გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
სამე N010210018002614214
№2/3659-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
7 მარტი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი სოფიო ქარცივაძე
მოსარჩელე - სა---------–----------------------–-----------–--–-----------------------–-----------–--------------------–--------------–-------------–-ა
წარმომადგენელი - სო------------ე
მოპასუხე - შპს ,,ა.-----------------ა“
წარმომადგენელი - ნი----------ი
დავის საგანი - სალიცენზიო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს შპს ,,ა.-----------------ას“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარგებლოდ 2017 წლის 29 სექტემბრის №06361/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანება 893.41 ლარის ოდენობით;
1.2. დაეკისროს შპს ,,ა.-----------------ას“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარგებლოდ, 2017 წლის 29 სექტემბრის №06361/6 სალიცენზიო შეთანხმებიდან გამომდინარე გადაუხდელ დავალიანებაზე 893.41 ლარზე, 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით, დარიცხული პირგასამტეხლო 81.68 ლარის ოდენობით და სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ძირი დავალიანების 893.41 ლარის 0,1%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის;
1.3. დაეკისროს შპს ,,ა.-----------------ას“ 2018 წლის აგვისტოს თვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან გაფორმებული 2017 წლის 29 სექტემბრის N06361/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიოური გადასახდელი საავტორო ჰონორარი 127.63 ლარი;
1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მირებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღასასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი არაკვალიფიციური შესაგებელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და შპს ,,ა.მ.თ. და კომპანიას“ შორის, 2017 წლის 29 სექტემბერს, გაფორმდა სალიცენზიო შეთანხმება N06361/6 ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოებების საჯარო შესრულების შესახებ. სალიცენზიო ურთიერთობის ობიექტს, შეთანხმების თანახმად, წარმოადგენდა კაფე ,,EL Bareto”, მდებარე ქ. ბათუმი, ნურეთთინ ჩარმიქლის N5. ბ1-4.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სალიცენზიო შეთანხმება №06361/6.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სალიცენზიო შეთანხმების თანახმად მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ასოციაციისათვის გადაეხადა საავტორო ჰონორარი მის ობიექტში ასოციაციის რეპერტუარს მიკუთვნებული ცოცხალი ან/და ტექნიკური საშუალებით შესრულებული ნაწარმოების ღირებულების გადასახადი, ყოველთვიურად 127.63 ლარი. ამავე სალიცენზიო ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ოდენობაზე. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას უფლება აქვს მოსთხოვოს ,,მოსარგებლეს“ პირგასამტეხლოს გადახდა მიმდინარე პერიოდში გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებს მოსარგებლეს ამ შეთანხმებით ნაკისრი ჰონორარის გადახდის ვალდებულებისაგან.
მოპასუხესთან გაფორმებული ლიცენზია დღემდე ძალაშია და არ მომხდარა მისი შეწყვეტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სალიცენზიო შეთანხმება №06361/6.
3.2.2. 2017 წლის 29 სექტემბრის N06361 სალიცენზიო შეთანხმების საფუძველზე, 2018 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით, შპს ,,ა.მ.თ. და კომპანიას“ დავალიანება დარიცხულ პირგასამტეხლოსთან ერთად შეადგენს - 975.09 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სალიცენზიო შეთანხმება №06361/6.2
3.2.3. 2018 წლის 11 ივნისის წერილით ასოციაციამ მიმართა მოსარგებლეს დავალიანების ჩარიცხვის მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის წერილი 01/100-3642.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: დაეკისროს შპს ,,ა.-----------------ას“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარგებლოდ 2017 წლის 29 სექტემბრის N06361/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანების სახით 893,41 ლარი. ასევე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს, აღნიშნული სალიცენზიო შეთანხმებიდან გამომდინარე, გადაუხდელ დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლო 81,68 ლარი და სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 0,07%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე, დაეკისროს მოპასუხეს 2017 წლის 29 სექტემბრის N06361/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახდელი საავტორო ჰონორარი 127,63 ლარი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით
"საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
6.2. ”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად ეს კანონი არეგულირებს: იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას (საავტორო უფლებები) ასევე შემსრულებლის, ფონოგრამის, ვიდეოგრამის დამამზადებლისა და მაუწყებლობის ორგანიზაციის საავტორო უფლებების მომიჯნავე უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს (შემდგომში – მომიჯნავე უფლებები); ამავე კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ”ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის თანახმად ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო შესრულება (საჯარო შესრულების უფლება); ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილია, რომ ”ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის (ჰონორარის უფლება).”
დადგენილია, რომ მხარეებს შორის, 2017 წლის 29 სექტემბერს, გაფორმდა N06361/6 სალიცენზიო შეთანხმება ასოციაციას რეპერტუარს მიკუთვნებული ნაწარმოების საჯარო შესრულების შესახებ. სალიცენზიო ურთიერთობის ობიექტს შეთანხმების თანახმად წარმოადგენს კაფე ,,EL Bareto”, მდებარე ქ. ბათუმი, ნურეთთინ ჩარმიქლის N5. ბ1-4. სალიცენზიო შეთანხმების თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება ასოციაციისათვის გადაეხადა საავტორო ჰონორარი მის ობიექტში ასოციაციას რეპერტუარს მიკუთვნებული ცოცხალი ან/და ტექნიკური საშუალებით შესრულებული ნაწარმოების ღირებულების გადასახადი, ყოველთვიურად 127,63 ლარი. ამავე სალიცენზიო ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს ოდენობაზე. შესაბამისად, მხარეებს შორის აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი იქნა უფლება-მოვალეობები. დადგენილია, რომ სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხის ძირითადი დავალიანება შეადგენს 893.41 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საავტორო ჰონორარის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. სასამართლო, ასევე, მიიჩნევს რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე 2017 წლის 29 სექტემბრის სალიცენზიო შეთანხმებით გათვალიწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტხელოს დაკისრების ნაწილში და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდევინებაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში.
პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრავს კრედიტორის რისკის ხარისხს, რაც უფრო მკაცრია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიება, მით უფრო ნაკლებია კრედიტორის რისკის ხარისხი. ხშირ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განაპირობებს ხელშეკრულების დადებას.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის მართლაც არსებობდა სალიცენზიო შეთანხმება, ასევე დადგენილია, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობებზე, მათ შორის ჰონორარის გადახდის ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. კერძოდ, აღნიშნული შეთანხმების 4.8. პუნქტის თანახმად ”ჰონორარის გადახდის და/ან ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის ვადების დარღვევისათვის, ასევე არასწორი და/ან არასრული ინფორმაციის წარდგენისათვის”, ასოციაციას უფლება ქონდა მოეთხოვა ”მოსარგებლისათვის” პირგასამტეხლოს გადახდა გადასახდელი თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებდა ”მოსარგებლეს” შეთანხმებით ნაკისრი ჰონორარის გადახდის ვალდებულებისაგან.
დადგენილია, რომ მოპასუხემ მართლაც დაარღვია ჰონორარის გადახდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარეს ეკისრება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საავტორო ჰონორარი შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადებში.
მოპასუხის მიერ სალიცენზიო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. ნების ავტონომიის პრინციპის გამოხატულებაა კანონმდებლობის ჩანაწერი, რომ მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსი კერძო სამართლის სუბიექტებს ავალდებულებს სათანადო გულისხმიერებით მოეპყრან თავიანთ უფლებებს და არ განახორციელონ ისინი იმ ფორმით, რომ ეს ეწინააღმდეგებოდეს საჯარო წესრიგს, გამოდიოდეს კეთილსინდისიერი და გულისხმიერი ადამიანის ქცევის ფარგლებიდან. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს და პირგასამტეხლოს განსაზღვრავს გონივრულ ფარგლებში, რომელიც აშკარად არ ეწინააღმდეგება დადგენილ ოდენობას და შეუსაბამოდ მძიმე მდგომარეობაში არ აყენებს მოვალეს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ არ მოხდეს მხარის მიერ თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება, კანონმდებელი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, შემცირებას ექვემდებარება არა ყოველგვარი პირგასამტეხლო, არამედ მხოლოდ ის, რომელიც შეუსაბამოდ მაღალია დადგენილი სტანდარტებისგან და იწვევს კრედიტორის მიერ არათანაზომიერად დიდი სარგებლის მიღებას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, პერიოდს, აღნიშნულით გამოწვეულ ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსურ მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მომავალი პერიოდისათვის მოპასუხეს უნდა დაეკისროს სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადაუხდელ დავალიანების 0.07%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.4. მოსარჩელე უთითებს, რომ 2017 წლის 29 სექტემბრის N06361/6 სალიცენზიო შეთანხმებია ძალაშია და რომელიმე მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლა არ მოუთხოვია, რაც გულისხმობს მოპასუხის ვალდებულებას შეასრულოს ხელსეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს სალიცენზიო შეთანხმებით განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადი საავტორო ჰონორარი 127,63 ლარის ოდენობით.
6.5. მოსარჩელე ითხოვს პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გადაცემას დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები, ამავე მუხლის 11 ნაწილით ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული სალიცენზიო შეთანხმების 7.3 მუხლი შეიცავს მხარეთა შეთანხმებას პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და გადაწყვეტილება გადაცემული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად დადგენილია, რომ თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ”ბ” პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხე შპს ,,ა.-----------------ას“ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაეკისროს შპს ,,ა.-----------------ას“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარგებლოდ, 2017 წლის 29 სექტემბრის №06361/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული გადასახდელი საავტორო ჰონორარის დავალიანება 893.41 ლარის ოდენობით;
3. დაეკისროს შპს ,,ა.-----------------ას“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარგებლოდ, 2017 წლის 29 სექტემბრის №06361/6 სალიცენზიო შეთანხმებიდან გამომდინარე, გადაუხდელ დავალიანებაზე 893.41 ლარზე, 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით, დარიცხული პირგასამტეხლო 81.68 ლარის ოდენობით და სარჩელის შეტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ძირი დავალიანების 893.41 ლარის 0,1%-ის გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღისათვის;
4. დაეკისროს შპს ,,ა.-----------------ას“ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის სასარგებლოდ 2017 წლის 29 სექტემბრის N06361/6 სალიცენზიო შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახდელი საავტორო ჰონორარის 127,63 ლარის გადახდა;
5. პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
6. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ა.-----------------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი გადახდა 50 ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე