გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.05.2019
საქმის ნომერი
100310019002938425
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310019002938425

საქმე № 3/11-19 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31.05. 2019 წელი ქ.საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი: ნი--- მა-----–---–ი.

 

მოპასუხეები: თა----- ჯა-–----ე

 

დავის საგანი: უკანონოდ მიღებული ფულადი სოციალური დახმარების ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე თა----- ჯა-–----ეს (პ/ნ 3----------) დაეკისროს ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხის 170 (ას სამოცდაათი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება (უკან დაბრუნება).

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ მოპასუხე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში და სხვადასხვა დროს მისი ოჯახების სოციალურ - ეკონომიკური მაჩვენებლის გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ წარმოადგენდნენ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის სუბიექტს. სააგენტოს ადმინისტრაციული გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხეს დაენიშნა შემწეობა.

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტის 2018 წლის 18 იანვრის N 0----- მომართვის საფუძველზე მოსარჩელე განყოფილებისათვის ცნობილი გახდა მოპასუხის ოჯახის წევრებზე გარკვეული შემოსავლის დაფიქსირება. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N 126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ოჯახებმა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის მიზნით განაცხადის შევსებისას და სააგენტოში ჩაბარებისას რიგ სხვა ვალდებულებებთან ერთად დაადასტურეს თანხმობა ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული ან სოციალურ - ეკონომიური მდგომარეობოს შეცვლის შესახებ ეცნობებინათ სააგენტოსათვის ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

მოპასუხემ დაარღვია სააგენტოს ინფორმირების ზემოთაღნიშნული ვალდებულება, რის შედეგად მოჰყვა მისთვის საარსებო შემწეობის არასწორად (ზედმეტად) დარიცხვა 170 (ას სამოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილების მიერ მოპასუხეს არასწორად/უკანონოდ მიღებული საარსებო შემწეობის თანხის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ნებაყოფლობით დაბრუნების მოთხოვნით ინდივიდუალურად გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინებები. მიუხედავად არაერთი სატელეფონო ზარისა მოპასუხეებს არანაირი ქმედება არ განუხორციელებიათ თანხის ბიუჯეტში ანგარიშზე აღდგენასთან დაკავშირებით.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და ბენეფიციარებს შორის ადგილი აქვს კანონისმიერ ორმხრივ ვალდებულებით ურთიერთობებს და ბენეფიციარების მხრიდან კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა განაპირობებს მათ პასუხისმგებლობას სააგენტოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას.

წარმოდგენილი სარჩელით მეორე მოპასუხეს წარმოდგენდა ი--- ტო----–--–--ე, რომლის მიმართ მოსარჩელ მხარე მოითხოვდა 260 (ორასსამოცი) ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურებას (უკან დაბრუნებას). მიმდინარე წლის 6 მაისს მოპასუხე ი--- ტო----–--–--ემ წერილობითი განცხადებით მიმართა სოციალურ სამსახურს ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის 260 ლარის სრულად დაფარვის თაობაზე, განცხადებას თან დაურთო გადახდის ქვითარი (ს.ფ 67-68). აღნიშნულის გამო სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე განყოფილების წარმომადგენელმა იშუამდგომლა მოპასუხის: ი--- ტო----–--–--ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, მის მიმართ სარჩელზე უარის თქმის გამო.

2019 წლის 30 მაისის სასამართლოს საოქმო განჩინებით მოპასუხე ი--- ტო----–--–--ის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმისა და დავის საგნის არ არსებობის გამო (30.05.2019 წლის სხ.ოქმი, 13:01:34 სთ.)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - თა----- ჯა-–----ეს სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. მოპასუხე თა----- ჯა-–----ის (პ/ნ 3----------) ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზაში საიდენტიფიკაციო კოდით: 0-----------.

დადგენილია, რომ მარიამ კობერიძემ თა----- ჯა-–----ემ (პ/ნ 3----------) 2018 წლის 18 იანვარს განცხადებით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მოითხოვა სოციალური დახმარების დანიშვნა. ამავე განცხადებაზე ხელმოწერით იგი დაეთანხმა დაკისრებულ ვალდებულებას სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების და/ან იმ გარემოებების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დაუყონებლივ ეცნობებინა უფლებამოსილი პირისათვის.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებით, თა----- ჯა-–----ის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება, ვინაიდან ოჯახის სარეიტინგო ქულა განისაზღვრა -51080 ერთეულით. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, სოციალური დახმარების დანიშვნის თვე - 3/2016.

 

დადგენილია, რომ თა----- ჯა-–----ის ოჯახი იღებდა საარსებო შემწეობას. 2018 წლის 18 იანვრის N0----- მომართვის საფუძველზე მოსარჩელე განყოფილებისათვის ცნობილი გახდა მოპასუხის ოჯახის წევრის, ვლ-------- კუ----ის (პ/ნ 3----------) გარკვეული შემოსავლის დაფიქსირების შესახებ, რაც მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველი გახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- თა----- ჯა-–----ის განცხადება (ს.ფ.24)

- გადაწყვეტილება სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ (ს.ფ.25)

- სოციალური სამსახურის 27. 02. 2018 წლის და 28.03.2018 წლის წერილები თანხის დაბრუნების თაობაზე (ს.ფ. 18-21)

- ელექტრონული ვერსია შემოსავლის დაფიქსირების შესახებ (ს.ფ.17)

- 2018 წლის 18 იანვრის N0----- წერილი ბენეფიციარის ოჯახის წევრზე გარკვული შემოსავლის დაფიქსირების შესახებ (ს.ფ.14-16)

- მხარის ახსნა - განმარტება (იხ.სხ. ოქმი)

 

3.1.2. დადგენილია, რომ თა----- ჯა-–----ის ოჯახმა ზედმეტად მიიღო საარსებო შემწეობის თანხა 170 (ასსამოცდაათი) ლარის ოდენობით. ბენეფიციარს წერილობით განემარტა თანხის დაბრუნების ვალდებულების შესახებ, რაც დღემდე არ განუხორციელებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 2018 წლის 18 იანვრის N0----- წერილი ბენეფიციარის ოჯახის წევრზე გარკვული შემოსავლის დაფიქსირების შესახებ (ს.ფ.14-16)

- ელექტრონული ვერსია შემოსავლის დაფიქსირების შესახებ (ს.ფ.17)

- სოციალური სამსახურის 27. 02. 2018 წლის და 28.03.2018 წლის წერილები თანხის დაბრუნების თაობაზე (ს.ფ. 18-21)

- მხარის ახსნა - განმარტება (იხ.სხ. ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხე თამარ ჯა-–----ის მიმართ.

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ი--- ტო----–--–--ის მიმართ, 2019 წლის 30 მაისის სასამართლოს საოქმო განჩინებით მოპასუხე ი--- ტო----–--–--ის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმისა და დავის საგნის არ არსებობის გამო (30.05.2019 წლის სხ.ოქმი, 13:01:34 სთ.)

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილება „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლი პირველი ნაწილის ,,გ“ ,,ა1“ პუნქტის შესაბამისად სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: გ) მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე; ა1) არ არსებობს დავის საგანი;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 274-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს განჩინებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ უარი თქვა სარჩელზე, ი--- ტო----–--–--ის ნაწილში, რადგან მის მიერ გადახდილ იქნა ზედმეტად მიღებული საარსებო შემწეობის თანხები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე საჩხერის რაიონულ სასამართლოში არსებულ N3/11-19 წელი საქმეზე 2019 წლის 30 მაისის საოქმო განჩინებით შეწყდა წარმოება მოსარჩელის მიერ ი--- ტო----–--–--ის მიმართ სარჩელზე უარის თქმისა და დავის საგნის არ არსებობის გამო.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

მოცემულ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე - თა----- ჯა-–----ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 170 (ასსამოცდაათი) ლარის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის „ა“ პუნქტისა და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთი სახეა საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

6.3.სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით „დამტკიცდა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესი.“

 

მითითებული წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. ამავე წესის მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).

 

6.4. სასამართლო მიუთითებს ასევე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი.

 

მითითებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში.

 

6.5. განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ თა----- ჯა-–----ე რეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შედეგად მიღებული სარეიტინგო ქულის საფუძველზე იღებდა სოციალურ დახმარებას. ასევე დადგენილია ის გარემოება, რომ მოპასუხეს დაუფიქსირდა გარკვეული შემოსავალი, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია, კანონით დადგენილ ვადაში არ აცნობა სააგენტოს.

 

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.

 

6.6. სასამართლო განმარტავს, რომ სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლით, რომლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტო უფლებამოსილია: არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესზე“, რომლის მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის „ბ“ პუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით, თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

6.7.განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ თა----- ჯა-–----ის მიერ ზედმეტად მიღებული თანხა შეადგენს 170 (ასსამოცდაათი) ლარს, რომლის დაბრუნება მოპასუხეს ადმინისტრაციულმა ორგანოს მიერ 27. 02. 2018 წლის და 28.03.2018 (ს.ფ. 20-23) წერილით ეთხოვა, მაგრამ უშედეგოდა. მოპასუხე მხარის მიერ დაბრუნება არ განხორციელებულა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

6.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს თა----- ჯა-–----ის ნაწილში.

 

ამდენად, მოპასუხე - თა----- ჯა-–----ეს (პ/ნ 3----------) უნდა დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, უკანონოდ მიღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 170 (ასსამოცდაათი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

6.9.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის რაიონული განყოფილების სარჩელი თა----- ჯა-–----ის (პ/ნ 3----------) მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. თა----- ჯა-–----ეს (პ/ნ 3----------) დაეკისროს 170 (ასსამოცდაათი) ლარის ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქუჩა №3) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი