გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2019
საქმის ნომერი
330210018002701871
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/31805-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე - სს “ბა--------ი“

წარმომადგენელი - თა-----------–---–ი

 

მოპასუხეები - ბე--------–-–---–ი, ნა----------–-----–--ე

 

დავის საგანი - საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1. მოპასუხეებს ბე--------–-–---–სა და ნა----------–-----–--ეს სოლიდარულად დაეკისროთ სს "ბა--------ის“ მიმართ არსებული დავალიანება 13 264, 84 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 11 150.40 ლარი; პროცენტი - : 665. 35 ლარი; ჯარიმა - 1449,09 ლარი; თავდების ნა----------–-----–--ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 14 400,00 ლარით.

 

მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2018 წლის 22 იანვარს სს „ბა--------სა“ და ბე--------–-–---–ს შორის გაფორმებულ №2----------------------------- საკრედიტო ხელშეკრულებაზე, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 12 000,00 ლარის ოდენობით წლიური საპროცენტო სარგებლის - 12%-ის დარიცხვით, ვადით: 22/01/2018-დან 22/01/2020-მდე; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის- მიმდინარე დავალიანების 0.4% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის, მინიმუმ 15,00 ლარის ოდენობით. ხსენებული ხელშეკრულების 3.3 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, კერძოდ, ყოველი თვის 3 რიცხვში 564,88 ლარის გადახდით.

 

აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად 2018 წლის 22 იანვარს სს „ბა--------სა“ და ნა----------–-----–--ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულეზა N2------------------------------, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ზე--------–-–---–ის ფულად ვალდებულებებზე 14 400,00 ლარის ფარგლებში. ბე--------–-–---–ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება თავდების მიმართ თავდებობის ხელშეკრულების 3.3.1. პუნქტის შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტის მიხედვით, თავდების ქონებრივი პასუხისმგებლობა მოიცავს როგორც ძირითად ვალს, პირგასამტეხლოსა და ზიანს საერთო თანხისათვის, პროცენტებს ძირითად ვალზე, აგრეთვე ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო/საარბიტრაჟო/სააღსრულებო ხარჯებს.

 

მსესხებელმა დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკი და 2018 წლის 03 მაისის შემდგომ ანგარიშზე თანხა მოპასუხეს არ შეუტანია. გადახდის ზედიზედ ორ ვადაზე მეტის გადაცილებისა და დამატებით ორკვირიანი ვადის მოპასუხეების მიერ უშედეგოდ გაშვების შედეგად მოსარჩელეს წარმოეშვა დავალიანების მთლიანი თანხის ერთჯერადად და დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნის უფლება, ასევე მოთხოვნის უფლება საკრედიტო ხელშეკრულების 3.7 პუნქტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოზე.

 

2018 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეთა სოლიდარული დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 13 264. 84 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 11 150.40 ლარი; პროცენტი - 665. 35 ლარი; ჯარიმა - 1449.09 ლარი.

 

საკრედიტო ხელშეკრულების 9.2 პუნქტის და თავდებობის ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს სესხის ძირი თანხისა და საპროცენტო სარგებლის ნაწილში სრულად, ასევე პირგასამტეხლოს ნაწილში ნაწილობრივ, 10%-ის ოდენობით (2019 წლის 10 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:28:48-13:29:06).

 

მოპასუხეები არ დაეთანხმნენ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2018 წლის 22 იანვარს სს „ბა--------სა“ და ბე--------–-–---–ს შორის გაფორმდა №2----------------------------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 12 000,00 ლარის ოდენობით.

 

წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 12%-ით, 2020 წლის 22 იანვრამდე (ხელშეკრულების 3.7 პუქნტი).

 

ხელშეკრულების 3.3 პუნქტისა და თანდართული გრაფიკის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, კერძოდ, ყოველი თვის 3 რიცხვში 564,88 ლარის გადახდით.

 

მხარეები შეთანხმდნენ მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდაზე - გრაფიკით გათვალისწინებული შენატანის ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა შეადგენდა მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული) თანხის 0.4% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული შენატანისათვის პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო შეადგენდა მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული) თანხის 0.4%-ს; მინიმუმ 15,00 ლარს, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ზედიზედ სამი თვის განმავლობაში საერთოდ არ დაფარავდა დავალიანებას, სამივე თვის ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხებოდა პირგასამტეხლო მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული) თანხის 0.4%-ის ოდენობით, მინიმუმ 15,00 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

2018 წლის 22 იანვრის №2----------------------------- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 16-21).

 

3.1.2. 2018 წლის 22 იანვრის №2----------------------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სს „ბა--------სა“ და ნა----------–-----–--ეს შორის 2018 წლის 22 იანვარს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულეზა №2------------------------------, რომლის საფუძველზეც თავდებმა ნა----------–-----–--ემ სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ზე--------–-–---–ის ფულად ვალდებულებებზე.

 

ხელშეკრულების 2.2 პუნქტის მიხედვით, თავდების ქონებრივი პასუხისმგებლობა მოიცავდა როგორც ძირითად ვალს, პირგასამტეხლოსა და ზიანს საერთო თანხისათვის, პროცენტებს ძირითად ვალზე, აგრეთვე ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო/საარბიტრაჟო/სააღსრულებო ხარჯებს.

 

თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 14 400,00 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

2018 წლის 22 იანვრის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-23).

 

3.1.3. 2018 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით მსესხებელს 2018 წლის 22 იანვრის №2----------------------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით 11 150.40 ლარი; პროცენტის სახით - 665. 35 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 10 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:28:48-13:29:06).

სს „ბა--------ის“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 25)

 

3.1.4. საკრედიტო ხელშეკრულების 9.2 პუნქტის და თავდებობის ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

 

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

2018 წლის 22 იანვრის №2----------------------------- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 16-21).

2018 წლის 22 იანვრის თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 22-23).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2018 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით მსესხებელს 2018 წლის 22 იანვრის №2----------------------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება პირგასამტეხლოს სახით - 1449.09 ლარი, საიდანაც მოპასუხეებმა ცნეს 150,00 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდგომ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-7).

მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 10 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:28:48-13:29:06).

სს „ბა--------ის“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 25)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ „ბა--------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს „ბა--------სა“ და ბე--------–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბანკმა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 12 000,00 ლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა ბე--------–-–---–მა აითვისა.

6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე ბე--------–-–---–ს სს „ბა--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 665,35 ლარის გადახდა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ ბე--------–-–---–მა ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა ძირი თანხის ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0,4% არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა შემცირდეს 150,00 ლარამდე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „ბა--------სა“ და ნა----------–-----–--ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, თავდებმა კრედიტორის წინაშე იკისრა მსესხებლის ბე--------–-–---–ს მიერ №2----------------------------- საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თავდების თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 14 400,00 ლარით.

 

დადგენილია, რომ მსესხებელმა ბე--------–-–---–მა არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება. შესაბამისად, სს „ბა--------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის, 14 400,00 ლარის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნეს სს „ბა--------ის“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხის 11 150,40 ლარის, პროცენტის - 665,35 ლარისა და პირგასამტეხლოს - 150,00 ლარის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

განსახილველ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულების 9.2 პუნქტითა და თავდებობის ხელშეკრულების 8.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. შესაბამისად, სს „ბა--------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, სასარჩელო მოპასუხეთა მიერ მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 397.95 ლარიდან 358.97 ლარი, ხოლო დანარჩენი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 268-ე მუხლის II ნაწილით, 269-ე, 270-ე, 208-ე მუხლის III ნაწილით, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „ბა--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. ბე--------–-–---–სა და ნა----------–-----–--ეს მოსარჩელე სს „ბა--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 11 965.75 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 11 150.40 ლარი, პროცენტი - 665.35 ლარი, ჯარიმა - 150 ლარი;

 

1.2. მოსარჩელე სს „ბა--------ის“ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე სს „ბა--------ს“მის მიერ 2018 წლის 30 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 397.95 ლარიდან დაუბრუნდეს 358.97 ლარი.

 

3. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე განჩინების გასაჩივრება შეიძლება კერძო საჩივრით მხარისათვის განჩინების (დასაბუთებული გადაწყვეტილების) ჩაბარებიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. № 7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. № 6).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე