გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210119002804255
#2/48-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10.05.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს ,,G--”;
წარმომადგენელი - დ---------–---ა, ლ--–--------–--ე, მ---------------–--ე;
მოპასუხე - ს---------–------ა, ი---------–-ა;
წარმომადგენელი - მ-----–--------–--ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ს---------–------ას და ი---------–-ას სოლიდარულად დაეკისროთ 1793,6 ლარის გადახდა (საიდანაც ძირითადი თანხაა - 1200 ლარი, პროცენტი - 393,6 ლარი და ჯარიმა - 370 ლარი).
1.2. მოპასუხეებს ს---------–------ას და ი---------–-ას სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების ცნობის გაცემიდან 2019 წლის 15 იანვრიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1200 ლარზე აღსრულებამდე (მაგრამ არაუმეტეს 24 თვის განმავლობაში) დასარიცხი სარგებლის (თვეში 4%) გადახდა რაც თვეში შეადგენს 48 ლარს, სულ 1152 ლარი (იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა).
1.3. მოპასუხეებს შპს ,,G--”-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი ბაჟის - 50 ლარის, სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, ყადაღის დადების საფასურის - 50 ლარის, საგარანტიო თანხის -50 ლარის, იურიდიული მომსახურების საფასურის - 40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის - 10 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების - 15 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2018 წლის 14 სექტემბერს შპს ,,G--”-ს და ს---------–------ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ მიიღო სესხი 1200 ლარის ოდენობით, სესხის ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა - 8 %, ხელშეკრულების თანახმად მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა 15 სექტემბრიდან ყოველთვიურად დღეში 43.20 ლარის გადახდით, ისე რომ გამსესხებელს თანხა უნდა დაბრუნებოდა 2018 წლის 14 ოქტომბერს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის დღეში ნარჩენი თანხის 0.4 %. ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 123 დღეს. სესხის გადახდაზე მსესხებელთან ერთად სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა თავდებმა ი---------–-ამ. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და 2019 წლის 15 იანვრის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 2184 ლარს. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ს---------–------ამ და ი---------–-ამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ 1200 ლარის მოთხოვნის ნაწილში ცნეს. განმარტეს, რომ ვალდებულების შესრულება მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლეს. ს---------–------ასთან სესხის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა ისე, რომ იგი ხელშეკრულების შინაარს არ იცნობდა. მოპასუხეები თანახმა არიან გადაიხადონ სესხის ძირი თანხა - 1200 ლარი. მოპასუხეები არ ეთანხმებიან მოსარჩელის მოთხოვნას სესხზე რიცხული სარგებლის, პირგასამტეხლოსა და მოსარჩელის მიერ გაწეული დამატებითი ხარჯების დაკისრების ნაწილში. (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 14 სექტემბერს შპს ,,G--”-ს და ს---------–------ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაცემული იქნა სესხი 1200 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის სარგებელი ყოველთვიურად 8%-ის ოდენობით.
სესხის დაბრუნება და პროცენტის გადახდა უნდა განხორციელებულიყო სესხის გაცემის მეორე დღიდან, 2018 წლის 15 სექტემბრიდან, 2018 წლის 14 ოქტომბრამდე, ყოველდღიურად 43,20 ლარის გადახდით.
ხელშეკრულების 2.8. პუნქტით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო, ნარჩენი თანხის 0,4% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.
- სესხი ხელშეკრულება №ა793.
3.1.2. 2018 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული #ა793 ხელშეკრულებით, მოპასუხე ი---------–-ამ სოლიდარულად აიღო პასუხისმგებლობა, გამსესხებლისათვის სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს და ყოველდღიური ვადის გადაცილებასთან დაკავშირებული ჯარიმის გადახდაზე, თუკი მსესხებელი თავს აარიდებდა როგორც სესხის ძირითადი თანხის, ისე მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, პირგასამტეხლოს და ყოველდღიური ვადის გადაცილებასთან დაკავშირებული ჯარიმის გადახდას. მხარეთა შეთანხმებით თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 3500 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სესხი ხელშეკრულება №ა793.
3.1.3 2019 წლის 15 იანვრის მდგომარეობით ს---------–------ას და ი---------–-ას შპს „G--”-ის მიმართ ერიცხებათ დავალიანება 2184 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1200 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 393,6 ლარი, ჯარიმა ვადაგადაცილებაზე - 590,4 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადავო არ არის.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით სარგებლობისათვის შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირი თანხის და სარგებლის მოთხოვნის უფლებას.
მოპასუხე სადავოდ ხდის პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.
სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 4%. ძირითადი თანხის 4%-ის გაანგარიშებით მითითებულ პერიოდზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის მოცულობა პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე შეადგენს 196,8 ლარს.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს ჯარიმის (პირგასამტეხლოს) მოთხოვნის უფლებას, რაც შეთანხმებულია მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს მოსაქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 327-ე, 361-ე, 54-ე, 62-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე, 403-ე, 411-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 408-ე, 412-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 14.09.2018 წ-ის #ა793 სესხის ხელშეკრულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სს კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სესხის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა 1200 ლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნეს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა წარმოდგენილი სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის 1200 ლარის მოცულობით, ამ ნაწილში სარჩელის ცნობაც საკმარისი საფუძველია მოპასუხეებისათვის 1200 ლარის დასაკისრებლად.
6.3. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2018 წლის 14 სექტემბრის #ა793 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. 2018 წლის 14 სექტემბერს შპს ,,G--”-ს და ს---------–------ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო სესხი 1200 ლარის ოდენობით, ყოველთვიური სარგებელი შეადგენდა - 8%-ს, ხელშეკრულების თანახმად მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა 15 სექტემბრიდან ყოველთვიურად დღეში 43.20 ლარის გადახდით ისე, რომ გამსესხებელს თანხა უნდა დაბრუნებოდა 2018 წლის 14 ოქტომბერს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული სესხის თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხეებმა ვალდებულება არ შეასრულეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა სესხი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვა, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა წარმოშობილი დავალიანების დაფარვის დაკისრება.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის სრულად დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხის სახით მიღებული თანხა, რაც შეადგენს ძირი თანხა 1200 ლარს.
6.4. დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით დაწესებული სარგებელი, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხემ არ გადაიხადა ძირი თანხა, ასევე სარგებელი.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს ძირითადი თანხა 1200 ლარს, სარგებელი 393,6 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო 200 ლარს.
მოპასუხე მხარე ნაწილობრივ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხის მტკიცებით ვალდებულების შესრულება მატერიალური მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლეს. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით ს---------–------ასთან სესხის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა ისე, რომ იგი ხელშეკრულების შინაარს არ იცნობდა. მოპასუხეები თანახმა არიან გადაიხადონ სესხის ძირი თანხა - 1200 ლარი, სარჩელს არ ცნობენ სესხზე რიცხული სარგებლისა და პრგასამტეხლოსა დაკისრების ნაწილში.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გარდა სიტყვიერი განმარტებისა, წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულება სესხის ხელშეკრულების შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 1200 ლარი და მსესხებელმა იგი მიიღო, წარმოდგენილია ასევე სესხის გადახდის გრაფიკი. მოსარჩელის მტკიცებით მოპასუხე მხარის მიერ სესხის ხელშეკრულებით და თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 8%. სასამართლოს მიაჩნია, რომ საპროცენტო განაკვეთის ოდენობა წარმოადგენს უცილოდ ბათილ შეთანხმებას, შესაბამისად სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილია სესხის ძირითად ნაწილზე სარგებლის სახით 8%-ს გათვალისწინებით 393,6 ლარის დარიცხვის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისთვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
მხარეთა შორის დადებული 2018 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დებულება, რომლითაც გამსესხებელმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ--ა ს--ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“ (სუსგ:№ას-663-629-2015, 28 ივლისი, 2015 წელი).
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს შპს „G--”-ის წინაშე მასზე დაკისრებული ვალდებულება თანხის გადახდის შესახებ არ შეუსრულებია ჯეროვნად, სრულად და ერიცხება დავალიანება.
სასამართლოს მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით გონივრულ და სამართლიან ოდენობად მიაჩნია, საპროცენტო განაკვეთად განისაზღვროს ძირითადი თანხის - 4%. პირველ სასარჩელო მოთხოვნაზე ძირითადი თანხის 4%-ის გაანგარიშებით მითითებულ პერიოდზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის მოცულობა შეადგენს 196,8 ლარს. ასევე მოპასუხეების დავალიანება დავალიანების ცნობის გაცემიდან 2019 წლის 15 იანვრიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 1200 ლარზე 24 თვის განმავლობაში შეადგენს 1152 ლარს.
6.5. შპს “G--” ითხოვს დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას თავდებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, ს---------–------ასთან ერთად ი---------–-ას ვალდებულება შპს “G--” -ის წინაშე წარმოშობილია 2018 წლის 14 სექტემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.
ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 30 დღის ვადაში. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.
დადგენილია, რომ მოპასუხე ი---------–-ა, ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 3500 ლარი.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი---------–-ას ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2018 წლის 14 სექტემბრს შპს „G--„-ს და ს---------–------ას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა ჯარიმა, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 0,4%, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ მოითხოვა ჯარიმა 0.4%-ის გათვალისწინებით 200 ლარის ოდენობით.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 0.4%-ის ოდენობით, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს და მოპასუხე მხარეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 100 ლარის გადახდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს---------–------ას და ი---------–-ას შპს „G--”-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1496.8 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 1200 ლარს, სარგებელი 196,8 ლარს და პირგასამტეხლო 100 ლარს.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან 2019 წლის 15 იანვრიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 1200 ლარზე 24 თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 1152 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა მოვლენები მართლზომიერების ფარგლებში რომ მოთავსებულიყო.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. 2018 წლის 14 სექტემბრის #ა793 ხელშეკრულების 2.9. პუნქტის მიხედვით მსესხებელი ვალდებული იყო, გამსესხებლისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დაებრუნებინა მიღებული სესხი, მასზე დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან ერთად, სესხზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გაგრძელდებოდა ვიდრე სრულად არ დაიფარება დავალიანება. შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს სამართლიანად მიაჩნია მოთხოვნილი სარგებლის 1125 ლარის ოდენობით მიღება მიუღებელი შემოსავლის სახით, შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილშიც უნდა დაკმაყოფილდეს.
6.8. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს მოსარჩელის მიერ სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, საგარანტიო თანხის -50 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯები, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სკ-ის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, სააპლიკაციო საფასურის - 100 ლარის, საგარანტიო თანხის -50 ლარის მოპასუხისათვის დასაკისრებლად.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულის თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე _ გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, ამდენად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად დავის საგის ღირებულების 3%- 24,60 ლარი, მოპასუხეებს ასევე უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ასევე მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 70, 37 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა იურიდიული მომსახურების საფასური 40 ლარის ოდენობით, შესაბამისად მოითხოვა აღნიშნული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის სასამართლოს გარეშე ხარჯის გადახდის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 40 ლარის, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის 10 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი 15 ლარის, ყადაღის რეგისტრაციის საფასური 21 ლარის, საფოსტო გზავნილის 17,64 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „G--„-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ი---------–-ას და ს---------–------ას - შპს „G--„-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1496.8 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1200 ლარს, საპროცენტო სარგებელი- 196,8 ლარს, პირგასამტეხლო 100 ლარს;
3. ი---------–-ას და ს---------–------ას - შპს „G--„-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2019 წლის 15 იანვრიდან სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე-1200 ლარზე-24 თვის განმავლობაში დასარიცხი სარგებლის გადახდა, რაც თვეში შეადგენს 48 ლარს- სულ 1152 ლარი.
4. ი---------–-ას და ს---------–------ას - შპს „G--„-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 74,60 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 24.60 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).
5. ი---------–-ას და ს---------–------ას - შპს „G--„-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ შპს G--“-ს მიერ გაწეული სასამართლოს გარეშე ხარჯების ასანაზღაურებლად გადახდილი 303,64 ლარის გადახდა (სააპლიკაციო საფასურის 100 ლარი, საგარანტიო თანხის 50 ლარი, ყადაღის დადების საფასური 50 ლარი, იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული 40 ლარი, ადვოკატის საშემოსავლო გადასახადის 10 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლებისათვის გადახდილი 15 ლარი, ყადაღის რეგისტრაციის საფასური 21 ლარი, საფოსტო გზავნილის 17,64 ლარი).
6. შპს „G--„-ის (ს/ნ 4--------) დაუბრუნდეს 2019 წლის 14 იანვარს სს 'თ----------–ი' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 70,37 ლარი (საგადასახადო დავალება №0), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.
7. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე