გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/807-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - ჯე---– ტუ----–---–ი
წარმომადგენელი - ბუ---- შე---–---
მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური
წარმომადგენელი - ოთ--- ჯა----–---
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 15 იანვრის №M---------------- წერილობითი მიმართვა, მოსარჩელე ჯე---– ტუ----–---–ის ჯანმრთელობისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე ჯე---– ტუ----–---–ის ჯანმრთელობისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების თაობაზე;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურმა სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
მოსარჩელე ჯე---– ტუ----–---–ი 1981 წლის 28 დეკემბრიდან, 1992 წლის 1 ივნისამდე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის სახანძრო დაცვის სამმართველოში).
შპს „ჯეოჰოსპიტალს“-ის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის 2018 წლის 15 ივნისის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის მიხედვით, მოსარჩელე ჯე---– ტუ----–---–ს აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი, მისი მიზეზია საერთო დაავადება და იგი დადგა 2016 წლის 14 ივნისს.
მოსარჩელე ჯე---– ტუ----–---–მა, 2019 წლის 3 იანვარს, განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს, წარუდგინა ცალკეულ პირთა ახსნა-განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ჯე---– ტუ----–---–ი ნამდვილად მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში და ხმაურის და გამონაბოლქვის გამო უჩიოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ითხოვა მისი ჯანმრთელობისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება, რაც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 15 იანვრის წერილობითი მიმართვით არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ არ არსებობდა შესაბამისი საექიმო კომისიის დასკვნა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2011 წლის 13 დეკემბრის ცნობა (ს.ფ. 13);
- შპს „ჯეოჰოსპიტალს“-ის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის 2018 წლის 15 ივნისის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი (ს.ფ. 24-25);
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 15 იანვრის №M---------------- წერილობითი მიმართვა (ს.ფ. 49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯე---– ტუ----–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია და მისი პირველი დამატებითი ოქმი, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუ----ლი წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 15 იანვრის №M---------------- წერილობითი მიმართვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია, იგი შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობის საგანს, ასევე წარმოადგენს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან, მოსარჩელე ჯე---– ტუ----–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, მისი ჯანმრთელობისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების თაობაზე.
6.2. სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომელიც ნორმატიულ-სამართლებრივად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას დაამკვიდრონ სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5), კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა და უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საკუთრების უფლება.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოიცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველია შეზღუ----ლი შესაძლებლობის სტატუსის დადგენა. შეზღუ----ლი შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ1“, „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პირებს, რომელთა შესაძლებლობების შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის (დანართი №2) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა.“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილმა პირმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილმა სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირმა, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილმა, ზევადიანი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულმა პირმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილმა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირმა შეზღუ----ლი შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო– სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ შეზღუ----ლი შესაძლებლობის სტატუსის გამო, პირს სახელმწიფო კომპენსაცია, აღნიშნული კანონის საფუძველზე შეიძლება დაენიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებლობის შეზღუდვა დაკავშირებულია სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან, ხოლო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, კომპეტენტურ ორგანოს პირმა, სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სათანადო სამედიცინო-სოციალური ექპერტიზის შემოწმების აქტი (ამონაწერი).
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის სამართლებრივ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საფუძვლებს. მისი მიზანია საქართველოს მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების ჯანმრთელობის დაცვა, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრა, მისი გამომწვევი მიზეზების პროფილაქტიკა და აღნიშნული კატეგორიის პირთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის პირობების შექმნა.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის ძირითადი ამოცანაა ადამიანის ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ხარისხის განსაზღვრა და აქედან გამომდინარე შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი მიზეზის, გადამოწმების ვადისა და მომდინარეობის დროის დადგენა, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუ----ლი შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის სხვადასხვა სახის განსაზღვრა.
„სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრისას დაწესებულება ადგენს შემდეგ მიზეზებს საერთო დაავადება, შრომითი დასახიჩრება, პროფესიული დაავადება, ბავშვობიდან შესაძლებლობის შეზღუდვა, შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან, შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც არ არის დაკავშირებული სამხედრო ვალდებულების შესრულებისას მიღებულ ტრავმასთან ან დაავადებასთან, შესაძლებლობის შეზღუდვა, რაც დაკავშირებულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურისა და სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების სხვა ბირთვული ობიექტების ავარიასთან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მიზეზს. შესაძლებლობის შეზღუდვა საერთო დაავადებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ იგი კავშირში არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ-თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მიზეზებთან. შესაძლებლობის შეზღუდვა შრომით დასახიჩრებასთან დაკავშირებულად ითვლება, თუ უბედური შემთხვევა მოხდა შრომითი მოვალეობის (მათ შორის მივლინებაში ყოფნისას), ან დამსაქმებლის ინტერესებიდან გამომდინარე რაიმე მოვალეობის შესრულებისას, გზაში სამუშაოზე წასვლისას ან სამუშაოდან დაბრუნებისას, საწარმოო პრაქტიკის დროს, დამსაქმებლის ტერიტორიაზე ან სხვა ადგილზე სამუშაო დღის განმავლობაში, დადგენილი შესვენებისას ან/და სხვა დროს, რომელიც საჭიროა სამუშაო ადგილის მოსაწესრიგებლად, სამუშაოს დაწყებამდე, ან სამუშაოს დამთავრების შემდეგ, დამსაქმებლის ტერიტორიის ახლოს, სამუშაო დროს ან დადგენილი შესვენებისას, თუ იქ ყოფნა არ ეწინააღმდეგება შინაგანაწესს, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი დავალების შესრულებისას, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისას, სახელმწიფო საკუთრების ან საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას, დონორის ფუნქციის შესრულებისას. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი პროფესიული დაავადებით დაუდგინდება პირს, რომელსაც მწვავე ან ქრონიკული დაავადება განუვით---და მოცემული პროფესიისათვის დამახასიათებელი მავნე ფაქტორების ზემოქმედებით, ან იმ საწარმოსათვის დამახასიათებელი შრომის პირობებით, სადაც ის მუშაობდა.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგად, პირს უდგინდება შესაძლებლობის შეზღუდვის კატეგორია და მიზეზი, რომელიც განაპირობებს მისთვის შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯე---– ტუ----–---–ი 1981 წლის 28 დეკემბრიდან, 1992 წლის 1 ივნისამდე მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის სახანძრო დაცვის სამმართველოში).
საქმეში წარმოდგენილი შპს „ჯეოჰოსპიტალს“-ის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის 2018 წლის 15 ივნისის სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის მიხედვით, ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯე---– ტუ----–---–ს აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობების შეზღუდვის სტატუსი, მისი მიზეზია საერთო დაავადება და იგი დადგა 2016 წლის 14 ივნისს.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით, მოსარჩელე ჯე---– ტუ----–---–ის შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი არ არის დაკავშირებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში შრომით და პროფესიულ საქმიანობასთან და მისი მიზეზი საერთო დაავადებაა.
ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯე---– ტუ----–---–მა, 2019 წლის 3 იანვარს, განცხადებით მიმართა სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს, წარუდგინა ცალკეულ პირთა ახსნა-განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ჯე---– ტუ----–---–ი ნამდვილად მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში და ხმაურის და გამონაბოლქვის გამო უჩიოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და ითხოვა მისი ჯანმრთელობისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება, რაც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 15 იანვრის წერილობითი მიმართვით არ დაკმაყოფილდა იმის გამო, რომ არ არსებობდა შესაბამისი საექიმო კომისიის დასკვნა.
სასამართლო მიუთითებს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლზე, რომლის მიხედვით, დაზარალებულმა, რომელიც პირველად გადის შემოწმებას, ან მისმა წარმომადგენელმა დაწესებულებაში უნდა წარადგინოს იმ დამსაქმებლის ადმინისტრაციის ან პროფესიული კავშირის მიმართვა, სადაც მიიღო შრომითი დასახიჩრება, ან სასამართლოს მიმართვა (სასამართლოს გადაწყვეტილება), უბედური შემთხვევის აქტი ან სხვა დოკუმენტი შრომითი დასახიჩრებით მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ (შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარმომადგენლის დასკვნა), ხოლო პროფესიული დაავადების შემთხვევაში – სამედიცინო დაწესებულების დასკვნა.
ამრიგად, მოსარჩელე ჯე---– ტუ----–---–ის შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზი - საერთო დაავადება დადგენილია ზემოთ აღნიშნული ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო მისი დათხოვნის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ, სათანადო დასკვნა შედგენილი არ ყოფილა, რაც გამორიცხავს მისი შესაძლებლობის შეზღუდვის მიზეზად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში შრომითი და პროფესიულ საქმიანობის დადასტურებას.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე - 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული სოციალური უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობს სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსის 2019 წლის 15 იანვრის №M---------------- წერილობითი მიმართვის ბათილად ცნობის საფუძვლები.
6.6. ამასთან, გამომდინარე იქედან, რომ სასამართლომ არ მიიჩნია უკანონოდ მოპასუხე სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უარი მოსარჩელე ჯე---– ტუ----–---–ის ჯანმრთელობისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნა მისი ჯანმრთელობისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 23-ე 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯე---– ტუ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე დავით წერეთელი