გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/145-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე - სს „ლი------------ი“
წარმომადგენელი - გი------------–---–ი
მოპასუხეები - გი----------–-–---–ი, ეთ---------ე, და--------–-–---–ი
დავის საგანი - საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გი----------–-–---–ს, ეთ---------ესა და და--------–-–---–ს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N0-------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5 208.58 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2 855.07 ლარი, პროცენტი - 1 402.51 ლარი, ჯარიმა - 951 ლარი.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სს „ლი------------სა" და გი----------–-–---–ს შორის 2015 წლის 18 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0--------------, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 42%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით.
სესხის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 18 ნოემბერს სს „ლი------------ს", და--------–-–---–სა და ეთ---------ეს შორის გაფორმდა N0---------------1 და N0---------------2 თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც მოპასუხეემა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. თითოეული თავდების ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 150 ლარით.
მოპასუხის მიერ 2017 წლის 19 სექტემბრიდან დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელემ 2018 წლის 18 ოქტომბერს შეწყვიტა ხელშეკრულება. მოპასუხის მიერ გადახდილია 5 226.04 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 2144.93 ლარი, პროცენტი - 3033.72 ლარი, ჯარიმა - 47.39 ლარი.
2018 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 5 208.58 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2 855.07 ლარი, სარგებელი - 1 402.51 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 951 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გი----------–-–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, ძირითადი თანხის 2855.07 ლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო დარჩენილ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია. მოპასუხის მითითებით, ვინაიდან მან დაკარგა სამსახური, არის სტუდენტი, ცხოვრობს ქირით, ვეღარ შეძლო თანხის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაიხდის მხოლოდ სესხის ძირითად თანხას, მისი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო არ აქვს საშუალება დაფაროს პროცენტი და ჯარიმა, რადგან დიდი თანხაა და არ ძალუძს დაფაროს დავალიანება მოთხოვნილი ოდენობით.
მოპასუხე ეთ---------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, ძირითადი თანხის 2855.07 ლარის დაკისრების ნაწილში. რაც შეეხება პროცენტსა და პირგასამტეხლოს, მიუთითა, რომ ვერ შეძლებს თანხის გადახდას, ვინაიდან არ აქვს თანხის გადახდის საშუალება.
მოპასუხე და--------–-–---–ს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ლი------------სა" და გი----------–-–---–ს შორის 2015 წლის 18 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0--------------, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 5 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღრა 42%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ კრედიტის დაფარვა მოხდებოდა ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 16-20);
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 21-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი).
3.1.2. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, სს „ლი------------სა" და და--------–-–---–ს შორის 2015 წლის 18 ნოემბერს გაფორმდა N0---------------1 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც და--------–-–---–ი ბანკის წინაშე თავდებად დაუდგა გი----------–-–---–ს და აიღო სოლიდარული ვალდებულება მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, უპირობოდ დაეკმაყოფილებინა ბანკის მიმართ არსებული მოვალის მოთხოვნები. უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 150 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება; თავდებობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 27-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი).
3.1.3. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, სს „ლი------------სა" და ეთ---------ეს შორის 2015 წლის 18 ნოემბერს გაფორმდა N0---------------2 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ეთ---------ე ბანკის წინაშე თავდებად დაუდგა გი----------–-–---–ს და აიღო სოლიდარული ვალდებულება მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, უპირობოდ დაეკმაყოფილებინა ბანკის მიმართ არსებული მოვალის მოთხოვნები. უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 150 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება; თავდებობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 23-26);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი).
3.1.4. მსესხებლის გი----------–-–---–ის მიერ 2017 წლის 19 სექტემბრიდან დარღვეულ იქნა სესხის დაფარვის გრაფიკი.
მოპასუხეებს - გი----------–-–---–ს, და--------–-–---–ი და ეთ---------ეს მოსარჩელის 2018 წლის 26 იანვრის გაფრთხილების წერილებით ეცნობათ, 2015 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული №0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ და განესაზღვრათ დამატებითი ვადა 5 სამუშაო დღე, რათა დაეფარათ იმ პერიოდისათვის არსებული დავალიანება და განემარტათ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის სრულად მოთხოვნის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები (იხ. ს.ფ. 35-38)
- უკუგზავნილები (იხ. ს.ფ. 39-41)
3.1.5. გაფრთხილების მიუხედავად დავალიანება არ იქნა დაფარული, რის გამოც 2018 წლის 18 ოქტომბერს მოსარჩელის მხრიდან შეწყვეტილ იქნა ხელშეკრულება, ხოლო იმავე დღის დავალიანების შესახებ ცნობის მიხედვით, 2018 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 5 208.58 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2 855.07 ლარი, სარგებელი - 1 402.51 ლარი, ჯარიმა - 4 222.06 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.31);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი).
3.1.6. გი----------–-–---–მა 2015 წლის 18 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, ჯამში, 5 226.04 ლარი გადაიხადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრუნვის ისტორია (იხ. ს.ფ. 32-25).
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „ლი------------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. მოპასუხეებმა სარჩელის ცნეს საბანკო კრედიტის 2015 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 2855.07 ლარის ნაწილში (იხ. სხდომის ოქმი), რაც ზემოთ დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი, ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
ზემოაღნიშნული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ სესხით სარგებლობისათვის პროცენტსა და მის ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში ხდება. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მსესხებელს გადაეცა სასყიდლიანი სესხი 5 000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღრა 42%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით. მსესხებელს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის დაფარვით (გადახდის გრაფიკით). მოპასუხეს სესხი სრულად უნდა დაეფარა 19.11.2018 წელს.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხეები შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
ასევე, დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან დარღვეული იქნა 19/09/2017 წლიდან. მოსარჩელემ მსესხებელსა და თავდებ პირებს 2018 წლის 26 იანვრის გაფრთხილების წერილებით აცნობა, არსებული დავალიანების თაობაზე და განუსაზღვრა დამატებითი ვადა 5 სამუშაო დღე, რათა დაეფარათ იმ პერიოდისათვის არსებული დავალიანება. იქვე განემარტათ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის სრულად მოთხოვნის თაობაზე. ამასთან, დადგენილია და აღნიშნულს არც მოვალეები ხდიან სადავოდ, რომ მოპასუხეებმა ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულეს, რის გამოც, მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება და სს „ლი------------ი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს მათ დავალიანების დაფარვა.
სასამართლო მიუთითებს, რომ 2015 წლის 18 მაისის ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სადავო გახადეს სარჩელით მოთხოვნილი საპროცენტო სარგებლის ოდენობა, რასთან დაკავშირებითაც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩვენს განმარტოს შემდეგი: სადავო არ არის, რომ სს „ლი------------სა" და გი----------–-–---–ს შორის 2015 წლის 18 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და განისაზღვრა შესაბამისი პირობები. გი----------–-–---–მა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით იკისრა ვალდებულება გადაეხადა კრედიტის თანხა. ანუ, საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე: თანხის ოდენობაზე, ვადაზე, სარგებელზე და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობის წესსა და ოდენობაზე.
ხელშეკრულების 3.1.23 მუხლის შესაბამისად, საპროცენტო სარგებელი იანგარიშება მსესხებლის მიერ ათვისებული კრედიტის თანხის სარგებლობის ფაქტიური კალენდარული დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით. თუ ბანკი ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტს ხელშეკრულებას, პროცენტის დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება იძულებით, ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით (ს.ფ. 18).
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, კერძოდ: მხარეები შეთანხმდნენ წლიურ 42%-იან განაკვეთზე. მსესხებლის მიერ ვალდებულება დარღვეულ იქნა 2017 წლის 19 სექტემბრიდან. ხოლო სს „ლი------------ის“ მიერ გაცემული ცნობით დავალიანების შესახებ დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პროცენტის ნაწილში შეადგენს 1 402.51 ლარს. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია საპროცენტო სარგებელი ვადაგადაცილებიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდში.
სასამართლო განმარტავს, რომ ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. საპროცენტო განაკვეთი საბანკო კრედიტისათვის არის კრედიტის ფასი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან.
მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება, ასევე დადგენილია და ამას არც მოპასუხე უარყოფს, რომ მის მიერ დარღვეულ იქნა ვალდებულება. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხეს დარიცხული სესხის პროცენტი. ხოლო მოპასუხის არგუმენტი მასზედ, რომ ეკონომიური მდგომარეობის გამო არ შეუძლია გადაიხადოს სესხზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო უსაფუძვლოა და არ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.
ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხისა და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, კი თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივია და კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თავდების მიმართაც. ამიტომ თავდებობის ხელშეკრულებაში თავდები შეიძლება გამოდიოდეს მოვალის როლშიც. მას ძირითად მოვალესთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა და დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ხელშეკრულების მხარისაგან. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, ასევე საჭიროა თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს სს „ლი------------ს", და--------–-–---–სა და ეთ---------ეს შორის გაფორმდა N0---------------1 და N0---------------2 თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც მოპასუხეემა იკისრეს სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე მსესხებელსა (გი----------–-–---–ს) და ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრ ფულად ვალდებულებებზე. თითოეული თავდების ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5 150 ლარით. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები და--------–-–---–ი და ეთ---------ე (თავდები პირები) ძირითად მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს მოსარჩელის წინაშე და ვალდებულები არიან სოლიდარულად გადაიხადონ სს „ლი------------ის“ მიმართ არსებული დავალიანება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, შედეგი გარემოებების გამო:
პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მეორე შემთხვევაში, მისი ოდენობის შემცირების მართლზომიერებასთან მიმართებაში, სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვის მქონე მექანიზმზე, ასევე, როგორც განცდილი ზიანის ანაზღაურების მოქნილ ინსტრუმენტზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. თუმცა, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს და მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მეორე შემთხვევაში, მისი ოდენობის შემცირების მართლზომიერებასთან მიმართებაში, სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვის მქონე მექანიზმზე და ასევე, როგორც განცდილი ზიანის ანაზღაურების მოქნილ ინსტრუმენტზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება, უკვე გადახდილი და გადასახდელი წლიური სარგებლის 42%-ის გათვალისწინებით.
მოცემულ საქმესთან მიმართებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოცულობა ხელშეკრულების ფარგლებში 951 ლარის ოდენობით, არ შეესაბამება გონივრულობის სტანდარტს და უნდა შემცირდეს 300 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები:
მოსარჩელის მიერ საჩელზე წინასწარ იქნა გადახილი სახელმწიფო ბაჟი - 157 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი დავალიანების ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი იმ ნაწილის პროპორციულად, რომელშიც მოპასუხემ ცნო სარჩელი, ანუ - 85.65 ლარი.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 51.07 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ლი------------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. გი----------–-–---–ს, ეთ---------ესა და და--------–-–---–ს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N0-------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4 557.58 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2 855.07 ლარი, პროცენტი - 1 402.51 ლარი, ჯარიმა - 300 ლარი.
2. გი----------–-–---–ს, ეთ---------ესა და და--------–-–---–ს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 51.07 ლარის გადახდა.
3. სს „ლი------------ს“ დაუბრუნდეს 2018 წლის 01 ნოემბერს სს ,,ლი------------ში" სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 157.00 ლარიდან - 85.65 ლარი, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგ ანგარიშზე: მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150, საგადახდო დავალება N1.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ხათუნა კაკაბაძე