გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2019
საქმის ნომერი
330210018002640126
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27377-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე: შპს ,,იმ----ი“

წარმომადგენელი: თო------------–---–ი

მოპასუხე: სა---------–------------------–--------------------------ი

წარმომადგენელი: ირ---–------–--ე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სა---------–------------------–--------------------------ისათვის შპს ,,იმ----ი“-ს სასარგებლოდ 40 000 ლარის დაკისრება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

ელექტრონულ ტენდერში შპს ,,იმ----ი“-ს გამარჯვების საფუძველზე, მას და სა---------–------------------–--------------------------ს შორის, 2018 წლის 28 მარტს დაიდო N3---- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, შპს ,,იმ----ი“-ს ვალდებულებას წარმოადგენდა მოპასუხის ბალანსზე რიცხული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის (8 ერთეული კომპლექტი) შეკეთება და ტექნიკური მომსახურება, 2018 წლის 01 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. აღიშნული მომსახურების სანაცვლოდ მოპასუხეს უნდა გადაეხადა 45 000 ლარი (თვეში 5000 ლარი 9 თვეზე).

ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ შეასრულა თავისი ვალდებულება 2018 წლის აპრილის განმავლობაში და მიიღო შესაბამისი ერთი თვის ანაზღაურება.

 

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციას ზემოხსენებული ხელშეკრულების დადებისას იკავებდა გი----------------ძე, ხელშეკრულების დადებიდან მალევე იგი აღნიშნულ პოზიციაზე ჩაანაცვლა ირ---–---------–---მ. ზემოაღნიშნული საკადრო ცვლილების შემდეგ შპს ,,იმ----ი“-ს დირექტორი დაბარებული იყო გზების დეპარტამენტში შეხვედრაზე, ამ შეხვედრის დროს მოპასუხის მიერ კატეგორიულად დაისვა საკითხი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და აღინიშნა, რომ აღარ მოხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების გადახდა. მოსარჩელისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სიტუაციის დროულად გარკვევა და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა შპს ,,იმ----ი“-ს 2018 წლის 23 მაისის წერილი, რომლითაც იგი ითხოვდა სიტუაციაში გარკვევას და გამოთქვამდა მზაობას ხელშეკრულების პირობების შესრულებისა და თანამშრომლობის გაგრძელების თაობაზე. მოპასუხემ ამ წერილს არ უპასუხა. აშკარაა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მისი პოზიცია უცვლელი იყო. ამის შემდეგ 2018 წლის 25 მაისს, გზების დეპარტამენტიდან მოსარჩელემ მიიღო ელექტრონული შეტყობინება ელ. ფოსტაზე, რომლითაც ითხოვდა კამერებიდან სიგნალი შეწყვეტის მიზეზების განმარტებას. თითქოს მოსარჩელის 23 მაისის წერილი არ არსებულიყო, სადაც ნათლად იყო მითითებული სიგნალის შეწყვეტის მიზეზი და ასევე დაფიქსირებული იყო მზაობა თანამშრომლობის გაგრძელების (და შესაბამისად სიგნალის აღდგენის) თაობაზე, გზების დეპარტამენტმა არ გასცა პასუხი მოსარჩელის კითხვებს და არ უარყო მისი გადაწყვეტილება - შეეწყვიტა ხელშეკრულება.

 

ზემოაღნიშნული ელექტრონული წერილის პასუხად შპს ,,იმ----ი“ 25 მაისს გაგზავნილი წერილით კიდევ ერთხელ ეცადა ადეკვატური პასუხის მიღებას წინა წერილზე და ელექტრონული წერილის მიზნის დაზუსტებას, რაზეც პასუხი ასევე ვერ მიიღო. 2018 წლის 30 მაისის წერილით კიდევ ერთხელ სცადა მოსარჩელემ სიტუაციაში გარკვევა და წინა წერილებზე რეაგირება ითხოვა, რაზეც ასევე ვერ მიიღო პასუხი.

 

2018 წლის 01 ივნისს მოსარჩელემ წერილი მიიღო მოპასუხისგან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. აღნიშნული წერილი სრულად ადასტურებს მოსარჩელის მიერ სიტუაციაში გარკვევის მიზნით გაგზავნილი წერილების მოპასუხის მხრიდან გაცნობის ფაქტს და ასევე იმას რომ მოპასუხე ამ წერილებზე არ რეაგირებდა. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად კი მითითებულია მოსარჩელის მხრიდან ვითომდა ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი.

 

აშკარად იკვეთება მოპასუხის არაკეთილსინდისიერი ქმედება, რომელიც მიმართული იყო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად. რეალურად კი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა და უკანონო შეწყვეტით მოსარჩელეს მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რაც შეადგენს 40 000 ლარს (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების სრულ ოდენობას 45 000 ლარს გამოკლებული უკვე მიღებული ანაზღაურება).

 

(იხ. სარჩელი, ს.ფ. 4-10, მოისმინეთ 2019 წლის 16 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:05:11).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ კომპანიამ თვითნებურად გამორთო კამერები და 2018 წლის 18 მაისიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც ერთი კამერიდან დეპარტამენტს არ მიეწოდებოდა ვიდეო სიგნალი. შესაბამისად, სადავო სამართალურთიერთობის შეფასების შედეგად, ვინაიდან დეპარტამენტის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის და ხელშეკრულების პირობების სრული დაცვით, საფუძველი გამოეცალა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული, მიუღებელი შემოსავლის სახით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაბუთებულობას.

 

მოპასუხე მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა, დეპარტამენტისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის - 40 000 ლარის ოდენობით ანაზღაურების შესახებ, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი. ამასთან, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება (გარდა მოსარჩელის ზეპირი განმარტებისა), რომლითაც დადასტურდებოდა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.

 

(იხ. შესაგებელი, ს.ფ. 59-71, მოისმინეთ 2019 წლის 16 მაისის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 13:10:58).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სა---------–------------------–--------------------------სა და შპს ,,იმ----ი“-ს შორის 2018 წლის 28 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. N3---- ხელშეკრულება, საერთო ღირებულებით 45000 ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სა---------–------------------–--------------------------ის ბალანსზე რიცხული ვიდეოაპარატურის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება. ხელშეკრულება დაიდო 9 თვის ვადით - 2018 წლის 01 აპრილიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების აღწერილობა, მოცულობები და ფასები განისაზღვრა დანართით - ,,ფასების ცხრილი“ და ,,ტექნიკური დავალება“.

 

ხელშეკრულების 4.4. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 21-24);

- ხელშეკრულების დანართები (ს.ფ. 25-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ შესრულებული მომსახურების მიღებისათვის შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით. მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს მსგავსი მომსახურებისათვის დადგენილ სტანდარტებს და შემსყიდველის მოთხოვნებს.

 

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და ხელშეკრულების დანართების შესაბამისად.

 

ამავე ხელშეკრულების 11.1. პუნქტის თანახმად, ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზეც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით. ამავე პუნქტის მე-5 ნაწილის თანახმად შემსყიდველი უფლებამოსილია, ვადამდე, ცალმხრივად შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელი არღვევს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს) ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 21-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.3. სა---------–------------------–--------------------------ის 01.06.2018 N2-07/6298 წერილით შპს ,,იმ----ი“-ს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო დეპარტამენტი წყვეტდა მხარეთა შორის 2018 წლის 28 მარტს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. N3---- ხელშეკრულებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.06.2018 წლის წერილი (ს.ფ. 80-82);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 2018 წლის აპრილის თვეში გაწეული მომსახურეობის ხარისხი დამკვეთის მიერ შედავებული არ ყოფილა, შესაბამის პერიოდში შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი და შპს ,,იმ----ს“ მიღებული აქვს ამ თვეში შესრულებული სამუშაოს ღირებულება 5000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 29);

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 31);

- საგადახდო მოთხოვნა (ს.ფ. 32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.5. სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 2018 წლის 18 მაისიდან, სა---------–------------------–--------------------------ს, მას და შპს ,,იმ----ს“ შორის 2018 წლის 28 მარტს გაფორმებული ე.ტ. N3---- ხელშეკრულების ფარგლებში, 8 ერთეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან აღარ მოეწოდებოდა ვიდეო სიგნალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 94);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების განხილვისას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, უპირველეს ყოვლისა, განიმარტოს აღნიშნული ხელშეკრულების სახე. ხელშეკრულების შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ მათ რეალურ მიზანს წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულების დადება, რაც განახორციელეს კიდეც.

 

ხელშეკრულების არსი უნდა განიმარტოს არა ხელშეკრულების სახელწოდების, არამედ მისი შინაარსის მიხედვით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ხელშეკრულების საკანონმდებლო კონსტრუქციასთან.

 

3.2.2. სასამართლო არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს ,,იმ----ი“ ვერ ადასტურებს მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას, რაც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო.

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით, შესაგებელში მითითებული გარემოების დასადასტურებლად სა---------–------------------–--------------------------მა წარმოადგინა მხარეთა შორის არსებული ელექტრონული მიმოწერა და სამსახურებრივი ბარათი.

 

სამსახურებრივი ბარათით დასტურდება, რომ 2018 წლის 18 მაისიდან, დეპარტამენტს, მას და შპს ,,იმ----ს“ შორის 2018 წლის 28 მარტს გაფორმებული ე.ტ. N3---- ხელშეკრულების ფარგლებში, 8 ერთეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან აღარ მოეწოდებოდა ვიდეო სიგნალი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არც მოსარჩელის მხრიდან გამხდარა სადავო, თუმცა შპს ,,იმ----ი“ მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას უკავშირებს მოპასუხე სა---------–------------------–--------------------------ის თავმჯდომარის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თობაზე ზეპირსიტყვიერ მოთხოვნას, რომლის დადასტურებაც მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტების ფარგლებში შეუძლებელია.

 

მხარეთა შეთანხმებით (11.1. პუნქტი), ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით.

 

მოსარჩელე შპს ,,იმ----ს“ სა---------–------------------–--------------------------ის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წერილობით ეცნობა 2018 წლის 01 ივნისს, ანუ მას შემდეგ რაც 2018 წლის 18 მაისიდან, დეპარტამენტს, მას და შპს ,,იმ----ს“ შორის 2018 წლის 28 მარტს გაფორმებული ე.ტ. N3---- ხელშეკრულების ფარგლებში, 8 ერთეული ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან აღარ მოეწოდებოდა ვიდეო სიგნალი.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებები აქარწყლებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობა დაკავშირებული იყო მოპასუხე სა---------–------------------–--------------------------ის თავმჯდომარის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის თობაზე ზეპირსიტყვიერ მოთხოვნასთან. მოსარჩელემ 2018 წლის 01 ივნისამდე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხის ნების დადასტურება ვერ შეძლო. მოსარჩელე აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. ამასთან, საგულისხმოა, რომ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული იყო ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების მიღების წესი - წერილობითი ფორმით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- 23.05.2018 წლის წერილი (ს.ფ. 35);

- 25.05.2018 ელექტრონული წერილი (ს.ფ. 45);

- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 94);

- ხელშეკრულების დანართები (ს.ფ. 25-27);

- 01.06.2018 წლის წერილი (ს.ფ. 80-82)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.3. სამოქალაქო საქმისწარმოებისას სასამართლოში შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული პროცესი მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომას. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსზღვრონ საქმისათვის არსებითი ფაქტები და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება თუ რომელი მტკიცებულებით უნდა დაადასტურონ ეს ფაქტები. ამასვე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, რომლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემაყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის სასარჩელო მოთხოვნას. ხოლო მოპასუხეს იმ გარემოებათა მტკიცება, რომელიც შესაგებლის საფუძველია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოსაყალიბებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და შეფასებული თითოეული მოვლენა, რომელიც არსებობს ამ გარემოების ირგვლივ. ამდენად, შინაგანი რწენით მტკიცებულებათა შეფასების მეთოდი, მოიცავს როგორც დამოუკიდებლად თითოეული მტკიცებულების მნიშვნელობის განსაზღვრას, ასევე მათ ერთობლიობაში შეფასებას. სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

შპს ,,იმ----მა“ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულების პირობები.

 

იმ შემთხვევაშიც თუ ვივარაუდებთ, რომ არ არსებობდა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, მაინც არ ცვლის სარჩელის ბედს, რადგან შემკვეთს აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით.

 

სსკ-ის 636-ე მუხლის თანახმად: „შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი“, ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებელი სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ამ სამუშაოს ღირებულება (იხ. სუსგ-ები: # ას-697-663-2015, 15.12.2015წ.; ას-901-851-2015,05.02.2016წ.; ას-981-926-2015,11.03.2016წ.;#ას-399-383-2016, 15.07.2016 წ.)

 

განსახილველ საქმეში შპს ,,იმ----ს“ აღძრული აქვს სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნით. წინამდებარე დავის ფარგლებში, მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 2018 წლის აპრილის თვის მომსახურების ღირებულება გადახდილია, ხოლო მომსახურება შეწყდა 2018 წლის 18 მაისიდან. თუმცა, იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს ზემოაღნიშნული ნორმით (სსკ-ის 636-ე მუხლი) გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელ სამართლებრივ წინაპირობებზე, საჭიროა საქმის მასალებით დადგინდეს, თუ რას შეადგენს სადავო პერიოდში (2018 წლის 01 მაისიდან 2018 წლის 18 მაისამდე) ჩასატარებელი თითოეული სამუშაოს ღირებულება.

 

შესაბამისად, არ დგინდება ნაკლოვანი შესრულება რამდენით ამცირებს ჯამური მომსახურების ღირებულებას. ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტის დადასტურების პირობებში, შესაბამისი მტკიცებულების გარეშე, რაც გახდებოდა ყოველთვიური მომსახურების ჯამური ღირებულების კორექტირების საფუძველი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს ფაქტობრივად მიღებული მომსახურების ღირებულება.

 

მოსარჩელე არც კი უთითებს რეალურად რა მოცულობის სამუშაოები შეასრულა 2018 წლის 01 მაისიდან 2018 წლის 18 მაისამდე.

ამასთან, მოსარჩელე შპს ,,იმ----ი“ მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი და შეწყვეტა მოხდა არასწორად, რის გამოც მოსარჩელეს მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.

ამგვარი ფაქტობრივი გარემობების პირობებში კი სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება მისცეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

აღნიშნული კუთხით მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად მოსარჩელისაგან განსხვავებულად შეფასების შესაძლებლობისა და ამ შესაძლებლობის რეალიზების პირობებში ორივე მხარის ინტერესების დაცვის აუცილებლობის თაობაზე (Nას-1350-1275-2012).

 

საკასაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნა, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების გამოყენებით აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა სასამართლოს აღნიშნული დისკრეცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მოპასუხეს არ შეეზღუდოს კონკრეტულ საკითხზე შესაგებლის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება. საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

 

ვინაიდან მოსარჩელე არ უთითებს რეალურად რა მოცულობის სამუშაოები შეასრულა 2018 წლის 01 მაისიდან 2018 წლის 18 მაისამდე, მოპასუხე სა---------–------------------–--------------------------ს არ ჰქონდა ზემოაღნიშნული ნორმით (სსკ-ის 636-ე მუხლი) გათვალისწინებული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით შესაგებლის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება. სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება მისცეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში უნდა მოხდეს ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენა, თუ რას შეადგენდა სადავო პერიოდში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,იმ----ი“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე 105-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 636-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული -კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6.2. სასამართლოს შემოწმების საგანია ნარდობის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის ანაზღაურების სახით მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საკითხი.

 

ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები ხელშეკრულების მოშლისა და ზიანის ანაზღაურების სპეციფიკურ რეგულაციებს ადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მენარდეს ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ., ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები (იხ. სუსგ №ას-697-663-2015; 2015 წლის 15 დეკემბერი).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სახელშეკრულებო სამართლის ფარგლებში მოწესრიგებულ ურთიერთობათა ცალკეულ ნორმებზე: მაგ. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველი (სსკ-ის 484-ე მუხლი), რომელიც გარიგების ყოველი მხარისათვის ადგენს შესაძლებლობას, უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ ასრულებს, იქვეა დათქმა უარის თქმის დაუშვებლობაზე; საგულისხმოა, მაგალითად, სხვა ნორმებიც: ხელშეკრულების მოშლა დამქირავებლის ინიციატივით (სსკ-ის 541-ე მუხლი), დაზღვევის შეწყვეტა ქონების გასხვისებისას (სსკ-ის 835-ე მუხლი), რომელთა მიხედვითაც, ურთიერთობის შეწყვეტამდე გარკვეული წინაპირობები უნდა არსებობდეს და იქნეს დაცული. სამოქალაქო კოდექსის ცალკეულ ინსტიტუტებთან შედარებისას და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ურთიერთობისათვის ამოსავალი პრინციპის - კონრაჰენტთა კეთილსინდისიერების გათვალისწინებით (სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი), შეიძლება ითქვას, რომ ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში 636-ე მუხლი არის ის სპეციალური რეგულაცია, რომელსაც არ სჭირდება წინაპირობების დაცვა (იხ. სუსგ №ას-901-851-2015, 2016 წლის 5 თებერვალი).

 

სასამართლო არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და შეფასების საფუძველზე მიიჩნევს, რომ შპს ,,იმ----მა“ ვერ დაადასტურა მისი მხრიდან ვალდებულების ჯეროვანი შესრულება, რაც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო.

 

როგორც აღინიშნა, იმ შემთხვევაშიც თუ ვივარაუდებთ, რომ არ არსებობდა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, ეს გარემოება მაინც არ ცვლის სარჩელის ბედს, რადგან შემკვეთს აქვს უფლება ისარგებლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მენარდის მიერ ხელშეკრულების პირობის დაურღვევლობის შემთხვევაშიც კი, შემკვეთს კანონმდებელმა მიანიჭა უფლება, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება. ერთადერთი სპეციალური დათქმა, რომელიც მენარდის ინტერესების დასაცავად არის დადგენილი მოხმობილ ნორმაში, მდგომარეობს შემკვეთის ვალდებულებაში, აუნაზღაუროს კონტრაჰენტს უკვე შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სსკ-ის 636-ე მუხლით, კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წანამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით, ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს (იხ. სუსგ №ას-697-663-2015; 2015 წლის 15 დეკემბერი).

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ თავად მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, თუ რა ფაქტობრივი ზიანი მიადგა მას კონკრეტული ხელშეკრულების მოშლით. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ უკავშირდება მხოლოდ მიუღებელ შემოსავალს, სახელდობრ, რასაც მიიღებდა მოსარჩელე ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში ასანაზღაურებელი ზიანი კი ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოდ მიიღებდა მენარდე, თუ მან საამისოდ გარკვეული ქმედებები განახორციელა. ამ თვალსაზრისით კი, მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი სპეციალური ნორმების თანახმად, იგი არ ექვემდებარება ანაზღაურებას.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის განხილვის შედეგად არ დადასტურდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.

 

სა---------–------------------–--------------------------ის მხრიდან ხელშეკრულება შეწყდა 2018 წლის 01 ივნისს. საქმის მასალებით არ დადასტურდა შპს ,,იმ----ი“-ს მხრიდან ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების ფაქტი.

 

როგორც უკვე აღინიშნა, გადაწყვეტილების 3.2.2 - 3.2.3 პუნქტებით დადგენილი ფაქტობრივი გარემობების პირობებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება მისცეს სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რეალურად რა მოცულობის სამუშაოები შეასრულა. ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტის დადასტურების პირობებში, შესაბამისი მტკიცებულების გარეშე, რაც გახდებოდა ყოველთვიური მომსახურების ჯამური ღირებულების კორექტირების საფუძველი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განსაზღვროს ფაქტობრივად მიღებული მომსახურების ღირებულება.

 

მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა ასევე რეალურად შესრულებული სამუშაოს მოცულობის და ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება. იმ პირობებში როდესაც სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური მომსახურების ღირებულება იდენტურია, რასაც არ უარყოფენ მხარეები, ხოლო მოცემულ დავაში დადგენილ იქნა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა შესაბამისი დამადასტურებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა ფაქტობრივად მიღებული მომსახურების ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობას. რაც ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

შპს ,,იმ----ი“-ს მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 1200 ლარი (ს.ფ. 54);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს-სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შპს ,,იმ----ი“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,იმ----ი“-ს სარჩელი სა---------–------------------–--------------------------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი