გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.03.2019
საქმის ნომერი
140210018002368167
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
29.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210018002368167

№2/587-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მარტი, 2019 წელი ქ. გორი

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

 

მოსარჩელე - სს ”თ----ი ბანკი”

წარმომადგენელი - შპს ”ტ----ა” წარმომადგენელი - ნ--ო ს-------ა

მოპასუხე - ჯ---ლ ღ-------–---–ი, შ------ა მ-------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 მოპასუხეებს ჯ---ლ ღ-------–---–ს და შ------ა მ-------–---–ს 2016 წლის 22 ივლისის რესტრუქტურიზებული სამომხამრებლო სესხის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე სს ”თ----ი ბანკი”-ს სასარგებლოდ ფულადი დავალიანების გადახდა 4909.3 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3238.20 ლარი, პროცენტი-1171.10 ლარი, ჯარიმა-500 ლარი.

1.2 მოპასუხეებს ჯ---ლ ღ-------–---–ს და შ------ა მ-------–---–ს 2018 წლის 28 თებერვლიდან რესტრუქტურიზებული სამომხამრებლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროთ ვალდებულების ძირი თანხაზე - 3238.20 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე წლიური 30% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 80.95 ლარს.

1.3 მოპასუხეებს ჯ---ლ ღ-------–---–ს და შ------ა მ-------–---–ს 2018 წლის 28 თებერვლიდან რესტრუქტურიზებული სამომხამრებლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროთ ვალდებულების ძირი თანხაზე - 3238.20 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე პირგასამტეხლოს - 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 16.19, ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1079.40 ლარს.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 22 ივლისს სს „რესპუბლიკა ბანკს“ და მოპასუხე ჯ---ლ ღ-------–---–ს შორის, გაფორმდა რესტუქტურიზებული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 3675 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 30%, კრედიტის ვადა - 24 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე10 ლარი, ამას დამატებეული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2017 წლის 08 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად სს „თ----ი ბანკი“ წარმოადგენს სს “ბანკ რესპუბლიკის“ უფლებამონაცვლეს.

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ”თ----ი ბანკსა“ და შ------ა მ-------–---–ს შორის 2017 წლის 07 აგვისტოს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც შ------ა მ-------–---–მა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე ჯ---ლ ღ-------–---–თან ერთად, თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 4702.74 ლარით.

 

მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაირღვა 2018 წლის თებერვლის თვიდან და მიუხედავად არაეთი გაფრთხილებისა მოპასუხეები არ ასრულებენ ვალდებულებას, რის გამოც იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს დავალიანების გადახდა.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირის - 3238.20 ლარისა და პროცენტის - 1171.10 ლარის ნაწილში, ხოლო დანაჩენ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმნენ და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 22 ივლისს სს „რესპუბლიკა ბანკს“ და მოპასუხე ჯ---ლ ღ-------–---–ს შორის, გაფორმდა რესტუქტურიზებული სესხის ხელშეკრულება , რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 3675 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი -30%, კრედიტის ვადა - 24 დღე.

 

3.1.2 კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 ლარი, ამას დამატებეული 0.5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.3 სს ”თ----ი ბანკსა“ და შ------ა მ-------–---–ს შორის 2017 წლის 07 აგვისტოს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც შ------ა მ-------–---–მა იკისრა ვალდებულება კრედიტორის წინაშე ჯ---ლ ღ-------–---–თან ერთად. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 4702.74ლარით.

 

3.1.4 უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გრემოებები

 

3.2.1 საქმეში წარმოდგენილი სს „თ----ი ბანკის“ მიერ 03.01.2018 წ. გაცემული დავალიანების ცნობის საფუძველზე მოპასუხეებს ჯ---ლ ღ-------–---–ს და შ------ა მ-------–---–ს 2016 წლის 22 ივლისის სამომხმარებლო სესხის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 7659.46 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3238.20 ლარი, პროცენტი-1171.10 ლარი, ჯარიმა-3250.16 ლარი, ამასთან ჯარიმის ნაწილში მოსარჩელე მხარემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოთხოვნა შეამცირა 2750 ლარით და ნაცვლად თავდაპირველი მოთხოვნისა, მოითხოვა 500 ლარის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დასტურდება დავალიანების არსებობა, რასაც სესხის ძირის, მასზე დაკისრებული პროცენტისა და დაზღვევის ნაწილში დაეთანხმა მოპასუხე მხარე , ხოლო მოთხოვნის დანარჩენი ნაწილის - ჯარიმის თანხებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის თანხების გადახდისაგან განთავისუფლების მტკიცებულება მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 316-ე, 317-ე, 400-ე, 402-ე, 403-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 417-418-ე 623-ე 625-ე, 867-868-ე, მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპორცესო კოდექსის 102-ე, 208-ე მუხლები;

 

7. სამართლებრივი შეფასება:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის 2-ე ნაწილის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 625-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი; სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის "ა" პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება, ამავე მუხლის "ბ"პუნქტის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება აგრეთვე თუ შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც მოვალე არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 402-ე მუხლის შესაბამისად, მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგავრი გაუფრთხილებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო,რაზეც მოპასუხეებმა ნებაყოფლობით მოაწერეს ხელი. აგრეთვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სესხი უზრუნველყოფილი იყო თავდებობის ხელშერულებით, რომელიც ასევე ნებაყოფლობით იყო დადებული მხარეთა მიერ.

 

როგორც დადგენილია მოპასუხების მხრიდან დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული მუხლების მთხოვნები, რაც საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ბანკს აძლევს უფლებას მოითხოვოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867- 873 მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა სასყიდლიანი კრედიტი სესხის სახით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესასრულებელი ვალდებულება საქმის მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ: სესხის ძირის 3238.20 ლარისა და პროცენტის - 1171.10 ლარის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობები, დასტურდება წარმოდგენილი ხელშეკრულებებითა და მოპასუხის პირადი ანგარიშიდან ამონაწერით.

 

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ გააჩნია შესასრულებელი ვალდებულებები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის 22 ივლისის სამომხმარებლო სესხის და თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე სარჩელით მოთხოვნილი სესხის ძირის - 3238.20 ლარის, ასევე პროცენტის - 1171.10 ლარის ნაწილში მოპასუხებისათვის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს სახით 2016 წლის 22 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 500 ლარის გადახდის დაკისრებას. ასევე მოითხოვს მოპასუხეებს ჯ---ლ ღ-------–---–ს და შ------ა მ-------–---–ს 2018 წლის 28 თებერვლიდან რესტრუქტურიზებული სამომხამრებლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროთ ვალდებულების ძირი თანხაზე - 3238.20 ლარზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე პირგასამტეხლოს - 0.5 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 16.19, ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1079.40 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისთვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს, როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას აქცევს დარღვევის შინაარს (მათ შორის ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების პერიოდს) და დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2016 წლის 22 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 500 ლარი, სესხის ძირი თანხის (3238.20 ლარის) და პროცენტის (1171.10 ლარი) ოდენობასთან, საქმის გარემოებებთან მიმართებით არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც მისი ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 100 ლარით, რომლის გადახდაც, ასევე მოპასუხეებს ჯ---ლ ღ-------–---–ს და შ------ა მ-------–---–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელე სს ”თ----ი ბანკს” სასარგებლოდ. ზემოაღნიშNული მსჯელობიდან გამომდინარე მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს 2018 წლის 28 თებერვლიდან რესტრუქტურიზებული სამომხამრებლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3238.20 (სამიათას ორას ოცდათვრამეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს გადახდა -0.5 %, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა, ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი 1079.40 ლარისა.

7.3 სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად, რომ შესრულებულიყო.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა, მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების ნაწილში დასაბუთებელია, ვინაიდან საქმის მასალებით დასტუდება ჯ---ლ ღ-------–---–ის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით გამოწვეული ზიანის არსებობის ფაქტი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, გამომდინარეობს და მეტად აკონკრეტებს ამავე კოდექსის 408-ე მუხლით განსაზღვრულ ზიანის ანაზღაურების პრინციპს. ხსენებული ნორმის შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მოვალეს.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეების ჯ---ლ ღ-------–---–ისათვის და შ------ა მ-------–---–ისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელი იყო ყველა ის შედეგი, რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყოლოდა კრედიტორთან მიმართებით. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ საბანკო დაწესებულების მიერ მოთხოვნილი მიუღებელი შემოსავალის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა 2018 წლის 28 თებერვლიდან წლიური 30 % (რაც ყოველთვიურად შეადგენს 80.95 ლარს) ვალდებულების შესრულებამდე, ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან ჯერ კიდევ მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს 4409.3 ლარის ნაწილში, ხოლო ჯარიმის ნაწილში მოსარჩელემ მოთხოვნა შეამცირა 2750 ლარით, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 349.59 ლარიდან ამ უკანასკნელს უნდა დაუბრუნდეს 214 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ამასთან 99.50 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულადს მოსარჩელის სასარგებლოდ. მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საქმეზე გაწეული საპროცესო ხარჯი - საადვოკატო მომსახურების ხარჯი - 100 ლარი სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, ხოლო მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში უნდა ეთქვას უარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ”თ----ი ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1 მოპასუხეებს ჯ---ლ ღ-------–---–ს და შ------ა მ-------–---–ს მოსარჩელე სს ”თ----ი ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 22 ივლისის რესტრუქტურიზებული სამომხამრებლო სესხის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4509.3 (ოთხიათას ხუთასცხრა ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა.

1.2 მოპასუხეებს ჯ---ლ ღ-------–---–ს და შ------ა მ-------–---–ს მოსარჩელე სს ”თ----ი ბანკს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 28 თებერვლიდან რესტრუქტურიზებული სამომხამრებლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 3238.20 (სამიათას ორას ოცდათვრამეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 30% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 80.98 (ოთხმოცი ლარი და ოთხმოცდათვრამეტი) ლარს.

1.3 მოპასუხეებს ჯ---ლ ღ-------–---–ს და შ------ა მ-------–---–ს მოსარჩელე სს ”თ----ი ბანკს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 28 თებერვლიდან რესტრუქტურიზებული სამომხამრებლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3238.20 (სამიათას ორას ოცდათვრამეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, პირგასამტეხლოს გადახდა -0.5 %, მაგრამ არაუმეტეს 300 ლარისა.

2. მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი.

3. მოპასუხე შ------ა მ-------–---–ის სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვროს თავდებობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მაქსიმალური თანხის - 4702.74 (ოთხიათას შვიდასორი ლარი და სამოცდათოთხმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.

 

4. მოპასუხეებს ჯ---ლ ღ-------–---–ს და შ------ა მ-------–---–ს მოსარჩელე სს ”თ----ი ბანკს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 90.50 (ოთხმოცდაათი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარისა და საპროცესო ხარჯის - 100 (ასი) ლარის, ჯამში - 190.50 (ასოთხმოცდაათი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა.

 

5. მოსარჩელე სს ”თ----ი ბანკს” (ს/ნ 2------95) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 22 მარტს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300843150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 349.59 (სამას ორმოცდაცხრა ლარი და ორმოცდაცხრამეტი თეთრი) ლარიდან 214 (ორას თოთხმეტი) ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე