გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2019
საქმის ნომერი
330210018002768923
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/3-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე -გი-------------–---–ი

წარმომადგენელი - და-------–----ე

მოპასუხე -შპს „ვი--------ა“

წარმომადგენელი -გი---------------ე

დავის საგანი ხელშეკრულებიდან გასვლა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 შპს „ვი--------ას“ გი-------------–---–ის სასარგებლოს დაეკისროს - 8000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა.

 

სარჩელის მიხედვით, 2007 წლის 3 დეკემბერს მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა უძრავი ქონების შეძენა მოსარჩელის მიერ. კერძოდ, გი-------------–---–ს უნდა შეეძინა ქ. თბილისში, სა---------–--------------ში მდებარე #1-- საცხოვრებელი ბინა, რომლის ფასი განისაზღვრა 101 000 აშშ დოლარით და ასევე ავტოსადგომი, რომლის ფასი შეთანხმებით შეადგენდა 8000 აშშ დოლარს. ჯამში მოსარჩელემ გადაიხადა 109 000 აშშ დოლარი, ხოლო მოპასუხემ მის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა სრულად. მოსარჩელეს საკუთრებაში არ გადასცა ავტოსადგომი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1 შპს „ვი--------ა“ სასარჩელო მოთხოვნას არ ცნობს და განმარტავს, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა 2007 წელს, ხოლო სარჩელი წარმოდგენილია 2018 წელს, რაც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მეტყველებს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2007 წლის 3 დეკემბერს გი-------------–---–ს და შპს „ვი--------ა“ შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმად გამყიდველი მყიდველს მიჰყიდის უძრავ ქონებას, ხოლო მყიდველი იყიდის ქონებას, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თბილისი, სა---------–-------------, ასაშენებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-------–---------------------------------–---------ა #1--, ფართობი 1--.4- კვ.მ, საზაფხულო ფართი 9--- კვ.მ. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 101 000 აშშ დოლარით.

 

3.1.2. შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილიც უნდა იყოს ნასყიდობის საგანი, ექსპლუატაციაში მიღებულ უნდა იქნას 2008 წლის პირველ სექტემბრამდე. (მე-9 მუხლის პირველი ნაწილი)

 

სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულების ვადად განისაზღვრა 2007 წლის 30 ოქტომბერი. (მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი)

 

3.1.3. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ავტოსადგომი, რომლის ღირებულება შეადგენს 8 000 აშშ დოლარს. მყიდველს ავტოსადგომით სარგებლობა შეეძლება მთლიანი კომპლექსის დასრულების შემდეგ. ( მე-2 მუხლის მესამე ნაწილი)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წინარე ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ (ს.ფ 17-21)

- დანართი #1 (ს.ფ 22)

 

3.1.4. 2007 წლის დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერი #3----ით დასტურდება, რომ გი-------------–---–მა სრულად შეასრულა შპს „ვი--------ას“ მიმართ 2007 წლის 3 დეკემბრის გარიგებით წარმოქმნილი თანხის გადახდის ვალდებულება. რაც თანხობრივად უძრავ ქონებასთან მიმართებაში შეადგენს 101 000 აშშ დოლარს, ხოლო ავტოსადგომის ღირებულება 8000 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სალაროს შემოსავლის ორდერი #3---, (ს.ფ 23)

- ხელშეკრულება #3--ის დანართი (ს.ფ 24)

 

3.1.5. დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება შეასრულა ნაწილობრივ და მოსარჩელეს გადასცა გარიგებით შეთანხმებული უძრავი ქონება ბინის სახით, ხოლო ავტოსადგომი მყიდველისთვის არ გადაუცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება; (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

3.1.6. მხარეების ახსნა-განმარტების შედეგად დადგინდა, რომ უძრავი ქონება ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება; (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

3.1.7. 2018 წლის 30 აპრილს და ამავე წლის 12 დეკემბერს გაგზავნილი საპრეტენზიო წერილებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მოითხოვდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ავტოსადგომის გადაცემას ან ნასყიდობის საგნის ღირებულების უკან დაბრუნებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საპრეტენზიო წერილები (ს.ფ 25-28)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ არის ხანდაზმული.

 

მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე შედავება წარდგენილი იქნა მოპასუხის მიერ როგორც წერილობით წარდგენილი შესაგებლით, ასევე საქმის არსებითი განხილვისას. მისი მტკიცებით, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება 2008 წლიდან, როდესაც მოსარჩელე ბინა უნდა გადასცემოდა. მოპასუხეს მიაჩნია, რომ ნასყიდობის საგანს წარმოადგენს უძრავი ქონების მოსარჩელისთვის საკუთრების უფლებით გადაცემა, რომელზეც უნდა გავრცელდეს 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

სასამართლო შენიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რა დროშიც პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს შესრულება. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნა ობიექტურად არსებობს, მაგრამ მისი შესრულება მხოლოდ მხარის ნებაზეა დამოკიდებული. მოთხოვნის ხანდაზმულობა გამორიცხავს მისი იძულებითი წესით დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის ხანდაზმულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე მხარეს. მან სათანადო მტკიცებულებებით დამაჯერებლად უნდა დაასაბუთოს აღნიშნული გარემოება, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ უნდა ამტკიცოს მოთხოვნის ვადაში წარდგენის, ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის ფაქტი.

 

მოთხოვნის ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი კვალიფიკაცია, შესაბამისად, მასზე მითითებით სარჩელის უარყოფა მხოლოდ მოვალის (მოპასუხის) უფლებაა, სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, გამორიცხავს ამ საკითხის სასამართლოს ინიციატივით გამოკვლევას. ამრიგად, სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას იკვლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოპასუხე პირადად ან კანონით შესაგებლის წარდგენაზე უფლებამოსილი პირების მეშვეობით მოთხოვნის ხანდაზმულობის საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნას უარყოფს.

 

დადგენილია, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს უძრავი ქონების დასრულების და მისი ექსპლუატაციაში მიღების დრო. უდავო გარემოებაა, რომ უძრავი ქონება ექსპლუატაციაში მიღებული არ არის, თუმცა მოპასუხის მტკიცებით მოსარჩელეს ბინა საკუთრებაში გადაეცა 2008 წელს და სწორედ ამ დროიდან იწყება ხანდაზმულობის ვადის ათვლა, რაც სასამართლო მხრიდან ვერ იქნება გაზიარებული იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხის განმარტება შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ავტოსადგომის გადაცემის შესახებ შეთანხმება წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და ავტოსადგომის გადაცემის მოთხოვნის ვადები დაკავშირებულია ძირითადი ხელშეკრულების ვადებთან.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ხელშეკრულების მე-2 მუხლის მესამე ნაწილის ჩანაწერს, რომლის თანახმად, მყიდველს ავტოსადგომით სარგებლობა შეეძლება მთლიანი კომპლექსის დასრულების შემდეგ. ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, შენობა-ნაგებობა, რომლის ნაწილიც უნდა იყოს ნასყიდობის საგანი, ექსპლუატაციაში მიღებულ უნდა იქნას ორი ათას რვა წლის პირველ სექტემბრამდე.

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაში დღემდე არაა მიღებული, ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის ათვლა არ უნდა დაუკავშირდეს 2008 წლის პირველ სექტემბერს, რადგან მოპასუხეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და შენობა-ნაგებობა დღემდე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია როგორც მშენებარე, შესაბამისად მოსარჩელეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არ დაურღვევია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს იმ ფაქტობივი გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომ შენობა-ნაგებობა ექსპლუატაციაშია მიღებული და სახელშეკრულებო ვალდებულება მოპასუხემ სრულად შეასრულა არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ავტოფარეხის თაობაზე საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულების N3--ის დანართს და შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ის პირობები რაც ძირითადი ხელშეკრულებით მხარეებს შორის შეთანხმების საგანს წარმოადგენდა.

 

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხის ახსნა-განმარტების თანახმად, მოსარჩელისათვის გადასაცემი ავტოფარეხი დღეს კეთილსინდისიერ შემძენზეა გასხვისებული და სხვა ალტერნატიული ავტოფარეხის მოსარჩელისათვის შეთავაზების რესურსიც არ გააჩნიათ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა არაა ხანდაზმული, რადგან შენობა-ნაგებობა ჯერ კიდევ რეგისტრირებულია როგორც მშენებარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დათქმა შენობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე არ შესრულებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- წინარე ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ (ს.ფ 17-21)

- მხარეთა ახსნა-განმარტება; (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე გი-------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 352-ე, 361-ე, მე-400, 405-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშობა ქონების გაცვლის, გადაცემის ვალდებულება ფულის სანაცვლოდ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, შესაბამისად, მიანიჭოს მას მესაკუთრის პოზიცია, გადასცეს საქონელი მფლობელობაში და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიცია ადგენს მყიდველის მთავარ ვალდებულებებს - შეთანხმებული საფასურის გადახდის თაობაზე, რომელიც მხარეთა თავისუფალი შეთანხმებით განსაზღვრას ექვემდებარება და ასევე, მყიდველის ვალდებულებას მიიღოს ნასყიდობის საგანი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ვი--------ამ“ იკისრა ვალდებულება მყიდველს გადასცეს უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: ქ. თბილისი, სა---------–-------------, ასაშენებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-------–---------------------------------–---------ა #1--, ფართობი 1--.4- კვ.მ, საზაფხულო ფართი 9--- კვ.მ. ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 101 000 აშშ დოლარით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა ავტოსადგომი, რომლის ღირებულება შეადგენს 8 000 აშშ დოლარს.

 

2007 წლის დეკემბრის სალაროს შემოსავლის ორდერი #3----ით დასტურდება, რომ გი-------------–---–მა სრულად შეასრულა შპს „ვი--------ას“ მიმართ 2007 წლის 3 დეკემბრის გარიგებით წარმოქმნილი თანხის გადახდის ვალდებულება. რაც თანხობრივად უძრავ ქონებასთან მიმართებაში შეადგენს 101 000 აშშ დოლარს, ხოლო ავტოსადგომის ღირებულება 8000 აშშ დოლარს.

 

სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება შეასრულა ნაწილობრივ და მოსარჩელეს გადასცა გარიგებით შეთანხმებული უძრავი ქონება ბინის სახით, ხოლო ავტოსადგომი მყიდველისთვის არ გადაუცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დამატებითი ვადის მიზანია მოვალისათვის ხელის შეწყობა, რათა მან შეძლოს დარღვეული ურთიერთობის გამოსწორება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დამატებითი ვადის სიდიდეს განსაზღვრავს კრედიტორი. მისი განსაზღვრა უნდა მოხდეს ისე, რომ იგი საკმარისი აღმოჩნდეს შესრულებისათვის და ამდენად, გონივრული ხანგრძლივობის უნდა იყოს.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ სადავო ურთიერთობაში სახეზეა ვალდებულების არსებითი დარღვევა, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოპასუხე გარიგებით განსაზღვრული ავტოსადგომი 2008 წლიდან სარჩელის წარდგენის დრომდე არ გადაუცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ გადაიხადა ავტოსადგომის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 8000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო გამყიდველმა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ გადასცა ავტოსადგომი, მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლიდან გამომდინარე, უფლება აქვს ცალმხრივად უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასამართლოს დასკვნით გი-------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა შპს "ვი--------ას" მიმართ დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 637 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. გი-------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს;

2.

2. შპს „ვი--------ას“ გი-------------–---–ის სასარგებლოს დაეკისროს - 8000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდა;

 

3. შპს ვი--------ას დაეკისროს გი-------------–---–ის სასარგებლოდ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 637 ლარი;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი