გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/33793-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე
მოსარჩელე: სს ''თ----------ი'';
წარმომადგენელი: ნ-------------ა;
მოპასუხე: ზ--------------–---–ი;
წარმომადგენელი: ზ-------------–---–ი;
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ზ--------------–---–ს სს "თ----------ის" სასარგებლოდ 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - ძირითადი თანხის - 1978.65 ლარის, პროცენტის - 269.01 ლარის, პირგასამტეხლოს - 288.89 ლარის და დაზღვევის - 4.67 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ზ--------------–---–ს სს "თ----------ის'' სასარგებლოდ 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1978.65 ლარზე წლიური 24.5%-ის სარგებლის გადახდა, 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 40.39 ლარს.
1.3. მოპასუხე ზ--------------–---–ს სს "თ----------ის'' სასარგებლოდ 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1978.65 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც შეადგენს ყოველდღიურად შეადგენს - 9.89 ლარს (არაუმეტეს 659 ლარისა).
1.4. მოპასუხე ზ--------------–---–ს სს "თ----------ის" სასარგებლოდ 2017 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 973.12 ლარის, პროცენტის - 187.28 ლარის და პირგასამტეხლოს - 434.68 ლარის გადახდა.
1.5. მოპასუხე ზ--------------–---–ს სს "თ----------ის'' სასარგებლოდ 2017 წლის 05 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 973.12 ლარზე წლიური 36 %-ის სარგებლის გადახდა, 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 29.19 ლარს.
1.6. მოპასუხე ზ--------------–---–ს სს "თ----------ის'' სასარგებლოდ 2017 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 973.12 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც შეადგენს ყოველდღიურად შეადგენს - 4.86 ლარს (არაუმეტეს 324 ლარისა).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ხოლო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში. პირგასამტეხლოსთან მიმართებით მიუთითა, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება. მოპასუხე ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ სს ''თ----------ს'' და ზ--------------–---–ს შორის 2017 წლის 28 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2200 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა - 1095 დღე, 2020 წლის 27 ნოემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიურად, ყოველი თვის 27 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და ამას დამატებული პირგასამტეხლო - დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცხოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.3.1. მუხლის თანახმად მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს ''თ----------ის'' ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული ''ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ'' ხელშეკრულებით.
3.1.2. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები დაირღვა - 2018 წლის 27 მაისს, რის გამოც 2018 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 2541.22 ლარის ოდენობით, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 1978.65 ლარი, პროცენტი - 269.01 ლარი, პირგასამტეხლო - 288.89 ლარი, ხოლო დაზღვევა 4.67 ლარი.
3.1.3. დადგენილია, რომ სს ''თ----------ს'' და ზ--------------–---–ს შორის 2017 წლის 5 მაისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა საკრედიტო ბარათი 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტის მოცულობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს ''თ----------ის'' ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დამდეგი დაანგარიშების დღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 3 რიცხვი. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 7.6.2. მუხლის თანახმად მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა წესრიგდება სს ''თ----------ის'' ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.tbcbank.ge განთავსებული ''ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ'' ხელშეკრულებით.
3.1.4. დადგენილია, რომ საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება დაირღვა, რის გამოც 2018 წლის 16 ნოემბრის მდგომარეობით, მოპასუხეს 2017 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1595.08 ლარის ოდენობით, საიდანაც, სესხის ძირითადი თანხაა - 973.12 ლარი, პროცენტი - 187.28 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 434.68 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება ფიზიკური პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ (ს.ფ. 47-63);
- განაცხადები, 2017 წლის 28 ნოემბრის ხელშეკრულება, სესხის გრაფიკი (ს.ფ. 22-33);
- ინფორმაცია სიცოცხლის დაზღვევის შესახებ (ს.ფ. 34);
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 35);
- საკრედიტო ბარათის განაცხადი, 2017 წლის 5 მაისის ხელშეკრულება (ს.ფ. 36-46);
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 64-73);
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 74);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სს ''თ----------ის'' სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 411-ე-414-ე, 417-ე-420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით, მოპასუხემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები ძირითადი თანხის და დარიცხული პროცენტის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია რომ მხარეებს სს ''თ----------სა'' და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულებების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''თ----------ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხების - 1978.65 ლარის და 973.12 ლარის დაბრუნება.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს პროცენტის თანხის დაკისრების შესახებ მოთხოვნის და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაზღვევის თანხის დაკისრების ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია როგორც სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულება, ისე დაზღვევის თანხის გადახდის ვალდებულება, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) არ დასტურდება, რომ მის მიერ ხელშეკრულებაზე დარიცხული პროცენტი და დაზღვევის თანხა გადახდილია. ამდენად, მოპასუხეს ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად უნდა დაეკისროს 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის - 269.01 ლარის, ასევე 2017 წლის 5 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის - 187.28 ლარის და დაზღვევის თანხის - 4.67 ლარის გადახდა.
6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 0.5% თვეში (30 დღე) შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) - 182.5%-ს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს 0.02%-მდე.
შესაბამისად, 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს სს ''თ----------ის'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დარიცხული პირგასამტეხლო - 50 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1978.65 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.02%-ის გადახდა, 2018 წლის 16 ნოემბრიდან - ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, რაც შეადგენს ყოველდღიურად - 0.39 ლარს, სულ არაუმეტეს - 144.44 ლარისა.
უნდა შემცირდეს 2017 წლის 05 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა - 50 ლარამდე, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 973.12 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.02%-ის გადახდა, 2018 წლის 16 ნოემბრიდან - ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, რაც შეადგენს ყოველდღიურად - 0.19 ლარს, ჯამში არაუმეტეს - 71.83 ლარისა.
6.4. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს:
მოპასუხე ზ--------------–---–ს სს "თ----------ის'' სასარგებლოდ 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1978.65 ლარზე წლიური 24.5%-ის სარგებლის გადახდა, 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 40.39 ლარს.
მოპასუხე ზ--------------–---–ს სს "თ----------ის'' სასარგებლოდ 2017 წლის 05 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 973.12 ლარზე წლიური 36 %-ის სარგებლის გადახდა, 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 29.19 ლარს.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (ლუცრუმ ცესსანს). სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსვალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'' (პურე ეცონომიც ლოსს), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).
როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 8%-ს. შესაბამისად, მოპასუხე ზ--------------–---–ს სს ''თ----------ის'' სასარგებლოდ 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1978.65 ლარზე წლიური 8%-ის სარგებლის გადახდა, 2018 წლის 16 ნოემბრიდან არაუმეტეს 1 წლისა, რაც 12 თვეზე შეადგენს - 158.24 ლარს.
მოპასუხე ზ--------------–---–ს სს "თ----------ის'' სასარგებლოდ 2017 წლის 05 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 973.12 ლარზე წლიური 8%-ის სარგებლის გადახდა, 2018 წლის 16 ნოემბრიდან არაუმეტეს 1 წლისა, რაც 12 თვეზე შეადგენს - 71.83 ლარს.
ამდენად, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ამასთან, მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე ნაწილობრივ. შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული და არ ცნო, შესაბამისად, მოპასუხე ზ--------------–---–ს მოსარჩელე სს ''თ----------ის'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 80.39 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის ნაწილობრივ ცნობისა და მოსარჩელის მიერ სარჩელზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 147.59 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი აქვს - 383.80 ლარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - არაუმეტეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%-ს 80 ლარის ოდენობით გადახდა.
საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელეს სასამართლოსაგარეშე ხარჯის სახით გადახდილი აქვს - 20 ლარი, რომელიც წარმოადგენს საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების რეგისტრაციის საფასურს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინებით სს ''თ----------ის'' განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ზ--------------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქა-–---------–-----------------------------------. დაზუსტებული ფართობი, ს/კ. 0----------------ის, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 268-ე, 269-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს "თ----------ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ზ--------------–---–ს სს "თ----------ის" სასარგებლოდ 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 1978.65 ლარის, პროცენტის - 269.01 ლარის, პირგასამტეხლოს - 50 ლარის და დაზღვევის - 4.67 ლარის გადახდა.
2.1. მოპასუხე ზ--------------–---–ს სს "თ----------ის'' სასარგებლოდ 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1978.65 ლარზე წლიური 8%-ის სარგებლის გადახდა, 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, რაც 12 თვეზე შეადგენს - 158.24 ლარს.
2.1. მოპასუხე ზ--------------–---–ს სს "თ----------ის'' სასარგებლოდ 2017 წლის 28 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1978.65 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.02%-ის გადახდა, 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 0.39 ლარს, 12 თვეზე შეადგენს - 144.44 ლარს.
3. მოპასუხე ზ--------------–---–ს სს "თ----------ის" სასარგებლოდ 2017 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 973.12 ლარის, პროცენტის - 187.28 ლარის და პირგასამტეხლოს - 50 ლარის გადახდა.
3.1. მოპასუხე ზ--------------–---–ს სს "თ----------ის'' სასარგებლოდ 2017 წლის 05 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 973.12 ლარზე წლიური 8%-ის სარგებლის გადახდა, 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, რაც 12 თვეზე შეადგენს - 77.84 ლარს.
3.2. მოპასუხე ზ--------------–---–ს სს "თ----------ის'' სასარგებლოდ 2017 წლის 5 მაისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 973.12 ლარზე ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.02%-ის გადახდა, 2018 წლის 16 ნოემბრიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 (ერთი) წლისა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 0.19 ლარს, ხოლო 12 თვეზე შეადგენს - 71.83 ლარს.
4. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 ნოემბრის განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ზ--------------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე: ქა-–---------–-----------------------------------. დაზუსტებული ფართობი, ს/კ. 0----------------ის, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
5. მოპასუხე ზ--------------–---–ს მოსარჩელე სს "თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 80.39 ლარის, იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 80 ლარის და და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების რეგისტრაციისათვის გადახდილი - 20 ლარის გადახდა.
6. მოსარჩელე სს "თ----------ს" (ს/კოდი 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 19 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 287.77 ლარიდან - 147.59 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300773150, საგადასახადო დავალება №2.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი