გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820310018002605652 (3-92/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 აპრილი, 2019 წელი. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე: გუ-–--------–-----ი
წარმომადგენელი: და-----------ძე
მოპასუხე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია.
წარმომადგენელი: ლე----------ძე
დავის საგანი - მიუღებელი განაცდური ხელფასის, პრემიისა და ხელფასის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას გუ-–--------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება 2015 წლის 5 იანვრიდან 2017 წლის 17 მაისამდე პერიოდში განაცდური ხელფასი 22 910 ლარი, მიუღებელი პრემია 12640 ლარი, ხელფასის დაყოვნებისთვის მისაღები კუთვნილი საპროცენტო თანხა 7272.65 ლარი, პრემიის დაყოვნებისათვის მისაღები კუთვნილი საპროცენტო თანხა 4264.70 ლარი, ანაზღაურებადი შვებულებისათვის მიუღებელი თანხა 1869,66 ლარი, სულ 47 087.35 ლარის ანაზღაურება.
1.2. მოპასუხეს დაეკისროს საადვოკატო მომსახურების თანხის 300 ლარის და აუდიტის მომსახურების 375 ლარის ანაზღაურება
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელე გუ-–--------–-----ი 2013 წლის 15 თებერვლიდან მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლად სოფ. გა-------ში. 2015 წლის 5 იანვრის N01-20/15 ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ უკანონოდ იქნა განთავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვალს N010310015729926 გადაწყვეტილებით იგი აღდგენილი იქნა პირვანდელ თანამდებობაზე. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მაისის N506 ბრძანებით გ. ღლონტი დაბრუნებული იქნა იმავე თანამდებობაზე, სადაც დღესაც მუშაობს. უკანონო გათავისუფლების გამო სამუშაო პერიოდის წყვეტამ შეადგინა 2 წელი, 4 თვე და 11 დღე. ამ პერიოდში გუ-–---------–---ტს არავითარი ანაზღაურება არ მიუღია, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი მიუღებელი ხელფასის, პრემიების დანამატებისა და ორი გამოუყენებელი 30-30 დღიანი ანაზღაურებადი შვებულების სახით.
გუ-–---------–---ტს უკანონო განთავისუფლების გამო განაცდურისა და ხელფასის დროულად მიუღებლობის გამო მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, კერძოდ შპს ,,ექ------------------------ის“ გამოთვლით მას სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების გამო არ მიუღია 2015 წლის 05 იანვრიდან 2017 წლის 17 მაისამდე პერიოდში - ხელფასის სახით 22910 ლარი - პრემია 12640 ლარი, რომელიც გაცემულია გუ-–--------–-----ის ჩამანაცვლებელ პირზე და რომ არა უკანონოდ განთავისუფლება, მიიღებდა გუ-–---------–---ტი.
ხელფასის მიუღებლობით მოსარჩელემ იზარალა კანონით დადგენილი კუთვნილი საპროცენტო თანხა 7272.65 ლარი, ხოლო პრემიის სახით მისაღები თანხის დაყოვნების გამო მან იზარალა 4246.70 ლარი. სულ მიუღებელი თანხებით მიყენებული ზიანი შეადგენს 22910+12640+7272.60+4246.70)=47087.35 ლარს. მიუხედავად იმისა, რომ ხელვაჩაურის მერიაში წარდგენილია მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურებაზე, მერია თანხას ნებაყოფლობით არ იხდის.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მიიჩნევს რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რის დასადასტურებლდაც მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
პრემია არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირზე გაცემული დამატებითი თანხა, რომელიც გაიცემა კანონთა და პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის მიხედვით, დაკისრებული უფლებამისილების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის. აღნიშნულ პერიოდში გუ-–--------–-----ი არ ასრულებდა სამსახურებრივ საქმიანობას, ამიტომ დაუდგენელია მის შესრულების ხარისხი და შესაბამისად არ უნდა გაიცეს პრემიაც.
მოპასუხის წარმომადგენელი ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს მოთხოვნას ხელფასისა და პრემიის თანხის დაყოვნებისათვის ზიანის დაკისრების მოთხოვნას. განმარტავს, რომ თვითონ განაცდურის მოთხოვნა წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებას და დამატებითი სარგებლის მოთხოვნა მოკლებულია კანონიერ საფუძვლებს.
3. მესამე პირის პოზიცია
საქმეზე მესამე პირი არ არის ჩართული
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელე გუ-–--------–-----ი 2013 წლის 15 თებერვლიდან მუშაობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლად სოფ. გა-------ში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 5 იანვრის N01-20/15 ბრძანებით გუ-–--------–-----ი გათავისუფლდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ გა-------ში, დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან 2015 წლის 5 იანვრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 5 იანვრის N01-20/15 ბრძანება.
4.1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით გუ-–--------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2014 წლის 07 ნოებრის ოქმი №1 იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტური თანამდებობის ჩამონათვალის №26-ე გრაფაში, სოფელ გა-------ში გამგებლის წარმომადგენლის 1 შტატის შეტანასა და ამ შტატზე კონკურსის გამოცხადებას; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2014 წლის 29 დეკემბრის №4 სხდომის ოქმი და კონკურსის შედეგები, გუ-–--------–-----ის ნაწილში, ბათილად იქნას ცნობილი „გულნაზი ღლონტის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გა-------ში დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 იანვრის №01-20/15 ბრძანება, მოპასუხეს დაევალა ძალადაკარგულად გამოაცხადოს „ჯი-–---------ძის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუა მა----------ში დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გა-------ში დანიშვნის შესახებ“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 06 იანვრის №01-20/35 ბრძანება.
გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ და შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება
– ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 06 ივნისის განჩინება
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 06 დეკემბრის განჩინება
4.1.3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მაისის N506 ბრძანებით, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2014 წლის 07 ნოემბრის N1 ოქმი ვაკანტური თანამდებობის ჩამონათვალის N26 გრაფაში სოფელ გა-------ში გამგებლის წარმომადგენლის ერთი შტატისა და ამ შტატზე კონკურსის გამოცხადების შესახებ.
ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონკურსო საატესტაციო კომისიის 2014 წლის 29 დეკემბრის №4 სხდომის ოქმი და კონკურსის შედეგები, გულნაზი ღლონტის ნაწილში,ბათილად იქნა ცნობილი „გულნაზი ღლონტის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გა-------ში დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 იანვრის №01-20/15 ბრძანება,ძალადაკარგულად გამოაცხადდა ჯი-–---------ძის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუა მა----------ში დროებით მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გა-------ში დანიშვნის შესახებ“, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 06 იანვრის №01-20/35 ბრძანება.
ბრძანების გამოცემის დღიდან გუ-–--------–-----ი აღდგენილი იქნა სამუშაოზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 17 მაისის N506 ბრძანება.
4.1.4. გუ-–--------–-----ი 2015 წლის 05 იანვრიდან 2017 წლის 17 მაისამდე პერიოდში უკანონოდ იყო გათავისუფლებული სამსახურიდან და მას ამ პერიოდისათვის უკანონოდ გათავისუფლებისათვის განაცდური ხელფასი არ აქვს მიღებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სასამართლოს გადაწყვეტილებები,-გუ-–--------–-----ის განცხადებები
-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 29.06.2018 წ. წერილი
4.1.5. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელზე სოფელ გა-------ში 2015 წლის 05 იანვრიდან 2017 წლის 17 მაისამდე პერიოდში გაცემულია ხელფასი 22 010 ლარი, ხოლო პრემიის სახით გაცემულია 12640 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 12.09.2017 წ. წერილი
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. მოპასუხის წარმომადგენელი სადავოდ ხდის მოთხოვნილი პრემიისა და განაცდურის მიუღებლობით გამოწვეული ზიანისა და საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის კანონიერებას, რაც წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხს და აღნიშნილზე მსჯელობა იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობა, შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და მიაჩნია, რომ გუ-–--------–-----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია,-საქართველოს კონსტიტუცია;
-,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი;
- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
7.2. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრულია რა ადამიანის უფლებათა ძირითადი პოსტულატები, ასევე რეგულირებული და დაცულია თანამედროვე კაცობრიობის არსებობისა და ყოფის უმნიშვნელოვანესი ელემენტი - შრომის უფლება. ამ საერთაშორისო დოკუმენტის 23-ე მუხლი ადგენს, რომ ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება; ამავე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს.
7.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამდენად, სასამართლომ მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციული ორგანოსთვის მოსარჩელესთან დაკავშირებით განაცდური ხელფასის, პრემიისა და აღნიშნული თანხების მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
7.4. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
7.5 ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 37-ე მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო მოხელეთათვის განსაზღვრული გარანტიის პირობებში წარმოიშობა გონივრული მოლოდინი, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში პირი უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე მიყენებული ზარალის სრულად ანაზღაურების საფუძველს. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია, მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო.
7.6. მოხელის უფლების დაცვისა და განაცდურის ანაზღაურების საკითხი დარეგულირებულია ამჟამად მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლით, რომლის თანახმად, ,,მოხელეს უფლება აქვს, სამსახურებრივ საკითხზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, აგრეთვე ქმედება გაასაჩივროს საქართველოს ადმინისტრაციული კანონმდებლობით დადგენილი წესით“. აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ,,ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ხოლო მეოთხე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7.7. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისო სამართლებრივი აქტებითაც; მათ შორის სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C 158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე.
7.8. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების უკანონობა. სახეზეა ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაზე მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებით განაცდურის (შრომითი გასამრჯელოს) ანაზღაურების საფუძველი. შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს 2015 წლის 5 იანვრიდან -2017 წლის 17 მაისამდე ყოველთვიურად განსაზღვრული შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) 790 ლარის ოდენობით, რაც მთლიანი პერიოდისათვის შეადგენს 22 910 ლარს, ასევე უნდა დაეკისროს აღნიშნულ პერიოდში მიუღებელი ანაზღაურებადი შვებულების თანხის 1869,66 ლარის გუ-–--------–-----ის სასარგებლოდ გადახდა.
7.9. რაც შეეხება გუ-–--------–-----ისათვის თანამდებობრივ სარგოსთან ერთად პრემიის
ანაზღაურების საკითხს, სასამრთლო აღნიშნავს, რომ პრემია არის დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა მის მიმართ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. პრემია გაიცემა დასაქმებული პირის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. პრემიის მიზნებია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა. თანამშრომელთათვის პრემიის დარიცხვა წარმოადგენს ადმინისტრაციის უფლებამოსილებას და არა მის ვალდებულებას. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების არსი გამორიცხავს ისეთ ანაზღაურებას, როგორიცაა მაგალითად: სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების ხარჯების საკომპენსაციო ანაზღაურება (კვების დანამატი), შრომითი შედეგების მიხედვით დაჯილდოვების თანხების (პრემიის) ანაზღაურება და სხვა. ზოგადად პრემიის თანამშრომლებზე გაცემა დაკავშირებულია პირის შრომით შედეგებზე და წარმოადგენს თანამშრომელთა ინდივიდუალურ წახალისებას, ამდენად, თავისი შინაარსიდან გამომდინარე პრემიის სახით გაცემული თანხები არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
7.10. ანაზღაურებას არ ექვემდებარება ასევე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ხელფასისა და პრემიის თანხის მიუღებლობის გამო დაანგარიშებული საპროცენტო სარგებელი.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის დაანგარიშებას საპროცენტო სარგებელსა და მიყენებულ ზიანზე, რომლის საფუძვლად მითითებულია ,,შრომის კოდექსის“ 31- მუხლი. მოცემულ შემთხვევაში მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულის გამო განაცდური ხელფასისა და სხვა სახის სარგოს ანაზღაურების საკითხი რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და სხვა აქტებით. საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად იწვევს ზიანის სრული ანაზღაურების ვალდებულებას. ეს არის ზიანი, რომელიც მოხელემ განიცადა უკანონო გათავისუფლების შედეგად, რითაც ვერ მიიღო ის შემოსავალი, რომელიც უზრუნველყოფილია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებათა შესრულების სანაცვლო ანაზღაურებით.
,,შრომის კოდექსის" პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, საჯარო მოხელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულის გამო განაცდური ხელფასისა და სხვა სახის სარგოს ანაზღაურების საკითხი რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით, ამიტომ საქრთველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესი, რომლის მიხედვითაც დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი, მოცემულ დავაში ვერ იქნება გამოყენებული. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი ხელფასის საპროცენტო სარგებელის მოპასუხეზე დაკისრებაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37--ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოსარჩელე ითხოვს სასამართლოს გარეშე ხარჯების- ადვოკატის მომსახურებისა და აუდიტორული შეფასებისათვის გადახდილი თანხის მოპასუხეზე დაკისრებას. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ძირითად ნაწილში დაკმაყოფილდა, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად დაეკისროს 300 ლარის გადახდა.
რაც შეეხება აუდიტის მომსახურებისათვის მოთხოვნილი თანხის ანაზღაურებას, ამ ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, რამდენადაც აუდიტის დასკვნა სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, 23-ე, 24-ე 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გუ-–--------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას გუ-–--------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 5 იანვრიდან 2017 წლის 17 მაისამდე იძულებით განაცდური ხელფასის (შრომითი გასამრჯელოს) 22 910 (ოცდაორათას ცხრაასათი) ლარისა და ამ პერიოდში ანაზღაურებადი შვებულების თანხის 1869,66 ლარის, სულ 24 779.66 (ოცდაოთხი ათას შვიდა სამოცდაცხრამეტი ლარი, 66 თეთრი) ლარის გადახდა
3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას გუ-–--------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 300 ლარის ანაზღაურება.
4. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე