გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N160210119002812762
N2/31-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 მაისი, 2019 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ია ლაბაძე
სხდომის მდივანი ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ფი---------------------–ო''
წარმომადგენელი - გი-------–-----–---–ი
მოპასუხეები: რა---–------------ი, გა----------------–---ი (არ გამოცხადნენ)
წარმომადგენელი - ბელ--------ე
მოპასუხეები: აკ------–---------ი, ზე-----------------–---ა (არ გამოცხადნენ)
დავის საგანი: თანხის დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებისათვის ზე-----------------–---ასათვის, რა---–------------ისა და გა----------------–---ისათვის მოსარჩელე სს ,,ფი---------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად 17 893,75 ლარის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 14 148,60 ლარი, სარგებელი - 3 021,26 ლარი, პირგასამტეხლო - 694,59 ლარი, ხოლო სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 29,30 ლარი;
1.2. გა----------------–---სა და აკ------–---------ს შორის, 2018 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე: მდებარე მა-------–--------------------–-------------ი, საკადასტრო კოდით: 83.03.17.6-- და უძრავ ქონებაზე: მდებარე ქ. მა-------–----------------------–--ა, კორპუსი N1, საკადასტრო კოდი:83.02.02.739.01.0--;
1.3. უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდებით: 83.03.17.6-- და 83.02.02.739.01.0-- გა----------------–---ის საკუთრების უფლების აღდგენა (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-20).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2018 წლის 26 ივნისის სესხის ხელშეკრულებით ზე-----------------–---მა სს ,,ფი---------------------–ოსგან“ ისესხა 15 100 ლარი, 2018 წლის 26 ივნისიდან - 20-- წლის 06 ივლისამდე, ანუ 741 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 21%-ით წლის განმავლობაში. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს, ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება 60 კალენდარული დღის ვადაში. სესხის ხელშეკრულების დანართის სახით გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება, საწყის სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 15 100 ლარი, ხოლო სადაზღვევო პრემიის ოდენობა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0,6%. დაზღვევის პოლისის თანახმად, დამზღვევის მიერ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დარღვევიდან 93 დღის შემდგომ, დაზღვევა ავტომატურად ითვლება გაუქმებულად. შესაბამისად, 93 დღის შემდგომ წყდება დაზღვევის ღირებულების თანხის დარიცხვაც. სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია რა---–------------თან და გა----------------–---თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდებთა სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 18 900 ლარით.
მსესხებლის მიერ ორჯერ განხორციელდა სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული დავალიანების დაფარვა და ორჯერვე ვადაგადაცილებით. მსესხებელს, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გადახდილი აქვს 1 578,85 ლარი, საიდანაც 951,40 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 609,50 ლარი საპროცენტო სარგებელი და 17,95 ლარი - პირგასამტეხლო. მსესხებელმა 2018 წლის 05 ოქტომბრიდან შეწყვიტა თანხის გადახდა. შესაბამისად, 2018 წლის 05 ოქტომბრიდან ვადაგადაცილებულ თანხაზე დარიცხული იქნა საურავი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 1%-ის ოდენობით, რომლის დარიცხვაც მოხდა მხოლოდ 60 კალენდარული დღის განმავლობაში და შეადგინა 694,59 ლარი. სს ,,ფი---------------------–ომ“ 2019 წლის 16 იანვრიდან შეწყვიტა მსესხებელთან სახელშეკრულებო ურთიერთობა.
2018 წლის 26 სექტემბერს, სოლიდარულ თავდებს გა----------------–---სა და აკ------–---------ს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები უძრავ ქონებაზე: მდებარე, მა-------–--------------------–-------------ი, ს/კ 83.03.17.6-- და უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ. მა-------–----------------------–--ა, ს/კ 83.02.02.739.01.0--. იმავე დღეს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა აკ------–---------მა და აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე მოითხოვა გა----------------–---ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების თავის სახელზე აღრიცხვა, რითაც სოლიდარულმა თავდებმა გა----------------–---მა თავის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება ფიქტიურად გადააფორმა აკ------–---------ის სახელზე. მოსარჩელე მხარის მითითებით, მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აკ------–---------ი წარმოადგენს გა----------------–---ას ოჯახის წევრს და მის სახელზე ქონების გადაფორმების მიზანს წარმოადგენდა ბანკის წინაშე თავდებობის წერილით ნაკისრი ვალდებულების თავიდან არიდება.
დღეის მდგომარეობით, მოვალეებს ბანკის მიმართ აქვთ დავალიანება 17 893,75 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 14 148,60 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3 021,26 ლარი, პირგასამტეხლო - 694,59 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 29,30 ლარი. აღნიშნული დავალიანებიდან 3 845,69 ლარი მიმდინარე დავალიანებაა დარიცხულ ჯარიმასთან ერთად და სიცოცხლის დაზღვევის ღირებულებასთან ერთად, ხოლო დარჩენილი 14 048,06 ლარი სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელი თანხა, საიდანაც 11 984,37 ლარი არის სესხის ძირითადი თანხა, ხოლო 2 063,69 ლარი საპროცენტო სარგებელი, ანუ ის თანხა რომელსაც მიიღებდა ბანკი მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-20).
2019 წლის 07 მაისის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა გი-------–-----–---–მა მიუთითა, რომ გა----------------–---ი და აკ------–---------ი არიან დედა-შვილი, აღნიშნული გარემოება დასტურდება, როგორც მხარის მიერ გაგზავნილი სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების დასტურით, ისე სასამართლოს მიერ აკ------–---------ის სახელზე გაგზავნილი წერილით, რომელიც ჩაიბარა გა----------------–---მა და მიუთითა, რომ არის აკ------–---------ის დედა (იხ. 07.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 15:32;00-15:37:04).
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელს ცნობენ სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო სხვა თანხები არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მათი შემცირება. მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში და მიუთითეს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია კანონის დაცვით, არ ყოფილა რაიმე ფარული განზრახვა, მესაკუთრეს არ ქონდა გასხვისება შეზღუდული, არ ქონდა რაიმე უზრუნველყოფილი სესხი და არ იცოდა ძირითად მსესხებელი იხდიდა თუ არა ვალს. ამასთან, უძრავი ქონება ჯერ კიდევ მაშინ იქნა გასხვისებული, როდესაც გრაფიკის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. მყიდველსა და გამყიდველს შორის არ არსებობს ნათესაური კავშირი, მყიდველი არის კეთილსინდისიერი შემძენი (იხ. შესაგებელი ს.ფ. 88-93).
2019 წლის 07 მაისის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეების რა---–------------ისა და გა----------------–---ას წარმომადგენელმა ბელ--------ემ განმარტა, რომ არასწორია მოსარჩელის მოთხოვნა, რომლითაც იგი თავდებებს სთხოვს თანხის გადახდას, იმ პირობებში როდესაც მსესხებლისგან არ მომხდარა თანხის ამოღება. აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, თავდებები გამოდიან თანამსესხებლად და არა სოლიდარულ თავდებებად. გარდა ამისა, გა----------------–---ასა და აკ------–---------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება არ არის ბათილი, რადგან არ წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, ნასყიდობის მხარეებს შორის არ არსებობს არანაირი ნათესაური კავშირი (იხ. 07.05.2019 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი 15:37:32-15:43:49).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 26 ივნისს, ზე-----------------–---ასა და სს ,,ფი---------------------–ოს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც ზე-----------------–---ამ სს ,,ფი---------------------–ოსგან“ ისესხა 15 100 ლარი, 2018 წლის 26 ივნისიდან - 20-- წლის 06 ივლისამდე, ანუ 741 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 21%-ით წლის განმავლობაში. სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს, ამასთან, საურავის დარიცხვა ხორციელდება 60 კალენდარული დღის ვადაში. სესხის ხელშეკრულების დანართის სახით გაფორმდა სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება და დაზღვეული იქნა მსესხებლის სიცოცხლე, საწყის სადაზღვევო თანხად განისაზღვრა 15 100 ლარი, ხოლო სადაზღვევო პრემიის ოდენობა მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0,6%.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-25);
- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 26);
- სიცოცხლის დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 31-34).
3.1.2. ზე-----------------–---ასა და სს ,,ფი---------------------–ოს“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია რა---–------------თან და გა----------------–---თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდებთა სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 18 900 ლარით.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- თავდებობის წერილი (ს.ფ. 27-30);
3.1.3. 2018 წლის 26 სექტემბერს, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ამავე თარიღის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე გა----------------–---ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება (ს/კ 83.03.17.6-- და ს/კ 83.02.02.739.01.0--) საკუთრების უფლებით აღირიცხა აკ------–---------ის სახელზე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, 07.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);
- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 45-46, 51-54, 59-60);
- განცხადება (ს.ფ. 49, 57);
- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 50, 58);
- ნასყიდობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 47-48, 55-56).
3.1.4. ზე-----------------–---ამ 2018 წლის 05 ოქტომბრიდან შეწყვიტა თანხის გადახდა. 2018 წლის 20 ნოემბერს, ძირითად მსესხებელს ზე-----------------–---ას, ასევე თავდებებს რა---–------------სა და გა----------------–---ს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები და მიმდინარე დავალიანების დასაფარად განესაზღვრათ დამატებით 14 დღე. ადრესატებს ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- გაფრთხილების წერილი, უკუგზავნილი (ს.ფ. 37-43).
3.1.5. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 17 893,75 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 14 148,60 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 3 021,26 ლარი, პირგასამტეხლო - 694,59 ლარი და სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 29,30 ლარი.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, 07.05.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);
- გადახდების ისტორია (ს.ფ.44);
3.1.6. სესხის ხელშეკრულების 4.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსესხებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით, მსესხებელი ვალდებულია სრულად გადაიხადოს საკრედიტო ციკლის ბოლომდე გათვალისწინებული სარგებელი, რომელიც განსაზღვრულია 2.4 პუნქტით და რომლის ჯამური ოდენობა (საკრედიტო ციკლის ბოლომდე) მითითებულია სესხის დაფარვის გრაფიკში.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-26)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ გა----------------–---სა და აკ------–---------ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები არის მოჩვენებითი და გა----------------–---ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებები აკ------–---------ის სახელზე გაფორმებულია ბანკის წინაშე არსებული პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა სიას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არცერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.
მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული გარემოება უარყო მოპასუხე მხარემ, თუმცა მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება, რომ ზე-----------------–---ამ სესხი აიღო 2018 წლის 26 ივნისს, იმავე დღეს ზე-----------------–---ას მიერ აღებულ სესხზე თავდებობის ვალდებულება იკისრა გა----------------–---მა და მისი თავდებობის ოდენობად განისაზღვრა 18 900 ლარი. 2018 წლის 26 სექტემბერს, გა----------------–---მა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაუფორმა აკ------–---------ს, სწორედ ამ პერიოდის შემდეგ, 2018 წლის 05 ოქტომბრიდან, მსესხებელს თანხა აღარ გადაუხდია.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოპასუხეები გა----------------–---ი და აკ------–---------ი არიან დედა-შვილი. სასამართლოს მიერ აკ------–---------ის სახელზე გაგზავნილი უზრუნველყოფის განჩინების ასლი 2019 წლის 24 იანვარს ჩაიბარა გა----------------–---მა და მიუთითა, რომ არის ადრესატის დედა, იგივე მითითებით ჩაიბარა გა----------------–---მა მოსარჩელე მხარის მიერ აკ------–---------ის სახელზე გაგზავნილი სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები, 2019 წლის 27 თებერვალს. ამასთან, გა----------------–---ი და აკ------–---------ი ცხოვრობენ ერთ მისამართზე, რაც დასტურდება როგორც მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული მისამართით, ასევე მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი შესაგებლით. საწინააღმდეგო მტკიცებულებები მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 2-20, 88-93);
- ფოსტის გზავნილები (ს.ფ. 86, 120);
- სესხის გადახდების ისტორია (ს.ფ. 44)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 180-ე მუხლები;
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე, 799-ე, 417-ე, 420-ე, 115-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 463-465-ე, 56-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ სესხის ძირითადი თანხის დავალიანების ნაწილში. ამდენად, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. სს ,,ფი---------------------–ო” ასევე მოითხოვს ზე-----------------–---ასათვის საპროცენტო სარგებლის სახით 3021,26 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
დადგენილია, რომ ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ საპროცენტო სარგებლის ოდენობაზე, რომელიც შეადგენდა 21%-ს. ამასთან, მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მან დადგენილ ვადაში არ უზრუნველყო თანხის ჩარიცხვა, რითაც მოსარჩელე მხარეს მიადგა ზარალი. ასევე დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, საკრედიტო ციკლის ბოლომდე გათვალისწინებული სარგებლის გადახდის შესახებ, იმ შემთხვევისთვის თუ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო ვადამდე შეწყდებოდა ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილი ცნობის თანახმად, საპროცენტო სარგებლის დავალიანება შეადგენს 3021,26 ლარს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სარგებლის დარიცხვის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე ზე-----------------–---ასათვის სიცოცხლის დაზღვევის თანხის 29,30 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,ფი---------------------–ოსა“ და ზე-----------------–---ას შორის დადებული სესხის ხელშეკრულების დანართის სახით გაფორმებული იქნა სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც დაზღვეული იქნა მსესხებლის ზე-----------------–---ას სიცოცხლე. დაზღვევის თანხა გადახდილი იქნა სს ,,ფი---------------------–ოს“ მიერ და დღეის მდგომარეობით მოპასუხის მიერ გადასახდელი სიცოცხლის დაზღვევის თანხა შეადგენს 29,30 ლარს, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს ზე-----------------–---ას.
6.4. სს ,,ფი---------------------–ო” ასევე მოითხოვს ზე-----------------–---ასათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 2063,69 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რასაც თავადაც აღიარებენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი _ გადასახდელი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა შეადგენს 694,59 ლარს.
ზემოთ მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს ათჯერ და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 69,45 ლარის გადახდა.
6.5. სს ,,ფი---------------------–ოს“ მოთხოვნა ზე-----------------–---ას, რა---–------------ისა და გა----------------–---ასათვის სოლიდარულად დავალიანების დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა რა---–------------მა და გა----------------–---ამ თავდებობის წერილით იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ზე-----------------–---ას მიერ დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე. მათი პასუხისმგებლობა განისაზღვრა 18 900 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას თავდები პირების სოლიდარულ ვალდებულების ფარგლებთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, რის თაობაზეც გაფრთხილების წერილები გაეგზავნათ თავდებ პირებსაც.
შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნილი თანხა არ ცდება თავდებობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობას, თავდებებს მსესხებელთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დავალიანების გადახდა.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-838-802-2014). დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს, აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის განმარტების შედეგად აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (სუსგ 1.07.2015წ. საქმე №ას-17-14-2015).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
მოჩვენებით გარიგებებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 1-ლი ივლისის განჩინებაში (საქმე№ ას-1439-1357-2012) განმარტა შემდეგი: მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში არ არსებობს გამოვლენის გარეგანი დათქმა. ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდნენ ნების ნაკლს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქტიურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. განსახილველი ნორმით იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებითი გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება”, „გარიგება” მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება იურიდიული შედეგი. სასამართლო პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ძირითადად მოჩვენებითი გარიგების დადება დაკავშირებულია მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობასთან (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა. შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.
ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე (იხ. პრაქტიკა - უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის Nას-571-879-09 განჩინება).
კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში სახეზეა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რამდენადაც აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არის აღიარებითი და აკმაყოფილებს აღიარებითი სარჩელის პირობებს, მართალია მსესხებელი არის ზე-----------------–---ა, თუმცა მის მიერ აღებულ სესხზე თავდებობის ვალდებულება ნაკისრი აქვს გა----------------–---ას, რომელმაც გაასხვისა უძრავი ქონებები, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, ვერ მოხდება მისი აღსრულება, რადგანაც მოპასუხე გა----------------–---ას ქონება აღარ ექნება საკუთრებაში, ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდება გა----------------–---ასა და მის შვილს აკ------–---------ს შორის მოჩვენებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავ ქონებებზე მესაკუთრედ იქნება ცნობილი გა----------------–---ა, აღდგება პირვანდელი მდგომარეობა და შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნება გადაწყვეტილების აღსრულებაც. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების პერიოდში ძირითად მსესხებელს უნდა გადაეხადა გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა, რაც მან არ განახორციელა. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს გა----------------–---ამ ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გადააფორმა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონებები აკ------–---------ზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 26 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები დაიდო მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე რომ მას რაიმე იურიდიული შედეგი მოჰყოლოდა, რადგან თავდებმა იცოდა, რომ მის მიმართ უნდა დაწყებულიყო დავა სესხის გადაუხდელობის გამო, რომლის შედეგების თავიდან აცილების მიზნით მოჩვენებითი გარიგება დადო და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები გადაუფორმა მის შვილს. ყოველივე აღნიშნული გარემოებები კი სასამართლოს უქმნის იმის საფუძველს რომ მოპასუხეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება), რაც გარიგების ბათილობის პირობას წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ხელშეკრულება გამოყენებულ იქნა მართლსაწინააღმდეგო მიზნის მისაღწევად და მის რეალურ მიზანს არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით ქონების რეალიზაციის თავიდან აცილება წარმოადგენდა, ნასყიდობის ხელშეკრულებები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში - 240 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად,არაქონებრივ დავაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 100 ლარს.
ზემოაღნიშნული მუხლების შესაბამისად, მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადაეხადა 50 ლარი, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში 200 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,ფი---------------------–ოს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 90 ლარის ოდენობით.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოპასუხეებისათვის თანხის გადახდის დაკისრების ნაწილში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 536,81 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული იქნა მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 96%, ამასთან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, კერძოდ, 14 148,60 ლარის ფარგლებში, რაც დაკმაყოფილებული მოთხოვნის 81%-ს შეადგენს. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მთლიანი მოთხოვნის 96%, შესაბამისად დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 515,33 ლარს (536,81 ლარის 96%). ამასთან, ვინაიდან, მოპასუხეებმა დაკმაყოფილებული მოთხოვნის 81% ცნეს, ამ ნაწილში ისინი უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს აღნიშნული თანხა უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი თანხის გადახდა უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ. 515,33 ლარის 81% შეადგენს 417,41 ლარს, რაც უბრუნდება მოსარჩელეს ბიუჯეტიდან, ხოლო დარჩენილი თანხა კი - 97,91 ლარს, რომლის ანაზღაურებაც ეკისრებათ მოპასუხეებს. გარდა ამისა, მოპასუხეებს ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 200 ლარის ოდენობით. ამ ნაწილში სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეებს აკ------–---------სა და გა----------------–---ს მოსარჩელე სს ,,ფი---------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.
7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის გაწეული ხარჯი შეადგენს 41 ლარს, რომლის ანაზღაურებაც სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე აკ------–---------ს (პ/ნ 2----------) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებების (მისამართი: მა-------–--------------------–-------------ი, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - 83.03.17.6-- და ქ. მა-------–----------------------–--ა, სახლი N1, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი - 83.02.02.739.01.0--) გასხვისება და უფლებრივად (ვალდებულებებით) დატვირთვა.
ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმების საფუძველიც.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,ფი---------------------–ოს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს ზე-----------------–---ას, რა---–------------სა და გა----------------–---ს მოსარჩელე სს ,,ფი---------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
- სესხის ძირითადი თანხის - 14 148,60 ლარის,- სარგებლის - 3021,26 ლარის,- პირგასამტეხლოს - 69,45 ლარის,- დაზღვევის თანხის - 29,30 ლარის გადახდა.
3. ბათილად იქნეს ცნობილი გა----------------–---სა (პ/ნ 2----------) და აკ------–---------ს (პ/ნ 2----------) შორის, 2018 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, უძრავ ქონებაზე: მდებარე მა-------–--------------------–-------------ი, საკადასტრო კოდი: 83.03.17.6--; უძრავ ქონებაზე: მდებარე ქ. მარნეული, ჯანდარას დასახლება, კორპუსი N1, საკადასტრო კოდი: 83.02.02.739.01.0-- და აღნიშნული ქონება საკუთრებაში დაუბრუნდეს გა----------------–---ს (პ/ნ 2----------).
4. მოსარჩელე სს ,,ფი---------------------–ოს” სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 2019 წლის 18 იანვარს 536,81 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 507,41 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,ფი---------------------–ო”, ბანკის კოდი: FGEOGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300093150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2018 წლის 18 იანვრის №92771819 საგადახდო დავალება).
5. მოპასუხეებს ზე-----------------–---ას, რა---–------------სა და გა----------------–---ს მოსარჩელე სს ,,ფი---------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის ანაზღაურება 147,91 ლარის ოდენობით.
6. მოპასუხეებს აკ------–---------სა და გა----------------–---ს მოსარჩელე სს ,,ფი---------------------–ოს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.
7. მოპასუხეებს ზე-----------------–---ას, რა---–------------სა და გა----------------–---ს მოსარჩელე სს ,,ფი---------------------–ოს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 41 ლარის ოდენობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ია ლაბაძე