გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/7788-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - დ----- ჩ------ე
წარმომადგენელ - დ----- ი-------ე
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - რ--------- მ----–-----ი
მესამე პირი - შპს "კ---------------------------–------------------"
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, შპს კ---------------------------–------------------ს მიერ დ----- ჩ------ის სახელზე 2007 წელს გაცემული უმაღლესი განათლების C---------- დიპლომის (სარეგისტრაციო №8-) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2.1. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს - შპს "კ---------------------------–----------------ს" წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 26 მარტის დადგენილებით (სარეგისტრაციო Nა----------) რეგისტრაციაში გატარდა შპს "კ---------------------------–------------------".
საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ 2003 წლის 03 აპრილს, შპს კ--------------------------–----------------ზე გაიცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0-------- ლიცენზია (უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში რეგისტრაციის N1---);
აღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შპს "კ---------------------------–------------------" უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები: 1. სამართალმცოდნეობა 2. ფინანსები და კრედიტი 3. საერთაშორისო ეკონომიური ურთიერთობები 4. საგადასახადო და საბანკო საქმე 5. ჟურნალისტიკა 6. საბაჟო საქმე 7. სამეურნეო საქმიანობის აუდიტი 8. დიპლომატიის ისტორია 9. ქართული ენა და ლიტერატურა 10. სახელმწიფო მოხელე 11. ფსიქოთერაპია 12. გერმანული და ესპანური ენა და ლიტერატურა 13. ინგლისური ენა და ლიტერატურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის რეესტრის სამმართველოს 2017 წლის 02 მაისის M----------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ 64-67);
3.1.2. 2007 წლის 31 ივლისს, შპს "კ---------------------------–------------------ს" მიერ დ----- ჩ------ის სახელზე გაიცა დიპლომი C---------- (სარეგისტრაციო N8-) მასზედ, რომ შპს "კ---------------------------–------------------ს სამართლის ფაკულტეტის 26.06.2007 წლის გადაწყვეტილებით დ----- ჩ------ეს დაბადებულს 0--------- წელს, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დიპლომი C---------- (სარეგისტრაციო N8-) (ს.ფ. 18).
3.1.3. 2018 წლის 06 ნოემბერს დ----- ჩ------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც მოითხოვა შპს კ---------------------------–------------------ს მიერ მის სახელზე გაცემული C---------- (სარეგისტრაციო №8-) ბაკალავრის დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 06.11.2018წ. განცხადება თანდართული მასალებით (ს.ფ. 49-50);
3.1.4. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილებით დ----- ჩ------ეს უარი ეთქვა შპს "კ---------------------------–------------------ს" მიერ მის სახელზე გაცემული C---------- ბაკალავრის დიპლომის (სარეგისტრაციო №8-) ნამდვილობის დადასტურებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-17);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ----- ჩ------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილება დ----- ჩ------ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით კი, სახელმწიფო მხარს უჭერს საგანმანათლებლო დაწესებულებებს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით თუ შეთანხმებებით გარანტირებული ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გარანტირებული განათლების მიღების უფლება, მიუხედავად იმისა, რომ იგი არ მოიცავს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დააფინანსოს უმაღლესი განათლება, გულისხმობს ყოველი პირისათვის, მათ შორის (ზოგად განათლებასთან ერთად), სახელმწიფოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეძენის, მისი ფორმის და პროფესიული მიმართულების არჩევის, შეძენილი უმაღლესი განათლების აღიარებისა და მისი თავისუფალი რეალიზაციის დაუბრკოლებლად, შეუზღუდავად განხორციელების შესაძლებლობის შექმნას, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნის და ფუნქციონირების თავისუფლებას, რაც მიესადაგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს.
6.3. ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, ცენტრი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელს უწყობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რისთვისაც შეიმუშავებს რეკომენდაციებს; ბ) ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და მათი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, გარდა საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (შემდგომ – ტექნოლოგიური ინსტიტუტი); გ) უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას; დ) ახორციელებს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას; ე) აწარმოებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრს; ვ) ამოწმებს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის − განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ენობრივ სისწორეს; ზ) ახორციელებს ცენტრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
საქმეზე დადგენილია, რომ 2018 წლის 6 ნოემბერს, დ----- ჩ------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც შპს კ---------------------------–------------------ს მიერ მის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის C---------- (სარეგისტრაციო №8-) ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. დადგენილია ასევე, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილებით დ----- ჩ------ეს უარი ეთქვა შპს კ---------------------------–------------------ს მიერ მასზე გაცემული C---------- (სარეგისტრაციო №8-) დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე.
6.4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის პირველი ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ პირველი მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას.
,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომის უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტების თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.
ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას.
6.5. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ამავე მუხლის „ღ2“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე, მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ განსახილველი დავის მოქმედების პერიოდში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ცნობდა მხოლოდ აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომს, ხოლო, ვინაიდან ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, შპს კ--------------------------–----------------ს არ მიუმართავს უფლებამოსილი ორგანოსთვის 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის მისაღებად, შპს "კ--------------------------–----------------ის" მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის შემდგომ განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ იყო აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ დ----- ჩ------ის მიერ დიპლომის მიღების დროს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლი არეგულირებდა ახალდაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ მდგომარეობას. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ექვემდებარებოდა აკრედიტაციას მისი საქმიანობის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ახალდაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლებოდა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის გავლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. მე-3 პუნქტის თანახმად კი, ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ მოქმედებდა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ განსაზღვრული, კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი შედეგები.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ 2003 წლის 03 აპრილს შპს კ--------------------------–----------------ზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0-------- ლიცენზია. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს "კ--------------------------–----------------ში" 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისიდან 2007 წლის ჩათვლით დ----- ჩ------ის სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. სასამართლო განმარტავს, რომ დიპლომის გაცემის დროს მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ახალდაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ითვლებოდა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკრედიტაციის გავლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში. შესაბამისად, შპს "კ---------------------------–------------------ს" სამართლის ფაკულტეტის 26.06.2007 წლის გადაწყვეტილებით დ----- ჩ------ის სახელზე გაცემული დიპლომი C---------- (სარეგისტრაციო N0-----) ექცევა მოცემული ნორმის რეგულირების ფარგლებში. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს "კ---------------------------–------------------" C---------- დიპლომის გაცემის პერიოდში, წარმოადგენდა კანონმდებლობით დადგენილი იმ სამართლებრივი შედეგების მატარებელ სუბიექტს, რომელიც ასევე გათვალისწინებულია აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ. ამასთან, სასამართლო იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 88-ე მუხლში დამატება განხორციელდა 21.07.2010. N3528 საქართველოს კანონით და ამოქმედდა 2010 წლის 1 სექტემბრიდან.
6.6. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტისადმი მფლობელის კანონიერი ნდობის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით პირდაპირ დადგენილი არ არის, თუმცა შესაბამის ნორმათა გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად განმარტება იძლევა იმის დასკვნის შესაძლებლობას, რომ დიპლომსა და დიპლომის დანართს როგორც უკვე არსებული ფაქტის (აქტის) დამადასტურებელ სპეციალურ დოკუმენტს, რეალაქტს გააჩნია აღმჭურველი ბუნება მისი ადრესატისადმი. მოცემულ შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული საქმიანობის უფლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა სახეზე არ არის. დაინტერესებული მხარე ენდობოდა სახელმწიფოს მოქმედების, ამ მოქმედების შედეგების სტაბილურობას. ამასთან, მოსარჩელისათვის 2007 წელს ცნობილი ვერ იქნებოდა კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე, რის გამოც იგი მოკლებული იყო შესაძლებლობას მიეღო რაიმე ქმედითი ზომები და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით თავიდან აეცილებინა დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის დიპლომის გაცემის შემდეგ წარმოშობილი ხელშემშლელი გარემოებები.
სასამართლო ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტის გამოცემისას დარღვეულია ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის; ეს ბალანსი გაუმართლებლად, დაუსაბუთებლადაა დარღვეული კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და სათანადოდ, დამაჯერებლად უნდა დაესაბუთებინა იგი, რაც მას არ განუხორციელებია.
6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- ჩ------ეს აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილება დ----- ჩ------ის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ და უნდა დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს "კ------------------------–-----------------ის" მიერ დ----- ჩ------ის სახელზე გაცემული ბაკალავრის დიპლომის C---------- (სარეგისტრაციო №8-) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ----- ჩ------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილება დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;
3. დაევალოს მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს "კ------------------------–-----------------ის" მიერ დ----- ჩ------ის სახელზე გაცემული უმაღლესი განათლების C---------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე;
4. მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს მოსარჩელის - დ----- ჩ------ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხის - 100 (ასი) ლარის ანაზღაურება;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე