გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/460-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
2 მაისი 2019 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "თ-----------ი"
წარმომადგენელი მალხაზ ნიკოლაიშვილი
მოპასუხეები ნ------ ხ----------ი
ნ--------- ნ---------ოვი
წარმომადგენელი ჰაჯიგული ნ------ოღლი
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ------ ხ----------ისა და ნ--------- ნ---------ოვისათვის 3 300 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2358.33 ლარი, სარგებელი 563.64 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 378.03 ლარი.
(02.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
სარჩელის საფუძვლები
2015 წლის 10 მარტს სს „თიბისი ბანკსა“ და ნ------ ხ----------ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N3460035-7898700, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 5 000 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 7 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 37%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის და შეადგენს პირველი 10 დღის ვადაგადაცილებისათვის დავალიანების 1%-ს, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ს. ასევე გათვალისწინებულია ერთჯერადი ჯარიმა 10 ლარი.
2015 წლის 10 მარტს სს თიბისი ბანკსა და ნ--------- ნ---------ოვს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა მსესხებლის თანაბარწილად სესხის დაბრუნების ვალდებულება. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობაა 6500 ლარი.
სესხი სრულად დაბრუნებული არ არის. მოპასუხეების დავალიანებაა 5799.88 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 2358.33 ლარი, პროცენტი 563.64 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 2877.91 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ------ ხ----------მა წერილობითი შესაგებელი არ წარმოადგინა და არც სხდომაზე გამოცხადდა.
მოპასუხე ნ--------- ნ---------ოვმა წერილობით შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმაა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანების გადახდაზე, ხოლო პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალ თანხად მიიჩნია. მოპასუხემ ასევე მოითხოვა დაკისრებული თანხის განწილვადება. ნ--------- ნ---------ოვის წარმომადგენლის განმარტებით, იგი არის მსესხებლის ნ------ ხ----------ის მამა და სესხი ფაქტობრივად მან უნდა გადაიხადოს. იგი დაავადებულია დიაბეტით, არ მუშაობს, პერიოდულად სეზონურ სამუშაოებზე მუშაობს და ძირითადად პენსიიდან შეუძლია სესხის ნაწილ-ნაწილ გადახდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 10 მარტს სს „თიბისი ბანკსა“ ნ------ ხ----------ს, შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N3460035-7898700, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 5 000 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 7 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 37%. ხელშეკრულების მიხედვით, ვადის ბოლოს დასაბრუნებელი თანხაა 6084,66 ლარი. 7 თვეში გადასახდელი პროცენტია 1084,66 ლარი, რაც ყოველთვიურად 90,38 ლარია (დღეში 3,01 ლარი). ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადაგადაცილებისათვის და შეადგენს პირველი 10 დღის ვადაგადაცილებისათვის დავალიანების 1%-ს, ხოლო 10 დღეზე მეტი ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%-ს. ასევე გათვალისწინებულია ერთჯერადი ჯარიმა 10 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 15-22. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)
- შესაგებელი (60-64. ტომი 1)
3.1.2. 2015 წლის 10 მარტს სს თიბისი ბანკსა და ნ--------- ნ---------ოვს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა იკისრა მსესხებლის თანაბარწილად სესხის დაბრუნების ვალდებულება. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობაა 6500 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის განაცხადის და ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-22. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)
- შესაგებელი (60-64. ტომი 1)
3.1.3. მსესხებლის მიერ კრედიტის დასაბრუნებლად 2015 წლის 10 მარტიდან 2016 წლის 4 იანვრამდე პერიოდში გადახდილი აქვს ძირითადი თანხა 2641.67 ლარი, სარგებელი 1 084.66 ლარი, ჯარიმა 31 ლარი. სესხი სრულად დაბრუნებული არ არის. მოპასუხეების დავალიანებაა 5799.88 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 2358.33 ლარი, პროცენტი 563.64 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 2877.91 ლარი. 563,64 ლარი არის 6 თვის (542,28 +21,36) და 18 დღის პროცენტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 42-57. ტომი 1)
- შესაგებელი (60-64. ტომი 1)
- მოპასუხის განმარტებები (02.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ საკრედიტო ვალდებულების შესრულება.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო მიაჩნია, რომ მოპასუხე ნ------ ხ----------ის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიუხედავად, საქმეზე გამოტანილი უნდა იქნას საერთო გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, რადგან დავის საგნის გათვალისწინებით მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არ არსებობს. განსახილველი სარჩელით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილია სესხის სოლიდარულად დაკისრება. ამდენად, მოპასუხეების მიმართ მოთხოვნას აქვს საერთო საფუძველი და მათ მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანაა შესაძლებელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოსარჩელე მოითხოვს 2015 წლის 10 მარტს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულებას, - ძირითადი თანხის, სარგებლის და კრედიტის გადახდის ვადის დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს საერთო ოდენობას. სასამართლოს განმარტავს, რომ საკრედიტო ხელშეკრულება სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტი ყოველთვის სარგებლიანი სესხის ხელშეკრულებაა და ასეთი ხელშეკრულება ყოველთვის ითვალისწინებს უშუალოდ მიღებული თანხის დაბრუნების გარდა სარგებლის გადახდის ვალდებულებასაც.
საკრედიტო ხელშეკრულება ჯეროვნად შესრულებული არ არის. მსესხებელმა დააბრუნა საკრედიტო ხელშეკრულების გათვალისწინებული თანხის ნაწილი. ბანკის მიმართ ნაკისრი საკრედიტო ვალდებულება დადგენილ ვადაში სრულად შესრულებული არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ნ--------- ნ---------ოვმა გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მისმა წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის ნაწილის და პროცენტის დავალიანების 2921,97 ლარის გადახდაზე, რაც ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მხარეებს შორის წერილობით დადებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულია პირგასამტეხლო, რაც გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების ან სესხის დაუბრუნებლობის გამო. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ის ოდენობით, ხოლო მოსარჩელე მოითხოვს 378,03 ლარის დაკისრებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია პირგასამტეხლოს არსი შემდეგნაირად: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლების საფუძველზე სახელშეკრულებო პირობების სამართლიანობის შემოწმება სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მიზნით სასამართლოსთვის მინიჭებული სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევა ემსახურება სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფას, რაც ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. საქართველო სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. იგი ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - ახდენს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირებას. პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხი წამოიჭრება ვალდებულების დარღვევის შემდეგ, ასეთ შემთხვევაში პირგასამტეხლო უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ვალდებულების დარღვევით გამოწვეული დანაკარგების მინიმალურად კომპენსირებას, რის გამოც პირგასმატეხლოს გონივრულობის შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას კრედიტორის ინტერესებიც. აქედან გამომდინარე, პირგასამტეხლოს შემცირების მიზანს არ წარმოადგენს მოპასუხისათვის სიმბოლური თანხის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება, რადგან ეს პირგასამტეხლოს დანიშნულება არ არის.
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას უნდა შემოწმდეს, შეესაბამება თუ არა მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევით კრედიტორისათვის გამოწვეულ შედეგს, უნდა შეფასდეს დარღვევის შინაარსი, ვადის გადაცილების ხანგრძლივობა. პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს სახით მოვალეს არ უნდა დაეკისროს ისეთი სანქცია, რაც მას მძიმე ტვირთად დააწყვება და ვალდებულების შესრულებას გააძნელებს.
განსახილველ საქმეში სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 3300 ლარი. 2016 წლის იანვრის შემდეგ სესხი მოვალეს არ დაუბრუნებია, ხოლო სარჩელი აღძრულია ვალდებულების დარღვევიდან 2 წელიწადში. სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანებაა 2921,97 ლარი. გადასახდელი თანხის ოდენობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის დავალიანების 10%-ზე მცირედით მეტი თანხა, რაც მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გამო თანაზომიერი ფინანსური სანქციაა. პირგასამტეხლოს ოდენობით შეფასების დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლოს გააჩნია ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქცია. განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. თავის მხრივ ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი გამოიყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება. პირგასამტეხლოს გზით ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქცია მოვალეს ათავისუფლებს ზიანის კონკრეტული ოდენობის მტკიცების ტვირთისაგან და პირგასამტეხლოს სახით იღებს მინიმალურ თანხას განცდილი ზიანის კომპენსაციისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო ერთდროულად უზრუნველყოფს კრედიტორის მიერ განცდილი ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას და ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის სანქციის დაკისრებას, იგი სამართლიანი ფულადი სანქციაა და მის შემცირების საფუძველი არ არსებობს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის გადახდა, რადგან მათი ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ძირითადმა მოვალემ დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ნ--------- ნ---------ოვთან დადებული წერილობითი შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა ნ------ ხ----------ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.
სესხის ხელშეკრულება დაიდო 7 თვის ვადით, სესხად აღებულია 5000 ლარი წლიური 37% სარგებლის დარიცხვით, ხოლო ხელშეკრულების ვადაში გადასახდელი სარგებელია 1084,66 ლარი, რაც სრულად გადახდილია. ბანკი მოითხოვს სარგებელს 563,54 ლარს, რაც არის ბანკის მიერ განცდილი ზიანი, მიუღებელი შემოსავალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის „თ“ პუნქტის თანახმად, კრედიტი არის დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ვალდებულება; სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებაში საქმეზე N ას-1385-1307 განმარტა: „საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). შესაბამისად, .... ბანკს გაცემული კრედიტის დადგენილ ვადაში დაბრუნების შემთხვევაში, კვლავ შეეძლო მიეღო ის მინიმალური სარგებელი, რასაც სასესხო ვალუტის დაბრუნებამდე იღებდა. ნიშანდობლივია, რომ ბანკის მიერ სარგებლის მიღების პრეზუმფცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლში, რომლის თანახმად, თუ კრედიტის ამღები უკან აბრუნებს კრედიტს საკრედიტო ურთიერთობის დამთავრებამდე, მაშინ კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის შესაბამისი ანაზღაურება. ამასთან, ზიანის საზღაურში უნდა ჩაითვალოს დაზოგილი გასავლების ღირებულება, აგრეთვე ის სარგებელი, რომელსაც კრედიტის გამცემი მიიღებდა სასესხო ვალუტის სხვაგვარი გამოყენებიდან, ან თუ კრედიტის მიმღებმა განზრახ არ დაუშვა მისი მიღება“ .
განსახილველ საქმეში უდავოდ დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია კრედიტის დაბრუნების ვალდებულება, რაც კრედიტორისათვის ზიანის გამომწვევი ქმედებაა. საკრედიტო ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე იგი მხოლოდ სასყიდლიანი გარიგებაა. ბანკის საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაბრუნებული კრედიტის თანხა და სარგებელი არის ბანკის შემოსავლის მიღების საშუალება, რასაც ბანკი გამოიყენებს კვლავ კრედიტის გაცემის მიზნით და რასაც ასევე სარგებლის მიღება უკავშირდება.
სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებითაც მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას. „საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, რაც იმას ნიშნავს, რომ იკვეთება სსკ-ის 411-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგენლობა და არც ის გარემოება შეიძლება გახდეს სადავო, რომ საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა, აღნიშნული კი მყარ პრეზუმფციათა რიგს განეკუთვნება (იხ. სუსგები - Nას-1385-1307-2012, 07.02.2013წ; Nას-725-693-2014, 03.07. 2015 წ.). ასევე 17 , 2017 წლის თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-681-652-2016. ,აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ საბანკო კრედიტის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს ადგება ზიანი, რაც გამოიხატება იმაში რომ თანხის დაუბრუნებლობის გამო იგი ვერ იღებს შემოსავალს ამ თანხის კვლავ საკრედიტო ბრუნვაში გამოყენების გზით, ვერ გასცემს ამ თანხას ისევ კრედიტის სახით და ვერ იღებს სარგებელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავლის ოდენობის განსაზღვრის დროს გასათვალისწინებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის შინაარსი, რომლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
ამ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულების ვადა ამოწურულია, საკრედიტო ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი მოვალემ შეასრულა, მაგრამ ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული არ არის, ბანკი განიცდის ქონებრივი დანაკარგს მიუღებელი შემოსავლის სახით, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 563,64 ლარის მიუღებელი სარგებლის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე თავდაპირველად სარჩელით მოითხოვდა 5799,88 ლარის დაკისრებას, რაც შეამცირა და საბოლოოდ მოითხოვა 3300 ლარის დაკისრება. საბოლოო სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟია 50 ლარი, რადგან სსსკ 16-ე მუხლის მიხედვით, დავა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, დავის საგნის ღირებულება 5000 ლარზე ნაკლებია, ხოლო სსსკ 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება.
შესაბამისად, მხარეებს შორის სსსკ 53-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა განაწილდეს 50 ლარი, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 124 ლარი.
სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაეკისრათ სოლიდარულად 3300 ლარის გადახდა, ხოლო დაკისრებული თანხიდან ნ--------- ნ---------ოვმა ცნო ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანება 2921,97 ლარი. ეს თანხა არის დაკისრებული თანხის 85%. მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარიდან 85% - 42,5 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რადგან მოპასუხემ მოთხოვნა ცნო საქმის მომზადების ეტაპზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება უნდა განისაზღვროს მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც მოპასუხემ არ ცნო, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხეებს ეკისრებათ მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც არ ცნეს. შესაბამისად მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სს თიბისი ბანკისათვის 7,5 ლარის გადახდა.
საერთო ჯამში მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 166,5 ლარი, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა 7,5 ლარის ოდენობით
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მოთხოვნა გადაწყვეტილების აღსრულების წესის დადგენის, აღსრულების განწილვადების შესახებ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. ამ ნორმის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინოს ამ გადაწყვეტილების აღსრულების წესი და განსაზღვროს გადაწყვეტილების შესრულების ვადა, ხოლო ეს საკითხი უნდა გადაწყდეს დავის არსის, მხარეთა პატივსადები ინტერესის, მათი მართლზომიერი ინტერესების გათვალისწინებით.
მოპასუხე ნ--------- ნ---------ოვის წარმომადგენელი თანხის გადახდის განწილვადების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ იგი არის ნ------ ხ----------ის მამა, დაავადებულია დიაბეტით, არ მუშაობს, ასრულებს დროებით სეზონურ სამუშაოებს, მისი შვილი ამჟამად უცხოეთშია და ვალი ფაქტობრივად მან უნდა გადაიხადოს, მას კი პენსიიდან ნაწილ-ნაწილ შეუძლია ვალის გადახდა.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარის ფინანსური სიძნელეების არსებობა თავისთავად განაპირობებს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესსა და საშუალებებში კანონით განსაზღვრული ცვლილების შეტანას. მითითებული ღონისძიებები ხელს უწყობს მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის თხოვნას, თუ ეს უკანასკნელი დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადება, განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის საფუძველზე ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. აღსრულების წესის დადგენის მიზანია არა მარტო მოვალისათვის შეღავათის დადგენა, არამედ აღსრულების ისეთი პირობის დადგენა, რაც ხელს შეუწყობს გადაწყვეტილების აღსრულებას, შექმნის პირობას გადაწყვეტილების რეალურად შესრულებისათვის. 251-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების მიზანია კრედიტორმა რეალურად დაიკმაყოფილოს გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნა ისეთი გზით, რომლითაც რეალურად არის შესაძლებელი გადაწყვეტილების ეფექტურად შესრულება ისეთი საშუალებით, რაც მოვალის ინტერესებშიცაა.
251-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კრედიტორის ინტერესები, უნდა გაითვალისწინოს, რომ აღსრულების წესის ან აღსრულების საშუალების შერჩევით ზიანი არ უნდა მიადგეს მოსარჩელის მართლზომიერ ინტერესს - დროულად აღასრულოს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება.
მითითებული საპროცესო სამართლებრივი საშუალების გამოყენება დაიშვება ისეთი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში, როდესაც ცალსახაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების განაწილვადების) მიზანშეწონილობა და სახეზეა აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების პატივსადები ინტერესი. გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადებით, ფაქტობრივად მოვალეს ეძლევა შესაძლებლობა, ნებაყოფლობით აღასრულოს გადაწყვეტილება და იძულებითი აღსრულების გზით დამატებითი ქონებრივი დანაკლისი, როგორიცაა აღსრულების ხარჯები, ქონების განახევრებულ ფასში გასხვისების რისკი, არ განიცადოს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე დასაშვებია გადაწყვეტილების აღსრულების განწილვადება 1 წლამდე ვადი, რისი საფუძველი მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. ამ შემთხვევაში აღსრულების განწილვადების საფუძვლად მითითებულია მოპასუხე ნ------ ხ----------ის ოჯახის წევრის ჯანმრთელობის და მატერიალური მდგომარეობა, რომელიც ამავე დროს აარის თავდების წარმომადგენელი. სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების ან განწილვადების საფუძველია მხარესთან დაკავშირებული გარემოებები და არა მისი წარმომადგენლის მატერიალური მდგომარეობა ან სხვა გარემოებები. მართალია საკრედიტო ვალდებულების შესრულება მესამე პირსაც შეუძლია, მაგრამ ამ შემთხვევაში საკითხი შეეხება სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების შესრულებას, გადაწყვეტილების შესრულება კი უპირველესად მხარეებს ევალებათ. შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულებაში შეღავათის დაწესება მხარეებთან დაკავშირებული გარემოებების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. მოპასუხის ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება საფუძვლად დაედოს აღსრულების განწილვადებას, თუკი ეს მდგომარეობა მხარის გადახდისუნარიანობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ასაბუთებს, რომ მოპასუხეს დაკისრებული თანხის ერთდროულად გადახდა არ შეუძლია. ასეთი გარემოებები მოპასუხეს არ მიუთითებია. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა აღსრულების განწილვადების საფუძვლად უშუალოდ, პირადად მისი ჯანმრთელობის და ფინანსური მდგომარეობა მიუთითა, რაც აღსრულების გადავადების საფუძველი არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. დაკმაყოფილდეს სს „თ-----------ის“ სარჩელი;
1.1. ნ------ ხ----------ს და ნ--------- ნ---------ოვს დაეკისროთ სს „თ-----------ისათვის“ 3300 ლარის სოლიდარულად გადახდა;
2. სს „თ-----------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლის 29 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 166,5 ლარი (საგადახდო დავალება N58). თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.
3. ნ------ ხ----------ს და ნ--------- ნ---------ოვს დაეკისროთ სს „თ-----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 7,5 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი