განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
020100119002932411
დავის ტიპი
177 3 ა , 177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 020100119002932411

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

საქმე N1/199-19 30 მაისი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე შოთა ბიჭია

 

სხდომის მდივანი თათია აქუბარდია

 

სხდომის სახე - ღია

 

1. ბრალდების მხარე:

1.1. პროკურორი მ-----------------------------

 

2. დაცვის მხარე:

2.1. ბრალდებული გოდერძი ელგუჯას ძე ბულია, დაბადებული 1998 წლის 20 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N51401031948, ნასამართლობის არმქონე, დაუოჯახებელი, მცხოვრები მისამართზე: წალენჯიხა, გაგარინის ქ. N8.

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტები

ქმედების შემადგენლობა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

2.2. ადვოკატი თ------------–---–--

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 06:00 საათზე გ--------------–--მ და დაუდგენელმა პირმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ძალაყინის გამოყენებით დააზიანეს წ--–--------------------------–------––- მდებარე შპს „თიბისიფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ ტერმინალში არსებულ თანხას 86 ლარის ოდენობით და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ნაწილებს, კერძოდ: 279 ლარად ღირებულ ქაღალდის ფულის მიმღებ კასეტას, 1283 ლარად ღირებულ კუპიურების მიმღებს, 220 ლარად ღირებულ მონეტების მიმღებსა და 239 ლარად ღირებულ მონეტების მიმღებ კასეტას, რის შედეგადაც შპს „თიბისიფეის“ მიადგა 2107 ლარის მნიშვნელობანი ზიანი.

 

2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტი

 

2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 06:00 საათზე გ--------------–--მ ძალაყინის გამოყენებით დააზიანა წ--–--------------------------–------––- მდებარე შპს „თიბისიფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ტერმინალში არსებულ თანხას 86 ლარის ოდენობით და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ნაწილებს, კერძოდ: 279 ლარად ღირებულ ქაღალდის ფულის მიმღებ კასეტას, 1283 ლარად ღირებულ კუპიურების მიმღებს, 220 ლარად ღირებულ მონეტების მიმღებსა და 239 ლარად ღირებულ მონეტების მიმღებ კასეტას, რის შედეგადაც შპს „თიბისიფეის“ მიადგა 2107 ლარის მნიშვნელობანი ზიანი.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1 სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არც ერთი მონაწილე მათ საეჭვოდ არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, რაც მითითებული კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაძლებლობის რეალიზაციის პროცედურულ ნაწილს არეგულირებს.

ის, რომ ბრალდებული დაეუფლა შპს „თიბისფეის“ აპარატის ნაწილებს და თანხას, აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების - ბ-------------- ა-–--------------–-–---, ჯ----–---------–---, ლ-------------, მ---------------, გ-----------------, გ--------------–--ს ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ამოღებული ნივთებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ--------------–-- ფარულად დაეუფლა შპს „თიბისფეის“ აპარატის ნაწილებს და თანხას.

 

3.2. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი

 

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა აღიარა წარდგენილი ქმედებების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდავოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

მოცემულ შემთხვევაში, ის რომ ბრალდებულს ამოძრავებდა „თიბისფეის“ აპარატის ნაწილებისა და თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ მოწმეების - ბ-------------- ა-–--------------–-–---, ჯ----–---------–---, ლ-------------, მ---------------, გ-----------------, გ--------------–--ს ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ამოღებული ნივთებით და სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულს დაზარალებულის კუთვნილი ნივთების ფარული დაუფლებისას ამოძრავებდა ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

3.3 რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

სისხლის სამართლის კოდექსში 177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ მითითებულია მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა. მნიშვნელოვანი ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარზე ზემოთ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი ზიანის ფულადი გამოხატულება არ უნდა იყოს იმაზე მეტი, რაც გათვალისწინებულია ,,დიდ ოდენობაში’’ და დაკონკრეტებულია ქურობის მუხლის შენიშვნის პირველ პუნქტში. მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედებამ რომ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ მოწმეების - ბრალდებულის და დაზარლებულის ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ამოღებული ნივთებით, "თიბის ფეის" უსაფრთხოების მენეჯერის მიმართვა და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულის ქმედებით დაზარალებულს მიადგა მნიშნელოვანი ზიანი.

 

3.4 საცავში უკანონო შეღწევა

 

საცავი არის მატერიალური ფასეულობების მუდმივი ან დროებით შესახად განკუთვნილი ტერიტორიული ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სსხვაგვარად დაცვა, მაგალითად სეიფი, რკინის კარადა, კონტეინერი და ა. შ.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულმა დაზარალებულის საცავში უნებართვოდ, ყოველგვარი ობიექტური მიზეზის გარეშე, ე.ი. უკანონოდ რომ შეაღწია, მხარეთა მიერ დავის საგანს არ წარმოადგენს და პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მისი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით და მიჩნეულ იქნა, რომ ბ-------------- ა-–--------------–-–---, ჯ----–---------–---, ლ-------------, მ--------------- ჩვენებებით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, ამოღებული ნივთებით, ბრალდებულ გ--------------–--ს ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია შპს „თიბისფეის“ აპარატში - საცავში.

 

3.5. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

საქართველოს სსკ–ის 27–ე მუხლის პირველი ნაწილი განმარტავს, რომ დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა 2 ან მეტი ამსრულებელი. იმავე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. ამდენად, კოდექსი ერთმანეთისგან განასხვავებს წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებას და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებას. ამ ორს ერთმანეთისგან განასხვავებს ერთადერთი ნიშანი – ჯგუფის წევრებს შორის შეთანხმება წინასწარ – ქმედების ჩადენამდე. ირკვევა, რომ შესაძლებელია პირთა ჯგუფი ერთდროულად ახორციელებდეს ერთსა და იმავე ქმედებას ერთმანეთთან წინასწარ შეუთანხმებლად. ეს გარემოება ბრალდების მხარეს აკისრებს ტვირთს, ამტკიცოს ჯგუფის წევრებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა. კოდექსი ითვალისწინებს არაერთ დანაშაულს, რომლის მაკვალიფიცირებელი გარემოებაც არის ჯგუფურად მისი ჩადენა. ასეთი დანაშაულები არ მოითხოვს ჯგუფის წევრებს შორის წინასწარ შეთანხმებას და საკმარისია ერთდროულად რამდენიმე პირის მოქმედების ფაქტის დადასტურება. მათგან განსხვავებით სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილი მოითხოვს (და ბრალდებულს ბრალიც სწორედ ამაში ედება), რომ ჯგუფის წევრებს შორის წინასწარ იყოს შეთანხმება ქმედების თაობაზე (წინასწარი შეთანხმების დამოუკიდებლად დადასტურების აუცილებლობა გაზიარებულია ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 1 თებერვლის N2კ–868აპ.–10 გადაწყვეტილებაში).

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ბრალდებულმა გამოძიების მიერ დაუდგენელ პირთან წინასწარი შეთანხმებით, მასთან ერთად ჯგუფურად დაეუფლა "თიბისიფეის" აპარატის ნაწილებს და თანხას.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ იქნა ცნობილი მხარეთა მიერ, თუმცა, დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვაში განაცხადა, რომ ქმედების კვალიფიკაციას არ ეთანხმება, შეცვალა პოზიცია და მოითხოვა კვალიფიკაციიდან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოქმედების ამორიცხვა იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებენ ჯგუფის წევრებს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობას. ბრალდებული დაეთანხმა ადვოკატის მიერ გამოხატულ ამ პოზიციას, რითაც შეცვალა წარდგენილი ბრალდების სრულად აღიარების პოზიცია. ბრალდებული არ არის შეზღუდული პროცესის წინა ეტაპზე მის მიერ გაჟღერებული პოზიციით და, დაცვის მხარის სტრატეგიის შესაბამისად, ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს ის. ამიტომაც ბრალდების მხარე ვალდებულია მტკიცებულებითი სტანდარტი დააკმაყოფილოს ბრალდებულის პოზიციის გაუთვალისწინებლად. მოცემულ ეტაპზე ბრალდებული უარყოფს ვინმესთან წინასწარი შეთანხმებით ქურდობის შემადგენლობის განხორციელებას. ამდენად, ვინაიდან ბრალდებულს აქვს ამის უფლება, მისი გამოკითხვის ოქმიც სწორედ ამ პოზიციის გათვალისწინებით უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან დაუშვებელია მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მის წინააღმდეგ გამოყენება.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე: სასამართლო ვალდებულია დაადგინოს ფაქტები, ხოლო მათ დასადგენად ის ვალდებულია დაეყრდნოს მტკიცებულებებს. ამდენად, ფაქტი და მტკიცებულება სხვადასხვა ცნებებია. ფაქტი არის ის კონკრეტული გარემოება, რასაც ამტკიცებს მხარე, ხოლო მტკიცებულება არის კანონით გათვალისწინებული ის მასალა, მხარის მიერ შექმნილი ან მოპოვებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ცნობებს, მონაცემებს სამტკიცებელი ფაქტის შესახებ. ფაქტი დასტურდება ან უარიყოფა მტკიცებულებით. შესაბამისად, ფაქტებს შეიცავს მტკიცებულებები. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ ესა თუ ის ფაქტი გამოიყენება სხვა ფაქტის დადასტურების/უარყოფის კონტექსტში. სწორედ ასეთ შემთხვევად უნდა იქნეს მიჩნეული სსსკ-ის 73-ე მუხლი, რომელიც დასაწყისში თუმცა მიუთითებს გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებებზე, თუმცა შემდგომში საუბრობს ფაქტებზე, რომლებიც პრეიუდიციული ძალით სარგებლობენ. ამდენად, სსსკ-ის 73-ე მუხლი არეგბულირებს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების, როგორც გარკვეული გარემოების შესახებ ინფორმაციის შემცველი მონაცემების პრეიუდიციულ ხასიათზე. მისგან განსხვავებით სსსკ-ის 220-ე მუხლი მიუთითებს არა უდავო ფაქტების, არამედ უდავო მტკიცებულებების ჩამონათვალზე.

ამდენად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლი განსაზღვრებას „პრეიუდიციული“ იყენებს ფაქტებთან დაკავშირებით, ხოლო სსსკ-ის 220-ე მუხლი განსაზღვრებას „უდავო“ იყენებს მტკიცებულებებთან დაკავშირებით. ე.ი. პრეიუდიცია მიემართება ფაქტებს, ხოლო უდავობა მიემართება მტკიცებულებებს.

მტკიცებულებების უდავოდ ცნობა უნდა ემსახურებოდეს კონკრეტული ფაქტების პრეიუდიციულად აღიარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, თუ რაზე თანხმდებიან მხარეები. აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ამტკიცებს უდავო და სადავო მტკიცებულებების ნუსხას, თუმცა არ ამტკიცებს პრეიუდიციული და არაპრეიუდიციული ფაქტების ჩამონათვალს. მხარეები არ ადგენენ რაიმე დოკუმენტს, სადაც მითითებული იქნებოდა კონკრეტული ფაქტები, რომლებზეც ისინი თანხმდებიან და არ დავობენ. ამიტომაც არსებითი განხილვისას არსებობს მხოლოდ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ნუსხა და არ არსებობს პრეიუდიციულად ცნობილი ფაქტების ნუსხა. ასეთი ფაქტები სასამართლომ თავად უნდა გამოკვეთოს მხარეთა პოზიციებისა და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შინაარსის მიხედვით. არის შემთხვევები, როცა გაუგებარია, მტკიცებულებების უდავოდ ცნობით თუ რომელი კონკრეტული ფაქტების პრეიუდიციულ ხასიათზე შეთანხმდნენ მხარეები. ამდენად, ასეთ ვითარებაში მოსამართლე ვალდებულია, ერთობლიობაში შეაფასოს მტკიცებულებები და მხარეთა პოზიციები. იმ შემთხვევაში, როცა უდავოდ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ცნობილია ბრალდებულის გამოკითხვის ოქმები და მისი მონაწილეობით ჩატარებული მოქმედებების ამსახველი ოქმები, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე აფიქსირებს პოზიციას, რომელიც მოითხოვს ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის გაზიარებაზე უარის თქმას, სასამართლო ვალდებულია დაეყრდნოს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რათა გაარკვიოს პრეიუდიციული ფაქტების შინაარსი.

ბრალდების მხარე წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედების დასადასტურებლად ბრალდებულის გამოკითხვის ოქმსა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან ერთად (რომელთა ბრალდებულის წინააღმდეგ გამოყენებაზე უარის თქმას ნიშნავს ბრალდებულის პოზიცია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის არარსებობის შესახებ) უთითებს 2 მტკიცებულებაზე: ვიდეომასალასა და მის დათვალიერების ოქმზე. საქმე ის არის, რომ თავად ვიდეომასალა დასაშვებ მტკიცებულებად არის ცნობილი, თუმცა აღნიშნული მასალა საქმეს თან არ ერთვის, ის ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია, ვინაიდან გააგზავნა ექსპერტიზაზე და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაეცნოს აღნიშნულ მასალას, რის გამოც მისთვის უცნობია მისი შინაარსი. ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მის შინაარსზე მიუთითებს, არის მისი დათვალიერების ოქმი, თუმცა ამ ოქმის შინაარსის დადასტურებისა და პირველწყაროსთან გადამოწმებას სასამართლო ვერ ახერხებს დისკის წარმოუდგენლობის გამო. ვინაიდან ბრალდების მხარემ ითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის მიღება დისკის წარმოდგენის გარეშე, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდების მხარემ უარი განაცხადა დისკის მტკიცებულებად სასამართლოში გამოყენებაზე. ეს ასე რომ არ იყოს, სასამართლოს მიეცემოდა შესაძლებლობა, გაცნობოდა დისკის შინაარსს და გამოეყენებინა ის განაჩენის მიღებისას, თუმცა ბრალდების მხარემ სასამართლოს ამის საშუალება არ მისცა. ამდენად, სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ბრალდებულის შეცვლილი პოზიციის გათვალისწინებით, ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბრალდებულის საწინააღმდეგოდ და შეიძლება მიუთითებდეს ჯგუფურ ქმედებაზე, არის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომლის პირველწყაროსთან გადამოწმება შეუძლებელია. არ არსებობს მეორე მტკიცებულება, რომელიც მის შინაარსს დაადასტურებდა. ამასთან, საინტერესოა ისიც, რომ თავად დათვალიერების ოქმი, მისი საკმარისად მიჩნევის შემთხვევაშიც კი არ მიუთითებს პირთა წინასწარი შეთანხმების არსებობაზე, რადგან, როგორც ირკვევა, კადრში ჯერ ჩნდება ერთი პირი, რომელიც იწყებს მოქმედებას და აპარატის გატეხვის შემდეგ მიდის მასთან მეორე პირი, რომელიც ეხმარება აპარატის გატეხვაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, ოქმის თანახმად, ისმის ასევე ხმაც, თუმცა ისმის მხოლოდ დამტვრევის ხმა, როგორც ჩანს, პირები ერთმანეთში არ საუბრობენ. ოქმში არ არის ასახული ასევე პირებს შორის რაიმე სახის კომუნიკაცია, თუნდაც მიმიკებით ან ჟესტიკულაციით. ამდენად, დათვალიერების ოქმი მიუთითებს 2 პირის ერთდროულ მოქმედებაზე და ამაზე მეტ ინფორმაციას არ იძლევა. ამ ოქმიდან არ იკვეთება, რომ მოქმედი პირები წინასწარი შეთანხმებით მოქმედებენ და არ გამორიცხავს, რომ ერთი პირის მოქმედების შემჩნევის შემდეგ ჩაერთო მეორე პირი. ამის გამორიცხვის გარეშე კი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქმედების ჩადენის დადასტურება შეუძლებელია.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე: ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქმედების ჩადენას, თუმცა ჯგუფის მეორე წევრის ვინაობა დაუდგენელია. ამდენად, უცნობია, ვისთან ერთად ქმედების ჩადენას ედავება ბრალდების მხარე ბრალდებულს. ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება ქმედების კვალიფიკაციის საკითხს, ვინაიდან სსკ-ის 27-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები ქმედების წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებად კვალიფიკაციისათვის მოითხოვს რამდენიმე ამსრულებლის არსებობას. ამსრულებლის განმარტებას იძლევა სსკ-ის 22-ე მუხლი, რომელიც შუალობითი ამსრულებლობის შემთხვევაში გამორიცხავს უშუალოდ მოქმედი პირის ამსრულებლობას და ამსრულებელს უწოდებს მხოლოდ შუალობით ამსრულებელს. სხვაგვარად რომ ითქვას, იმ შემთხვევაში, როცა დანაშაულის შემადგენლობას ახორციელებს 2 პირი, რომელთაგან ერთს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა რაიმე (შემადგენლობის, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი) გარემოების გამო, ამსრულებლად არ ითვლება ის პირი, ვისაც არ დაეკისრება პასუხისმგებლობა და ამსრულებლად ითვლება მხოლოდ ერთი პირი (შუალობითი ამსრულებელი). ასეთ ვითარებაში ჯგუფური დანაშაული გამორიცხულია, ვინაიდან არ არსებობს 2 ამსრულებელი. ამდენად, იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებად, აუცილებელია გაირკვეს მეორე პირის ქმედებასა და მის პიროვნებასთან დაკავშირებული გარემოებებიც, რათა ის მიჩნეულ იქნეს თანაამსრულებლად. განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს მიაწვდის საკმარის ინფორმაციას სხვა პირის ქმედებასა თუ მის პიროვნებაზე იმდაგვარად, რომ გამორიცხავს თანაამსრულებლობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობას და დაარწმუნებს მის თანაამსრულებლად მიჩნევის შესაძლებლობაში. მით უმეტეს, რომ საქმის მასალებით არ იკვეთება, რომ ბრალდებული იცნობდა ვინმეს, ვისთან ერთადაც შეეძლო ქმედების ჩადენა, ხოლო სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიერ გაჟღერებული პოზიციის შესაბამისად, ის არავის შეთანხმებია ქურდობის ჩადენაში. ამდენად, საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა სხვა პირთან ერთად მოქმედებას, მასთან წინასწარ შეთანხმებას, მისი მოქმედების სუბიექტურ შემადგენლობას - მოტივს და მიზანს (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების თუ სხვა მიზანს), მის მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებას (მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობას), მის ასაკს, ფსიქიკურ მდგომარეობას, მის ბრალეულად მოქმედებას (ბრალის გამომრიცხველი გარემოებების არარსებობას). ამის გარეშე კი შეუძლებელია თანაამსრულებლის არსებობის დადგენა.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", და "ბ" ქვეპუნქტები გულისხმობს ქურდობას, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით. ხოლო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა ქვეპუნქტი გულისხმობს ქურდობას, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს წინასწარი შეთნხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ჩადენაზე, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის შეთანხმებას სხვისი ქონების მართსაწინააღმდეგო დაუფლებისთვის, რომელსაც ადგილი აქვს დანაშაულის უაშუალო განხორციელებამდე. ვინაიდან განზრახი დანაშაულის დასაწყისად ითვლება უშუალოდ დანაშაულის ჩადენისკენ მიმართული მოქმედება, წინასწარი შეთანხმება ჯგუფური დანაშაულის ჩასადენად შეიძლება მოხდეს ქურდობის მოსამზადებელ სტადიაზეც, მაგრამ სხვისი ქონების ფარული დაუფლებისკენ მიმართული მოქმედების დაწყებამდე. წინაწარი შეთანხმებით ჯგუფში შედიან მხოლოდ თანაამსრულებლები, ამიტომ რთული თანამონაწილეობა არ ქმნის ზემოაღნიშნულ მაკვალიფიცირებელ გარემოებას. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ობიექტური მხარის განხორციელებაში უნდა მონაწილეობდეს ყველა თანაამსრულებელი. საქართველოს სსკ-ის 22-ე მუხლის თანახმად ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში, აგრეთვე ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა სხვა ისეთი პირის მეშვეობით, რომელსაც ამ კოდექსის მიხედვით ასაკის, შეურაცხადობის ან სხვა გარემოებების გამო არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე.

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გადალახავდა საქმის ბედით დაუინტერესებელი პირის გონივრული ეჭვის სტანდარტს და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ბრალდებულის მხრიდან ქურდობის ჩადენას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. ასეთ ვითარებაში ბრალდებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით დადასტურებული პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით დადგენილია, რომ გ--------------–--მ ჩაიდინა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება.

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ გ--------------–--ს მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობების განხორციელებას.

 

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

გ--------------–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად მიჩნეულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის აღიარება, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

გ--------------–--ს პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალებით არ იკვეთება.

 

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სანქციას. ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს შინაპატიმრობას ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (ქმედების შემთხვევაში კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა, ზიანის ოდენობა), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს, მოტივს და მიზანს (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონების დაზიანება, მატერიალური გამორჩენის მიღების სურვილი), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი) პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ბრალდებულის პიროვნებას. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულისა (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია 4 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულს სასჯელის ვადაში უნდა ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაჩენში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: ა) თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; ბ) თუ ბრუნვიდან ამოღებულ ნივთს აქვს რაიმე ღირებულება, იგი გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო თუ მას ღირებულება არა აქვს, - ნადგურდება; გ) სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა, - ნადგურდება; დ) დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავალი/ქონება ხმარდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, ზიანის ანაზღაურების შემდეგ - საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, ხოლო თუ ცნობილი არ არის პირი, რომელსაც ზიანი მიადგა,- გადაეცემა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს; ე) დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

საქმეზე დართულია ნივთმტკიცებები: ანაწმენდები, ნერწყვის, სუნის ნიმუშები, რასაც რაიმე ღირებულება არ გააჩნია, რის გამოც ისინი უნდა განადგურდეს; ხოლო მონეტის მიმღები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი უნდა დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, დისკები კი დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 25-ე, 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--------------–-- საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

გ--------------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გ--------------–--ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 22 თებერვლიდან.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: ანაწმენდები, ნერწყვის, სუნის ნიმუშები განადგურდეს, მონეტის მიმღები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს, დისკები დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე შოთა ბიჭია