გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150310019002968935
№ 3/21-19
gadawyvetileba
saqarTvelos saxeliT
28 მაისი, 2019 wელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ არარატ ესოიან
სხდომის მდივანი _ არმენ ქოსიანი
მოსარჩელე: ა-------- ე---------ნ;
წარმომადგენელი: მ-----–--------ვ;
მოპასუხე: სსიპ ა---–---–------- საჯარო სკოლა,წარმომადგენელი: ხ---------------ან;
მოპასუხე: მესამე პირი: სსიპ ,,განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა”
წარმომადგენელი: პ-–---------------–--ლი;
დავის საგანი: სწავლის ფაქტის აღიარება;
განხილვის ფორმა: ღია სასამართლო სხდომაზე
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
აღიარებული იქნას ა-------- ე---------ნის - (დაბადებული: 1-.1-.1--- წ., პ/ნ 0----------) მიერ სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლაში, მეცხრე კლასის და ზოგადი საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურის დასრულების ფაქტი.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, 1999 წელს ის ჩაირიცხა სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლაში, პირველ კლასში, სადაც ისწავლა მე-4 კლასამდე, თუმცა ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლაში ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია არც ახალქალაქის არქივში და არც საჯარო სკოლაში დაცული არ არის. 2003 სასწავლო წლიდან ჩაირიცხა ქ. ახალქალაქში განლაგებული რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს №62 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არსებულ №-- საშუალო სკოლაში და აღნიშნულ სკოლაში სწავლობდა 2006-2007 სასწავლო წლამდე, კერძოდ მეხუთე კლასიდან მერვე კლასამდე. 2007 წელს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს №62 სამხედრო ბაზის ახალქალაქიდან გასვლის შემდეგ ისევ ჩაირიცხა ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლაში, მე-9 კლასში და 2011 წლამდე სწავლობდა აღნიშნულ სკოლაში.
2019 წლის 5 მარტს მოსარჩელემ მიმართა ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლას, ინფორმაციის მოსაპოვებლად. სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლის წერილში MES 2 19 0------- აღნიშნულია, რომ ა-------- ე---------ნი 2007 წლის 14 სექტემბრის №- ბრძანებით ჩაირიცხა სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლის მე-9 კლასში, ხოლო 2----–-–----------------- ბრძანების მიხედვით არ იყო დაშვებული გამოსაშვებ გამოცდებზე, სკოლის არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო.
მოსარჩელემ 2019 წლის 07 მარტს მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სადაც მას უპასუხეს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად ა-------- ე---------ნის მიმართ ვერ ხერხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება.
2019 წლის 21 მარტს მოსარჩელემ მიმართა ახალქალაქის არქივს, ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლაში საშუალო განათლების შესახებ ცნობის მომზდების მოთხოვნით. 2019 წლის 25 მარტს გაცემული ინფორმაციით 1999-2003 წლების ინფორმაცია არქივში დაცვაზე არ შესულა.
2019 წლის 28 მარტს მოსარჩელემ მიმართა სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლას, კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანმანათლებლო პროგრამის საბაზო საფეხურის დასრულების დოკუმენტის - ატესტატის გაცემის მოთხოვნით. სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლამ უპასუხა, რომ არ არის უფლებამოსილი გასცეს საგანმანათლებლო პროგრამის საბაზო საფეხურის დასრულების დოკუმენტი - ატესტატი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და აღნიშნავს, რომ არც სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლის მიერ 2019 წლის 05 მარტს გაცემული (MES 2 19 0-------) წერილით და არც სხვა დოკუმენტაციით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ა-------- ე---------ნი 1999 წელს ჩაირიცხა სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლაში, შესაბამისად არ არსებობს ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამით (დაწყებითი საფეხურის) დაწყების დამადასტურებელი მტკიცებულება.
მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ სარჩელს არ ერთვის მოსარჩელის 2003 წელს სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლიდან ამორიცხვისა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს №62 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არსებულ №-- საშუალო სკოლაში ჩარიცხვის ბრძანებები, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის გაგრძელების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სასამართლო მთავარ სხდომაზე მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არ იქნება წინააღმდეგი თუ სასამართლო აღიარებს სწავლის ფაქტს.
2.2. სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ა-------- ე---------ნის მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სკოლაში არ იძებნება და არც სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.
თუმცა სასამართლო მთავარ სხდომაზე მესამე პირის წარმომადგენელმა ფაქტობრივად აღიარა მოსარჩელის მიერ მე-9 კლასის დამთავრება, ვინაიდან მისი აზრით მოსარჩელე ვერ მოხვდებოდა მე-11 და მე-12 კლასში, რომ არ დაესრულებინა მე-9 კლასი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. მართალია საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო (ყოფილი საშუალო) სკოლაში არ ინახება და არც სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე.
თუმცა სკოლაში დაცული სკოლის დირექტორის 2007 წლის 14 სექტემბრის №- ბრძანების მიხედვით სკოლაში მიღებულ იქნა ა-------- ე---------ნი მე-9 „ვ“ კლასში. შესაბამისად დგინდება, რომ მოსარჩელე ჩარიცხული იყო ამ სკოლის მე-9 კლასში.
გარდა ამისა აღნიშნული სკოლის დირექტორის 2011 წლის 12 მაისის №--- ბრძანების თანახმად არასაპატიო მიზეზით სკოლის გაცდენის გამო მე-12 კლასის გამოსაშვებ გამოცდებზე ა-------- ე---------ნი არ იქნა დაშვებული.
აღნიშნულიდან გამომდინარე ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ მოსარჩელემ დაამთავრა მე-9 კლასი და გადაყვანილია შემდგომ კლასებში, მე-12 კლასამდე.
ამ კუთხით აღსანიშნავია მესამე პირის წარმომადგენელის განმარტება, რომ მოსარჩელე ვერ მოხვდებოდა მე-11 და მე-12 კლასში, თუ არ დაესრულებინა მე-9 კლასი.
მოსარჩელის მე-9 კლასში სწავლის ფაქტს ასევე ადასტურებს აღნიშნული სკოლის მე-9 „ვ“ კლასის მოსწავლის ა-------- ე---------ნის უწყისი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
- ამონაწერი 2007 წლის 14 სექტემბრის №- ბრძანებიდან (ს.ფ. 14);
- ამონაწერი 2011 წლის 12 მაისის №--- ბრძანებიდან (ს.ფ. 15);
- აღნიშნული უწყისი (ს.ფ. 21-22).
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მასწავლებლის ი------–-–- ქ------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ: ი------–-–- ქ------ი 2007 წლამდე იყო მასწავლებელი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არსებულ №-- საშუალო სკოლაში, ასევე ქ. ა---–---–------- საჯარო (ყოფილი საშუალო) სკოლაში; მოსარჩელე იყო მისი მოსწავლე №-- საშუალო სკოლაში 2006-2007 წლებში და ნამდვილად №-- საშუალო სკოლის დახურვის (სამხედრო ბაზის გასვლის) შემდეგ მოსარჩელე სწავლის გასაგრძელებლად გადავიდა ქ. ა---–---–------- საჯარო (ყოფილი საშუალო) სკოლაში მე-9 კლასში, ამასთან მე-9 კლასში იგი მოსარჩელეს არ ასწავლიდა, ხოლო მე-10 კლასში როდესაც კლასები გაერთიანდა, მოსარჩელე უკვე მის კლასში მოხვდა, სადაც მოწმე იყო კლასის ხელმძღვანელი. მოწმემ დაადასტურა, რომ მოსარჩელემ ნამდვილად დაამთავრა მე-9 კლასი, ხოლო მე-11 კლასის შემდეგ სკოლის გაცდენის გამო გარიცხული იყო.
შესაბამისად სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ 2008 წელს ნამდვილად დაამთავრა ქ. ა---–---–------- საჯარო (ყოფილი საშუალო) სკოლის მე-9 კლასი.
ამასთან სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელე ჩარიცხული იყო ქ. ა---–---–------- საჯარო (ყოფილი საშუალო) სკოლაში, რაც დასტურდება აღნიშნული სკოლის მე-2 „ბ“ კლასის მოსწავლის ა-------- ე---------ნის უწყისით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღნიშნული მოწმის ჩვენება (იხ. 28.05.2019წ. სხდომის ოქმი);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- აღნიშნული უწყისი (ს.ფ. 23-24).
3.3. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწმის დაკითხვის და სკოლაში დაცული უწყისების და სკოლის დირექტორის ბრძანებების გამოკვლევის შემდეგ მოპასუხემ და მესამე პირმა ფაქტობრივად ცნეს სარჩელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 28.05.2019წ. სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანება ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას-განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლის წარმომადგენელმა მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლო სხდომაზე ცნო სარჩელი. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან განსხვავებით, ადმინისტრაციულ სასამართლოს ენიჭება დამატებითი ფუნქცია - შეამოწმოს რამდენად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ანუ რამდენად კანონშესაბამისია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სარჩელის ცნობა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს და მისი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის თანახმად, აღიარებითი სარჩელი შეიძლება აღიძრას აქტის არარად აღიარების, უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს ამის კანონიერი ინტერესი.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უწინარეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით, რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი განცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა.
აღიარებითი სარჩელის აღძვრის დამატებით წინაპირობას წარმოადგენს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა - სახეზე უნდა იყოს პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობაში (ან არ არსებობაში). გარდა ამისა, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის, მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონიერი ინტერესიც გააჩნია. ამრიგად, სასამართლოს მიერ აღიარებით სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების მიმართ მოსარჩელის კანონიერი ინტერესი უნდა მდგომარეობდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადგენაში.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს - სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს უფლებისა და სამართალურთიერთობის აღიარება, კერძოდ, ა-------- ე---------ნის მიერ სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლაში, მეცხრე კლასის და ზოგადი საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურის დასრულების ფაქტი. ამასთან, მოსარჩელის მიერ აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესია ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის მიღება.
სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის პირობებში მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განსაზღვრული, გარკვეული შედეგის მომტანი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა ხდება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმის მასალებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმის ჩვენებით, უდავოდ დადგენილია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, კერძოდ, ა-------- ე---------ნის მიერ სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლაში, მეცხრე კლასის დასრულების ფაქტი;
ამასთან, შექმნილ ბიუროკრატიულ ვითარებაში - სკოლაში საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო (ყოფილი საშუალო) სკოლაში არ ინახება და არც სსიპ საქართველოს ეროვნული არქივისათვის გადაცემულა ცენტრალიზებულ დაცვაზე და მოსარჩელემ მიიღო უარი შესაბამისი ორგანოებიდან - მოთხოვნილი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის ფაქტის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში აღიარებითი სარჩელის შეტანის გზით.
6.3. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაციას საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლამდელ აღზრდას სახელმწიფო უზრუნველყოფს კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებული სრული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის ზემოაღნიშნული ზოგადი პრინციპი კონკრეტიზირებულია ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, რომლის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოში ზოგად საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესს, ადგენს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) სტატუსს, მათი დაფუძნების, საქმიანობის, რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესს, აგრეთვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა საქმიანობის წარმართვის პირობებსა და წესს.
მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყველას აქვს სრული ზოგადი განათლების მიღების თანაბარი უფლება, რათა სრულად განავითაროს თავისი პიროვნება და შეიძინოს ის ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომლებიც აუცილებელია კერძო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა.
სასამართლო ასევე მიუთითებს ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებულ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 8 ივნისის №113/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა ,,ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის გაცემის წესი”. აღნიშნული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმებს განეკუთვნება: ა) საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი; ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – სრული ზოგადი განათლების ატესტატი; გ) ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლება აქვს პირს, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაძლევს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ დონეს.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სრული განათლების მიღების სავალდებულო პრინციპზე და აღნიშნული განათლების მიღების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის მიღების უფლებაზე და განმარტავს, რომ საქმეზე დადგენილი სწავლის ფაქტი ნიშნავს ზოგადი საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურის დასრულების ფაქტს.
6.4. ამდენად, ზემოაღნიშნული სამართლის ნორმებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთ შეჯერების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ინტერესი მისი უფლების აღიარების თაობაზე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონიერ ინტერესს. ამასთან, აღნიშნულ უფლებას მოსარჩელეს ანიჭებს ზემოაღნიშნული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ა-------- ე---------ნის - (დაბადებული: 1-.1-.1--- წ., პ/ნ 0----------) მიერ სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლაში, მეცხრე კლასის და ზოგადი საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურის დასრულების ფაქტი. რაც წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. იმავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მითითებულ ნორმათა გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა; ასევე მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნახევარი - 50 ლარი.
სარზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-3, 25-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-------- ე---------ნის (პ/ნ0----------) სარჩელი სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლის მიმართ დაკმაყოფილდეს;
2. აღიარებული იქნეს ა-------- ე---------ნის - (დაბადებული: 1-.1-.1--- წ., პ/ნ 0----------) მიერ სსიპ ქ. ა---–---–------- საჯარო სკოლაში, მეცხრე კლასის და ზოგადი საბაზო საგანმანათლებლო პროგრამის საფეხურის დასრულების ფაქტი;
3. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 (ორმოცდაათი) ლარი. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს (მის: ქ. ახალქალაქი მ.მაშტოცის ქ. №110) მეშვეობით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: არარატ ესოიან