გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.05.2019
საქმის ნომერი
010210018002298121
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #010210018002298121

#2/532-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21.05.2019წ. ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან თურმანიძე

მოსარჩელე - სს ”თ----ი ბ---ი”

წარმომადგენელი - თ----ზ ბ--------ა

მოპასუხე - ს---–--ნ ქ---–----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)

 

1.1. მოპასუხე ს---–--ნ ქ---–----ისათვის სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ, 16862.01 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა სარჩელი დაასაბუთა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

 

სს „თ----ი ბ---სა“ და ს---–--ნ ქ---–----ეს შორის 2015 წლის 27 მაისს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის პირობების დარღვევის გამო, მოპასუხეს წარმოეშვა დავალიანება 7385.68 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირია - 4194.37 ლარი, სარგებელი - 1172.77 ლარი, დაზღვევის თანხა - 18.54 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 2000 ლარი.

 

2015 წლის 18 აგვისტოს მხარეთა შორის კვლავ დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის პირობების დარღვევის გამო, მოპასუხეს წარმოეშვა დავალიანება 4142.73 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირია - 2227.77 ლარი, სარგებელი - 605.35 ლარი, დაზღვევის თანხა - 9.61 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 1300 ლარი.

 

2015 წლის 19 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება სწრაფ სამომხმარებლო სესხზე, რომლის პირობების დარღვევის გამო, მოპასუხეს წარმოეშვა დავალიანება 5333.6 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირია - 2963.62 ლარი, სარგებელი - 857.25 ლარი, დაზღვევის თანხა - 12.73 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 1500 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის - 9200 ლარის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 07 მარტს სს „თ----ი ბ---სა“ და ს---–--ნ ქ---–----ეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათის (განვადების ბარათის) ხელშეკრულება. რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი, საკრედიტო ბარათის ლიმიტი განისაზღვრა 500 ლარით. საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 4 წლით. კრედიტი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ყოველი კალენდარული თვის 10 რიცხვში; საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 42%-ს; ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარს, პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის - 0.5 %-ს. მოპასუხემ 2016 წლის 28 მარტიდან შეწყვიტა ათვისებული კრედიტის დაფარვა, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, რამაც 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, შეადგინა 1240.56 ლარი, საიდანაც სესხის ძირი - 484.24 ლარია, სარგებელი - 356.32 ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა შემცირებული პირგასამტეხლო.

 

სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელემ შეამცირა თავისი მოთხოვნა, 07.03.2014 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1240.56 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- განაცხადი განვადების ბარათზე - ს. ფ. 15-17;

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები - ს. ფ. 19;

- განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება - ს. ფ. 20-22;

- ამონაწერი პირადი ანგარიშიდან - ს. ფ. 24-26;

- შეტყობინება/გაფრთხილება - ს. ფ. 65;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2015 წლის 27 მაისს სს „თ----ი ბ---სა“ და ს---–--ნ ქ---–----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელ ს---–--ნ ქ---–----ეზე იმავე დღეს გაიცა კრედიტი 5000 ლარი, შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა - 1456 დღე; კრედიტის დაფარვა - ყოველთვიურად ხელშეკრულების დანართი გადახდის გრაფიკით განსაზღვრული პირობებით; ყოველთვიური შენატანის ოდენობა - 141.37 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15.95%; ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი, პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.5%. მხარეთა შეთანხმებით, მსესხებელი კისრულობდა ვალდებულებას კრედიტის მოქმედების პერიოდში განეხორციელებინა დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე, ბანკის სასარგებლოდ, ხელშეკრულების დანართი#1-ით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

2016 წლის 28 მარტიდან ს---–--ნ ქ---–----ემ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, რამაც 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა - 7385.68 ლარი, საიდანაც კრედიტის ძირია - 4194.37 ლარი, სარგებელი - 1172.77 ლარი, დაზღვევის თანხა - 18.54 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 2000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- დავალიანების ცნობა - ს. ფ. 23;

- განაცხადი სესხზე - ს. ფ. 27-29;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - 2081929-7956211 - ს. ფ. 30-31;

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები - ს. ფ. 32-33;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი #1/პოლისი - ს. ფ. 37-39;

- ამონაწერი მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 40-41; 42-43;

- შეტყობინება/გაფრთხილება - ს. ფ. 68;

 

3.2.2. 2015 წლის 18 აგვისტოს სს „თ----ი ბ---სა“ და ს---–--ნ ქ---–----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელ ს---–--ნ ქ---–----ეზე იმავე დღეს გაიცა კრედიტი 2500 ლარი, შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა - 1456 დღე; კრედიტის დაფარვა - ყოველთვიურად ხელშეკრულების დანართი გადახდის გრაფიკით განსაზღვრული პირობებით; ყოველთვიური შენატანის ოდენობა - 70.36 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 15.5%; ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი, პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის - 0.5%. მხარეთა შეთანხმებით მსესხებელი კისრულობდა ვალდებულებას კრედიტის მოქმედების პერიოდში განეხორციელებინა დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე, ბანკის სასარგებლოდ, ხელშეკრულების დანართი#1-ით დადგენილი პირობების შესაბამისად.

 

2016 წლის 28 მარტიდან ს---–--ნ ქ---–----ემ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება, რამაც 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით შეადგინა - 4142.73 ლარი. (კრედიტის ძირი - 2227.77 ლარი, სარგებელი - 605.35 ლარი, დაზღვევის თანხა - 9.61 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 1300 ლარი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- დავალიანების ცნობა - ს. ფ. 23;

- განაცხადი სესხზე - ს. ფ. 44-46;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - 2081929-8052916 - ს. ფ. 47-48; 51-53;

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები - ს. ფ. 49-50;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი #1/პოლისი - ს. ფ. 54-56;

- ამონაწერი მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 57-58; 60-61;

- შეტყობინება/გაფრთხილება - ს. ფ. 67;

 

3.2.3. 2015 წლის 19 დეკემბერს სს „თ----ი ბ---მა“ ს---–--ნ ქ---–----ეს ინტერნეტ ბანკის მეშვეობით შესთავაზა სწრაფი სამომხმარებლო სესხი. ს---–--ნ ქ---–----ე სს „თ----ი ბ---ის“ ვებგვერდზე გაეცნო რა ხელშეკრულების პირობებს ელექტრონულად დაადასტურა თანხმობა სახელშეკრულებო პირობებზე. იმავე დღეს მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის #2081929-819288 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე ს---–--ნ ქ---–----ეზე გაიცა სესხი 3100 ლარი, შემდეგი პირობებით - წლიური საპროცენტო სარგებელი - 16.5 %, კრედიტის ვადა - 22.12.2019 წელი, კრედიტის დაფარვის ვადა - ყოველი თვის 22 რიცხვი, ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი, პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის - 0.5%. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა, ხელშეკრულებო მოქმედების პერიოდში. 2016 წლის 28 მარტიდან მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც წარმოეშვა დავალიანება - 5333.60 ლარი, საიდანაც კრედიტის ძირია - 2963.62 ლარი, სარგებელი - 857.22 ლარი, დაზღვევის თანხა - 12.73 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 1500 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- დავალიანების ცნობა - ს. ფ. 23;

- ცნობა 161/103-01 - ს. ფ. 62;

- ამონაწერი მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან - ს. ფ. 63-64;

- შეტყობინება/გაფრთხილება - ს. ფ. 66;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - 2081929-8052916 - ს. ფ. 47-48; 51-53;

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები - ს. ფ. 49-50;

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანართი #1/პოლისი - ს. ფ. 54-56;

 

3.2.6. მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას ცნობს კრედიტის ძირი თანხის ნაწილში. ის სადავოდ მიიჩნევს სარგებლისა და ვადაგადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია.

 

დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ხელშეკრულებათა გაფორმებისას მხარეები თავად შეთანხმდნენ სარგებელსა და პირგასამტეხლოს დარიცხვაზე და ხელშეკრულებითვე განსაზღვრეს მისი ოდენობა. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებელი და პირგასამტეხლო დაანგარიშებულია მხარეთა შორის შეთანხმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დაცვით და ამ მხრივ მოპასუხეს დასაბუთებული პრეტენზია სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ამასთან, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გონივრულობა, არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას, იგი სამართლებრივი შეფასების კატეგორიისა და მასზე სასამართლო იმსჯელებს საკითხის სამართლებრივი შეფასებისას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ საკრედიტო და სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მოპასუხეს ამ მხრივ არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 867-873-ე, 417-420-ე, 361-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელის მტკიცებით, ს---–--ნ ქ---–----ესთან გაფორმებული საკრედიტო და სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე, სხვადასხვა დროს გაიცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. ს---–--ნ ქ---–----ემ თანხმობა განაცხადა კრედიტის მიღებაზე და იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის დაფარვა, თუმცა სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სკ-ის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ სს „თ----ი ბ---სა“ და ს---–--ნ ქ---–----ეს შორის 2015 წლის 27 მაისს, 2015 წლის 18 აგვისტოს და 2015 წლის 19 დეკემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტისა და სესხის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საბანკო კრედიტის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან მიიღო შეთანხმებული თანხა კრედიტის სახით, ასევე დადგენილია, რომ მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი, საბანკო კრედიტისა და სესხის ხელშეკრულებები მოპასუხემ დაარღვია არაერთხელ და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით, ს---–--ნ ქ---–----ეს დაერიცხა დავალიანება:

 

ა) 27.05.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 7385.68 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირია - 4194.37 ლარი, სარგებელი - 1172.77 ლარი, დაზღვევის თანხა - 18.54 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 2000 ლარი.

 

ბ) 18.08.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 4142.73 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირია - 2227.77 ლარი, სარგებელი - 605.35 ლარი, დაზღვევის თანხა - 9.61 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 1300 ლარი.

 

გ) 19.12.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 5333.6 ლარის ოდენობით, საიდანაც კრედიტის ძირია - 2963.62 ლარი, სარგებელი - 857.25 ლარი, დაზღვევის თანხა - 12.73 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 1500 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, უფლება ს---–--ნ ქ---–----ისაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, ს---–--ნ ქ---–----ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად. ს---–--ნ ქ---–----ის მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრულად დაფარვა. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს კრედიტის სახით მიღებული თანხა, როგორც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან, ასევე, სამომხმარებლო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სარგებლის დარიცხვით.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა კრედიტის ძირი თანხის ნაწილში, საბანკო კრედიტისა და სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ჯამში შეადგენს 9385.76 ლარს, ხოლო სარგებლის ნაწილში - 2635.37 ლარს, რომელთა ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ თავად მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნობს, რაც ასევე წარმოადგენს ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

6.2. გარდა ამისა, დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება დაზღვევაზე. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის თანხა, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. მასვე ერიცხება დაზღვევის დავალიანებაც. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს არა მხოლოდ სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი, არამედ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევის თანხაც, რაც ჯამში შეადგენს 40.88 ლარს. აღსანიშნავია, რომ ამ გარემოების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს რაიმე არსებითი შედავება არ განუხორციელებია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.5 %.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე საკრედიტო და სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს 2017 წლის 25 დეკემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას:

 

ა) 27.05.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2000 ლარის ოდენობით;

ბ) 18.08.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1300 ლარის ოდენობით;

გ) 19.12.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 1500 ლარის ოდენობით;

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს.

 

სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და მოპასუხეს სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა:

 

ა) 27.05.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 100 ლარის ოდენობით;

ბ) 18.08.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 65 ლარის ოდენობით;

გ) 19.12.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 75 ლარის ოდენობით;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ დავის საგნის ღირებულება განისაზღვრა 18 102.57 ლარით და სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 543.10 ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 1240.56 ლარით, შესაბამისად, შესატყვისი პროპორციული ოდენობით სახელმწიფო ბაჟი - 37.22 ლარი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან.

 

ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ნაწილობრივ სცნო სასარჩელო მოთხოვნა 9200 ლარის ნაწილში.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ს” სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს, ასევე, 276.01 ლარი, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 543.10 ლარიდან, მოპასუხის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, (ვინაიდან მოპასუხე ამ ნაწილში თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსკ-ის 49.2 მუხლის საფუძველზე).

 

მოპასუხე ს---–--ნ ქ---–----ეს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 136.80 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ხოლო მოსარჩელე სს "თ----ი ბ---ის" მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 93.07 ლარის ოდენობით დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად (მოსარჩელის დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად)

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტა

 

8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” მოთხოვნა, მოპასუხე ს---–--ნ ქ---–----ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2. მოპასუხე ს---–--ნ ქ---–----ეს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს 12 302.01 ლარის ანაზღაურება, საიდანაც

 

ა) 27.05.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - კრედიტის ძირია - 4194.37 ლარი, სარგებელი - 1172.77 ლარი, დაზღვევის თანხა - 18.54 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 100 ლარი;

ბ) 18.08.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - კრედიტის ძირია - 2227.77 ლარი, სარგებელი - 605.35 ლარი, დაზღვევის თანხა - 9.61 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 65 ლარი;

გ) 19.12.2015 წლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - კრედიტის ძირია - 2963.62 ლარი, სარგებელი - 857.25 ლარი, დაზღვევის თანხა - 12.73 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 75 ლარი;

 

3. მოპასუხე ს---–--ნ ქ---–----ეს მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ის” სასარგებლოდ დაეკისროს 136.80 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. მოსარჩელე სს ”თ----ი ბ---ს” (ს/ნ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 313.23 ლარი, 2018 წლის 29 იანვარს #65 საგადასახადო დავალებით (რეფერენსი - 1---------) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 543.10 ლარიდან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი