გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2462-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - მ--- შ-------
წარმომადგენელი - ა-----– კ----–-–---–ი
მოპასუხე - შპს "ნ--------------"
წარმომადგენელი - მ------ ყ---–-–---–-, ი-----–- კ-------
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ,,ნ-------------ს“ მოსარჩელე მ--- შ-------ს სასარგებლოდ დაეკისროს 12 000 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე შპს ,,ნ-------------ს“ მოსარჩელე მ--- შ-------ს სასარგებლოდ დაეკისროს, 2017 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი თვის საპროცენტო სარგებლის 150 აშშ დოლარის გადახდა. (დააზუსტა მოთხოვნა, იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
1.3. სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მ--- შ-------ს და მოპასუხე კომპანიას შორის 2017 წლის 26 ოქტომბერს დაიდო პროცენტიანი მარტივი ,,ნ--------------ის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება. თამასუქის საემისიო ხელშეკრულებას შეადგენდა 12 000 აშშ დოლარი. საპროცენტო სარგებლის გაცემის პერიოდულობა შეთანხმდა, ყოველთვიურად, ხოლო წლიურ პროცენტად განისაზღვრა 16 %. თამასუქის განაღდება, ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, შესაძლებელი იყო თამასუქის შემძენი პირისთვის გადაცემიდან 12 თვის შემდეგ. თამასუქის ღირებულების მოსარჩელის მიმართ სრული გადახდა უნდა მომხდარიყო 2018 წლის 26 ოქტომბრის მდგომარეობით. მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება და მოსარჩელეს არ მიუღია თანხა. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს არ გადაუხადა ყოველთვიური პროცენტი, ხელშეკრულების შესრულების ბოლო თვეს 2018 წლის ოქტომბრის თვეში.
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, 2019 წლის იანვარში, კომპანიის უფლებამოსილ პირებთან კომუნიკაციის შემდგომ ცნობილი გახდა კომპანიის ფაქტობრივი გარემოება - მისი რთული ფინანსური მდგომარეობა
(იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი სრულად ცნო. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ეთანხმება მოსარჩელე მხარის მოთხოვნებს მოპასუხე კომპანიისთვის ძირითადი თანხის 12 000 აშშ დოლარის, ერთი თვის საპროცენტო სარგებლის 150 აშშ დოლარის დაკისრებისა და სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე. ამასთან, მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ არ ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1000 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე.
(იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 26 ოქტომბერს მ--- შ-------ს და შპს ,,ნ-------------ს“ შორის დაიდო თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულება N0-------------------, რომლის თანახმადაც "ინდოსანტმა" - შპს ,,ნ-------------მა“ მიიღო თანხა 12 000 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება 2018 წლის 26 ოქტომბერს გადაეხადა აღნიშნული თანხა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულება N0------------------- (ს.ფ. 21-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.2. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხეზე წარდგენილი თამასუქის განაღდება დღემდე არ განხორციელებულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. შპს ,,ნ--------------ს“ მიერ მ--- შ-------სთვის გადასახდელი თანხა შეადგენს 12 000 აშშ დოლარს და ერთი თვის სარგებელი - 150 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულება N0------------------- (ს.ფ. 21-23);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ვალდებულება შესრულებული არ აქვს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე მუხლები;
საქართველოს კანონი „თამასუქის შესახებ“ ;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
2017 წლის 26 ოქტომბერს მ--- შ-------ს და შპს ,,ნ-------------ს“ შორის დაიდო თამასუქის შეძენის შესახებ ხელშეკრულება N0-------------------, რომლის თანახმადაც "ინდოსანტმა" - შპს ,,ნ-------------მა“ მიიღო თანხა 12 000 აშშ დოლარის ოდენობით და იკისრა ვალდებულება 2018 წლის 26 ოქტომბერს გადაეხადა აღნიშნული თანხა.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მიხედვით, ინდოსამეტი პასუხს აგებს აქცეპტისა და თამასუქის გადახდისათვის, თუ სხვა რამ არ არის დათქმული.
შპს ,,ნ-------------მა“ აიღო უპირობო ვალდებულება თამასუქში ნაჩვენები თანხა 12 000 აშშ დოლარი გადაეხადა მ--- შ-------სთვის 2018 წლის 26 ოქტომბრამდე.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მიხედვით, თამასუქი შეიძლება გაიცეს გადასახდელად შემდეგი ვადების გათვალისწინებით: ა) წარდგენისთანავე; ბ) წარდგენიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; გ) გაცემიდან განსაზღვრული დროის განმავლობაში; დ) განსაზღვრულ დღეს;
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული თამასუქი გადახდილი უნდა იქნეს მისი წარდგენისთანავე. თამასუქის გამცემის მიერ ეს ვადა შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს. აღნიშნული ვადები შეიძლება შეამციროს ინდოსანტმა.
,,თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, თამასუქში, რომლის გადახდა სავალდებულოა წარდგენისთანავე, ანდა წარდგენიდან განსაზღვრულ დროში, თამასუქის გამცემს შეუძლია დათქვას, რომ თამასუქის თანხას დაერიცხება პროცენტები, რომლის განაკვეთიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს თამასუქში. თუ ასეთი აღნიშვნა არ არის, პროცენტის შესახებ ჩანაწერს ძალა არა აქვს. პროცენტები დაირიცხება გადასაპირებელი თამასუქის გაცემის დღიდან, თუ მასში მითითებული არ არის სხვა თარიღი.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ 2017 წლის 26 ოქტომბრის თამასუქში, თანხის - 12 000 აშშ დოლარის გადახდის ვადად მითითებულია 2018 წლის 26 ოქტომბერი. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელემ წარუდგინა მოთხოვნა მოპასუხეს, ამ უკანასკნელის მიერ დღემდე არ მომხდარა 12 000 აშშ დოლარის დაბრუნება. სასამართლოს ასევე მიუთითებს, რომ აღნიშნული თამასუქი იყო სარგებლიანი, კერძოდ, წლიური საპროცენტო სარგებლის 16%-ის დარიცხვის საფუძველზე, რომელიც უნდა გაცემულიყო ყოველთვიურად, 150 აშშ დოლარის ოდენობით.
„თამასუქის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მიხედვით, თამასუქის მფლობელს შეუძლია წარუდგინოს სარჩელი ინდოსანტს თამასუქის გამცემს და სხვა ვალდებულ პირებს შემდეგ შემთხვევებში: ა) გადახდის ვადის დადგომისას; ბ) გადაუხდელობისას;
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ შპს ,,ნ--------------ს“ მიერ თამასუქი გაიცა მ--- შ-------ს სახელზე 2017 წლის 26 ოქტომბერს 12 000 აშშ დოლარის ოდენობით და შპს ,,ნ-------------მა“, როგორც თამასუქის ემიტენტმა, აიღო უპირობო ვალდებულება 2018 წლის 26 ოქტომბრამდე გადაეხადა აღნიშნული თანხა მ--- შ-------სთვის. შპს ,,ნ--------------ს“ მხრიდან ვალდებულება არ იქნა შესრულებული, მოპასუხემ კომპანიამ ინდოსატს ძირითადი თანხა 12000 აშშ დოლარი და ერთი თვის, 2018 წლის ოქტომბრის პროცენტი არ გადაუხადა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
ასევე, საგულისხმოა, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელი სრულად დაეთანხმა მოსარჩელე მხარის სასარჩელო მოთხოვნას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამაზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დასაბუთებულია, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, გამოიწვევს თუ არა გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნება გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თავისი შინაარსით ემსახურება მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის დაცვას აღუსრულებლობისაგან, რათა სააპელაციო თუ საკასაჩიო საჩივრით მოპასუხე მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, არ მოხდეს გადაწყვეტილების აღუსრულებელ გადაწყვეტილებად ქცევა, რითაც ფაქტიურად აზრი ეკარგება მოსარჩელის უფლებების სასამართლოს გზით დაცვას. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისთვის თანხის დაკისრება, რაც სასამართლოს მიერ სრულად დაკმაყოფილდა, ხოლო, მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობაში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ არის უზრუნველყოფილი და საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გაჭიანურებამ შესაძლოა აღუსრულებელი გახადოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ საფუძვლიანია, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ მიმართ არსებობს ბევრი მოთხოვნა და აქვთ ბევრი პირის მიმართ დავალიანება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა, რომელიც არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 04 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება და ასევე, 1 000 ლარის გადახდა, როგორც იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება. ამასთან, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს, მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების, კერძოდ, რწმუნებულების სანოტარო წესით დამოწმების საფასურის 12.80 ლარის და საფოსტო მომსახურების საფასურის 12.50 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 53-ე, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 243-244-ე, 248-249-250ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ--- შ-------ს სარჩელი მოპასუხე შპს "ნ--------------ს" მიმართ ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე შპს "ნ-------------ს" მოსარჩელე მ--- შ-------ს სასარგებლოდ დაეკისროს 12 150 აშშ დოლარის გადახდა გადახდა.
3. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რომელიც დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. მოპასუხე შპს "ნ-------------ს" მოსარჩელე მ--- შ-------ს სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო ხარჯის სახით მინდობილობის დამოწმების საზღაურის 12.80 ლარის, საფოსტო მომსახურების - 12.50 ლარისა და საადვოკატო მომსახურების სახით 1000 ლარის გადახდა.
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე მ--- შ-------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ა-----– კ----–-–---–ის მიერ 2019 წლის 29 იანვარს სს „თ----------ის“ მეშვეობით N 0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის ნაწილი - 100 ლარის ოდენობით. (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე