გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.05.2019
საქმის ნომერი
330310019002878831
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3-----------------

საქმე №3--------

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლეილა გოგიშვილი

სხდომის მდივანი - ანა მგელაძე

 

მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი

წარმომადგენლები - მ-------------ა

 

მოპასუხე -ი-----–--–--------–ი

 

დავის საგანი - თანხის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - ი-----–--–--------–ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს, დაცვის მომსახურების საფასურის - 158,75 ლარის ანაზღაურება;

 

1.2. მოპასუხე - ი-----–--–--------–ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს, პირგასამტეხლოს სახით 18,65 ლარის ანაზღაურება.

 

1.3 მოპასუხე - ი-----–--–--------–ს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს, GPS მოწყობილობის 500 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, ი-----–--–--------–სა (შემდგომში „დამკვეთად" წოდებული) და შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში „დაცვად" წოდებული) შორის დაცვის მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 14 თებერვალს დადებულ იქნა N4-- ხელშეკრულება, დამკვეთის კუთვნილ ავტომობილზე (სახელმწიფო ნომერი B--------) GPS მოწყობილობის სისტემის სამონტაჟო-საინსტალაციო სამუშაოების ჩატარების შესახებ. მოცემული ხელშეკრულების საფუძველზე 2018 წლის 14 თებერვალს დეპარტამენტმა დაამონტაჟა ტექნიკური საშუალებები, რომლის შესახებაც შედგენილ იქნა მიღება-ჩაბარების აქტი.

 

2018 წლის 14 თებერვალს მხარეებს შორის დაიდო N4-- ხელშეკრულება დამკვეთის ავტომანქანის GPS მოწყობილობის მეშვეობით კონტროლისა და გადაადგილების მონიტორინგისა და ტექნიკური აპარატურის დროებითი მონტაჟის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტის თანახმად დეპარტამენტის მიერ GPS მოწყობილობის მეშვეობით კონტროლისა და გადაადგილების მონიტორინგის უზრუნველსაყოფად (დროებით სარგებლობის პირობით) ხელშეკრულების მოქმედების ვადით 2018 წლის 14 თებერვალს დამონტაჟდა GPS მოწყობილობა.

 

2018 წლის 14 თებერვალიდან N4-- ხელშეკრულების 1.1 პუნქტის შესაბამისად სსიპ – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში „დაცვა") ვალდებული იყო უზრუნველეყო კონტროლისა და გადაადგილების მონიტორინგი დამკვეთის კუთვნილ ავტომობილზე, მასში დამონტაჟებული GPS მოწყობილობის მეშვეობით. ამასთან ხელშეკრულების 1.2 და 2.1 პუნქტების თანახმად „დამკვეთი" ვალდებული იყო გადაეხადა GPS მომსახურების საფასური თვეში 35 ლარი დღგ-ს ჩათვლით. 2.2.3 პუნქტის თანახმად ანგარიშსწორება მხარეთა შორის უნდა მომხდარიყო საგადახდო დოკუმენტის გამოწერიდან 5 საბანკო დღის განმავლობაში. ამასთანავე ხელშკრულების 3.2.2 პუნქტის მიხედვით 3.1.1 პუნქტში მითითებული მოწყობილობების (რომლებიც წარმოადგენს "შემსრულებლის" საკუთრებას და დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ არის გადაცემული "დამკვეთისათვის") განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შემთხვევაში დამკვეთი ვალდებული იყო აენაზღაურებინა ზარალი ერთეულ მოწყობილობაზე 500 ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით. დეპარტამენტის მიერ ნაკისრი ვალდებულება პირნათლად და ჯეროვნად სრულდებოდა, მაგრამ „დამკვეთმა" დაარღვია ზემოაღნიშნული ხელშეკრულების პირობები, რის გამოც წარმოიშვა დებიტორული დავალიანება სულ 158,75 ლარის ოდენობით. 2018 წლის 20 ივნისის N1------ წერილით დამკვეთი გაფრთხილებულ იქნა N4-- ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის შესახებ, ხოლო 2018 წლის 1 ივლისს შედგა სათანადო აქტი დაცვის მომსახურეობის შეწყვეტის შესახებ. ამასთან, დავალიანების გადაუხდელობის გამო ი-----–--–--------–ს 2018 წლის ივლისის მდგომარეობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო სულ 18.65 ლარი. ყოველთვიური მომსახურების საფასური, პირგასამტეხლო და GPS მოწყობილობის საფასური მოპასუხის მიერ არ არის გადახდილი.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი-----–--–--------–ს წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელზე სასამართლოში არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 14 თებერვალს, ი-----–--–--------–სა (შემდგომში ,,დამკვეთად“ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა N4-- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ,,შემსრულებელი“ უზრუნველყოფდა GPS მოწყობილობის მეშვეობით დამკვეთის კუთვნილი ავტომანქანის (სახელმწიფო ნომერი B--------) კონტროლსა და გადაადგილების მონიტორინგს .

 

დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა დაცვის მომსახურების ღირებულება, რომლის საფასური ერთ თვეზე შეადგენდა 35 ლარს, დღგ-ს ჩათვლით (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი).

 

ამავე ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით (ხელშეკრულების 5.3. პუნქტი)

 

ხელშეკრულების 3.2.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების 3.1.1. პუნქტში მითითებული მოწყობილობების (რომლებიც წარმოადგენს „შემსრულებლის“ საკუთრებას და დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ არის გადაცემული „დამკვეთისთვის“) განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაიზანების შემთხვევაში, შემსრულებელი აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს ერთეულ მოწყობილობაზე 500 ლარის ოდენობით, დღგ-ს ჩათვლით, 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 14 თებერვლის N4-- ხელშეკრულება (ს.ფ 13-15);

 

3.1.2. 2018 წლის 14 თებერვალს, ი-----–--–--------–სა (შემდგომში ,,დამკვეთად“ წოდებული) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს (შემდგომში ,,დაცვად“ წოდებული) შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2018 წლის 14 თებერვლის N4-- ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქე ი-----–--–--------–ის მიერ წარდგენილ ავტომობილზე დამონტაჟდა GPS მოწყობილობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 14 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 16);

 

3.1.3. 2018 წლის 1 ივლისს შედგენილ იქნა აქტი, რომლის საუძველზეც შეწყდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და ი-----–--–--------–ს შორის გაფორმებული N4-- ხელშეკრულება და GPS მომსახურების პროგრამული უზრუნველყოფა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 1 ივლისის ცნობა GPS მომსახურების პროგრამული უზრუნველყოფის შეწყვეტის შესახებ (ს.ფ. 18);

 

3.1.4 2018 წლის 20 ივლისს M---------------- წერილით ი-----–--–--------–ი გაფრთხილებულ იქნა 2018 წლის 14 თებერვლის N4-- ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის შესახებ და ეცნობა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ვალდებული იყო ავტომანქანა წარედგინა GPS მოწყობილობის დემონტაჟისათვის. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მოითხოვდა მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ერთეულ მოწყობილობაზე 500 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების 3.2.2 პუნქტი). იგივე შინაარსის წერილი ი-----–- წ------ელს გაეგზავნა 2018 წლის 02 ნოემბერსაც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 20 ივლისს M---------------- წერილი (ს.ფ. 17);

- 2018 წლის 02 ნოემბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 22);

 

3.1.5. ი-----–--–--------–ს, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ, 2018 წლის 14 თებერვლის N4-- ხელშეკრულების საფუძველზე, 2018 წლის 13 ივლისის მდგომარეობით ერიცხება დებიტორული დავალიანება, 177,40 ლარი, საიდანაც 158,75 არის დაცვის მომსახურების ღირებულება, ხოლო 18,65 ლარი - პირგასამტეხლო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 13 ივლისის ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ (ს.ფ. 19);

- თანხის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 20);

 

3.1.6. GPS მომსახურების მონიტორინგის აქტის დასტურდება, რომ ი-----–- წ--------–-ს ავტომობილზე დამონტაჟებული GPS მოწყობილობა, სისტემიდან გაითიშა 1 წლის და 22 დღის წინ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- GPS მომსახურების მონიტორინგის აქტი (ს.ფ.67)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომში – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა. ამავე დებულების მე-22 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ამოცანებია კერძო დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განხორციელება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, დადებული ხელშეკრულებების, სახელმწიფო შეკვეთების ფარგლებში მესაკუთრის ქონებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ნიშნავს ვალდებულების შესრულებას კანონითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, იმ გონიერი მოლოდინის ფარგლებში, რაც შესრულების მიმღებს აღნიშნული ვალდებულების შესრულების მიმართ ჰქონდა. ვალდებულების შესრულების ჯეროვანება ვალდებულების შესრულების მხოლოდ ერთი ან რამდენიმე კანონისმიერი ან ხელშეკრულებისმიერი მოთხოვნის დაცვას არ გულისხმობს, მაგალითად, ვალდებულების უნაკლო (ნივთობრივი, უფლებრივი), ხარისხიან, შეთანხმებული ოდენობით, დათქმულ დროს ან დათქმულ ადგილას შესრულებას. შესრულების ჯეროვანება ყველა ზემოთ დასახელებული ობიექტური ფაქტორის ერთობლიობაა და ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე შესრულებას ნიშნავს.

 

რაც შეეხება კეთილსინდისიერად შესრულებას, აღნიშნული პრინციპი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი) არ შემოიფარგლება მხოლოდ ვალდებულების შესრულებით. ყველა კონკრეტული ვალდებულების შესრულებისას კეთილსინდისიერება (სამოქალაქო კოდექსის 361- ე მუხლის მე-2 ნაწილი) მოიცავს, როგორც ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას და დაცვას. მიუხედავად იმისა, რომ კეთილსინდისიერებასა და ჯეროვან შესრულებას შორის ზღვარის გავლება რთულია, მაინც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში მათი დიფერენცირება. ჯეროვნად შესრულების პრინციპი ეხება ვალდებულების შესრულების უფრო კონკრეტულ ასპექტებს, მაგალითად, შეთანხმებულ ხარისხს, ნივთის შესაბამის თვისებებს, რაოდენობას და ა.შ., ანუ ჯეროვან შესრულებაში იგულისხმება შესრულება, რომელიც აკმაყოფილებს შესრულების პირობებს. კეთილსინდისიერების პრინციპი კი უნდა განიმარტოს უფრო ფართოდ, ის ზემოთ მითითებული ასპექტებთან ერთად, ასევე უკავშირდება მორალურ, ზნეობრივ მხარესაც, სამართლიანობას, ერთგულებას და ა. შ. აქედან გამომდინარე, კეთილსინდისიერება, უპირველეს ყოვლისა, წესიერებას ნიშნავს. შესაბამისად, კეთილსინდისიერების პრინციპის დარღვევა იწვევს დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ შესრულებულია დაცვის მომსახურების შესახებ 2018 წლის 14 თებერვლის N4-- ხელშეკრულების პირობები, თუმცა მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა გადახდილი დაცვის მომსახურების ღირებულება 158,75 ლარის ოდენობით, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, მოპასუხე ი-----–--–--------–ს შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 158,75 ლარის ოდენობით.

 

6.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის აპარატურის ღირებულების ზიანის ანაზღაურების სახით 500 ლარის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის შესაბამისად თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ GPS მომსახურების მონიტორინგის აქტით დასტურება, რომ ი-----–- წ--------–-ს ავტომობილზე დამონტაჟებული GPS მოწყობილობა სისტემიდან გაითიშა 1 წლის და 22 დღის წინ, სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი დაზიანებული ან განადგურებულია, რის გამოც საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მისი ღირებულების ანაზღაურების შესახებ.

 

6.4. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზეც, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 14 თებერვლის N4-- ხელშეკრულების 5.3. პუნქტით, მხარეები შეთანხმდენენ, რომ ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალიწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში „დაცვა“ უფლებამოსილია მოსთხოვოს „დამკვეთს“ პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მომსახურეობის ყოველთვიური ღირებულების ანაზღაურების შესახებ, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 18,65 ლარის გადახდა.

 

6.5. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი საფუძვლიანია, იგი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე ი-----–--–--------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაცვის მომსახურების დავალიანების გადახდა - 158,75 ლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს გადახდა 18,65 ლარის ოდენობით და GPS მოწყობილობის საფასურის გადახდა 500 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხეს - ი-----–--–--------–ს, მოსარჩელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი, დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე - ი-----–--–--------–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 158,75 (ას ორმოცდათვრამეტი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით;

 

3. მოპასუხე -ი-----–--–--------–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 18,65 (თვრამეტი ლარი და სამოცდახუთი თეთრი) ლარის ოდენობით;

 

4. მოპასუხე -ი-----–--–--------–ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს GPS მოწყობილობის საფასურის გადახდა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

 

5. მოპასუხეს - ი-----–--–--------–ს, მოსარჩელე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლეილა გოგიშვილი