „ე-----“

მოპასუხის წარმომადგენლები - კ------- ყ------ი, ვ-–-------- გ-------–-–---–ი

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს „ე-----ს“ მოსარჩელე ზ----- მ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების გადახდა 6 000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით;

(15.04.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

1.2. მოპასუხე შპს „ე-----ს“ მოსარჩელე ზ----- მ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ფულადი ანგარიშსწორების დაყოვნების გამო პირგასამტეხლო 0,07% ყოველ დაყოვნებულ დღეზე, შემდეგი ოდენობით:

 

Ø 2017 წლის ოქტომბრის თვეში დაყოვნებული თანხის - 1875 ლარის (დარიცხული) 0.07%, რაც შეადგენს 1,3125 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 31 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

Ø 2017 წლის ნოემბრის თვეში დაყოვნებული თანხის - 625 ლარის (დარიცხული) 0.07%, რაც შეადგენს 0,4375 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 30 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

Ø 2018 წლის იანვრის თვეში დაყოვნებული თანხის - 625 ლარის (დარიცხული) 0.07%, რაც შეადგენს 0,4375 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 31 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

Ø 2018 წლის აპრილის თვეში დაყოვნებული თანხის - 625 ლარის (დარიცხული) 0.07%, რაც შეადგენს 0,4375 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 30 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

Ø 2018 წლის მაისის თვეში დაყოვნებული თანხის - 625 ლარის (დარიცხული) 0.07%, რაც შეადგენს 0,4375 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 31 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

Ø 2018 წლის ივლისის თვეში დაყოვნებული თანხის - 625 ლარის (დარიცხული) 0.07%, რაც შეადგენს 0,4375 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 31 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

Ø 2018 წლის აგვისტოს თვეში დაყოვნებული თანხის - 625 ლარის (დარიცხული) 0.07%, რაც შეადგენს 0,4375 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 31 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

Ø 2018 წლის სექტემბრის თვეში დაყოვნებული თანხის - 625 ლარის (დარიცხული) 0.07%, რაც შეადგენს 0,4375 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 30 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

Ø 2018 წლის ოქტომბრის თვეში დაყოვნებული თანხის - 625 ლარის (დარიცხული) 0.07%, რაც შეადგენს 0,4375 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 31 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

Ø 2018 წლის ნოემბრის თვეში დაყოვნებული თანხის - 625 ლარის (დარიცხული) 0.07%, რაც შეადგენს 0,4375 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 30 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, ზ----- მ-------–---–ი 2017 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით, 17,5 თვის განმავლობაში მუშაობდა შპს „ე-----“-ში. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, ზ----- მ-------–---–ის შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 1 875 ლარს, საიდანაც ხელზე მისაღები ხელფასი იყო 1 500 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა მიეღო 32 812,5 ლარი (დარიცხული), საიდანაც აუნაზღაურდა მხოლოდ 26 500 ლარი (დარიცხული), შემდეგნაირად:

 

Ø 2017 წლის 21 ივლისს - 750 ლარი, ივნისის ხელფასი;

Ø 2017 წლის 31 ივლისს - 750 ლარი, ივნისის ხელფასი;

Ø 2017 წლის 29 აგვისტოს - 1 500 ლარი, ივლისის ხელფასი;

Ø 2017 წლის 29 სექტემბერს - 1 500 ლარი, აგვისტოს ხელფასი;

Ø 2017 წლის 3 ნოემბერს - 1 000 ლარი, სექტემბრის ხელფასი;

Ø 2017 წლის 4 დეკემბერს - 500 ლარი, სექტემბრის ხელფასი;

Ø 2017 წლის 29 დეკემბერს - 1 000 ლარი, ნოემბრის ხელფასი;

Ø 2018 წლის 6 თებერვალი - 1 500 ლარი, დეკემბრის ხელფასი;

Ø 2018 წლის 5 მარტი - 1 000 ლარი, იანვრის ხელფასი;

Ø 2018 წლის 5 აპრილი - 1 500 ლარი, თებერვლის ხელფასი;

Ø 2018 წლის 1 მაისი - 1 500 ლარი, მარტის ხელფასი;

Ø 2018 წლის 14 ივნისი - 1 000 ლარი, აპრილის ხელფასი;

Ø 2018 წლის 4 ივლისი - 1 000 ლარი, მაისის ხელფასი;

Ø 2018 წლის 13 აგვისტო - 1 500 ლარი, ივნისის ხელფასი;

Ø 2018 წლის 6 სექტემბერი - 1 000 ლარი, ივლისის ხელფასი;

Ø 2018 წლის 27 სექტემბერი - 1 000 ლარი, აგვისტოს ხელფასი;

Ø 2018 წლის 9 ნოემბერი - 1 000 ლარი, სექტემბრის ხელფასი;

Ø 2018 წლის 30 ნოემბერი - 1 000 ლარი, ოქტომბრის ხელფასი;

Ø 2018 წლის 21 დეკემბერი - 1 000 ლარი, ნოემბრის ხელფასი.

გარდა ზემოაღნიშნული თანხებისა, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მოპასუხემ ჩაურიცხა ივლისის ხელფასის დანამატი - 200 ლარი, 2017 წლის 29 აგვისტოს, ხოლო 2018 წლის 10 იანვარს - 1 000 ლარის ოდენობით დახმარება ოჯახის წევრის დაღუპვის გამო. რაც შეეხება დავალიანების ოდენობას, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება სახელფასო დავალიანება 7 500 ლარის ოდენობით. სასამართლოს სხდომაზე მხარემ დააზუსტა, რომ ხსენებული თანხა არის დარიცხული, ხოლო ხელზე მისაღები დავალიანების ოდენობაა 6 000 ლარი, რომლის დაკისრებასაც ითხოვს მოპასუხეზე, კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან ერთად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს „ე-----“-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.

 

მოპასუხე მხარის განმარტებით, 2017 წლის 22 მარტს სსიპ საქართველოს მ----–----–---------------------------ს და შპს „ე-----ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა დ--–------–--------–-----------ის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები უნდა დასრულებულიყო დაწყებიდან 8 თვეში. აღნიშნული სამუშაოების შესრულების მიზნით და ვადით, 2017 წლის 15 ივნისს შპს „ე-----ს“ - როგორც დამსაქმებელს და ზ----- მ-------–---–ს - როგორც დასაქმებულს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ის აყვანილ იქნა ინჟინრის-საქმეთა მწარმოებლის თანამდებობაზე. ყოველთვიურ ხელფასად განისაზღვრა ხელზე გასაცემი 1 500 ლარი.

 

შესაგებელში მითითებულია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა 2018 წლის 22 ოქტომბერს, რაზეც საქართველოს მ----–----–---------------------------სა და შპს „ე-----ს“ შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი. ამდენად, მოსარჩელის მიერ ნამუშევარმა პერიოდმა შეადგინა არა 17.5 თვე, როგორც ეს სარჩელშია მითითებული, არამედ 16 თვე. შესაბამისად, მოვალეობის ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. მას ხელფასის სახით ხელზე უნდა მიეღო 24 000 ლარი.

 

მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 33-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის უფლებას, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი. მხარე განმარტავს, რომ მოსარჩელე არათუ არ ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ მოვალეობებს, არამედ მისი მოქმედებით (უმოქმედობით) მოპასუხეს მიადგა ქონებრივი ზიანი, რაც შესაგებლის წარმოდგენის მომენტისთვის შეადგენს 65 961 ლარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მას არ გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ, რაც თავის მხრივ გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობასაც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 15 ივნისს ზ----- მ-------–---–ი აყვანილ იქნა კომპანია „ე-----“-ს ინჟინრად/საქმეთა მწარმოებლად და მისი ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა ხელზე ასაღები 1 500 ლარით.

 

ზ----- მ-------–---–თან დადებული შრომითი ხელშეკრულება მოქმედებდა საქართველოს მ----–----–---------------------------ს და შპს „ე-----ს“ შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების მოქმედების ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი, შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სამსახურში აყვანის ფორმა (ს.ფ. 88);

- ხელფასის ცნობა (ს.ფ. 18);

- დოკუმენტაცია „დ--–------–--------–-----------ის რეაბილიტაციასთან“ დაკავშირებით /ხელშეკრულება, პირობები, მიღების წერილი, სატენდერო დოკუმენტაცია (ს.ფ. 75-87)

 

3.1.2. ზ----- მ-------–---–ს ხელფასის სახით სულ ჩარიცხული აქვს შემდეგი ოდენობით თანხები (ხელზე მისაღები):

 

· 2017 წლის 21 ივლისს - 750 ლარი, ივნისის ხელფასი;

· 2017 წლის 31 ივლისს - 750 ლარი, ივნისის ხელფასი;

· 2017 წლის 29 აგვისტოს - 1 500 ლარი, ივლისის ხელფასი;

· 2017 წლის 29 სექტემბერს - 1 500 ლარი, აგვისტოს ხელფასი;

· 2017 წლის 3 ნოემბერს - 1 000 ლარი, სექტემბრის ხელფასი;

· 2017 წლის 4 დეკემბერს - 500 ლარი, სექტემბრის ხელფასი;

· 2017 წლის 29 დეკემბერს - 1 000 ლარი, ნოემბრის ხელფასი;

· 2018 წლის 6 თებერვალი - 1 500 ლარი, დეკემბრის ხელფასი;

· 2018 წლის 5 მარტი - 1 000 ლარი, იანვრის ხელფასი;

· 2018 წლის 5 აპრილი - 1 500 ლარი, თებერვლის ხელფასი;

· 2018 წლის 1 მაისი - 1 500 ლარი, მარტის ხელფასი;

· 2018 წლის 14 ივნისი - 1 000 ლარი, აპრილის ხელფასი;

· 2018 წლის 4 ივლისი - 1 000 ლარი, მაისის ხელფასი;

· 2018 წლის 13 აგვისტო - 1 500 ლარი, ივნისის ხელფასი;

· 2018 წლის 6 სექტემბერი - 1 000 ლარი, ივლისის ხელფასი;

· 2018 წლის 27 სექტემბერი - 1 000 ლარი, აგვისტოს ხელფასი;

· 2018 წლის 9 ნოემბერი - 1 000 ლარი, სექტემბრის ხელფასი;

· 2018 წლის 30 ნოემბერი - 1 000 ლარი, ოქტომბრის ხელფასი;

· 2018 წლის 21 დეკემბერი - 1 000 ლარი, ნოემბრის ხელფასი.

წინამდებარე ჩარიცხვები საერთო ჯამში შეადგენს 21 000 ლარს. ამასთან, არ ჩარიცხვია 2017 წლის ოქტომბრის ხელფასი ზ----- მ-------–---–ს, ხოლო 2017 წლის ნოემბრის, 2018 წლის იანვრის, აპრილის, მაისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში კი ჩაერიცხა არასრული ოდენობით შრომის ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სარჩელი;

- ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 19-39)

 

3.1.3. მოსარჩელის მითითებით, მას მიმდინარე თვის ხელფასი უნდა მიეღო შემდგომი თვის დასაწყისში, 10 რიცხვამდე. ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია მოპასუხის წარმომადგენელს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (15.04.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე ზ----- მ-------–---–ი შპს „ე-----“-ში ფაქტობრივად დასაქმებული იყო 2017 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით.

 

საქმეში წარმოდგენილი არ არის შრომის ხელშეკრულება, რაც, როგორც მხარეებმა განმარტეს, არც გაფორმებულა სხვა ფორმით, ვიდრე ეს არის წარმოდგენილი ფორმის სახით, სამსახურში აყვანის შესახებ (ს.ფ. 88). თავის მხრივ, მოპასუხე ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე კომპანიაში დასაქმდა საქართველოს მ----–----–---------------------------ს და შპს „ე-----ს“ შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების მოქმედების ვადით. ეს გარემოება არ გახლავთ სადავო, თუმცა, სადავო გახლავთ ფაქტობრივად ნამუშევარი თვეების ოდენობა.

 

მოპასუხე აღნიშნავდა, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს შედგა სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი, რა დროსაც დასრულდა შესასრულებელი სამუშაო და ამდენად, ამის შემდგომ, მოსარჩელე აღარ ყოფილა კომპანიაში დასაქმებული. თავის მხრივ, მოსარჩელე არ ადასტურებდა ამ გარემოებას და მიუთითებდა, რომ ფაქტობრივად იგი 22 ოქტომბრის შემდგომაც აგრძელებდა სამუშაოებს, რასაც ადასტურებს 2018 წლის ნოემბრის თვეში ხელფასის ჩარიცხვის ფაქტით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია საბანკო ამონაწერი მოსარჩელის პირადი ანგარიშიდან, საიდანაც ცალსახად დგინდება, რომ ზ----- მ-------–---–ს 2018 წლის 21 დეკემბერს მოპასუხე კომპანიისგან ჩაერიცხა 1 000 ლარი დანიშნულებით: „ნოემბრის ხელფასი“. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერ განმარტებას, თითქოს, ეს ჩანაწერი არაფერს ნიშნავს და ბუღალტერს გადარიცხვისას შეუძლია დანიშნულების გრაფაში მიუთითოს ნებისმიერი ტექსტი. ამდენად, შეჯიბრებითობის პრინციპისა და მტკიცებულებათა სამართლიანი გადანაწილების დაცვით სასამართლო ადგენს, რომ ზ----- მ-------–---–ის დასაქმების პერიოდი მოპასუხე კომპანიაში მოიცავდა 2017 წლის 15 ივნისიდან 2018 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდს.

 

3.2.2. შპს „ე-----ს“ ზ----- მ-------–---–ის სასარგებლოდ ერიცხება სახელფასო დავალიანება 6 000 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით.

 

მოსარჩელე მის მიერ წარმოდგენილ სარჩელში მიუთითებს, რომ დამსაქმებელმა არ აუნაზღაურა შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული ანაზღაურება სრულად და მისი დავალიანება შეადგენს დარიცხულ 7 500 ლარს, რაც ხელზე მისაღები 6 000 ლარია. თავის მხრივ მოპასუხე განმარტავდა, რომ 2017 წლის ივნისის თვეში მას ზედმეტად ჩაერიცხა თანხა 750 ლარის ოდენობით, ვინაიდან, სრული თვე არ უმუშავია და ამის მიუხედავად ჩაერიცხა 1 500 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებულ დავალიანების ოდენობას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ჩასარიცხი ხელფასიდან მოპასუხეს არ გადაუხდია 5 250 ლარი. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე განმარტავდა, რომ მას არც ამ თანხის გადახდა ეკისრება დასაქმებულის სასარგებლოდ იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაო შესრულდა არაჯეროვნად, რის გამოც, უნდა მოხდეს დამდგარი ზიანის გაქვითვა სახელფასო დავალიანების ოდენობიდან. ამასთან, მოპასუხე დამატებით იმასაც აღნიშნავდა, რომ მხარეები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ ხელფასიდან დაქვითვის ფაქტზე, რასაც ზ----- მ-------–---–ი არ ადასტურებდა.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს შეჯიბრებითობის პრინციპი, საიდანაც გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას. აღნიშნული კვლევისას სასამართლო, უმთავრესად, ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XIII თავით, რომლის 102-ე მუხლის მეორე ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მესამე ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, რაც სამსახურში აყვანის ფორმით იქნა გაფორმებული. ამ დოკუმენტის გარდა, სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის შეთანხმებულ პირობებს, საქმეში არ არის წარმოდგენილი. სასამართლოს კითხვაზე, ხომ არ იყო რაიმე სახის წერილობით შეთანხმება ხელფასის დაქვითვაზე მხარეთა შორის გაფორმებული ან დამსაქმებლის წერილობით ბრძანება დისციპლინური ღონისძიების გამოყენებაზე, მოპასუხეს ჰქონდა უარყოფითი პასუხი და მისი პოზიცია შემოიფარგლებოდა მხოლოდ წარმომადგენლის ზეპირი განმარტებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილია სამსახურში აყვანის ფორმა, საიდანაც დგინდება შეთანხმებული ხელფასის ოდენობა (ხელზე მისაღები 1 500 ლარი), ასევე ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, რაც ადასტურებს არა მარტო რეალურად ჩარიცხული ხელფასის ოდენობას, არამედ ასევე ფაქტობრივი მუშაობის პერიოდს (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტი). აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს საკმარისად მიაჩნია საიმისოდ, რომ გაიზიაროს მოსარჩელის პოზიცია, ხელფასის არასრულად ჩარიცხვის ფაქტთან და დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების და თანხის გაქვითვის თაობაზე, სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე დავის საგანი არ გახლავთ ზიანის არსებობის ფაქტის და ოდენობის შეფასება და მასში მოსარჩელის ბრალეულობის დადგენა. ეს გახლავთ ცალკე სასარჩელო წარმოების საკითხი, რაც მოცემულ დავაში, შეგებებული სარჩელის სახითაც არ არის აღძრული. ამდენად, სასამართლო ვერ გაცდება დავის ფარგლებს და ამდენად, წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა მოქცეულია სასარჩელო დავის ფარგლებში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის დასაბუთებული, საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, მე-6, 31-ე, 33-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს. ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

6.2 საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

სშკ-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით კი, შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებითი პირობას წარმოადგენს შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს „ე-----“-ს და ზ----- მ-------–---–ს შორის არსებობდა შრომითი ხელშეკრულება და გათვალისწინებული იყო შრომის ანაზღაურების ოდენობა. კერძოდ, მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განსაზღვრული იყო ხელზე მისაღები 1 500 ლარით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ხოლო, სშკ-ის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.

 

წინამდებარე დავაში მოპასუხე მიუთითებდა, რომ მართალია მოსარჩელეს სრულად არ ჩარიცხვია შეთანხმებული ხელფასი, მაგრამ უნდა მომხდარიყო ამ თანხის გამოქვითვა სშკ-ის 33-ე მუხლის გათვალისწინებით იმ მიზეზით, რომ მოსარჩელის ქმედებით (უმოქმედობით) კომპანიას მიადგა ზიანი. სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტა, რომ განსახილველი დავის ფარგლებს სცდებოდა ეს გარემოება და მასზე ვერ იმსჯელებდა. რაც შეეხება დავალიანების ოდენობას, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გაიზიარა მოსარჩელის მითითება დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, ზ----- მ-------–---–ის მოთხოვნა არის საფუძვლიანი, ამავდროულად დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, დამსაქმებლის მიერ შეიძლება დაყოვნდეს ის ანაზღაურება თუ ანგარიშსწორება, რომელიც დასაქმებულისათვის გარკვეულ დროს უნდა გადახდილიყო, მაგრამ ეს ვალდებულება არ შესრულდა. აღნიშნული ნორმა ეხება მისაღები შრომის ანაზღაურების, ანგარიშსწორების და ა.შ. გადახდის დაყოვნებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაიზიარა, რომ ზ----- მ-------–---–ს დამსაქმებლის მხრიდან არ ჩარიცხვია 2017 წლის ოქტომბრის ხელფასი, ხოლო 2017 წლის ნოემბრის, 2018 წლის იანვრის, აპრილის, მაისის, ივლისის, აგვისტოს, სექტემბრის, ოქტომბრის და ნოემბრის თვეებში კი ჩაერიცხა არასრული ოდენობით შრომის ანაზღაურება. შესაბამისად, რამდენადაც სახელფასო დავალიანების ნაწილში სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია მოთხოვნა, აღნიშნული ასევე საფუძვლიანს ხდის მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ყოველი დაყოვნებული დღისთვის.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ვინაიდან მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯს - 317,97 ლარის ოდენობით, მოპასუხე გადაიხდის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ზ----- მ-------–---–ის სარჩელი შპს „ე-----“-ს წინააღმდეგ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე შპს „ე-----ს“ მოსარჩელე ზ----- მ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების გადახდა 6 000 ლარის (საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) ოდენობით;

 

3. მოპასუხე შპს „ე-----ს“ მოსარჩელე ზ----- მ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ფულადი ანგარიშსწორების დაყოვნების გამო პირგასამტეხლო 0,07% ყოველ დაყოვნებულ დღეზე, შემდეგი ოდენობით:

 

3.1. 2017 წლის ოქტომბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%, რაც შეადგენს 1.05 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 10 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

3.2. 2017 წლის ნოემბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%, რაც შეადგენს 0,35 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2017 წლის 10 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

3.3. 2018 წლის იანვრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%, რაც შეადგენს 0,35 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

3.4. 2018 წლის აპრილის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%, რაც შეადგენს 0,35 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 10 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

3.5. 2018 წლის მაისის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%, რაც შეადგენს 0,35 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 10 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

3.6. 2018 წლის ივლისის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%, რაც შეადგენს 0,35 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 10 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

3.7. 2018 წლის აგვისტოს თვის ხელფასის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%, რაც შეადგენს 0,35 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 10 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

3.8. 2018 წლის სექტემბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%, რაც შეადგენს 0,35 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 10 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

3.9. 2018 წლის ოქტომბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%, რაც შეადგენს 0,35 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 10 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

3.10. 2018 წლის ნოემბრის თვის ხელფასის დაყოვნებისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%, რაც შეადგენს 0,35 ლარს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2018 წლის 10 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

 

4. მოპასუხე შპს „ე-----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 317.97 ლარის ოდენობით;

 

5 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მაია გიგაური