გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.05.2019
საქმის ნომერი
330210019002798407
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2/2---19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი

 

მოსარჩელე - მ-----------------

წარმომადგენელი - ჯ--------------–--ე

 

მოპასუხე - ი-----–----–---ე

წარმომადგენელი - მ------------–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ი-----–----–---ეს მოსარჩელე მ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ასანაზღაურებლად 1460 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე ი-----–----–---ეს მოსარჩელე მ-----------------ის სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზისთვის გაწეული ხარჯის 241 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის 25 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, მოსარჩელე მართავდა თავის კუთვნილ ავტომანქანას, თბილისში, კალანდაძის ქუჩაზე, შარტავას ქუჩიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით, სავალი ნაწილის მარჯვნიდან მარცხნივ მეორე ზოლში. როდესაც მიუახლოვდა ანა კალანდაძის ქუჩის N85-ს, მის წინ მარჯვენა მხარეს, წინა ავტომანქანის უკანა მარცხენა კარი უეცრად გაიღო, მოსარჩელემ ვერ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება და ავტომანქანას დაუზიანდა წინა მარჯვენა მხარე.

 

ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოპასუხის მიერ და მის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა ოქმი.

 

ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანი ექსპერტიზის დასკვნით განისაზღვრა 1460 ლარით, რაც მოპასუხეს არ აუნაზღაურებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობითი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

სამართალდარღვევის ოქმი შედგა არა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის, არამედ მანქანის კარის გაუმართაობის გამო, სწორედ ასეთი განმარტება გაკეთდა შემთხვევის დროს და მხარეებს შორის მოლაპარაკება, იყო, რომ დაზიანების სიმცირის გათვალისწინებით, თითოეული თავის კუთვნილ ავტომანქანას შეაკეთებდა და ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ექნებოდათ. სწორედ ამიტომ, გამოძიება არც დაწყებულა, რა დროსაც უნდა გარკვეულიყო, რომელიმეს შეეძლო თუ არა შემთხვევის თავიდან აცილება.

 

საპატრულო პოლიციიდან მიღებულ მასალებით ირკვევა, რომ ავტომანქანის დათვალიერება არ მომხდარა, საიდანაც დადგინდებოდა, თუ რა დაზიანება მიიღო მოსარჩელის ავტომანქანამ, ასევე არ ჩატარებულა ტრასოლოგიური და ავტოტექნიკური ექსპერტიზა. გარდა ამისა, ავტომანქანის კარი ოდნავ ღია იყო, თუმცა ვინაიდან მოსარჩელე დიდი სისწრაფით და ახლოს მოძრაობდა, ამიტომ მოხდა შეჯახება.

 

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ თავად ექსპერტიზის დასკვნაც არ იყო გასაზიარებელი. ექსპერტიზა დროულად არ იყო ჩატარებული და არ დგინდებოდა, რომ სწორედ ამ კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის შეფასება განხორციელდა.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ მოთხოვნა ნაწილობრივ, 200 ლარის ანაზღაურების ნაწილში ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისში, ანა კალანდაძის ქუჩაზე, 2018 წლის 25 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა მ-----------------ის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება ნისანი, სახელმწიფო ნომრით I-------

 

ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოძრაობისას, მოპასუხე ი-----–----–---ის ავტომანქანის კარის უეცარი გაღებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი;

- შემთხვევის ადგილის სქემა;

 

3.1.2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა ი-----–----–---ის მიმართ, რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას სუბარუ, სახელმწიფო ნომრით R------- საჯარიმო ქვითარი მოპასუხის მიერ არ გასაჩივრებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ახსნა-განმარტებები;

- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი;

- შემთხვევის ადგილის სქემა;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. სასამართლო, მტკიცების ტვირთის განაწილების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნევს მოპასუხის პოზიციას, რომ ავტომანქანის აღდგენის ხარჯის განსაზღვრა არ უნდა მოხდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, ვინაიდან ექსპერტიზა დროულად არ იყო ჩატარებული და არ დგინდება, რომ სწორედ ამ კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის შეფასება განხორციელდა.

 

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ავტომობილის ვიზუალური დათვალიერებით, ძარასა და ძარის გადაკრულობის წინა ნაწილზე აღინიშნება საშუალო დეფორმაციების სახით, ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები. კერძოდ, დეფორმირებულია წინა მარჯვენა ფრთა, დაზიანებულია წინა ბამპერი, წინა მარჯვენა მაშუქი, წინა ბამპერის მარჯვენა სამაგრი და ავტომობილის აღსადგენად საჭიროა რიგი დეტალების შეცვლა და აღდგენითი სამუშაოების ჩატარება.

 

მოპასუხემ სადავოდ გახადა მიყენებული ზიანის ოდენობა და მიუთითა, რომ დაზიანება იმდენად მცირე იყო, რომ მოთხოვნილი თანხები არარეალური იყო. შეჯახების შედეგად მოსარჩელის ავტომანქანას წინა მარჯვენა მხარე გაეკაწრა და მისი აღდგენისთვის 200 ლარიც საკმარისი იქნებოდა.

 

უდავოა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2018 წლის 25 მაისს. ექსპერტიზის ჩატარების მიზნით მოსარჩელემ ბიუროს არა დაუყოვნებლივ, არამედ რამდენიმე თვის შემდგომ, კერძოდ 2018 წლის 5 ოქტომბერს მიმართა და დასკვნა გაიცა 2018 წლის 12 ოქტომბერს. ასეთ ვითარებაში სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ექსპერტიზის მიერ შეფასდა სწორედ 2018 წლის 25 მაისს მიღებული დაზიანებები და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ ექსპერტიზის ჩატარებამდე ავტომანქანას გააჩნდა მხოლოდ სადავო დაზიანებები და ვინაიდან ექსპერტიზა დროულად არ იყო ჩატარებული, არ დგინდება, რომ სწორედ ამ კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის შეფასება განხორციელდა.

 

სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობს. მოსარჩელეს ევალება სარჩელში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისგან თავდაცვის მიზნით უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანი 1460 ლარს შეადგენს. მოპასუხემ სადავოდ გახადა მიყენებული ზიანის ოდენობა და მიუთითა, რომ აღდგენა შესაძლებელი იქნებოდა გაცილებით ნაკლებ ფასად. აღნიშნულის საწინააღმდეგო მოსარჩელეს რაიმე დასაბუთებული შედავება ან სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ-----------------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 992-ე, მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: ზიანი, ასევე სახეზეა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება - დადგენილია, რომ ი-----–----–---ემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რამაც გამოიწვია შეჯახება; არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა მოპასუხის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა ავტომობილი და შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს არ მიადგებოდა ზიანი.

 

მოცემულ შემთხვევაში ი-----–----–---ის მიერ ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს, აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქმის განხილვის მთავარ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მხოლოდ 200 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გარემოება, რომ ექსპერტიზის დასკვნით შეფასდა კონკრეტულად 2018 წლის 25 მაისს მომხდგარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგი. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო 200 ლარის ნაწილში, მოპასუხე ი-----–----–---ეს უნდა დაეკისროს მხოლოდ 200 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: 1) პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. 2) სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3) სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგებიდან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, ექსპერტიზის მომსახურებისთვის 241 ლარი, ხოლო იურიდიული მომსახურებისთვის - 500 ლარი. ამავე დროს მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამასთან სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული ექსპერტიზის დასკვნა, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ექსპერტიზის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებაზე, ხოლო სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 3,40 ლარის და იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ 8 ლარის გადახდა.

 

გარდა ამისა, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 3,40 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ-----------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ი-----–----–---ეს მ-----------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 200 ლარის გადახდა.

 

3. ი-----–----–---ეს მ-----------------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 3.40 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 8 ლარი იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

4. მ-----------------ს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 10.01.2019 წელს სს ,,საქართველოს ბანკში” (საგადასახადო დავალება N1) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარიდან - 3.40 ლარი, (გადამხდელი - ჯ--------------–--ე, პ/ნ 1----------, გადამხდელის ბანკი - სს ,,საქართველოს ბანკი’’, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).

 

5. მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟი 43.20 ლარის ოდენობით ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს, გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე