გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.05.2019
საქმის ნომერი
330210018002622798
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/26301-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

16 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

 

მოსარჩელე - გ------- კ-------ე

წარმომადგენელი - ნ------------ა

მოპასუხე - შპს „თ---–-------------–---–------------------ი“

წარმომადგენელი - ი------------ე, ზ----------–------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს „თ---–-------------–---–------------------ს“ გ------- კ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 8 400 ლარის გადახდა;

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მხარეებს შორის 2012 წლის 13 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება N2--, რომლის საფუძველზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისა და განსაზღვრულ ვადაში სარეგისტრაციო დოკუმენტების წარდგენისა და ერთი სემესტრის სწავლის ღირებუ-ლების გადახდის შემდეგ ჩაირიცხა ღია სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო საბაკალავრო პროგრამაზე. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე იღებდა ვალდებუ-ლებას სტუდენტისთვის შეექმნა სპეციალური დაუფლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის აუცილებელი პირობები, ხოლო სტუდენტი ვალდებული იყო გადაეხადა სწავლის საფასური ხელშეკრულებით დადგენილი პირობებით და შეესრულებინა სხვა ვალდებულებები. სტუდენტი ვალდებული იყო შეესრულებინა უნივერსიტეტის შინაგანაწესი, დებულება, ეთიკის კოდექსი და საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მოთხოვნები.

მოსარჩელის განმარტებით, დასახელებული ხელშეკრულების ფარგლებში იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სწავლის საფასურს მიუხედავად იმისა, რომ სწავლების პირველი სემესტრიდან მეექვსე სემესტრის ჩათვლით იგი დაწესებულებაში არ დადიოდა, არ იღებდა სასწავლო პროცესში მონაწილეობას, არ ესწრებოდა ლექციებს და გამოცდებს, შესაბამისად, მას არცერთი გამოცდა ჩაუბარებია. სტუდენტის სასწავლო ბარათის შესაბამისად, გ------- კ-------ეს არცერთი კრედიტი მიღებული არ აქვს. არცერთი სასწავლო კურსი გაუვლია, შესაბამისად, უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ გაწეულა. სასწავლო ბარათზე დატანილი ინფორმაცია კრედიტების შესახებ ასახავს საგანმანათლებლო პროგრამაში კონკრეტულ სასწავლო კურსისთვის განკუთვნილ კრედიტს და არა გ------- კ-------ის მიერ მოპოვებულ კრედიტს სასწავლო კურსის შესაწვლისთვის.

2013 წლის 22 ივლისის N0----- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ბრძანებით გ------- კ-------ეს 2013 წლის 14 ივნისის მეორე სემესტრიდან შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. 2014 წლის 20 მარტის განცხადების საფუძველზე ამავე წლის 21 მარტის N0----- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის ბრძანებით გ------- კ-------ეს აღუდგა სტუდენტის სტატუსი სწავლების მეორე სემესტრიდან.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის 2015 წლის N0----- ბრძა-ნების საფუძველზე გ------- კ-------ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი სწავლების მე-3 სემესტრიდან. ამავე დაწესებულების 2018 წლის 15 მარტის N2-- ცნობაში მითითებული გარემოებები წინააღმდეგობაში მოდის ზემოაღნიშნულ რექტორის აქტების რეკვიზი-ტებთან და შინაარსთან.

მოსარჩელის განმარტებით, რამდენჯერმე მიმართა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას თანხის დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა მიიღო უარი სრულად, 8 400 ლარის დაბრუნების შესახებ. წარმომადგენელმა განუმარტა, რომ დაუბრუნებდნენ მხოლოდ სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროს გადახდილ თანხებს, რასაც მოსარჩელე არ დაეთანხმა.

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით მოქმედებს სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი, რომელიც დამტკიცებულია აკადემიური და წარმომადგენლობითი სენატის 2015 წლის 4 მაისის N4- დადგე-ნილებით. გ------- კ-------ე არ იცნობდა დაწესებულებაში მოქმედ სასწავლო პროცესის და სტუდენტის სტატუსის მარეგულირებელ წესს და არც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე არ იყო განთავსებული, რის გამოც 2018 წლის 23 აპრილის N6-- განცხადებით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა აღნიშნული ინფორმაცია, რასთან დაკავშირებითაც დაწესებულების წარმომადგენელმა განუმარტა, რომ დასახელებულ წესში ცვლილე-ბების შეტანის გამო არ იდო და რამდენიმე დღეში განთავსდებოდა ვებ-გვერდზე, რის შემდეგაც მიეცემოდა მისი გაცნობის შესაძლებლობა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ვერ იღებდა ქულებს და არ გააჩნია კრედიტები არ ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ იქნა გაწეული. სასწავლო ბარათის თანახმად მას უფიქსირდება როგორც აქტივობის ქულები, ისე შეფასებები გარკვეულ კურსებში, შესაბამისად, პირდაპირ დასტურდება მისი ჩართულობა სასწავლო პროცესში და სერვისის მიღება.

 

სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი არის უნივერსიტეტის ნორმატიული აქტებიდან ერთ-ერთი, რომლის საჯაროობაც აუცილებელია დადგენილი სტანდარტით.

 

მოპასუხის განმარტებით, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების 2.2 მუხლის თანახმად, სტუდენტის მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, უნივერსიტეტი უფლებამოსილია შეუჩეროს/შეუწყვიტოს მას სტუდენტის სტატუსი, ხოლო ამავე ხელშეკრულების 4.1. მუხლის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს სწავლის სემესტრული საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა.

 

ამავე დროს თ---–-------------–---–------------------ის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია მათ შორის ფინანსური დავალიანება, ხოლო ამავე წესის მე-13 მუხლის თანახმად, სტუდენტის სასწავლო პროცესში დასწრება თავისუფალია და დასწრება არ ფასდება ქულით, შესაბამისად, სტუდენტის დასწრება არ დასწრება ლექციებზე ფაქტიურად არ კონტროლდება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხრიდან. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის სტატუსი აქტიურია, იმთავითვე გულისხმობს ერთის მხრივ, სტუდენტის ჩართულობას სასწავლო პროცესში, ხოლო უნივერსიტეტის მხრიდან, მეორეს მხრივ იმის დადასტურებას, რომ ის მომსახურებას ეწევა სტუდენტის სასარგებლოდ ხელშეკრულების ფარგლებში და უნივერსიტეტს არ გააჩნია ვალდებულება და არც უფლება გააფრთხილოს ან დაავალდებულოს სტუდენტი იაროს ლექციებზე.

 

მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო 2 383 ლარის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 13 სექტემბერს გ------- კ-------ეს და შპს „თ---–-------------–---–------------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება N 2--.

ხელშეკრულების 1.1. მუხლით, უნივესიტეტი იღებს ვალდებულებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროს მიერ დადგენილი მოთხოვნების, უნივერსიტეტში მოქმედი წესებისა და განათლების სფეროს მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების დაცვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე, უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში სარეგისტრაციო დოკუმენტების წარმოდგენისა და ამავე ვადაში ერთი სემესტრის სწავლის ღირებულების გადახდის შემდეგ ჩარიცხოს სტუდენტი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობები საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამაზე.

ხელშეკრულების 2.1.1. პუნქტით, უნივერსიტეტი ვალდებულია უზრუნველყოს სასწავლო პროცესი შესაბამისი კვალიფიკაციის აკადემიური პერსონალით. შეუქმნას სტუდენტს არჩეული სპეციალობის დაუფლებისა და პროცესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებისათვის აუცილებლი პირობები;

ხელშეკრულების 2.1.3. პუნქტით, უზრუნველყოს სტუდენტისათვის სწავლის დასაწყისში უნივერსიტეტის მიერ დადგენილი მოთხოვნებისა და განათლების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გაცნობა.

ხელშეკრულების 2.2.2. პუნქტით, სტუდენტის მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, უნივერსიტეტი უფლებამოსილია, შეუჩეროს/შეუწყვიტოს მას სტუდენტის სტატუსი.

ხელშეკრულების 2.2.3. პუნქტით, წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე გადაიხადოს სწავლების პირველი წლის პირველი სემესტრის საფასური, ხოლო ყოველი მომდევნო სემესტრის საფასურის 50% სემესტრის დასაწყისში (ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადებში), ხოლო მეორე ნახევარი შუალედური გამოცდის დაწყებამდე.

ხელშეკრულების 2.2.5. სტუდენტი ვალდებულია დაექვემდებაროს პროფესორის მიერ წარდგენილი სილაბუსის მოთხოვნებს.

ხელშეკრულების 2.2.6. სტუდენტი ვალდებულია, დადგენილ ვადებში შეასრულოს სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები.

ხელშეკრულების 4.1. პუნქტით, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს სწავლის სემესტრული საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობა.

ხელშეკრულების 4.2. პუნქტით, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერება. სტატუსის აღდგენის შემთხვევაში სტუდენტთან ფორმდება ახალი ხელშეკრულება.

ხელშეკრულების 4.3. პუნქტით, სტუდენტის ინიციატივით აღნიშნული ხელშეკრუ-ლების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ის ვალდებულია წერილობით აცნობოს ამის თაობაზე უნივერსიტეტის ადმინისტრაციას;

ხელშეკრულების 4.4. პუნქტით, უნივერსიტეტის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არღვევს აღნიშნულ ხელშეკრულებას, უნივერსიტეტის შინაგანაწესს, დებულებას და ეთიკის კოდექსს.

ხელშეკრულების 4.5. პუნქტით, სტუდენტს, რომელსაც ვადამდე შეუწყდება სტუ-დენტის სტატუსი, გადახდილი სწავლის საფასური არ დაუბრუნდება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება N2-- (ტომი I, ს.ფ. 17-18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. შპს „თ---–-------------–---–------------------ის“ 2013 წლის 22 ივლისის N0----- ბრძანებით გ------- კ-------ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო 2013 წლის 14 ივნისის მეორე სემესტრიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 19-20)

 

3.1.3. შპს „თ---–-------------–---–------------------ის“ 2013 წლის 12 ივნისის N0----- ბრძანებით გ------- კ-------ე პირადი განცხადების საფუძველზე გადაყვანილ იქნა ინდივიდუალურ გრაფიკზე; დაევალა სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს უზრუნველეყო კურსის განმახორციელებლების ინფორმირება აღნიშნულ სტუდენ-ტებთან დაკავშირებით და მათი ჩართვა სასწავლო პროცესში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ს.ფ. 83);

- ბრძანება N0----- (ს.ფ. 85-86)

 

3.1.4. შპს „თ---–-------------–---–------------------ის“ 2014 წლის 21 მარტის N0----- ბრძანებით ფინანსური დავალიანების დაფარვისა და პირადი განცხადებების საფუძველზე სტუდენტის სტატუსი აღუდგა გ------- კ-------ეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ს.ფ. 21);

- ბრძანება N0----- (ს.ფ. 22)

 

3.1.5. შპს „თ---–-------------–---–------------------ის“ 2015 წლის 08 მაისის N0----- ბრძანებით შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, მათ შორის გ------- კ-------ეს - საგანმანათლებლო პროგრამა: საერთაშორისო ურთიერთობები, სწავლების 4 სემესტრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება N0----- (ს.ფ. 23-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.6. შპს „თ---–-------------–---–------------------ის“ ნიშნების ფურცელით (სტუ-დენტის სასწავლო ბარათი) გ------- კ-------ის მიერ პირველ სემესტრში მიღებული ქულების რაოდენობა შემდეგნაირია: შესავალი პოლიტოლოგიაში - 1 ქულა; საინფორ-მაციო ტექნოლოგიები - 6 ქულა; ინგლისური ენა - 1 ქულა;

 

მეორე სემესტრში მიღებული ქულები შემდეგნაირია: შესავალი სოციოლოგიაში - 8 ქულა; მესამე სემესტრში - გლობალიზაცია და ახალი მსოფლიო წესრიგი - 2 ქულა; მეოთხე სემესტრში მიღებული ქულების რაოდენობა შეადგენს ნოლს; მეხუთე სემესტრში - დიპლომატიის საფუძვლები - 12 ქულა; მეექვსე სემესტრში მიღებული ქულების რაოდენობა შეადგენს ნოლს;

ამასთან, თითოეული სემესტრის ბოლოს სტუდენტის საშუალო ქულა (GPA) შეადგენს ნოლს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) (ს.ფ. 25-26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.7. შპს „თ---–-------------–---–------------------ის“ 2018 წლის 15 მარტის ცნობით, 2015 წლის 08 ივლისის N02-075 ბრძანების საფუძველზე გ------- კ-------ეს შეჩერებული აქვს სტუდენტის სტატუსი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 27)

 

3.1.8. გ------- კ-------ის მიერ შპს „თ---–-------------–---–------------------ისთვის“ გადახდილი სწავლის საფასური საერთო ჯამში შეადგენს 8 400 ლარს;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ანგარიშის ბარათი (ს.ფ. 29-30);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს „თ---–-------------–---–------------------ის“ მიერ არ ყოფილა დარღვეული 2012 წლის 13 სექტემბრის ხელსეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადას-ტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანა-დოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორ-ციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებ-ლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ ინდივიდუალური სწავლების რეჟიმზე გადასვლის შემდგომ მოპასუხემ არ უზრუნველყო სათანადო მომსახურების გაწევა, კერძოდ, არ უზრუნველყო მისი ინდივიდუალურ სწავლებაში ჩართვა.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიიჩნევს, რომ სადავო ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირების მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია განიმარტოს საქმეში არსებული მტკიცებულებები. კერძოდ, საქმეში არსებული ნიშნების ფურცელში მითითებულია, რომ მოსარჩელის ჩარიცხვა მოხდა 2012 წლის 15 სექტემბერს, ამასთან, 6 სემესტრის განმავლობაში მის მიერ კონკრეტულ საგნებში ხდებოდა გარკვეული ქულების დაგროვება, აღნიშნული პერიოდი მოიცავს სწორედ სტუდენტის ინდივიდუალურ სწავლებაზე ყოფნის პერიოდსაც. სტუდენტის სტატუსის შეჩერება მოხდა 2015 წლის 08 მაისის ბრძანებით. შესაბამისად, იმ პერიოდში როდესაც უკვე სტუდენტი გადასული იყო ინდივიდუალურ სწავლებაზე მის მიერ ხდებოდა გარკვეული სახის ქულების დაგროვება, თუმცა, ვერცერთ სემესტრში გ------- კ-------ემ ვერ დააგროვა ქულათა ის რაოდენობა, რაც მიცემდა შესაძლებლობას დასწრებოდა ფინალურ გამოცდას.

 

აღნიშნული კი წარმოადგენს არა უნივერსიტეტის მხრიდან მომსახურების გაწევაზე უარის თქმას, არამედ სტუდენტის მიერ მის ხელთ არსებული შესაძლებლობის გამოყენებაზე უარის თქმას, რაც თავის მხრივ უნივერსიტეტს ათავისუფლებს მის მიმართ პასუხისმგებლობისგან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა კონკრეტული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში რაში გამოიხატა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების დარღვევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნიშნების ფურცელი (ს.ფ. 25-26);

- ამონაწერი სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესიდან (ს.ფ. 58-61)

- ბრძანება (ს.ფ. 85-86);

- შპს „თ---–-------------–---–------------------ი“-ს წერილი (ს.ფ. 91)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა გ------- კ-------ის სარჩელი და მიაჩნია, რომ უნდა დაკმა-ყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 629-ე, 630-ე, 976-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე გ------- კ-------ის სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2 383 ლარის ნაწილში, შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2012 წლის 13 სექტემბერს, მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა საგანმანათლებლო მომსახურების გაწევა. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ფაქტი, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ სტუდენტი გარკვეული ფორმით მონაწილეობას იღებდა სწავლის პროცესში, თუმცა, ვერ ლახავდა მინიმალურ ზღვარს, რაც მიანიჭებდა ფინალურ გამოცდაზე გასვლის უფლებას.

 

შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა მოპასუხის მხრიდან მომსახურების არასათანადო გაწევის გამო თანხის დაკისრების შესახებ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდი-დრების ფაქტი, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებუ-ლებებით არ დასტურდება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე, ვინაიდან, წარმოდგენილი მასალებით დასტურდება მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა, ხოლო ის თანხა რაც სტუდენტის შეჩერებული სტატუსის პერიოდში წარმოადგენდა სტუდენტის კრედიტზე არსებულ თანხას, მოპასუხემ მოთხოვნა ამ ნაწილში ცნო და თანახმაა მის დაბრუნებაზე. ამასთან, დადგენილია, რომ დარჩენილ პერიოდში სტუდენტი იღებდა მხრიდან მომსახურებას შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრების კუთხით მოთხოვნა მოკლებულია საფუძველს.

 

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა არ განა-პირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სარჩელის დაკმაყოფილე-ბისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც არ არსებობს არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტა-ნილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფ-ლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა 252 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

ვინაიდან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო 2 383 ლარის ნაწილში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 216.3 ლარის გადახდა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. გ------- კ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. შპს „თ---–-------------–---–------------------ს“ გ------- კ-------ის სასარგებლოდ დაეკისროს 2 383 ლარის გადახდა;

 

1.2. არ დაკმაყოფილდეს გ------- კ-------ის მოთხოვნა 6017 ლარის დაკისრების ნაწილში;

 

2. გ------- კ-------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისროს 216.3 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე