განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100119002920367
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/178-19 24 მაისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორ: მ---------------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული დ-----------------------------------------–-------–-–-------------------------–----------–------------------------------–----–----------–---------------------–--------------–-------------------–---------------------------------–----------------------–---–-------
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
2.2. ადვოკატი ფ--------------
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. წარდგენილი ბრალდების არსი
2018 წლის დ-------ის თვეში ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლ-------ში მდებარე თავის საცოხვრებელ სახლში დ---------------მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არასრულწლოვანი შვილის - ლ-------------ს თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს - ნ------------ს, რა დროსაც დაარტყა მას ხელი კისრის არეში, რის შედეგადაც ნ------------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
ბრალად წარდგენილი ქმედება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა
3.1. ძალადობა
ბრალდების მხარე ბრალდებას აყრდნობს მოწმეების: ე-----------------ს, ი-------------ს, ლ-------------–--ს, ი-----–----------ს ჩვენებებს, ქორწინების სააქტო ჩანაწერს, დაბადების სააქტო ჩანაწერს, ასევე გამოქვეყნებულ ნ-------------ს ჩვენებას.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ე------------------ს ჩვენების თანახმად, 2019 წლის 26 თებერვალს მასთან მივიდა ი------------- ნ------------თან ერთად. მათ თქვეს, რომ ოჯახური კონფლიქტი ჰქონდათ, რომ ბრალდებული ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ზეწოლას, ამჟამად ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონიაო.
მოწმე ი-------------ს ჩვენების თანახმად, მასა და ბრალდებულს შორის მოხდა შელაპარაკება. სახლში მასთან ერთად იმყოფებოდნენ ნ--- და ლ---. ნ--- მივიდა ბრალდებულთან და მოსთხოვა გაჩერება. ბრალდებულმა ზოგადად იცის ხელებით საუბარი. ამიტომ ვერ ამბობს, რომ განზრახ დაარტყა, მაგრამ ბრალდებულის აქნეული ხელი მოხვდა კისერზე ნ---ს და იტირა. ბრალდებული საუბრისას ხელებს რომ შლიდა, მაშინ მოხვდა ნ---ს მისი ხელი. სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო მის მიმართ. ბრალდებულმა ნ---ს უთხრა, შენ გაიწიე და ჩვენ მივხედავთო, მოტრიალდა, გაშალა ხელი და მოხვდა ნ---ს. ბრალდებული გამიზნულად არ დაარტყამდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა ხშირი იყო მათ შორის. ბრალდებულს შვილებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. 2019 წელს სოციალურ სამსახურში მივიდა და უთხრა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფა იყო მის მიმართ და მიეღოთ ზომები. ბრალდებულთან არასდროს ჰქონია ცუდი ურთიერთობა. ფიზიკურად ის არასდროს შეხებია, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და არ უნდოდა ბავშვებს ეს მოესმინათ.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ მოწმე ნ-------------ს გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2018 წლის დ-------ის თვეში სახლში იყვნენ მასთან ერთად დ---------------ი, ი------------- და ლ-------------. დ---------------ი იყო მთვრალი და კამათი დაუწყო ი------------ს და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. შეეცადა დ---------------ის დამშვიდებას, მაგრამ პასუხად მიიღო, შენ რა გესაქმებაო, შეაგინა და გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა კისრის არეში, რის გამოც განიცადა ძლიერი ტკივილი. ი------------მა დ---------------ი გაიყვანა გარეთ.
მოწმე ი-----–----------ს ჩვენების თანამხად გამოკითა ე-----------------, ნ-------------, ი-----------, დადგენილება გაეცნო ბრალდებულს, გამოკითხა ბრალდებული და შესაბამის ოქმებში აღწერა მათგან მიღებული ინფორმაციები.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება ძალადობაში. ოჯახში ძალადობის განმარტებას არ იძლევა სისხლის სამართლის კოდექსი, თუმცა ის მოცემულია სხვა კანონში, კერძოდ, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: ლ-------------–-- და ი-----–----------, რომლებმაც აღწერეს და დაადასტურეს მათ მიერ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება (შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმეების დაკითხვა, ბრალდებულის დაკავება). არც ერთი მათგანს უშუალოდ არ უნახავს ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა - ისინი არ არიან ქმედების შემსწრე პირდაპირი მოწმეები.
სასამართლო სხდომაზე დაიკთხა ქმედების უაშუალოდ შემწერე პირდაპირი მოწმე - ი-------------, რომელმაც განმარტა, რომ ბრალდებულს გამიზნულად არ დაურტყამს დაზარალებულისთვის ხელი, არამედ შემთხვევით მოხვდა გაშლილი ხელი მას. ბრალდებულს უყვარს ხელებით საუბარი და ამ საუბრისას შემთხვევით მოხვდა მისი მოქნეული ხელი დაზარალებულს. პროკურორი აპელირებს იმაზე, თითქოს აღნიშნული მოწმე ადასტურებს ხელის გარტყმის ფაქტს და ის, ბრალდებულმა ეს შეგნებულად გააკეთა თუ შემთხვევით მოხდა, მოწმის ცოდნის ფარგლებს სცილდება. ერთი მხრივ, შეუძლებელია ასი პროცენტით იმის მტკიცება, რომ მოწმე ყოველთვის ამჩნევს ბრალდებულის ქმედების მოტივს, მიზანს, ნებას და მის გონებაში მიმდინარე სხვა მოვლენებს, რადგან ეს მოვლენები ლატენტურია და ყოველთვის აშკარად არ ვლინდება ქმედებებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩადენილი ქმედების სახისა და ხერხის მიხედვით ყოველთვის შეუძლებელია დასკვნის გაკეთება ბრალდებულის ნების შესახებ. ეს ასე რომ იყოს, თეორიულადაც შეუძლებელი იქნებოდა ნებისმიერ საქმეზე სასამართლოს დაედგინა განზრახვის არსებობა-არარსებობა. მნიშვნელოვანია, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდებული იყო ნასვამ მდგომარეობაში, იმყოფებოდა კონფლიქტურ სიტუაციაში მეუღლესთან, იყო აღელვებული, რის გამოც ნაკლები რისკი არსებობს, მას რაიმე ფარული ზრახვები ჰქონოდა და იმ ხარისხით ეკონტროლებინა ისინი, რომ მოწმეს ვერ შეემჩნია. მოწმე, დაზარალებული და ბრალდებული იდგნენ ერთმანეთთან ახლოს. მოწმე უყურებდა მათ, უშუალო კონტაქტი ჰქონდა მათთან, მისთვის ცნობილია ის კონტექსტი, რის ფარგლებშიც განხორციელდა ქმედება. ის ასევე კარგად იცნობს ბრალდებულს, იცის მისი დამოკიდებულება შვილისადმი და ასევე მისი ჩვევები. ამდენად, ბრალდებულთან და დაზარალებულთან ერთად ყველაზე კარგად სწორედ ი------------ს შეეძლო განესაზღვრა, ხელის მოხვედრა განზრახვით იყო გამოწვეული თუ დაზარალებულს ბრალდებულის ხელებით საუბრის დროს აქნეული ხელი მოხვდა. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით მოწმე აცხადებს, რომ ბრალდებულის ხელის მოხვედრა არ იყო გამიზნული ქმედება და წარმოადგენდა შემთხვევითობას.
ბრალდებულის ქმედების დადასტურების კუთხით მნიშვნელოვანია მოწმე ე-----------------ს ჩვენების გაანალიზება, რომელმაც განმარტა, რომ სააგენტოში მივიდა ი------------- ნ------------თან ერთად და თქვა, რომ ოჯახური კონფლიქტი ჰქონდა ბრალდებულთან, რომ ის ახორციელებდა ფიზიკურ და ფსიქიკურ ზეწოლას, თუმცა მოწმემ აღნიშნა, რომ ამჟამად ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
ამდენად, ე-----------------ს ჩვენება წარმოადგენს ირიბ ჩვენებას, რომლის შინაარსი არც ერთი სხვა ისეთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება, რადგან თავად ი------------- უარყოფს ბრალდებულის მხრიდან როდისმე ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს. მნიშვნელოვანია, რომ ე-----------------მ ინფორმაციის წყაროდ მიუთითა ი-------------, რომელმაც სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ მას არ უთქვამს, რომ ფიზიკურ ზეწოლას ჰქონდა ადგილი და ე-----------------ს ჩვენების ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითქოს მან უთხრა ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ, მან არ დაადასტურა.
ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
იმავე საკითხზე მნიშვნელოვანია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დაირღვევა მხოლოდ მაშინ, თუ ირიბი ჩვენება გამოყენებულ იქნება მნიშვნელოვანი მიზეზის არსებობის გამო ინფორმაციის პირველწყაროს სასამართლოში გამოუცხადებლობისას და ამასთან, თუ ირიბი ჩვენება არ იქნება განაჩენის არსებითი ან ერთადერთი საფუძველი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დ-------ის გადაწყვეტილება საქმეზე Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom; ასევე გადაწყვეტილება საქმეზე Horncastle and others v. The United Kingdom). ამდენად, ირიბი ჩვენების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსა და სამართლიანი სასამართლოს უფლების თაობაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, ერთი ან თუნდაც რამდენიმე ირიბი მოწმის ჩვენება დამოუკიდებლად ან თუნდაც ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენებასთან ერთად არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას, რასაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას.
ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანამხად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება. მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ თავად ირიბი მოწმის მიერ მითითებულმა ინფრომაციის წყარომ სამართლოს მიაწოდა ფაქტთან დაკავიშრებით განსხვავებული პოზიცია, რის გამოც აღნიშნული მოწმის ჩვენება ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილში ვერ იქნება გაზიარებული.
საყურადღებოა ასევე სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას, რომელიც ასახავს ბრალდებულის ქმედებას.
მნიშვნელოვანია, რომ პროკურორმა ვერ შეძლო დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენა იმ მოტივით, რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ უცნობ მისამართზე. მართალია, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ასეთ ვითარებაში გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნებას, თუმცა კოდექსი, სასამართლო სისტემაში დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ასევე ითვალისწინებს დისტანციურად მოწმის დაკითხვის შესაძლებლობასაც, რა დროსაც მას მოუწევდა პასუხის გაცემა მხარეთა თუ მოსამართლის მიერ წარმოშობილ კითხვებზე უშუალოდ ქმედების დეტალების შესახებ. აღსანიშნავია ასევე, რომ მოწმეს არ აქვს უფლება, უარი თქვას სასამართლოს წინაშე ჩვენების მიცემაზე, რის გამოც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბრალდების მხარეს აძლევს არაერთ ბერკეტს, რათა უზრუნველყოს მოწმის მიერ უშუალოდ სასამართლოში არსებითი განხილვის დროს ჩვენების მიცემა. ასეთი მექანიზმია მოწმის დაბარება, მისი გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს მიერ მოწმის გამოძახება, მისი სასამართლოში უშუალოდ საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში - დისტანციური წესით მისი დაკითხვა, საერთაშორისო დახმარების თხოვნა. უკიდურეს ღონისძიებას, როცა არც ერთი ზემოაღნიშნული არ არის ეფექტური, წარმოადგენს გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენების გამოქვეყნება, თუმცა გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენება, რასაკვირველია, არ ცვლის მის მიერ სასამართლოს წინაშე არსებითი განხილვის ეტაპზე მისაცემ ჩვენებას, ვინაიდან ამ ეტაპზე მხარეებს უკვე აქვთ ინფორმაცია სხვა მოწმეთა მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებების, ასევე სხვა მტკიცებულებების შესახებ, რაც არ იყო ცნობილი გამოძიების ეტაპზე მოწმის გამოკითხვისას და აქვთ უფლება, მოწმისათვის კითხვების დასმით ამოწურონ მათთვის საინტერესო საკითხები. ამასთან, სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა, რომ ბრალდების მხარემ ყველა აუცილებელ ზომას მიმართა მოწმის დისტანციური წესით დაკითხვის უზრუნველსაყოფად და რომ გადაულახავი ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოახერხა აღნიშნული. გასათვალისწინებელია ასევე სასამართლო სხდომებზე განვითარებული ის მოვლენები, რასაც მოჰყვა მოწმის გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნება. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ დასაკითხ პირთა წრეში მითითებულ პირთაგან პირდაპირმა არც ერთმა მოწმემ არ დაადასტურა ბრალდება: ი------------მა გამორიცხა განზრახვა, ხოლო ლ--- ჩ-------მა უარი განაცხადა ოჯახის წევრის ქმედებასთან დაკავშირებით ჩვენების მიცემაზე. ერთადერთი დარჩენილი პირდაპირი მოწმე, რომლისგანაც შეიძლებოდა მიეღო უტყუარი ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე, იყო ნ-------------, თუმცა სასამართლოს, ისევე, როგორც მხარეებს, არ მიეცათ შესაძლებლობა, კითხვები დაესვათ მისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გამოქვეყნდა მოწმის გამოკითხვის ოქმი, თუმცა სასამართლოსა და მხარეებისთვის უცნობი დარჩა, ჰქონდა თუ არა მოწმეს სურვილი, ჩვენება მიეცა სასამართლო სხდომაზე ოჯახის წევრის ქმედების შესახებ. მისი უარის შემთხვევაში ვერც გამოძიებაში მიცემული ჩვენების გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი, ხოლო ის რომ აღნიშნულზე უარს არ აცხადებს, ეს ვერც ბრალდების მხარემ დაადასტურა.
გარდა ამისა, სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმაოდგინა მოწმეები, რომლებიც არ არიან თვითმხილველები, ხოლო უშუალოდ თვითმხილველი მოწმე არ წარმოადგინა და გამოიყენა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რის საფუძველზეც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის მიღება. აღსანიშნავია, რომ სწორედ დაზარალებულის ჩვენებაა ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს ბრალდებულისთვის ბარალად წარდგენილი ქმედების განხორციელებას. ამდენად, დგას საკითხი, რამდენად არის შესაძლებელი გამამტყუნებელი განაჩენი დაეყრდნოს მხოლოდ გამოძიების ეტაპზე მიცემულ და სასამართლოში გამოქვეყნებულ გამოკითხვის ოქმს. ამისათვის აუცილებელია განიმარტოს, რას ნიშნავს, რომ არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება.
პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ სსსკ-ის 243-ე მუხლი არ არეგულირებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტებს, რადგან ამისათვის საქართველოს კონსტიტუციაში, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და საპროცესო კოდექსში არის სპეციალური ნორმები: საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლი, რომელთა თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომელთა თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას; ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში; საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას და ადგენს გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შესაძლებლობას მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობის შედეგად.
ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმები პირდაპირ მიუთითებს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხარისხობრივად ასეთი რომ შეიძლება იყოს მხოლოდ პირდაპირი მტკიცებულებები, აღნიშნული მითითებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში. ამდენად, ამ ნორმების საფუძველზე აშკარაა, რომ დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მხოლოდ ერთი პირდაპირი და სხვა ირიბი ჩვენებების საფუძველზე. ეს არის ძირითადი არსი, რაც გადმოცემულია გამამტყუნებელი განაჩენის სტანდარტის შესახებ ნორმებში. სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაც ამ კონტექსტში უნდა იქნეს გააზრებული, რადგან ის იმავე კოდექსის სისტემური ნაწილია და ამ ნორმებში დადგენილ სტანდარტებს არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს.
ამდენად, სიტყვები "მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს" არ ნიშნავს იმას, რომ ამ მტკიცებულებასთან ერთად სხვა ირიბი მტკიცებულებები უკვე საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის მისაღებად, რადგან ეს ეწინააღმდეგება როგორც საპროცესო კოდექსისა და კონსტიტუციის ძირითად სულისკვეთებას, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის, რომ არსებითად საქმის განხილვისას აუცილებელია საქმის ბედის გადამწყვეტი მტკიცებულებების უშუალოდ მიღება პირველწყაროდან. სწორედ ამას ნიშნავს საქმის არსებითი განხილვა, ხოლო ამ წესით მხოლოდ არაარსებითი მტკიცებულებების მიღებისა და გამოძიების ეტაპზე მიღებული არსებითი მტკიცებულებების მხოლოდ გამოქვეყნების შედეგად საქმის არსებითი განხილვა შეუძლებელია. მოვლენათა ასეთი თანმიმდევრობით განვითარების შემთხვევაში გამოდის, რომ ბრალდების მხარე სასამართლოში უშუალოდ არ წარადგენს არსებით მოწმეებს, წარადგენს მხოლოდ არაარსებითს, ხოლო არსებითი მოწმეების გამოძიებაში მიცემულ ინფორმაციებს გამოაქვეყნებს, რაც არის საქმის არსებითი განხილვისათვის თავის არიდება და გამოძიებაში მიღებულ გამოკითხვის ოქმებზე დაყრდნობით საქმის გადაწყვეტის მცდელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ მოწმის გამოკითხვის ოქმის გამოქვეყნება უნდა იყოს უკიდურესი ღონიძიება, რომელიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გამოიყენოს ბრალდების მხარემ და ისიც მხოლოდ იმ გამოკითხვის ოქმებთან დაკავშირებით, რომლებიც არ იქნება საქმის ბედის არსებითად გადამწყვეტი. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ გამოაქვეყნა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმი, რომელიც წარმოადგენს საქმის ბედის არსებითად გადამწყვეტ მტკიცებულებას. სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს, იმ გარემობაზე, რომ დაზარალებული, რომლიც ჩვენებაც გამოქვეყნდა არის ბრალდებულის შვილი, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს საქართვლოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით (არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს). აღნიშნულთან დაკავშირებით არ მომხდარა დაზარალებულის პოზიციის მოსმენა.
სასამართლომ უნდა გაარკვიოს საქმის ირგვლივ ყველა რელევანტური დეტალი. მათ შორის ის, თუ რა მოქმედებები განახორციელა ბრალდებულმა. მაშინ, როცა ქმდების მეორე უშუალო შემსწრე მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულს ჩვევია ხელებით საუბარი და შემთხვევით, საუბრისას ძალაუნებურად მოხვდა მისი ხელი დაზარალებულს, აუცილებელი იყო სასამართლო სხდომაზე გარკვეულიყო მნიშვნელოვანი დეტალები ქმედების შესახებ. მით უფრო, რომ გაუფრთხილებელი დანაშაული, რომელსაც არ გამოუწვევია ჯანმრთლობის დაზიანება, არ იწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისგებლობას.
ამდენად, ერთი მხრივ, სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმე, მეორე მხრივ, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მეორე პირდაპირი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი - გამოქვეყნებული. სასამართლო მიიჩნევს, რომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად, გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმი ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის არსებითი საფუძველი, მით უფრო, რომ უცნობია, დღეის მდგომაროებით გამოკითხულ პირს აქვს თუ არა სურვილი, სასამართლომ გამოიყენოს მისი გამოკითხვის ოქმი მისი ოჯახის წევრის წინააღმდეგ.
ყოველივე აღნიშნულის შედეგად სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელსაც შეიძლება სასამართლო დაეყრდნოს საპროცესო კოდექსის თანახმად განაჩენის გამოტანისას, უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ ქმედების ობიექტური შემადგენლობის ჩადენა.
3.2. რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ქმედებას - ძალადობას, შედეგს - ფიზიკურ ტკივილს და მიზეზობრივ კავშირს მოქმედებასა და შედეგს შორის.
სსკ-ის მე-8 მუხლის მიხედვით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, შედეგის არსებობა, ვინაიდან სასამართლოში დაკითხულ მოწმეებს ტკივილის შესახებ ინფორმაცია სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ, ხოლო ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც ტკივილზე მიუთითებს, არის გამოქვეყნებული გამოკითხვის ოქმი, რაც ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირი მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება არსებობდეს.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდა ვერ დადგინდა.
3.3 ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ძალადობის განხორციელება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრი მიმართ.
იმ პირობებში, როცა ბრალდებულის მიერ დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება არ დასტურდება, მაკვალიფიცირებელი გარემოების გარკვევა არარელევანტურია.
4.სამართლებრივი შეფასება
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ძალადობის ჩადენას და დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდას, რის გამოც ბრალდებულის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-3 მუხლის მე-14 ნაწილით, 255, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და ადგილზე თათბირით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ---------------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
დ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამართლებულ დ---------------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე შოთა ბიჭია