გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.05.2019
საქმის ნომერი
140310018002724860
კატეგორია
დავის ტიპი
სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002724860

საქმე № 3/314-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

15 მაისი, 2019 წელი ქ. გორი

 

შესავალი ნაწილი

 

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო გერგაული

 

სხდომის მდივანი ნათია ბერიშვილი

 

მოსარჩელე: თ----- შ----------–---–ი

 

მოპასუხეები: სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიურო

წარმომადგენელი: ი----- ტ-------–---–ი

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახლის გამოცემის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. აღსრულების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ 2018 წლის 27 სექტემბრის № 06/06-09-06078-013/001 აქტის ბათილად ცნობა.

 

1.2. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის № 73174 აქტის ბათილად ცნობა.

 

1.3. მოპასუხის დავალდებულება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენისა და 2006 წლის 14 დეკემბრის №----------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

სარჩელის თანახმად, კასპის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 01 აგვისტოს განაჩენით თ----- შ----------–---–ი (პირ. № 5----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი პროკურორის მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით, რაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენით. აღნიშნული განაჩენის თანახმად, თ.შ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. აღნიშნულ განაჩენზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 14 დეკემბერს გამოცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც არის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში (სააღსრულებო საქმე №06/06-09-06078).

 

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საქმე არის ხანდაზმული, 2018 წლის 17 სექტემბერს თ.შ----------–---–მა განცხადებით მიმართა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ შოთა ჩხუტიაშვილს, რომლის წარმოებაში იმყოფებოდა თ.შ----------–---–ის სააღსრულებო საქმე და მოითხოვა სააღსრულებო საქმის შეწყვეტა იმ საფუძვლით, რომ საქმე იყო ხანდაზმული.

 

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ი----- ტ-------–---–ის 2018 წლის 27 სექტემბრის №06/06-09-06078-013/001 აქტით თ.შ----------–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად.

 

თ.შ----------–---–მა აღნიშნული აქტი გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსთან, რომლის 2018 წლის 19 ოქტომბრის №73174 აქტით უარი ეთქვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე.

 

აქედან გამომდინარე, აღნიშნული აქტები არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რითაც ირღვევა თ.შ----------–---–ის უფლებები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ სარჩელი არ სცნო, მიუთითა და განმარტა, რომ, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, თ.შ----------–---–ს დაეკისრა აღსრულების საფასური აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნის 7%-ის ოდენობით (არანაკლებ 50 ლარისა), სულ ჯამში გადასახდელი თანხა შეადგენს 2 140 ლარს.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 34-ე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულება წყდება თუ: თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 10 წელი, გარდა ალიმენტის გადახდევინების შესახებ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების შესახებ, დანაშაულით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებისა, აგრეთვე სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ წარმოებული სააღსრულებო საქმეებისა;

 

ვინაიდან, თ.შ----------–---–ის მიერ წარდგენილი არ არის გადახდის ქვითარი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მიმდინარეობს იძულებითი ღონისძიებები, კერძოდ, მოძიებული და დაყადაღებულია თ.შ----------–---–ის სახელზე არსებული მოძრავი ქონება და აქტიური საბანკო ანგარიშები. ასევე, იგი რეგისტირებულია მოვალეთა რეესტრში.

 

აღსრულების ეროვნულ ბიუროს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული კომპეტენცია გააჩნია და მისი ნების თავისუფლება შეზღუდულია ზემოაღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციით. განცხადებაში თ.შ----------–---–ის მიერ მოყვანილი მოთხოვნები სცილდება აღსრულების ეროვნული ბიუროს კომპეტენციას და იგი განეკუთვნება სასამართლო კომპეტენციას. 2018 წლის 27 სექტემბრის წერილით, აღმასრულებელმა თ.შ----------–---–ს განუმარტა, რომ კანონის რეგულაციიდან გამომდინარე, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონი არ ითვალისწინებდა ამ საფუძვლით ამ კატეგორიის საქმის შეწყვეტას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ უთითებს კონკრეტულად რომელი ნორმა იქნა დარღვეული სადაო აქტის მომზადებისას. =

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. კასპის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2006 წლის 01 აგვისტოს განაჩენით თ----- შ----------–---–ი (პირ. № 5----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა. პროკურორის მიერ აღნიშნული განაჩენი გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით, რაც ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენით. აღნიშნული განაჩენის თანახმად, თ.შ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის ვადით. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით;

მტკიცებულება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენი;

 

3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2006 წლის 14 დეკემბერს გამოცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი;

მტკიცებულება: თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 14 დეკემბრის №----------- სააღსრულებო ფურცლი, სააღსრულებო წარმოების მასალები.

 

3.3. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ი----- ტ-------–---–ის 2018 წლის 27 სექტემბრის №06/06-09-06078-013/001 აქტით თ.შ----------–---–ს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე;

მტკიცებულება: შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ი----- ტ-------–---–ის 2018 წლის 27 სექტემბრის №06/06-09-06078-013/001 აქტი;

 

3.4. თ.შ----------–---–მა აღნიშნული აქტი გაასაჩივრა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს უფროსთან, რომლის 2018 წლის 19 ოქტომბრის №73174 აქტით უარი ეთქვა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტაზე.

მტკიცებულება: შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის №73174 აქტი;

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლომ განიხილა რა მოცემული საქმე, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც თ----- შ----------–---–ის პასუხისმგებლობა განისაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით და ამავე კოდექსის მიხედვით, განაჩენის გარკვეულ ვადაში (ამ შემთხვევაში 6 წელი) აღუსრულებლობის შემთხვევაში მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან; თ----- შ----------–---–ის მიმართ გამოტანილი განაჩენი ჯარიმის ნაწილში კი 2006 წლის დეკემბრიდან დღემდე არ აღსრულებულა.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

დადგენილია და სადავო არაა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის განაჩენით თ----- შ----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა შემდეგ ვადებში: ა) ორ წელში იმ დანაშაულის ჩადენიდან, რომლისთვისაც ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ორი წლით თავისუფლების აღკვეთას; ბ) ექვს წელში სხვა, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; გ) ათ წელში მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს; დ) თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.

 

იმავე კოდექსის 2004 წლისათვის მოქმედი რედაქციის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის (რა მუხლითაც ცნობილი იქნა დამნაშავედ თ----- შ----------–---–ი) სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული იყო ჯარიმა ან ტუსაღობა ვადით ხუთ თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

იმავე კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას.

 

აქედან გამომდინარე, თ----- შ----------–---–ისთვის ბრალად შერაცხული ქმედება წარმოადგენდა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, და 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის შესაბამისად, იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა ექვს წელში ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს.

 

ასევე დადგენილია, რომ თ----- შ----------–---–ის მიმართ განაჩენი ჯარიმის ნაწილში აღსასრულებლად მიექცა 2006 წლის 14 დეკემბერს, რაც სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა 2007 წლის 08 თებერვალს; ჯარიმის ნაწილში სააღსრულებო ფურცელი დღემდე არ აღსრულებულა.

 

მოპასუხის მითითებით, თ----- შ----------–---–ის მიმართ აღსრულება არ უნდა შეწყდეს იმის გამო, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტით, აღსრულების შეწყვეტა დაუშვებელია ხანდაზმულობის მოტივით იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო საქმე წარმოებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ დაკისრებულ თანხებთან დაკავშირებით.

 

თ----- შ----------–---–ს კი სასჯელის სახით ჯარიმა დაკისრებული აქვს სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თ----- შ----------–---–ის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის არა ,,კ", არამედ ,,ე" ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.

 

აღნიშნული ,,ე" ქვეპუნქტი 34-ე მუხლს დაემატა 2000 წლის 5 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, რომელიც შემდგომში, 2010 წლის 7 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებით დაზუსტდა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: აღსრულება შეწყდება, თუ გავიდა აღსასრულებელი გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა.

 

თ----- შ----------–---–ის მიმართ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის არა ,,კ", არამედ ,,ე" ქვეპუნქტის გამოყენების მართებულების დასასაბუთებლად სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ კანონში ,,კ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესი, რომ ხანდაზმულობა არ გავრცელებულიყო სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხების გადახდევინების შესახებ საქმეებზე, დაწესდა იმავე 2010 წლის 7 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, და ბუნებრივია, 2007 წელს აღსასრულებლად მიქცეულ განაჩენზე ეს დანაწესი ვერ გავრცელდება, რადგან ეს რეგულაცია არ ეხება სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებულ საჯარიმო თანხებს.

 

სასამართლო ამ დასკვნას ამყარებს იმითაც, რომ ამავე საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის კიდევ ერთი საფუძველი (,,ლ" ქვეპუნქტით), რომლის თანახმადაც აღსრულება უნდა შეწყდეს ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების შემთხვევაში, თუ სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან გასულია 5 წელი.

 

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით, ამ ცვლილების შედეგად, განისაზღვრა 5 წლიანი ხანდაზმულობის ვადა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმის დაკისრების და არა სისხლის სამართლით განსაზღვრულ შემთხვევებზე;

 

სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ხანდაზმულობის ვადები ისედაც რეგლამენტირებულია სისხლის სამართლის კოდექსში და ამგვარ მითითებას არ შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი.

 

აქედან გამომდინარე, რაიმე სახის კოლიზიას ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსს შორის არ არსებობს, და შესაბამისად, მიხეილ ბაქრაძეზე სრულად უნდა გავრცელდეს 76-ე მუხლის დანაწესი, რომელიც სპეციალური ნორმაა და პირდაპირ და უშუალოდ განსზაღვრავს მსჯავრდებულ პირთა სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების პირობებს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის გამო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის მოხდა და სასჯელისაგან გათავისუფლება პირდაპირ კავშირშია პირის ნასამართლობასთან, რასაც მთლიანად არეგულირებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, და ბუნებრივია, რომ ამ საკითხებთან მიმართებაში სხვა კანონი გამოყენებული ვერ იქნება.

 

როგორც აღინიშნა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლი აწესებს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას გამამტყუნებელი განაჩენის განსაზღვრულ ვადაში აღუსრულებლობის შემთხვევაში, იმავე კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

 

აქედან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუკი მსჯავრდებულ პირზე გავრცელდება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტი, ეს პირი შესაძლოა, მთელი სიცოცხლის განმავლობაში დარჩეს ნასამართლევ პირად, რაც ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეებზე სასჯელის დანიშვნისა და პირის შემდგომი პასუხისმგებლობის განსაზღვრის პრინციპებს.

 

საბოლოო ჯამში, გასაჩივრებული აქტები უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, რამდენადაც სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ აქტების გამოცემით დაირღვა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე" ქვეპუნქტის მოთხოვნები და, შესაბამისად, თ----- შ----------–---–ის უფლებები.

 

ამავე დროს, მოპასუხეს უნდა დაევალოს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თ----- შ----------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობის გამო აღსრულების შეწყვეტის შესახებ, თანახმად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლისა.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 51-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

,,ბაჟის შესახებ’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მათი დაწესებულებები, სასწავლო-საწარმოო ორგანიზაციები და გაერთიანებები – ყველა სარჩელზე;

 

დაადგენილია, რომ თ----- შ----------–---–ი არის შშმპ პირი, მნიშვნელოვნად გამოხატული 30.09.2019 წლამდე. (სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს შიდა ქართლის სოციალური მომსახურეობის სამხარეო ცენტრის 2018 წლის 15 ნოემბრის 04-13/9623 ცნობა) ამდენად, იგი თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიღებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. თ----- შ----------–---–ის სარჩელი სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2018 წლის 27 სექტემბრის №06/06-09-06078-013/001 აქტი.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 19 ოქტომბრის № 73174 აქტი.

 

1.3. დაევალოს სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ----- შ----------–---–ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 11 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენისა და 2006 წლის 14 დეკემბრის №----------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების შეწყვეტის შესახებ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ხანდაზმულობის გამო.

 

2. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული