გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
330210018002697187
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/31417-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 აპრილი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

მოსარჩელე - ქ. თბ--–----------–----–--------------ა

წარმომადგენელი - თა--------–------ე

მოპასუხე - შპს „გრ---------ი +“

წარმომადგენელი - ბა--------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს „გრ---------ი +“-თვის ქ. თბ--–----------–----–--------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 603,13 ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელში განმარტებულია, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 02 თებერვალს გაფორმდა სახელმწუფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები №---0------- და №03.0-------, რომლებიც ითვალისწინებდა თბილისის ვაკე საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის, გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების პოლიციის შენობებთან არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვას.

 

დასახელებული ხელშეკრულებების 8.2 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების დარღვევა, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 603,13 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.

 

შესაგებელში მითითებულია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან მოპასუხემ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა შეთანხმებული პირობების მიხედვით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს „ეკ---------ოს“ დასკვნა პირდაპირ არ ადასტურებს, რომ მცენარეთა ხმობა გამოწვეული იყო მორწყვის რეჟიმის დარღვევით, არამედ მცენარეთა ხმობა შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვა არახელსაყრელი გარემო ფაქტორებით.

 

სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. შპს „გრ---------ი +“-სა (მიმწოდებელი) და ქ. თბ--–----------–----–--------------ას (შემსყიდველი) შორის 2017 წლის 02 თებერვალს გაფორმდა №---0------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა თბილისის ვაკე-საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის რაიონების პოლიციის შენობებთან არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მომსახურება.

 

გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი ერთეულის ღირებულებების მითითებით მოცემული იყო მიმწოდებლის მიერ წარდგენილ მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც თან ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს (დანართი №1).

 

ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 54797,72 ლარით (ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით).

 

მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ მიწოდებული გეგმა-გრაფიკის, დანართი №2-ით განსაზღვრული სამუშაო საათების და მორწყვისათვის განსაზღვრული დროის შუალედების დაცვით.

 

ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება ჰქონდა განეხორციელებინა ტექნიკური კონტროლი ან/და შეემოწმებინა გაწეული მომსახურება.

 

ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-8).

2017 წლის 02 თებერვლის №---0------- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-28).

 

3.1.2. შპს „გრ---------ი +“-სა (მიმწოდებელი) და ქ. თბ--–----------–----–--------------ას (შემსყიდველი) შორის 2017 წლის 02 თებერვალს გაფორმდა №---0------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა თბილისის გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების პოლიციის შენობებთან არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მომსახურება.

 

გასაწევი მომსახურების ჩამონათვალი ერთეულის ღირებულებების მითითებით მოცემული იყო მიმწოდებლის მიერ წარდგენილ მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც თან ერთვოდა ხელშეკრულებას და წარმოადგენდა მის განუყოფელ ნაწილს (დანართი №1).

 

ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 95985,51 ლარით (ყველა ხარჯისა და გადასახადის ჩათვლით).

 

მომსახურება უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მიერ მიწოდებული გეგმა-გრაფიკის, დანართი №2-ით განსაზღვრული სამუშაო საათების და მორწყვისათვის განსაზღვრული დროის შუალედების დაცვით.

 

ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს ან მის წარმომადგენელს უფლება ჰქონდა განეხორციელებინა ტექნიკური კონტროლი ან/და შეემოწმებინა გაწეული მომსახურება.

 

ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-8).

2017 წლის 02 თებერვლის №---0------- ხელშეკრულება (ს.ფ. 34-45).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მიმწოდებელმა მხარეებს შორის 2017 წლის 02 თებერვალს გაფორმებული №---0------- და №---0------- ხელშეკრულებებით ნაკისრი გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მომსახურების ვალდებულებები შეასრულა არაჯეროვნად.

 

მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის მიმწოდებლის მიერ №---0------- და №---0------- ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ერთნაირად ეკისრება მხარეებს და ეს ტვირთი თანაბრად ნაწილდება მათ შორის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს შესაგებელს. მოპასუხეს ეკისრება ისეთი ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებსაც შეუძლიათ გააქარწყლონ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ტვირთი ამ შემთხვევაში მოპასუხემ ვერ ზიდა, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია საწინააღმდეგოს დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი.

 

მოსარჩელე მხარის მიერ მიმწოდებლის ვალდებულებების დარღვევის ფაქტის დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილია ეკ---–---------------–-------------–---------------ისა და მუ--–----–------–-----------------–---------------ის წერილები, ასევე შპს „ეკ---------ოს“ მიერ მომზადებული დასკვნები.

 

ეკ---–---------------–-------------–---------------ის მიერ 2017 წლის 08 სექტემბერს მუ--–----–------–-----------------–---------------ისათვის მიწერილი №-------------- წერილითა და მუ--–----–------–-----------------–---------------ი მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს შპს „გრ---------ი +“-თვის მიწერილი №-------------- წერილით დგინდება, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 02 თებერვალს გაფორმებული №---0------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებელმა ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა, კერძოდ, ეკ---–---------------–-------------–---------------ის ტექნიკური ზედამხედველის მიერ აგვისტოს დასაწყისში განხორციელებული ინსპექტირებისას თბილისის პოლიციის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ტერიტორიებზე გამოვლინდა 7 ძირი ბუჩქოვანი მცენარის ხმობის ფაქტი.

 

შპს „ეკ---------ოს“ 2017 წლის 04 სექტემბრის №-- დასკვნით დგინდება, რომ თა-----–---–ის ქუჩაზე, ძველი თბილისის რაიონის პოლიციის სამმართველოსთან მცენარეთა ხმობა არაინფექციური ხასიათის იყო, რაც სავარაუდოდ, გამოწვეული იყო არახელსაყრელი გარემო ფაქტორებით (რწყვის რეჟიმის დარღვევა, რწყვის დროს სიცხეში მცენარის ფოთლების დასველება, რაც იწვევდა გადახურებას და ჭკნობას, რწყვა უნდა განხორციელებულიყო დილით და საღამოს). დასკვნის თანახმად, აუცილებელი იყო განხორციელებულიყო მწვანე ნარგავების მორწყვა, იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით სასურველი იყო მწვანე ნარგავების გამოკვება ორგანული ან მინერალური სასუქებით, ხოლო ზეხმელი მცენარეები ამოღებული და გატანილი უნდა ყოფილიყო ტერიტორიიდან და მათ მაგივრად დარგულიყო იგივე სახეობის მცენარეები.

 

ეკ---–---------------–-------------–---------------ის მიერ 2017 წლის 01 სექტემბერს მუ--–----–------–-----------------–---------------ისათვის მიწერილი №-------------- წერილითა და მუ--–----–------–-----------------–---------------ი მიერ 2017 წლის 13 ოქტომბერს შპს „გრ---------ი +“-თვის მიწერილი №--------------- წერილით დგინდება, რომ მხარეებს შორის 2017 წლის 02 თებერვალს გაფორმებული №---0------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებელმა ვალდებულებები ჯეროვნად არ შეასრულა, კერძოდ, ეკ---–---------------–-------------–---------------ის ტექნიკური ზედამხედველის მიერ აგვისტოს დასაწყისში განხორციელებული ინსპექტირებისას თბილისის პოლიციის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ტერიტორიებზე გამოვლინდა 9 ახალგაზრდა ხე-მცენარის და 25 ძირი ბუჩქოვანი მცენარის ხმობის ფაქტი.

 

შპს „ეკ---------ოს“ 2017 წლის 15 აგვისტოს №-- დასკვნით დგინდება, რომ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის პირველ და მეორე განყოფილებებთანდა დიდუბე ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოსთან მცენარეთა ხმობა არაინფექციური ხასიათის იყო, რაც სავარაუდოდ, გამოწვეული იყო არახელსაყრელი გარემო ფაქტორებით. აუცილებელი იყო მწვანე ნარგაობების მორწყვა და მათთვის „ჯამების“ გაკეთება, იმუნიტეტის გაძლიერების მიზნით სასურველი იყო მწვანე ნარგავების გამოკვება ორგანული ან მინერალური სასუქებით, ხოლო ზეხმელი მცენარეები ამოღებული და გატანილი უნდა ყოფილიყო ტერიტორიიდან და მათ მაგივრად დარგულიყო იგივე სახეობის მცენარეები.

 

მოპასუხე მხარეს საწინააღდმეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოუდგენია.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, მიმწოდებლის მიერ №---0------- და №---0------- ხელშეკრულებებით ნაკისრი გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მომსახურების ვალდებულებები არაჯეროვნად შესრულების შესახებ, ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს შესაგებელს და შესაბამისად, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას. მოპასუხე შემოიფარგლება მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითებებით და სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია საწინააღმდეგოს დამადასტურებელი მტკიცებულება. ამდენად, მის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება, ჩაითვალოს დადასტურებულად.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი დასაბუთებელია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

კანონი არ განსაზღვრავს არსებითი პირობების ჩამონათვალს, გარდა იშვიათი გამონაკლისისა. არსებით პირობათა წრე ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების შესაბამისად განისაზღვრება მხარეთა მიერ. როგორც წესი ის არ არის მრავალრიცხოვანი. აუცილებელია, რომ ამ პირობებთან დაკავშირებით მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას, სხვაგვარად ხელშეკრულება არ დაიდება. აუცილებლად, ანუ არსებითად მიჩნეულ უნდა იქნას პირობები, რომლებიც გამოხატავენ შესაბამისი ხელშეკრულების ბუნებას.

განსახილველ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია შპს „გრ---------ი +“-სა (მიმწოდებელი) და თბ--–----------–----–--------------ას (შემსყიდველი) შორის 2017 წლის 02 თებერვალს გაფორმებული №---0------- და №---0------- ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლებიც ითვალისწინებდა თბილისის ვაკე საბურთალოსა და მთაწმინდა-კრწანისის, გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების პოლიციის შენობებთან არსებული გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის მომსახურების შესყიდვას; მხარეები შეთანხმდნენ სამუშაოს ღირებულებაზე - №---0------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 54797,72 ლარი და №---0------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 95985,51 ლარი; მხარეები ასევე შეთანხმდნენ მომსახურების განხორციელების ვადაზე - ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია მიმწოდებლის მიერ მცენარეთა მოვლა-პატრონობის ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა 9 ახალგაზრდა ხე-მცენარის და 32 ძირი ბუჩქოვანი მცენარის გახმობაში.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები (8.2 პუნქტები) ითვალისწინებდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში, მიმწოდებლისათვის ჯარიმის ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის გადახდის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხე მხარე უთითებს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილია სასამართლოს მიერ მისი შემცირება.

 

დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისა და განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 603,13 ლარი ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებით, დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 603,13 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფო ბაჟი 50,00 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქ. თბ--–----------–----–--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. შპს „გრ----------ი +“-ს ქ. თბ--–----------–----–--------------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 603.13 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე შპს „გრ----------ი +“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით არ საჩივრდება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე