გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2019
საქმის ნომერი
330210019002876943
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4407-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

7 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - შორენა აბჟანდაძე

მოსარჩელე - ქ--------------–--ე;

მოპასუხე - ვ----–---------ე;

წარმომადგენელი - დ-------------ი;

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ვ----–---------ეს დაეკისროს მოსარჩელე ქ--------------–--ის სასარგებლოდ - 6161 აშშ დოლარის, 2260 ლარის და 4 775 ევროს გადახდა.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

2012 წლის 12 ივნისს მოპასუხე ვ----–---------ის მიმართ დადგა განაჩენი, კერძოდ, ვ----–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ჩხრეკის დროს მისგან წაიღო 6700 აშშ დოლარი, 2800 ლარი და 5325 ევრო. ზემოაღნიშნული თანხიდან დაუბრუნდა მხოლოდ თანხის ნაწილი 540 აშშ დოლარი, 550 ლარი და 525 ევრო. დასაბრუნებელი დარჩა - 6161 აშშ დოლარი, 2260 ლარი, 4775 ევრო. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მოპასუხის დანაშაულებრივი ქმედებით მას მიადგა ზიანი, რის გამოც ითხოვს მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვ----–---------ემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2018 წლის 16 მაისის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით იგი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, რითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის განაჩენი. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განაჩენით საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ თ-------------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დამტკიცდა პროკურორ თ-------------–--ესა და ვ----–---------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც: ვ----–---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი. მასვე, სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით, ხოლო სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში. განაჩენით ვ----–---------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ თავისთვის რაიმე გამორჩენის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირის და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის დარღვევა გამოიწვია.

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ განხილულ იქნა სამოქალაქო საქმე №2/9047-12 ქ--------------–--ის სარჩელისა გამო, მოპასუხე ვ----–---------ის, მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

 

3.1.3. აღნიშნულ საქმეზე, 2012 წლის 25 სექტემბრს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ვ----–---------ეს მოსარჩელე ქ--------------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა 6161 (ექვსი ათას ასსამოცდაერთი) აშშ დოლარი, 2260 (ორიათასორასსამოცი) ლარი და 4775 (ოთხი ათას შვიდასსამოცდათხუთმეტი) ევროს გადახდა. ასევე, მოპასუხე ვ----–---------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 667.47 (ექვსას სამოცდაშვიდი ლარი და ორმოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა. დადგენილია, რომ აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში - 2012 წლის 27 ნოემბერს (იხ. №2/9047-12 სამოქალაქო საქმე).

 

3.1.4. 2017 წლის 18 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა ა------------–---–მა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ''ზ1'' ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა მსჯავრდებულ ვ----–---------ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განაჩენის გადასინჯვა.

 

3.1.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ა------------–---–ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ვ----–---------ის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაკმაყოფილდა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის განაჩენი და ვ----–---------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, აღნიშნული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.

 

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 21 ივნისს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით მიმართა ვ----–---------ემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, ამავე განცხადებით განმცხადებელმა მოითხოვა 2012 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება.

 

3.1.7. 2018 წლის 25 ივნისს ვ----–---------ეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა 03 (სამი) დღის ვადა. 2018 წლის 02 ივლისს განმცხადებელის მიერ შევსებული იქნა ხარვეზი.

 

3.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით ვ----–---------ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

 

3.1.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ვ----–---------ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 05 ივლისის განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებისა და აღსრულების შეჩერების შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ. დაკმაყოფილდა ვ----–---------ის განცხადება კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება; დადგინდა, რომ სამოქალაქო საქმე N--------- ქ--------------–--ის სარჩელის გამო მოპასუხე ვ----–---------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე თავიდან იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ვ----–---------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების (საქმე N---------) აღსრულება.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განაჩენი (ს.ფ. 12-15);

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენი (ს.ფ. 75-91);

- 2012 წლის 25 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 ივლისის განჩინება;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება -იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმის მასალების შესწავლისა და შეფასების შედეგად, მათ შორის, 2018 წლის 16 მაისის განაჩენზე დაყრდნობით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოპასუხე ვ----–---------ის მიერ ქ--------------–--ისთვის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესის თანახმად, სამოქალაქო დავის განხილვისას, ისევე როგორც კონკრეტული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

 

სადავო გარემოების დადასტურების მიზნით, მოპასუხემ წარმოადგინა 2018 წლის 16 მაისის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი, რომლითაც არ დგინდება მოპასუხე ვ----–---------ის მიერ ქ--------------–--ისთვის დანაშაულით მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი, რამდენადაც, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მაისის განაჩენით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის განაჩენი და ვ----–---------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ, აღნიშნული განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე თავისი სასარჩელო მოთხოვნას ამყარებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 12 ივნისის განაჩენზე, რომელიც გაუქმებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 16 მაისის განაჩენით და მოპასუხე ვ----–---------ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ ბრალდებაში და ცნობილ იქნა უდანაშაულოდ.

 

მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ განაჩენს სასამართლო შეაფასებს, როგორც შეუდავებელ წერილობით მტკიცებულებას, დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელი ცალკეული ელემენტების დადგენის თვალსაზრისით. კერძოდ, სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მიუხედავად სამართალწარმოების სახისა, ქვეყნის სახელით სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისი იურიდიული შედეგის მატარებელია და სამოქალაქო სამართლის მიზნებისათვის იგი უნდა შეფასდეს საპროცესო წესების განუხრელი დაცვით. შესაბამისად, მართალია თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს, წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლით პირდაპირ დადგენილი პრეიუდიციული ძალა არ გააჩნია, თუმცა, მისი ღირებულებითი მნიშვნელობა არ შეიძლება უგულვებელყოფილ იქნას ამავე კოდექსის 266-ე მუხლის კონტექსტში, რომლის დანაწესიც განამტკიცებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ სასამართლოს აქტის მუდმივ ხასიათს და ხელს უწყობს საზოგადოებაში სტაბილური მართლმსაჯულების განხორციელებას. შესაბამისად, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, მოსარჩელის კუთვნილი ფულადი სახსრების არამართლზომიერად დაუფლების განაჩენით დაუდასტურებული ფაქტი, მოპასუხეების ქმედებაში დელიქტური ვალდებულების წინაპირობების (ბრალის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ელემენტების) არ არსებობის საფუძველია. შესაბამისად, ამ მოცემულობაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო წარმოედგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენისა და ზიანის მიყენების, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობის ფაქტი.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე, 30920-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 992-ე, 998-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით არ დგინდება მოპასუხის ბრალეულობა მოსარჩელის მიმართ დამდგარ ზიანში. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლში მოცემულია დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები, კერძოდ, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო, რომელთა შინაარსი განისაზღვრება კანონით და მხარეთა შეთანხმებით და არასახელშეკრულებო, რომელთა შინაარსიც დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე, ან კანონზე და ვალდებულების ერთ-ერთი მხარის ნებაზე. არასახელშეკრულებო ზიანის არსებობისათვის დამახასიათებელია ის, რომ იგი წარმოიშობა უშუალოდ სამართალდარღვევის შედეგად, რაც შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში, ასევე უმოქმედობაში.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს პირის პასუხისმგებლობას. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.

 

ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება მოპასუხე მხარის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი და არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რამაც გამოიწვია ზიანი. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ არის დადასტურებული მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არ დადგინდა მოპასუხე მხარის ბრალეული ქმედება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე მხარე უფლებამოსილი იქნებოდა მოეთხოვა მოპასუხისათვის ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შესაბამისად, სახეზე არ არის მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობდა მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ქ--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ქეთევან მამაცაშვილი