გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2064-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16.05.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - ან------–- გი------ი
წარმომადგენელი - ემ----- ზუ-----–---–-
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - მა----- ღუ--–---ა
დავის საგანი - ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს, მოსარჩელე ან------–- გი------ის სასარგებლოდ მიუღებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ - საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ წარმოდგენილი წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ან------–- გი------სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 1 აგვისტოს, ოთხი წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ", რომელიც ამოიწურა 2011 წლის 1 აგვისტოს.
მოსარჩელე ან------–- გი------სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2013 წლის 11 აპრილს, ოთხი წლის ვადით დაიდო, კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ (ს.ფ. 56-63);
- "სამხედრო მოსამსახურეებზე კონტრაქტის გაფორმების შესახებ" საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2011 წლის 16 აგვისტოს ბრძანება (ს.ფ. 55)
- „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ 2013 წლის 11 აპრილის კონტრაქტი (ს.ფ. 11-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
-საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ან------–- გი------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეესაბამება, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი მოსარჩელე ან------–- გი------ისათვის ერთჯერადი დახმარების ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონი ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და სამართლებრივ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სამხედრო სამსახურის განსაკუთრებული პირობების გათვალისწინებით, სამხედრო მოსამსახურის სხვა დამატებითი სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის N560 ბრძანების 471 პუნქტის თანახმად, ამ პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ორი, ოთხი ან რვა წლის ვადით გააგრძელებდნენ სამხედრო სამსახურს 2009 წლის პირველ მარტს ან პირველი მარტის შემდეგ გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტი შეუწყდებათ ვადის გასვლის ან ახალი კონტრაქტის გაფორმების გამო, კონტრაქტის სრული ვადის ამოწურვის შემდეგ მიეცემოდათ ერთჯერადი დახმარება 472 პუნქტში მითითებული ოდენობით. ამ პუნქტის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეზე ვრცელდებდა, თუ მითითებული კონტრაქტის გაფორმებამდე: ა) სამხედრო მოსამსახურემ: ა.ა) იმსახურა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ,,წვრთნისა და აღჭურვის” ერთობლივი პროგრამით და ამავე დროს კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა სამი წლისა და სამი თვის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.ბ) კონტრაქტის საფუძველზე იმსახურა ოთხი წლის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ა.გ) წინა კონტრაქტი შეუწყდა 8 წლიანი კონტრაქტის გაფორმების საფუძველზე; ა.დ) ამ პუნქტის „ა.ა” ან „ა.ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურემ იმსახურა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კონტრაქტის ვადით, კონტრაქტი შეუწყდა ვადის გასვლის გამო და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე არ გასულა 2 წელზე მეტი; ბ) მე-4 პუნქტში მითითებულმა სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა მე-4 პუნქტში მითითებული 2, 4 ან 8-წლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ; გ) სამხედრო მოსამსახურემ სამსახურთან შეთანხმებით შეწყვიტა ერთწლიანი კონტრაქტი ვადამდე ამ პუნქტში მითითებული კონტრაქტის სრული ვადით გაფორმების სანაცვლოდ.
მითითებული ბრძანების 472-ე პუნქტის მიხედვით, 471-ე პუნქტში მითითებულ სამხედრო მოსამსახურეს ერთჯერადი დახმარება მიეცემოდა შემდეგი ოდენობით: ა) ორ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 3000 ლარი, ან; ბ) ოთხ წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 7000 ლარი, ან; გ) რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც შეწყდა პირველი 4 (ოთხი) წლიანი კონტრაქტი 7000 ლარი, ან; დ) მეორე ან მომდევნო ოთხი/რვა წლიანი კონტრაქტის შემდგომ რვა წლიანი კონტრაქტის საფუძველზე ამ კონტრაქტის ვადით სამსახურის გავლის შემთხვევაში 14000 ლარი.
მითითებული ნორმების ლოგიკური, სიტყვა-სიტყვითი და სისტემური განმარტების მეთოდით შეფასების შედეგად, სასამართლო განმარტავს, რომ ერთჯერადი გასაცემლის ვალებულების წარმოშობისათვის, სამხედრო მოსამსახურეს გავლილი უნდა ჰქონდეს სამხედრო სამსახური 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე და კონტრაქტის დასრულების შემდგომ მასთან კვლავ იქნეს გაფორმებული კონტრაქტი 4 წლის ვადით (2009 წლის 1 მარტს ან მის შემდგომ), კონტრაქტით გათვალისწინებული ვადა სრულად უნდა იყოს ამოწურული და ახალი კონტრაქტის დადებამდე არ უნდა იყოს 2 წელზე მეტი გასული.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ან------–- გი------სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2007 წლის 1 აგვისტოს, ოთხი წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ", რომელიც ამოიწურა 2011 წლის 1 აგვისტოს.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ან------–- გი------სა და მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, 2013 წლის 11 აპრილს დაიდო, კონტრაქტი „საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მომსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე ან------–- გი------ს 2017 წლის 11 აპრილს, 2013 წლის 11 აპრილის კონტრაქტის დასრულების შედეგად, წარმოეშვა ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით ცვლილება შევიდა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატა 476 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრა, რომ 472 პუნქტით განსაზღვრული ერთჯერადი დახმარება გაიცემოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული კონტრაქტის პირობები ითვალისწინებდა ერთჯერადი დახმარების გაცემის ვალდებულებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანება ამოქმედდა 2017 წლის 10 მარტიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ცვლილებით დადგენილი დანაწესი ვერ გავრცელდება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე, მოცემულ შემთხვევაში ვალდებულებაზე.
სასამართლო მიუთითებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 7 მარტის №14 ბრძანებით, რომელიც წარმოადგენს ნორმატიულ აქტს უკუძალა დადგენილი არ არის.
მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ბრძანებით განსაზღვრული ვალდებულება ერთჯერადი დახმარებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, წარმოიშვა კონტრაქტის დადების მომენტიდან - 2013 წლის 11 აპრილიდან, რამდენადაც იგი დაიდო ამ მომენტისათვის არსებული შესაბამისი ნორმატიული რეგულაციების პირობებში.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 317-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომელთა მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებული კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულება, მოსარჩელე ან------–- გი------ისთვის აენაზღაურებინა ერთჯერადი დახმარება 7000 ლარის ოდენობით, წარმოიშვა 2017 წლის 11 აპრილს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე, რამდენადაც მან 4 წლიანი კონტრაქტის საფუძველზე, რომელიც გაფორმდა 2009 წლის 1 მარტის შემდგომ- 2013 წლის 11 აპრილს, 4 წლით გაიარა სამხედრო სამსახური და ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე - 2011 წლის 1 აგვისტოდან, 2013 წლის 11 აპრილამდე, არ გასულა 2 წელზე მეტი. შესაბამისად, მოსარჩელეს, აღნიშნული ვალდებულების საფუძველზე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება გააჩნია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ხანდაზმულობის ვადების ფარგლებში და იგი არ შეიძლება გაუქმდეს, როგორც ზემოთ აღინიშნა მისი წარმოშობის შემდგომ გამოცემული ნორმატიული აქტით.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 404-ე მუხლზე, რომელთა მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ხოლო იმავე კოდექსის მე-400 მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლისა და 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ან------–- გი------ის სარჩელი, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 471 და 472 პუნქტების საფუძველზე ერთჯერადი დახმარების - 7000 ლარის ანაზღაურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალების თაობაზე საფუძვლიანია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი მის ანაზღაურებაზე ეწინააღმდეგება კანონს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
7.2. რაც შეეხება ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილი იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო აკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს, ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს მხარის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით რომ ან------–- გი------ის სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს ან------–- გი------ის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, 24-ე, 331 მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ან------–- გი------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. დაევალოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ან------–- გი------ის სასარგებლოდ, 2013 წლის 11 აპრილის კონტრაქტის საფუძველზე აუნაზღაურებელი ერთჯერადი დახმარების ანაზღაურება 7000 ლარის ოდენობით.
3. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან------–- გი------ის სასარგებლოდ დაევალოს ადვოკატის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი