გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3-----9
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30.05.2019 წელი ქ.რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - გა-----------ი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის პენიტენციური დაწესებულება
წარმომადგენელი - ნი----------–---–ი
დავის საგანი: 2019 წლის 11 თებერვლის N3------- დირექტორის განკარგულების ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 11 თებერვლის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის N3------- განკარგულება ბრალდებულის/ მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
მსჯავრდებული მიიჩნევს რომ განკარგულება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და არის უკანონო.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს აღნიშნული განკარგულების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. განკარგულება აკმაყოფილებს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტისთვის კანონდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა საქართველოს პატიმრობის კოდექსის 81-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლებზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა გა-----------ის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტს და დააკისრა ჩადენილი დარღვევის პროპორციული, მსჯავდებულის პიროვნების, მისი ქცევის, დარღვევის სიმძიმისა და ხასიათის შესაბამისი დისციპლინური სახდელი. ამასთანავე განკარგულება იყო კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
საქართველოს პატიმრობის კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად მსჯავდებული ვალდებულია დაიცვას პენიტენციური დაწესებულების დებულება და შეასრულოს ადმინისტრაციის კანონიერი მოთხოვნები. აღნიშნული ვალდებულება განემარტება ნეისმიერ მსჯავდებულს დაწესებულებაში მიღებისას საქართველოს სასჯელაღსურელებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს N108 ბრძანებით დამტკიცებული N6 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-15 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად.
მსჯავრედბულ გა-----------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევას, აღნიშნული დასტურდება უტყუარი მტკიცებულებებით, შესაბამისად არ არსებობს დაწესებულების დირექტორის 2019 წლის 11 თებერვლის N3------- განკარგულების ბათილად ცნობის რაიმე სახის საფუძველი.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1 2019 წლის 11 თებერვლის N6 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის N3------- განკარგულებით განხილულ იქნა საქმე გა-----------ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე. დისციპლინური სახდელის სახედ გამოყენებულ იქნა საყვედური.
2019 წლის 04 თებერვალს, დაახლოებით 13:10 საათზე, დაწესებულების მეორე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის N2 დ------–-–-ის ოთახში განთავსებულ ბრალდებულ გა------------------------ს ოთახის კარებთან, მისულები იყვნენ დააწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკები მა------------–-–---–ი და ნ-----–--–----------–---–ი, რათა ბრალდებულ გა-----------ისათვის გადაეცათ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული კორესპონდენცია. კორესპონდენციის გადაცემის დროს, ბრალდებული გა-----------ი მოულოდნელად, სრულიად უმიზეზოდ გახდა აგრესიული და დაიმუქრა, რომ საწერი კალმით მიიყენებდა სხეულის თვითდაზიანებებს. აღნიშნულის გამო მასთან ოთახში შევიდნენ ლ-------------ი და ინსპექტორ-კონტროლიორი შ. ნ--------ე, რომელთა მიმართ იგინებოდა დედისა და ახლობლების მისამართით, ასევე ორივე მათგანს შეანერწყვა რამოდენიმეჯერ სახის არეში, მიუხედავად, მათი არაერთი მოწოდებისა, რომ ბრალდებული დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, მან ყურად არ იღო მათი კანონიერი მოთხოვნა და კვლავ გააგრძელა მათი მისამართით ლანძღვა-გინება.
გა-----------მა ჩაიდინა განზრახი ქმედება, რითიც შეურაცხყო სხვა პირის ღირსება, გამოიწვია ხმაური და ხელი შეეშალა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განკარგულება N3------- (ს.ფ 11)
- 2019 წლის 04 თებერვლის N23/25878 პატაკი (ს.ფ 62)
- 2019 წლის 04 თებერვლის მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი (ს.ფ 64-65)
3.3. ბრალდებულ გა-----------ის მიერ დარღვეულ იქნა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განკარგულება N3------- (ს.ფ 11)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გა-----------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 სასამართლო განმარტავს, საერთაშორისო სამართლის რიგი უმნიშვნელოვანესი წყაროები (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, ასევე რეგიონალური მნიშვნელობის, ევროპის საბჭოს ფარგლებში მოქმედი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი _ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია), განსაზღვრავენ რა ადამიანის იმ ძირითად უფლებებს, რომლებიც კაცობრიობის განვითარების დღევანდელ ეტაპზე განუსხვისებელია ყოველი გონიერი არსებისაგან, ადგენენ მათი დაცვის გარანტიებსა და ასეთი დაცვის განხორციელების საზედამხედველო მექანიზმებს, ერთ-ერთ უმთავრეს უფლებად, სწორედ სასამართლოსადმი მიმართვის, ასევე სამართლიანი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოთი პირის უზრუნველყოფის ვალდებულებას აწესებენ. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი, აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და მოახდინოს თავის დარღვეული უფლებისა თუ კანონით გარანტირებული უფლების დაცვა.
6.2. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კანონის ტექსტიდან გამომდინარე, ნორმა განსაზღვრავს, თუ რომელმა მხარემ რომელი ფაქტობრივი გარემოებები უნდა დაამტკიცოს. კანონი განსაზღვრავს აგრეთვე, თუ რომელ მხარეს ეკისრება მტკიცებულებათა წარდგენა სასამართლოში, რომელი ფაქტები არ საჭიროებენ დამტკიცებას, როგორ და რა წესით ხდება მტკიცებულებათა შეგროვება, შემოწმება, შეფასება და ა.შ. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ოფიციალობის პრინციპის გათვალისწინებით სრულად გამოიყენება ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში. მითითებული პრინციპის შესაბამისად, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. მითითებული დებულება ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე, კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთხვევას, კერძოდ, როცა დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოზე – მოპასუხე სუბიექტზე, თუმცა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება აქტთან დაკავშირებულ სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს მოსარჩელის სრულ განთავისუფლებას სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების მითითების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება. ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოადგენს მსჯავრდებული, რომელსაც არ გააჩნია მტკიცებულებათა მოპოვების ფართო შესაძლებლობა, რაც ასევე უნდა იქნეს გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის განაწილების დროს.
6.3. სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 27 აგვისტოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის N108 ბრძანების პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პენიტენციური დაწესებულების დებულება (შემდგომში – დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) №6 პენიტენციური დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს დაწესებულებაში პატიმრობისა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს მტკიცებულებათა სახეებს, მათ შორის ყურადღებას იმსახურებს მოწმეთა ჩვენებები, რომელთა ახსნა-განმარტებები, მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმის მტკიცებულების მნიშვნელოვან წყაროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
6.4 მოსარჩელის კომპეტენციაშია, თავად შეარჩიოს იმ ფორმის სარჩელი, რომელიც მას ესაჭიროება მიზნის განსახორციელებლად, ასევე უნდა განსაზღვროს დავის საგანი, სარჩელის შინაარსი და მოცულობა, სასამართლო შეზღუდულია მოცემული სარჩელით და საქმეს იხილავს ამ სარჩელის ფარგლებში.
6.5 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქ/პუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერი ერის ფუნდამენტურ ღირებულებებს საფუძვლად უდევს და იცავს კანონი. კანონის ღირებულებათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ყველა ადამიანის თანდაყოლილი ღირსების პატივისცემა. ადამიანის ღირსების პატივისცემის საუკეთესო საზომია ის, თუ როგორ ექცევა საზოგადოება სწორედ მათ, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედების, ანუ დანაშაულის ჩადენა. აღნიშნული პრინციპი აღიარებულია როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობითაც. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას. სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-10 მუხლის მიხედვით, ყველა თავისუფლება შეზღუდულ ადამიანს უნდა მოეპყრონ ჰუმანურად და ადამიანისთვის თანდაყოლილი ღირსების პატივისცემით. პატიმართა მოპყრობის მინიმალური სტანდარტების პირველივე წესი ითვალისწინებს იმავე მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ ყველა პატიმარს უნდა მოექცნენ ადამიანისათვის თანდაყოლილი ღირსების პატივისცემით. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი ცნობს და აღიარებს ყველა ადამიანის უფლებას თავისუფლების ხელშეუვალობის შესახებ. კონსტიტუციის ამავე მუხლით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, დაშვებულია ადამიანის თავისუფლების აღკვეთა ან პირადი თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლი ავითარებს იმავე პრინციპებსა და დებულებებს. ამ მუხლის მიხედვით, ყოველ ადამიანს აქვს თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, პატივისა და ღირსების დაცვის უფლება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
6.7 საქართველოს კანონის ,,პატიმრობის კოდექსის’’ მიხედვით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. შესაბამისად საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
6.8 სასამართლო განმარტავს, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,პატიმრობის კოდექსის” XIV თავი, რომლის მე-80 მუხლის თანახმად, დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ამავე მუხლის ,,დ'' ქვეპუნქტის შესაბამისად კი, ასეთ ქმედებად გათვალისწიებულია განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;
მითითებული საკანონმდებლო აქტის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის შედეგია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.
ამავე კოდექსის 83-ე მუხლით ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც ბრალად ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენა, უფლება აქვს: ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი; ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში; დ) მოითხოვოს დისციპლინურ განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს მოწმეები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში;
6.9 სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ,,პატიმრობის კოდექსის” 84-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურას. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში ადმინისტრაცია ადგენს ოქმს. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა. მითითებული ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად კი, განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.
6.10 მხარისათვის გასაჩივრების უფლების სათანადო რეალიზაციისათვის საჭიროა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების გაცნობა, რათა შესაძლებელი იყოს შესაბამისი პოზიციის და სამართლებრივი საფუძვლების ჩამოყალიბება სასამართლოსათვის მიმართვის მიზნით. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი აღიარებს არა მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის უფლებას, არამედ გარკვეულ გარანტიებს ქმნის დაცვის უფლების ჯეროვანი განხორციელებისათვის. სასამართლოს დაცვა კი ეფექტიანი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, როცა იგი დროულად ხორციელდება.
6.11.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რეალაქტის განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, ქმედების განხორციელების მოთხოვნით.
ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომლის მიზანია ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც არ გულისხმობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელის მოთხოვნა საჭიროებს ადმინისტრაციული ორგანოს, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უფლებამოსილებიდან გამომდინარე, მოთხოვნილი მოქმედების განხორციელების ვალდებულების დადგენას.
6.12 საქართველოს კანონი ,,პატიმრობის კოდექსი" განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
6.13 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა) აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად, ხოლო ამავე ნორმის 3.3. მუხლით დადგენილია, რომ ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული ორგანოების და ამ ორგანოების თანამდებობების პირების იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია ადმინისტრაციული ფუნქციის განხორციელებასთან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, მოპასუხე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №6 პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელს იხდის გა-----------ი. ეს უკანასკნელი წარმოადგენს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გაერთიანებულ ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებას, რომლის საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების სპეციალური ღონისძიებების განხორციელების, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, შესაბამისი მონაცემების დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფისაკენ.
საქართველოს კანონი ,,პატიმრობის კოდექსის" პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება ხორციელდება კანონიერების, ჰუმანიზმის, დემოკრატიულობის, კანონის წინაშე თანასწორობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებზე დაყრდნობით. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების, ასევე მათი სამართლებრივი, სოციალური და პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას. ბრალდებულს პატიმრობის, ხოლო მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.
დადგენილია, რომ მოსარჩელე სასჯელს იხდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურში, შესაბამისად, მასზე ვრცელდება ზემოთხსენებული ნორმით გარანტირებული უფლებები.
6.14. სასამართლო მიუთითებს საქართველოს კანონის „პატიმრობის კოდექსის" მე-14 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ა.-ა.ბ" ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/ მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს სამჯერადი კვებით.
6.15 სასამართლო მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ’’ ქვეპუნქტს, რომლის შესაბამისად, დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
6.16 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7 მუხლებით განისაზღვრება დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი და პირობები. კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში; ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა; დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 04 თებერვალს, დაახლოებით 13:10 საათზე, დაწესებულების მეორე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულის N2 დ------–-–-ის ოთახში განთავსებულ ბრალდებულ გა------------------------ს ოთახის კარებთან, მისულები იყვნენ დააწესებულების სოციალური განყოფილების სოციალური მუშაკები მა------------–-–---–ი და ნ-----–--–----------–---–ი, რათა ბრალდებულ გა-----------ისათვის გადაეცათ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული კორესპონდენცია. კორესპონდენციის გადაცემის დროს, ბრალდებული გა-----------ი მოულოდნელად, სრულიად უმიზეზოდ გახდა აგრესიული და დაიმუქრა, რომ საწერი კალმით მიიყენებდა სხეულის თვითდაზიანებებს. აღნიშნულის გამო მასთან ოთახში შევიდნენ ლ-------------ი და ინსპექტორ-კონტროლიორი შ. ნ--------ე, რომელთა მიმართ იგინებოდა დედისა და ახლობლების მისამართით, ასევე ორივე მათგანს შეანერწყვა რამოდენიმეჯერ სახის არეში, მიუხედავად, მათი არაერთი მოწოდებისა, რომ ბრალდებული დამშვიდებულიყო და შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, მან ყურად არ იღო მათი კანონიერი მოთხოვნა და კვლავ გააგრძელა მათი მისამართით ლანძღვა-გინება.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ გა-----------მა ჩაიდინა განზრახი ქმედება, რითიც შეურაცხყო სხვა პირის ღირსება, გამოიწვია ხმაური და ხელი შეეშალა დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას. ბრალდებულ გა-----------ის მიერ დარღვეულ იქნა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც დაწესებულების დირექტორს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება, ამდენად არ არსებობს მეორე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და შეფარდებული დისციპლინური გადაცდომის ხასიათის გათვალისწინებით, გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგბელობის ღონისძიებები სრულიად საკმარისია იმ მიზნის მისაღწევად, რომელსაც ემსახურება პატიმრობის კოდექსით დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესებას. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განკარგულებები, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მოსარჩელის არგუმენტების გაზიარებისა და სადავო აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 01 აპრილის განჩინებით მოსარჩელე გა-----------ს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაბამისად მოსარჩელე გა-----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გა-----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე გა-----------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი