გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2019
საქმის ნომერი
190210018002755357
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
10.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3188-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.05.2019 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს "ს----------------------ი"

წარმომადგენელი მარინა ხაჩიძე

მოპასუხე შპს ”გ----–ა”

წარმომადგენელი დირექტორი გ------- გ----–-–---–ი, ნანი შალვაშვილი

დავის საგანი ბუნებრივი გაზის მრიცხველის საფასურის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ”გ----–ასათვის” 308.28 ლარის გადახდის დაკისრება.

1.2. შპს "გ----–ასათვის" მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად 3.08 ლარის დაკისრება სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 10 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

(მოსარჩელის განმარტება 10.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი

 

სარჩელის გარემოებები:

 

შპს გ----–ა არის შპს ს----------------------ის აბონენტი. იგი ქალაქ რუსთავში რამდენიმე მისამართზე მოიხმარს ბუნებრივ გაზს. სააბონენტო ნომერზე N 3103017408 დარიცხულია აღრიცხვის კვანძის მოწყობის თანხა, რომელმაც 2016 წლის მარტის მდგომარეობით შეადგინა 308.28 ლარი, საიდანაც 8,28 ლარი არის ჩაჭრა-აღდგენის საფასური. გაზის მრიცხველი შეიცვალა აბონენტის მოთხოვნით, თუმცა აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის დავალიანება მას ამ დრომდე არ გადაუხდია. ვალდებულების შეუსრულებლობით მოსარჩელემ განიცადა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. მიღებულ თანხას განათავსებდა საბანკო დეპოზიტზე და მიიღებდა სარგებელს ბანკის მიერ დარიცხული სარგებლის სახით წლიურად 12%-ს, რაც ყოველთვიურად 3.08 ლარს შეადგენს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები: მრიცხველის შეცვლის მოთხოვნით მოსარჩელისათვის შპს გ----–ას დირექტორს ან სხვა უფლებამოსილ პირს არ მიუმართავს. სადაო სააბონენტო მისამართზე გაზს 2015 წლის დასაწყისიდან აღარ მოიხმარს, რაც დასტურდება მრიცხველის ნულოვანი ჩვენებით. სადაო დავალიანება წარმოშობილია 2015 წლის ივლისის თვეში, რის გამოც ამ თანხის გადახდის მოთხოვნით აღძრული სარჩელი ხანდაზმულია, გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა. სარჩელი აღძრულია 2019 წლის დეკემბერში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები უნდა დადგინდეს წერილობით მტკიცებულებათა შემოწმების საფუძველზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს “გ----–ა” არის შპს „ს----------------------ის“ აბონენტი იგი ქალაქ რუსთავში 3 სააბონენტო მისამართზე მოიხმარს ბუნებრივ გაზს. მისი სააბობენტო ნომრებია 3102957415, 3102957698 და 3103017408. მისამართზე - რუსთავი, ვა–----–----–----------–---------–----ში (სააბონენტო N 3103017408) აბონენტის თანხმობით 2015 წლის 7 ივლისს შეიცვალა მრიცხველი. აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასური 300 ლარი და გაზის ჩაჭრა- აღდგენის საფასური 8 ლარი შპს გ----–ას გადახდილი არა აქვს.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აბონენტის ბარათის თანახმად, შპს ”გ----–ა” არის შპს “ს----------------------ის” აბონენტი, მას ქალაქ რუსთავში, რამდენიმე მისამართზე მიეწოდება ბუნებრივი გაზი. მისი სააბონენტო ნომრებია 3102957415, 3102957698 და 3103017408.

 

მოთხოვნილი თანხა არის რუსთავში, ვაჟა ფშაველას პირველი გასასვლელი N1-ში (სააბონენტო N 3103017408) მრიცხველის შეცვლის საფასურის დავალიანება. მრიცხველის შეცვლის დასადასტურებლად წარმოდგენილია აბონენტის განცხადების და მრიცხველის შეცვლის აქტის ასლები. მოსარჩელის განმარტებით, 2015 წელს მრიცხველის შეცვლის განცხადებით სს საქგორგაზის რუსთავის სერვისცენტრის მენეჯერს მიმართა შპს გ----–ას სახელით ფ. ჯავახიშვილმა. 2015 წლის 7 ივლისს შედგენილია ინდივიდუალური მრიცხველის შეცვლის აქტი, რომლის თანახმად, აბონენტს შპს გ----–ა სააბონენტო N3103017408 შეეცვალა მრიცხველი. ახალი მრიცხველის ნომერია 32231309. ლუქის ნომრებია 0101961 და 484241. ძველი მრიცხველის მოხსნის და ახალი მრიცხველი მონტაჟის თარიღია 2015 წლის 7 ივლისი. სააბონენტო ბარათში მრიცხველის შეცვლის საფასური 300 ლარი დარიცხულია 2015 წლის 8 ივლისს. 2015 წლის 14 სექტემბერს დარიცხულია 5 ლარი, ხოლო 2016 წლის 17 მარტს დარიცხულია 5 ლარი. მოსარჩელის განმარტებით 5 ლარი დარიცხულია მრიცხველის შეცვლის საფასურის გადაუხდელობის გამო ბუნებრივი გაზის მიწოდების ჩაჭრა-აღდგენის საფუძვლით.

 

მოპასუხის განმარტებით, მრიცხველის შეცვლის მოთხოვნით შპს „გ----–ას“ დირექტორს ან სხვა უფლებამოსილ პირს არ მიუმართავს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს გარემოება საკმარისი არ არის იმის უარყოფისათვის, რომ შპს გ----–ას აღრიცხვის კვანძი შეიცვალა შპს „გ----–ას“ თანხმობით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხის შესაგებლიდან გამომდინარე უნდა შემოწმდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად 1. იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. 2. თუ გარიგება დადებულია სხვა პირის სახელით, მაშინ წარმომადგენლობითი უფლების არარსებობა არ შეიძლება გამოიყენოს გარიგების მეორე მხარემ, თუკი წარმოდგენილმა ისეთი გარემოებები შექმნა, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა. 3. თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას.

 

ამ ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობა გარიგების ბათილობის საფუძველი არ არის, თუ წარმოდგენილმა შექმნა ისეთი გარემოებები, რომ გარიგების მეორე მხარეს კეთილსინდისიერად ეგონა ასეთი უფლებამოსილების არსებობა. მე-3 ნაწილის მიხედვით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაკლის პირობებში დადებული გარიგება წარმოდგენილი პირისათვის წარმოშობს შედეგებს იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ.

 

ამდენად, თუკი წარმოდგენილმა ისეთი პირობები შექმნა, რომ მეორე მხარეს კეთილსინდისიერად შეეძლო ევარაუდა, რომ გარიგებას წარმოდგენილ პირთან დებდა, გარიგება ბათილი არ არის და იგი წარმოდგენილი პირისათვის გარიგებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს წარმოშობს.

 

მოსარჩელე კეთილსინდისიერია იმ ფაქტის მიმართ, რომ მრიცხველის შეცვლის მომოთხოვნი პირი მოქმედებდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე, რადგან მრიცხველის შეცვლის დროს შექმნილი გარემოებების გამო მას შეეძლო ერწმუნა, რომ ფ. ჯავახიშვილი იყო კომპანიის წარმომადგენელი, უფლებამოსილი პირი და შპს გ----–ას სახელით მოითხოვდა მრიცხველის შეცვლას. 2015 წლის 7 ივლისს შპს გ----–ას საქმიანობის ადგილას, მის მიერ იჯარით აღებული ფართში რუსთავში, ვაჟა ფშაველას პირველი შესასხ N1 შეიცვალა მრიცხველი. მრიცხველის შეცვლა დასტურდება არა მარტო მრიცხველის შეცვლის აქტით, არამედ მოპასუხის განმარტებითაც. მოპასუხემ სასამართლოში წარმოდგინა მრიცხველის ფოტოსურათი და განმარტა, რომ მრიცხველის მთვლელ მექანიზმზე ფიქსირდება ე.წ ნულოვანი ჩვენება. წარმოდგენილი იჯარის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს ობიექტი იჯარით აღებული აქვს 2013 წლის 1 სექტემბერს. მოპასუხე 2015 წლამდე მოიხმარდა ბუნებრივ გაზს, რომლის ხარჯი აღირიცხებოდა ინდივიდუალური მრიცხველით. მოპასუხემ სხდომაზე განმარტა, რომ სადაო სააბონენტო მისამართზე ბუნებრივი გაზის აღრიცხვის კვანძი მოწყობილია კორპუსის სარდაფში, სადარბაზოს ჩასასვლელში, რის გამო შპს გ----–ას უფლებამოსილი პირებისათვის შეუმჩნეველი არ დარჩებოდა მრიცხველის შეცვლა. ამასთან, ამჟამად არსებულ მრიცხველზე ფიქსირდება ე.წ ნულოვანი ჩვენება, რაც გამოწვეულია არა მარტო იმით, რომ ობიექტზე შპს გ----–ა გაზს აღარ მოიხმარს. სასამართლო აღნიშნავს, რომ გაზის მოხმარების შეწყვეტის შემდეგ მრიცხველის მთვლელ მექანიზმზე მრიცხველის ჩვენება უცვლელი რჩება იმ დროიდან, როცა შეწყდა გაზის მოხმარება. ამ შემთხვევაში მრიცხველის ჩვენება ე.წ. ნულოვანია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მრიცხველი შეიცვალა და მასზე გაზის მოხმარების შეწყვეტამდე ფიქსირებული მაჩვენებელი ამის გამო აღარ არის აღნიშნული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, 1. ნების გამოვლენის ნაკლის გამო გარიგების საცილოობისას გადამწყვეტია წარმომადგენლის ნება. 2. თუ ნების გამოვლენის ნაკლი შეეხება ისეთ გარემოებებს, რომლებიც წარმოდგენილი პირის მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული, აღნიშნული ნაკლი შეცილების უფლებას იძლევა მხოლოდ მაშინ, თუ ეს ნაკლი წარმოდგენილი პირისაგან მომდინარეობს. სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, შემდგომ თანხმობას (მოწონებას) უკუქცევითი ძალა აქვს გარიგების დადების მომენტიდან, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი. სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, 1. საგნის განკარგვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ნამდვილია, თუკი იგი ხორციელდება უფლებამოსილი პირის წინასწარი თანხმობით. განკარგვა ხდება ნამდვილი, თუ უფლებამოსილი პირი მას მოიწონებს. თანხმობის და მოწონებისათვის არ არის დადგენილი კანონით სავალდებულო წერილობითი ფორმა, შესაბამისად იგი ნებისმიერი ფორმით შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის კონკლუდენტური მოქმედებით. კონკლდენტურია ისეთი მოქმედება, რომლიდანაც უსიტყვოდ ჩანს, რომ ესა თუ ის პირი თანახმაა დადოს ხელშეკრულება. კონკლუდეტური მოქმედებაში იგულისხმება, გარემოებები, როცა თანხმობა ხელშეკრულების დადების თაობაზე გამოიხატება სხეულის მოძრაობით, ჟესტებით ან დუმილით.

 

მრიცხველის შეცვლის საფასური მოპასუხის სააბონენტო ბარათის მიხედვით დარიცხულია 2015 წლის 8 ივლისს. ბუნებრივი გაზის მოხმარების წესების მიხედვით აბონენტს ყოველთვიურად ეგზავნება ქვითარი დარიცხული საფასურის მოთხოვნით. შესაბამისად, ქვითრის გაგზავნით მოპახუსათვის ცნობილი გახდა მისთვის მრიცხველის შეცვლის საფასურის დარიცხვის გარემოება, რაზეც მას წერილობითი პროტესტი არ განუცხადებია. ამდენად, ეს გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ შპს გ----–ას უფლებამოსილი პირების თანხმობით შეიცვალა მრიცხველი.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- სააბონენტო ბარათი (ს.ფ. 25- 26. 74978 ტომი 1)

- განცხადების ასლი (ს.ფ. 94. ტომი 1)

- მრიცხველის შეცვლის აქტი (ს.ფ. 124. ტომი 1)

- იჯარის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 123. ტომი 1)

- ფოტოსურათი (ს.ფ. 50 . ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 477-ე, 129-ე, 130-ე, 145-ე, 411-ე, 412-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 144-ე მუხლი

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის N12 დადგენილებით დამტკიცებული ”ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” პირველი მუხლი, მე-3 მუხლი, მე-10 მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქმეში სადაოა ბუნებრივი გაზის მრიცხველის საფასურის დაკისრება, რაც თავის არსით არის ნასყიდობის საფასურის გადახდის მოთხოვნა. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა არის ბუნებრივი გაზის ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა. ”ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” პირველი მუხლის მიხედვით, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები (შემდგომში “წესები”) არეგულირებს ურთიერთობებს განაწილების ლიცენზიატს, მიმწოდებელსა და საცალო მომხმარებელს შორის გამანაწილებელი ქსელის მეშვეობით ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს. ამ ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, 2. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც ახორციელებენ ბუნებრივი გაზის ყიდვას, გაყიდვას, განაწილებას, გატარებას ან/და მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.

 

”ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-3 მუხლის მიხედვით, 1. ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიმწოდებელი (გამყიდველი) კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს საცალო მომხმარებელს (მყიდველს) ბუნებრივი გაზი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული ბუნებრივი გაზის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. 2. ეს წესები და მის შესაბამისად დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს განაწილების ლიცენზიატის, მიმწოდებლისა და საცალო მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს ბუნებრივი გაზის ყიდვის, გაყიდვის, განაწილების, გატარების ან/და მოხმარების დროს.

 

”ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, საცალო მომხმარებელს არ შეიძლება მოეთხოვოს მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გარდა რაიმე სხვა სახის საფასურის ან გადასახდელის გადახდა (ამ წესებით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა). ამ წესებით განსაზღვრული ყველა სხვა ინდივიდუალურად გადასახდელი (ბუნებრივი გაზის მრიცხველის, დარიცხვის კორექტირების, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების და სხვა ერთჯერადი ხარჯები), დარიცხვის შემთხვევაში, მომხმარებლის ქვითარში უნდა აისახოს განცალკევებულად.

 

აღნიშნული ნორმების მიხედვით, ბუნებრივი გაზის ნასყიდობის ხელშეკრულებით აბონენტს, ბუნებრივი გაზის მომხმარებელს ეკისრება ვალდებულება გადაიხადოს მოხმარებული ბუნებრივი გაზის ღირებულება და გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები. მოპასუხეს არა აქვს გადახდილი მრიცხველის შეცვლის საფასური და ამ თანხის გადაუხდლეობსი გამო გაზის ჩაჭრა-აღდგენის საფასური.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან სარჩელი აღძრულია სასარჩელო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.მრიცხველის შეცვლის საფასურის ანაზღაურების მოთხოვნა ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარეობს, რის გამოც მასზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

 

შპს გ----–ას აბონენტის ბარათის თანახმად, სადაო დავალიანება, მრიცხველის შეცვლის საფასური დარიცხულია 2015 წლის 8 ივლისს.

 

”ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” 10-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად (საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის შესაბამისად). მე-4 პუნქტის მიხედვით, საცალო მომხმარებელმა მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური უნდა გადაიხადოს ქვითარში მითითებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს ქვითრის წარდგენიდან 15 კალენდარულ დღეზე ნაკლები. თუ გადახდის ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს და ამ დღეებში გადახდის პუნქტები არ მუშაობს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე. 5. ქვითარში მითითებული უნდა იყოს დარიცხული თანხის გადახდის ვადა, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური (სამომხმარებლო ტარიფი ან ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი) ერთ კუბურ მეტრზე, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობა კუბური მეტრებში და ღირებულება...

 

ამდენად, აბონენტს ყოველთვიურად ეგზავნებოდა ქვითარი მოხმარებული გაზის რაოდენობის და დარიცხული საფასურის მითითებით. ქვითარში ცალკე მიეთითება მოხმარებული გაზის ხარჯი და ცალკე სხვა საფუძვლით გადასახდელი საფასური. შესაბამისად, ივლისის თვეში დარიცხული საფასური აბონენტს უნდა გადაეხადა მომდევნო თვეში - 2015 წლის აგვისტოში. შესაბამისად, ამ ვადის გასვლის შემდეგ 2015 წლის სექტემბრიდან ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს წარმოეშობოდა საფასურის მოთხოვნის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მიხედვით, 1. დღეების მიხედვით განსაზღვრული ვადა მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. 2. ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, – მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. 3. თუ თვეების მიხედვით განსაზღვრულ ვადას აკლია ვადის გასვლის აღსანიშნავი კონკრეტული დღე, მაშინ ვადა მთავრდება ამ თვის ბოლო დღის დამთავრებისას.

 

”ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით” დადგენილია, რომ ბუნებრივი გაზის მოხმარებასთან დაკავშირებით მომხმარებლისათვის დარიცხული საფასური აღირიცხება ყოველთვიურად, აბონენტს ყოველთვიურად ეგზავნება ქვითარი - მოთხოვნა დარიცხული საფასურის გადახდის შესახებ, ხოლო ქვითრით განსაზღვრულია მოთხოვნილი თანხის გადახდის ვადა. შესაბამისად, სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება. ამ ნორმის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს. ამდენად, ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხის მითითებას 365-ე მუხლზე სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა აითვლება უფლების დარღვევის დროიდან ან იმ დროიდან, როცა დაინტერესებული პირისათვის ობიექტურად შესაძლებელი იყოს უფლების დამრღვევი ქმედების შესახებ ინფორმაციის მიღება. სადაო ურთიერთობაში უფლების დარღვევას წარმოადგენს მრიცხველის საფასურის გადაუხდელობა, რომლის გადახდევინების შესახებ სარჩელის აღძვრის უფლება წარმოიშვა 2015 წლის სექტემბრიდან, რომლის მომდევნო 3 წლის მანძილზე მოსარჩელეს უნდა აღეძრა შპს ”გ----–ას” მიმართ სარჩელი. შესაბამისად, სადაო თანხის სარჩელით მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა დასრულდა 2018 წლის სექტემბერში. სარჩელი სასამართლოში შემოსულია ფოსტით 2018 წლის 10 დეკემბერს, ხოლო ფოსტაში ჩაბარებულია 2018 წლის 7 დეკემბერს. ამდენად, სარჩელი აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხანდაზმულია ასევე ბუნებრივი გაზის ჩაჭრა-აღდგენის საფასურის მოთხოვნა. ეს თანხა დარიცხულია 2015 წლის 14 სექტემბერს და 2016 წლის 17 მარტს. 2015 წლის 14 სექტემბერს დარიცხული თანხის მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს წარმოეშვა 2015 წლის ნოემბერში და 2019 წლის 10 დეკემბერს აღძრული სარჩელით ამ თანხის მოთხოვნა ხანდაზმულია. 5 ლარი დარიცხულია 2016 წლის 17 მარტს, რის შემდეგ სამი წლის ვადაშია აღძრული განსახილველი სარჩელი, მაგრამ ამ თანხის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ცალკე არ აითვლება. სასამართლოს მიაჩნია, რომ გაზის ჩაჭრა-აღდგენის საფასურის თანხა არის მრიცხველის შეცვლის საფასურიდან წარმოშობილი დამატებითი მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ .

 

”ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” 21-ე მუხლის მიხედვით, 1. განაწილების ლიცენზიატი უფლებამოსილია მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის გადაუხდელობის, ბუნებრივი გაზის უკანონოდ მოხმარების ან/და უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ქსელიდან ჩახსნილ მომხმარებელს ბუნებრივი გაზით მომარაგების აღდგენისათვის დაარიცხოს ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულება. 2. საცალო მომხმარებლის მიერ გადახდილი ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულება განაწილების ლიცენზიატისთვის წარმოადგენს განაწილების საქმიანობასთან დაკავშირებულ დამატებით შემოსავალს, რომელიც გათვალისწინებულ იქნება გამანაწილებელ ქსელზე ტარიფების გაანგარიშებისას.

 

აბონენტის ბარათით დასტურდება, რომ შპს გ----–ას 2015 წლის ივლისის შემდეგ დაერიცხა მხოლოდ მრიცხველის შეცვლის საფასური და მისი გადაუხდელობის გამო გაზის მიწოდების ჩაჭრის და აღდგენის საფასური. სადაო პერიოდში ფაქტობრივად მოხმარებული გაზის ხარჯი დარიცხული არ არის. ამდენად, გაზის მიწოდების ჩაჭრა-აღდგენის საფასურის დარიცხვა მხოლოდ მრიცხველის შეცვლის საფასურის გადაუხდელობას უკავშირდება და თავისი არსით ამ ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, რადგან გაზის მოხმარების წესების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქსელიდან ჩახსნის და აღდგენის ღირებულება არის ლიცენზიატისათვის დამატებით შემოსავალი, და იგი მხოლოდ ძირითადი ვალდებულების - დარიცხული საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში წარმოიშობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.

 

იურიდიულ ლიტერატურაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, ასეთ დამატებით მოთხოვნებს განეკუთვნება გირაო, თავდებობა, პირგასამტეხლო, პროცენტი, ასეთი ასევე შეიძლება იყოს ნივთისა და უფლების ნაყოფი (154) და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებები; დაკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით დამატებითი მოთხოვნები გაიგივებულია აქცესორულ უფლებებთან. სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით, აქცესორულია უფლებები, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს. გაზის მიწოდების ჩაჭრა-აღდგენის საფასური აქცესორული მოთხოვნაა და იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოიშობა, თუ ძირითადი ვალდებულება არ შესრულდა.

 

ზიანის ანაზღაურების, როგორც აქცესორული მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებას საქმეზე №ას-826-784-2013, სადაც გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს შემდეგი მსჯელობა: „მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, ვინაიდან უსაფუძვლო იყო ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვნა, შესაბამისად, უსაფუძვლო იყო ამ თანხის გადაუხდელობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც, მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. შესაბამისად, ვალდებულების დროული შეუსრულებლობით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნაც ხანდაზმულად უნდა მიჩნეულიყო“.

 

ამდენად, სადაო ურთიერთობაში უფლების დარღვევა გამოწვეულია მრიცხველის შეცვლის საფასურის გადაუხდელობით. ძირითადი, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო ხანდაზმულია ასევე აქცესორული მოთხოვნია, გაზის ჩაჭრა-აღდგენის საფასურის დაკისრების მოთხოვნაც.

 

მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას იმ დაკარგული სარგებლისათვის, რასაც მიიღებდა გადახდილი თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსების შედეგად. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ზიანში როგორც წესი იგულისხმება ფაქტობრივი ზიანი – პირის მიერ განცდილი ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისი ან ვალდებულებების გაზრდა. ფაქტობრივი ზიანის გარდა შესაძლებელია ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის, რომელიც არის ის შემოსავალი, რომელსაც პირი მიიღებდა ვალდებულების შესრულების შემთხვევაში.

 

სამართლებრივი ბუნებით აქცესორულია, მთავარი მოთხოვნისგან წარმოშობილია მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა, რადგან იგი ძირითადი ვალდებულების - მრიცხველის შეცვლის საფასურის გადაუხდელობას უკავშირდება, რის გამოც ხანდაზმულობის გამო ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს ეს მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ამდენად, კრედიტორის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაშვება მოვალეს ვალდებულების შესრულებაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს, ხოლო კრედიტორის მოთხოვნა სამართლებრივად უვარგისი, განუხორციელებელი ხდება. ხანდაზმულობა აფერხებს სამართლებრივად ნამდვილი უფლების განხორციელებას. ამ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელის საწინააღმდეგოდ განაცხადა ხანდაზმულობის ვადის გასვლის შესახებ, რაც ხანდაზმული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი არ აუნაზღაურდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დამხარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. ამ ნორმის მიხედვით, ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება ეკისრება იმ მხარეს, რომლის საწინააღმდეგოდაც დასრულდა დავა. ამ საქმეში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რის გამოც იურიდიული მომსახურების ხარჯები უნდა აუნაზღაურდეს მოპასუხეს. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული დახმარების ხარჯების ასანაზღაურებლად მოპასუხისათვის 100 ლარის დაკისრებას, რაც აღემატება დავის საგნის ღირებულების 4%-ს. განსახილველ საქმეში დავის საგნის ღირებულებაა 419,16 ლარი, რომლის 4% არის 14.76 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს შპს ს----------------------ის სარჩელი შპს გ----–ას მიმართ მრიცხველის საფასურის და ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ;

 

2. შპს ს----------------------ს დაეკისროს შპს გ----–ასათვის იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად 14,76 ლარის გადახდა;

 

3. შპს ს----------------------ს უარი ეთქვას სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი